საქმე №ას-1126-1060-2015 13 ნოემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ „ბ-ის ს-ვო ბ-ის გ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ-ი“ (მოსარჩელე)
მესამე პირები (მოთხოვნის გარეშე) _ შპს „ნ-ი“, შპს სადაზღვევო კომპანია „უ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის განსახილველად საქმის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება
დავის საგანი – ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ჯ-ამ“ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ „ბ-ის ს-ვო ბ-ის გ-ის“ (შემდგომში _ მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი), შპს „ნ-ისა“ და შპს სადაზღვევო კომპანია „უ-ის“ (შემდგომში _ მესამე პირები) მიმართ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს _ 32 599,75 ლარის დაკისრების შესახებ 2014 წლის 23 ივნისის #... ბრძანების ბათილად ცნობისა და ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტით მიყენებული ზიანის, 28 898 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება.
5. სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილები:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი, საპროცესო ვადის დარღვევის გამო, დარჩა განუხილველად, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და გასაჩვრებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 19 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #... ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს, 32 599,75 ლარის, დაკისრების თაობაზე მოპასუხის 2014 წლის 23 ივნისის #... ბრძანება.
5.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ა(ა)იპ „ბ-ის ს-ვო ბ-ის გ-ის“ საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 სექტემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.
6. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი საჩივრის ავტორს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ორგანიზაციის თანამშრომელს, მენეჯერ თ. ნ-ეს, ჩაბარდა 2015 წლის 11 სექტემბერს.
6.2. მოსარჩელის წარმომადგენელმა საჩივარი ფოსტას ჩააბარა 2015 წლის 23 სექტემბერს.
6.3. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე, 70-ე, 74-ე მუხლებით, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 63-ე მუხლით და განმარტა, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის წარდგენის ვადა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს ეწურებოდა 2015 წლის 21 სექტემბერს, 24:00 საათზე, ვინაიდან მხარემ დაარღვია ეს ვადა, მის მიერ წარდგენილი საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
7. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საჩივრის იმავე სასამართლოსათვის განსახილველად დაბრუნება.
7.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
7.1.1. სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა განუხილველად საჩივარი, რადგანაც იგი კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა მხარემ, კერძოდ, სააპელაციო პალატამ არასწორად აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება კერძო საჩივრის ავტორს/თანამშრომელ თ. ნ-ეს ჩაბარდა 2015 წლის 11 სექტემბერს. რეალურად სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს 2015 წლის 14 სექტემბერს ჩაბარდა, რაც დასტურდება გაერთიანების კანცელარიის შემოსული კორესპოდენციების ჟურნალით. გაერთიანებაში თ. ნ-ე არ მუშაობს, ამ პიროვნების შესახებ უცნობია კერძო საჩივრის ავტორისათვის და არც კორესპონდენციის მიმღები პირის პირადი ნომერი ემთხვევა ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირად ნომერს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაერთიანებას შეტყობინების მიმღები პირის სახელზე არ გაუცია მინდობილობა. მითითებული გარემოებები მოწმობს შპს ს-ოს ფ-ის“ გადაცდომას, ხოლო კერძო საჩივრის ავტორის მიერ საჩივრის წარდგენის ვადის დაცვას.
7.1.2. გასათვალისწინებელია მოცემული საქმის მიმართ მხარის მაღალი იურიდიული ინტერესი, ვინაიდან საქმე სკოლამდელ დაწესებულებაში აღსაზრდელების ჯანმრთელობას შეეხება, რის თაობაზეც მითითებულია სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით კი, იქმნება პრეცედენტი, რომელმაც შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ინტერესებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „ბ-ის ს-ვო ბ-ის გ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო/კერძო საჩივარს, თუ: „ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.“
1.2. პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
1.2.1. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის თანახმად, სააპელაციო პალატის დაუსწრებელი გადაწყვეტილება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო შესაგებელში მითითებულ მისამართზე და საფოსტო შეტყობინების თანახმად, სასამართლო შეტყობინება 2015 წლის 11 სექტემბერს ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, მენეჯერ თ. ნ-ეს.
1.2.2. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო კონვერტით უტყუარად დასტურდება ისიც, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თხოვნით საჩივარი აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ ფოსტას 2015 წლის 23 სექტემბერს ჩააბარა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. კანონის აღნიშნული დათქმა იმპერატიულია და ადგენს იმგვარ შედეგს, როგორიც სასამართლო აქტის კანონიერ ძალაში შესვლაა. ამასთანავე, ნორმის განმარტება დაიშვება ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილთან ერთობლიობაში, რომლის თანახმადაც, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იმისათვის, რათა უტყუარად დადგინდეს, შესულია თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში, უნდა შეფასდეს დაცულია თუ არა სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების მარეგულირებელი ნორმების დაცვა როგორც სასამართლოს, ისე მოდავე მხარის მხრიდან.
1.3.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციისათვის შეტყობინების ჩაბარების წესები რეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით, ამასთანავე, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილი წარმოადგენს სპეციალურ დანაწესს და ადგენს, რომ ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. აქვე საგულისხმოა 71-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების დანაწესები, რომლებიც შეტყობინების მხარისათვის გაგზავნის ნამდვილობას ამ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე მათ გაგზავნას უკავშირებს. ამ ნორმათა ერთობლიობა კი, იძლევა იმ პროცესუალური პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მხარე, რომელიც მიუთითებს საკუთარ მისამართს, პასუხისმგებელია ამ მისამართზე მყოფი პირის მიერ შეტყობინების ადრესატისათვის გადაცემაზეც, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მხარეს შეტყობინება არ ჩაბარებია მის მიერ მითითებულ მისამართზე ეკისრება სწორედ მისამართის მიმთითებელს.
1.4. წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.2.1.-1.2.2. პუქნტებში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად ჩათვალა, რომ ადრესატს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2015 წლის 11 სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე კი, ამ ვადის დენა ამოიწურა სამუშაო დღეს, 2015 წლის 21 სექტემბერს, ხოლო საჩივარი ფოსტას ამავე წლის 23 სექტემბერს ჩაბარდა, რაც, ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, მისი განუხილველად დატოვების წინაპირობა იყო.
1.5. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ შეტყობინების მიმღები პირი არ არის მისი თანამშრომელი და კორესპონდენცია ორგანიზაციას 2015 წლის 14 სექტემბერს ჩაბარდა, პალატა მას ვერ გაიზიარებს, რადგანაც სადავო გარემოებების დადასტურების მიზნით მხარეს უტყუარი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. კერძო საჩივარზე დართული ჟურნალის ასლი, მართალია, დამოწმებულია შესაბამისი პირის ხელმოწერით, თუმცა ის გარემოება, თუ როდის გატარდა კონკრეტული კორესპონდენცია სარეგისტრაციო ჟურნალში არ ცვლის ფოსტის მუშაკის მიერ შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტს, რაც შეეხება გაერთიანების აპარატის სიას, მას პალატა ვერ გაიზიარებს, რამდენადაც დოკუმენტის ნამდვილობა, ასევე, ის, რომ ეს სია არის თანამშრომელთა სრულყოფილი მონაცემები, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით დადასტურებული არ არის, არამედ მასზე დასმულია ბეჭედი წარწერით „კანცელარია“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინებისა და კერძო საჩივრის ავტორის თანამშრომელთა დაუმოწმებელი სიის ურთიერთშედარების შედეგად, პალატა მიდის დასკვნამდე, რომ მხარემ ვერ გააქარწყლა 2015 წლის 11 სექტემებრს დაუსწრებელი გადაწყვეტილების უფლებამოსილი პირისათვის ჩაბარების ფაქტი, რაც კერძო საჩივრის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ „ბ-ის ს-ვო ბ-ის გ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური