Facebook Twitter

საქმე №ას-887-837-2015 13 ნოემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ჯ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ე-იის თ-ის ფ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ლ. ჯ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ ე-იის თ-ის ფ-ის (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, 2014 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და განაცდურის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე კანონიერად გათავისუფლდა, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მას აუნაზღაურდა კომპენსაცია ორი თვის ხელფასის ოდენობით და მიეცა გამოუყენებელი შვებულების თანხა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2014 წლის 3 დეკემბერს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება, მოსარჩელე აღდგა ა(ა)იპ ე-იის თ-ის ფ-ის იურისტის თანამდებობაზე, მოპასუხეს დასაქმებულის სასარგებლოდ 2014 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაეკისრა იძულებითი განაცდურისა და ამავე თარიღიდან დაყოვნებული განაცდურის 0,07%-ის ანაზღაურება.

3.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის განჩინებით მოპასუხის მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მათი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის განჩინება და 2014 წლის 3 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეიცვალა, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 16 აპრილის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებილის გადაწყვეტილება და მოსარჩელე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადით აღდგა დაკავებულ თანამდებობაზე, მოპასუხეს მის სასარგებლოდ 2014 წლის 1 ივლისიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე დაეკისრა იძულებითი განაცდურის _ 12 480 ლარის ანაზღაურება, ამავე გადაწყვეტილებით განაწილდა მხარეთა შორის სასამართლო ხარჯები.

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ სასამართლო უწყებაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე მიწვეულ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე*78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, თუმცა იგი არ გამოცხადებულა.

5.1.2. 2014 წლის 3 დეკემბერს, 11:30 საათზე, გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა, რადგანაც საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულება მოპასუხის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სარჩელში მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნია და ჩათვალა, რომ ისინი იურიდიულად ამართლებდნენ მოთხოვნას.

5.1.3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ქვემდგომი სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხის მითითება, ოჯახური კონფლიქტის გამო, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზს არ წარმოადგენდა, მიუხედავად აღნიშნულისა, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლოს სარჩელში მითითებულ ყველა გარემოებასთან დაკავშირებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ შეეძლო. ამ თვალსაზრისით პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლზე და განმარტა, რომ სარჩელის თანახმად, მოსარჩელესთან დადებული იყო ვადიანი შრომითი კონტრაქტი, რაც მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც დაადასტურა. მითითებული გარემოება კი, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, ზღუდავდა განუსაზღვრელი ვადით მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენას. სხდომის ჩატარების დროისათვის კონტრაქტის მოქმედების ვადა, მართალია, არ იყო გასული, თუმცა სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მოსარჩელე აღედგინა სამსახურში და მისთვის აენაზღაურებინა ხელფასი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ. მხარის განმარტებით კი, კონტრაქტის მოქმედების ფარგლებში მისთვის ასანაზღაურებელი თანხა დაუბეგრავად 15 600 ლარს, ხოლო დაბეგვრით _ 12 482 ლარს შეადგენდა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სწორედ ამ თანხით უნდა განსაზღვრულიყო მოპასუხისათვის დასაკისრებელი განაცდურის ოდენობა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით 2014 წლის 31 დეკემბრიდან სამსახურში აღდგენა, აღდგენამდე განაცდურის ანაზღაურება, 2014 წლის 1 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ნებისმიერი ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის თანხის 0,07%-ის დაკისრება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური პრინციპები, რაც მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევაა, უფრო მეტიც, საქმეში არ არის წარმოდგენილი სასამართლო სხდომის სრული ოქმი. სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა სხდომის დარბაზში, თუმცა გამოცხადებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებულია წერილობით ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილი და მასში ასახულია სასამართლო ხარჯები, რითაც მხარეს გარკვეული ზიანი მიადგა. ამ დარღვევის გამო კასატორმა გამოითხოვა სასამართლო სხდომის ოქმი და აღმოჩნდა, რომ ჩანაწერი არ იყო სრულყოფილი.

6.1.2. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადების წესი, რამდენადაც განაცხადა, რომ საქმე არსებითად რთული გადასაწყვეტი იყო და გადაიდო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, ხოლო დანიშნულ დროს სასამართლო კვლავ საქმის განხილვას შეუდგა და გამოიკვლია აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც კასატორს არ ჰქონდა გადაცემული.

6.1.3. გასაჩივრებული გადაწყვეტილება აგებულია აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებებზე და არ შეიცავს სამართლებრივ დასაბუთებას, თუ რა ნორმაზე დაყრდნობით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად, შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმება.

6.1.4. სააპელაციო პალატამ ისე შეცვალა პირველი ინსტაციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ არ უმსჯელია მხარის მოთხოვნაზე, განაცდურის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის ამ თანხის 0,07%-ის დაკისრებაზე, ასევე, არასწორად გადაწყვიტა მოსარჩელისათვის ბაჟის დაკისრების საკითხი.

6.1.5. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმგვარ გარემოებებზე, რაც აპელანტს სადავო არ გაუხდია, კერძოდ, პალატამ შეაფასა მითითებული გარემოებები, თუ რამდენად ამართლებდა მოთხოვნას, აპელანტი კი, გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით ითხოვდა, რომ მას დაავიწყდა სხდომაზე გამოცხადება. მან მხოლოდ სააპელაციო საჩივარში მიუთითა ეს საკითხი, რასაც სააპელაციო პასუხით შეედავა მოსარჩელე. გარდა აღნიშნულისა, არ ყოფილა მსჯელობა ანაზღაურების დაყოვნების გამო 0,07%-ის თაობაზე და სასამართლომ სხდომაზე გამოცხადებული გადაწყვეტილებით აპელანტს დააკისრა ამ თანხის გადახდა, თუმცა ეს გარემოება მიღებულ გადაწყვეტილებაში არ ასახულა. 2015 წლის 24 ივლისს, პროცესის დაწყებამდე აპელანტმა სასამართლოს წერილობით გადასცა არასწორი ინფორმაცია მოსარჩელის მხრიდან მორიგებაზე უარის თქმის შესახებ, რითაც შეეცადა სასამართლო განეწყო კასატორის წინააღმდეგ, ასევე, წარადგინა ინფორმაცია, რომელიც მას საჩივარში არ ჰქონდა მითითებული, ამ გარემოების თაობაზე კასატორისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ სასამართლო სხდომაზე. სასამართლომ სამწუხაროდ, მხედველობაში არ მიიღო მოპასუხის არაკეთილსინდისიერება, რაც საფუძვლად დაედო მის პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობას და პროცესის გაჭიანურებას.

6.1.6. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიუთითა კანონის ნორმების დარღვევაზეც, კერძოდ, აღნიშნა, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტი, 261-ე, 191-ე მუხლები, 189-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 224-ე, 83-ე მუხლები, სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე დაყრდნობით მიიღო და არასწორად არ გამოიყენა ამავე კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 32-ე, 44-ე მუხლები, ევროპის სოციალური ქარტიის მოთხოვნები, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და მხარეს მიაკუთვნა ის, რაც არ უთხოვია, კერძოდ, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე ხარჯების დაკისრებაზე არ უშუამდგომლია, სააპელაციო პალატამ კი, საკუთარი ინიციატივით იმსჯელა ამ საკითხზე, ამასთანავე, პალატის მსჯელობა არ შეესაბამება საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის მოთხოვნებს. ამ მხრივ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა და მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ პრაქტიკას. კასატორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა 2015 წლის 24 ივლისის სხდომის ოქმის ჩანაწერის აღდგენის მიზნით ექსპერტიზის შესახებ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, კანონის ძალით დადგენილად მიიჩნეოდა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ამ გარემოებებს კი, მიეკუთვნებოდა ასევე შრომითი კონტრაქტის მოქმედების ხანგრძლივობა, რომელიც, მოსარჩელის განმარტებით, გარკვეული ვადით იყო შეზღუდული, შესაბამისად, პალატამ, როგორც იძულებითი განაცდური, ისე სამუშაოზე აღდგენა იურიდიულად დასაბუთებულად მხოლოდ კონტრაქტის მოქმედების ვადაში მიიჩნია.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პრეტენზიათა წინააღმდეგ პალატა განმარტავს შემდეგს: მოპასუხის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა რეგულირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო ვერ გასცდება სარჩელში მითითებულ გარემოებებს, ისინი უპირობოდ, ყოველგვარი კვლევის გარეშე მიიჩნევა დადგენილად და მხარის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასამართლოს კანონი უდგენს ერთადერთ ვალდებულებას, შეამოწმოს დამტკიცებულად ცნობილი გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა მოთხოვნას (სსსკ-ის 230.2 მუხლი). ამდენად, ის საკითხი, მითითებული გარემოებები ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, სააპელაციო მსჯელობის საგანი იყო კანონით გათვალისწინებული შემოწმების ფარგლებში, მიუხედავად იმისა, მოპასუხე სადავოდ გახდიდა თუ არა ამას, შესაბამისად, კასატორის მიერ ამ კუთხით წარმოდგენილი პრეტენზიები ვერ იქნება გაზიარებული. ამასთანავე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილობის შედეგი მოცემულია შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილში, თუმცა, ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული კანონთა გამოყენების პრინციპიდან გამომდინარე, შრომის კოდექსის დებულებები უნდა განიმარტოს სხვა სპეციალურ კანონთან ან სამოქალაქო კოდექსის ნორმებთან მიმართებით. ბრძანების ბათილად ცნობის შედეგი, სამოქალაქო კოდექსის მიზნებისათვის არის მხარეთა უფლებრივი რესტიტუცია და 408-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, პირის აღდგენა იმ მდგომარეობაში, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ვადიანი ხელშეკრულების პირობებეში, ამ ნორმის მიზანი, სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში პირის აღდგენაა, რაც უვადოდ სამუშაოზე პირის აღდგენის მოთხოვნას იურიდიულად უსაფუძვლოს ხდის. რაც შეეხება მხარის მსჯელობას, რომ სასამართლო სხდომის ოქმში არ არის ასახული გამოცხადებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და სასამართლომ ხარჯების განსაზღვრით დაარღვია, როგორც მოთხოვნის ფარგლები, ისე ზიანი მიაყენა მხარეს, პალატა ამ პრეტენზიას ნაწილობრივ იზიარებს და განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი საქმეში სასამართლო სხდომის ოქმის არარსებობაა, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება. ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომის ჩანაწერში არაა ასახული საქმეში წარმოდგენილი, წერილობით ჩამოყალიბებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე ან 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, ამასთანავე, თუკი გაზიარებული იქნება კასატორის მსჯელობა, რომ სასამართლოს სხდომაზე მართლაც არ განუსაზღვრავს ხარჯების საკითხი, იგი მაინც ვერ მიიჩნევა მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევად, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლი განსაზღვრავს გადაწყვეტილების შინაარსსა და იმ სავალდებულო საკითხებს, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ასახავდეს, ნორმის მე-5 ნაწილით დადგენილია, მათ შორის, სასამართლო ხარჯების განაწილების წესი და ამ საკითხის გადაწყვეტა თუნდაც იმ პირობებში, როდესაც მხარე არ შუამდგომლობს, ამავე კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევას არ წარმოადგენს, გარდა აღნიშნულისა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდებოდა ხარჯების განაწილების საკითხი, სასამართლო, ამავე კოდექსის 261-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებული იყო, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით გამოესწორებინა მიღებული გადაწყვეტილების ხარვეზი, ამდენად, ხარჯების განსაზღვრა არ წარმოადგენს მხარისათვის ზიანის მომტან ქმედებას და იგი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ვერ დაედება საფუძვლად. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საოპოცესო კოდექსის 53-ე მუხლით და სწორად გაანაწილა ხარჯები. კასატორს კი, ამ კუთხით დასაბუთებული შედავება არ წარმოუგენია. რაც შეეხება კანონისმიერი პირგასამტეხლოს (შრომის კოდექსის 31.3 მუხლი) საკითხს, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა შრომის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრება, როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაა დადგენილი, მოსარჩელეს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მიეკუთვნა იძულებითი განაცდური და ამ ნაწილში გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა მხარეთა მიერ არ არის დადასტურებული; სააპელაციო პალატამ გააუქმა რა საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის განჩინება და ნაწილობრივ შეცვალა ამავე სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მიღებული ახალი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მას დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დამსაქმებლისათვის დაკისრებაზე უარი მოსარჩელისათვის არ უთქვამს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეს გარემოება არა საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების, არამედ დაინტერესებული მხარის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით განსაზღვრული საშუალებით სარგებლობის წინაპირობაა (მიღებული გადაწყვეტილების განმარტება).

1.5. რაც შეეხება ექსპერტიზის თაობაზე კასატორის შუამდგომლობას, პალატა მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, იგი სამართლებრივ საფუძვლიანობასაა მოკლებული (სსსკ-ის 407.1 მუხლი), ხოლო, მეორე მხრივ, სხდომის ოქმის თაობაზე ზემოთ განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, არ არსებობს მხარის ამ შუამდგომლობის შეფასების საჭიროება.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 22 სექტემბერს #... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 300 ლარის, 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ლ. ჯ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 22 სექტემბერს #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური