Facebook Twitter

საქმე №ას-632-598-2015 6 ნოემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – გ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

გ. გ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა ნ. კ-ისათვის (შემდგომში _ მოპასუხე) 796 ლარისა და 840 აშშ დოლარის დაკისრება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულების მოპასუხის მეუღლის ქონებაზე მიქცევა, რომელიც თანასაკუთრებას წარმოადგენს. მოსარჩელის განმარტებით, 2010 წლის 24 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს უნდა გადაეხადა 1 000 ლარი, ხოლო დავის მოგების შემთხვევაში, ასევე, მოგების 15%. მოპასუხემ გადაიხადა მხოლოდ 400 ლარი და დარჩენილი თანხა მოპასუხეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ უნდა აენაზღაურებინა. 2011 წლიდან 2014 წლამდე მოსარჩელის კუთვნილი თანხის გადაუხდელობით მოსარჩელე გამდიდრდა უსაფუძვლოდ, რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საბაზრო განაკვეთის თანახმად, 196 ლარსა და 143 აშშ დოლარს შეადგენს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ არსებითი შედავების ფარგლებში მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებდა სამივე ინსტანციის სასამართლოში იურიდიული მომსახურების გაწევას, დავა კი, პირველი ინსტანციის სასამართლოში მორიგებით დასრულდა, რის გამოც შესაბამისი ანაზღაურება მიიღო მოსარჩელემ, წარმოდგენილი შეთანხმება გაურკვეველი ფორმისაა და პრეტენზიები - არარეალური.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 796 ლარის და 840 აშშ დოლარის გადახდა, გადაწყვეტილების აღსრულება მიქცეულ იქნა შ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.თბილისში, გ-ის ხ-ის N...--ში.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 840 აშშ დოლარის გადახდა, 796 ლარის გადახდევინებისა და დავალიანების დასაფარად მოპასუხის მეუღლის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

5.1.1. პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2010 წლის 15 სექტემბერს მოპასუხემ სანოტარო წესით გაუფორმა მინდობილობა მოსარჩელეს და მიანიჭა უფლებამოსილება, ეწარმოებინა მისი საქმეები სასამართლოში, საჯარო დაწესებულებებში, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში.

5.1.2. 2010 წლის 24 სექტემბერს მხარეთა შორის დაიდო შეთანხმება, სამივე ინსტანციის სასამართლოში გ. დ-თან დავაში ნ. კ-ის უფლებების დაცვის თაობაზე. მოპასუხემ იკისრა იურიდიული მომსახურებისათვის 1 000 ლარის, ხოლო საქმის მოგების შემთხვევაში - მოგებული თანხის ან საგნის საბაზრო ღირებულების 15%-ის გადახდის ვალდებულება.

5.1.3. #2/1313-10 სამოქალაქო საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე გ. დ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ნ. კ-ის კუთვნილი, ქალაქ ქუთაისში, ნ.ს ქუჩის №...-ში მდებარე №... საცხოვრებელი ბინა და მოპასუხე მითითებული ბინიდან თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა.

5.1.4. #2/840-10 სამოქალაქო საქმეზე ქუთაისის საქალქო სასამართლოს 2011 წლის 10 მარტის განჩინებით დამტკიცდა მორიგება მოდავე მხარეებს: გ. დ-სა და ნ. კ-ს შორის, რომლის თანახმადაც, გ. დ-ს ნ. კ-ის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა 4 650 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც, ნ. კ-ი ვალდებული იყო, მისთვის საკუთრებაში გადაეფორმებინა ზემოთ აღნიშნული ბინა. ეს განჩინება, მხარეთა მიერ გასაჩივრებაზე უარის თქმის გამო, გამოტანის დღესვე შევიდა კანონიერ ძალაში. მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და აღნიშნული განჩინებით დგინდებოდა, რომ 2001 წელს დადებული, ფორმადაუცველი გარიგების თანახმად, ნ. კ-ს გ. დ-ისათვის საკუთრებაში უნდა გადეცა სადავო ბინა 2 500 აშშ დოლარის გადახდის პირობით. გ. დ-მა, საერთო ჯამში, ნ. კ-ს გადაუხადა 2 100 აშშ დოლარი და დაეუფლა მითითებულ ბინას, ცხოვრობდა მასში მანამ, სანამ ზემოთ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე არ გამოსახლდა. იმ საქმეში, რომელიც მხარეთა მორიგებით დასრულდა, გ. დ-ის სასარჩელო მოთხოვნას უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, ნ. კ-ისათვის საერთო ჯამში 37 008 აშშ დოლარის გადახდევინება, ხოლო ნ. კ-ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას გ. დ-ისათვის 8 000 აშშ დოლარის გადახდევინება წარმოადგენდა.

5.1.5. ორივე სამოქალაქო საქმეზე ნ. კ-ის წარმომადგენელი, თ. კ-თან ერთად, იყო გ. გ-ე. ნ. კ-მა, საბანკო გადარიცხვის გზით, წარმომადგენელს გაწეული მომსახურებისათვის გადაუხადა 400 ლარი.

5.1.6. ქალაქ თბილისში, გ-ის ხ--ის №...--ის მიმდებარედ არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე მოპასუხის მეუღლე იყო.

5.1.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით, შ. და ნ. კ-ების რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით პალატამ დადასტურებულად არ მიიჩნია, რადგან ამ გარემოების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიიჩნევა მხოლოდ შესაბამისი სამოქალაქო აქტის (ამ შემთხვევაში - ქორწინების) რეგისტრაციის მოწმობა.

5.1.8. მოსარჩელე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს შეთავაზებას, უძრავი ნივთის რეალიზაციის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხედ ქონების მესაკუთრის ჩაბმის თაობაზე.

5.1.9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, 327-ე, 709-ე მუხლებით, 710-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, საქმის განხილვის შედეგის მიუხედავად, მოსარჩელეს სამივე ინსტანციის სასამართლოში დავალების შესრულებისას უნდა მიეღო 1 000 ლარი, ხოლო, საქმის ნ. კ-ის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, დამატებით მარწმუნებლის მიერ მიღებული სარგებლის ღირებულების 15%. გ. დ-თან ორივე სასამართლო დავა დასრულდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. ამდენად, წარმომადგენელს აღარ მოუწია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, შესაბამისად ამისა, პალატამ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება, რომ უკვე გადახდილი 400 ლარის გარდა, მარწმუნებელს შეთანხმებული 1 000 ლარიდან დამატებით აღარაფერი არ უნდა გადაეხადა. რაც შეეხებოდა გასამრჯელოს მეორე ნაწილს, გაზიარებულ იქნა გასაჩვრებული გადაწყვეტილების შეფასება, რომ ნ. კ-მა დასრულებული საქმის შედეგად მიიღო მატერიალური სარგებელი _ 4 650 აშშ დოლარი, რომლის 15% 697 აშშ დოლარს შეადგენდა. ეს თანხა მარწმუნებელს რწმუნებულისათვის უნდა გადაეხადა მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, რაც დღემდე არ განუხორციელებია.

5.1.10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, როგორც ახალი გარემოება, დაუშვებლად იქნა მიჩნეული აპელანტის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რადგან აპელანტს არ დაუსაბუთებია, თუ რა მიზეზის გამო არ განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ.

5.1.11. სამოქალაქო კოდექსის 404-ე, ასევე 981-ე მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, პალატამ აღნიშნა, რომ მარწმუნებლის მიერ გასამრჯელოს გადახდის დაყოვნების გამო რწმუნებულმა ვერ მიიღო ის მინიმალური შემოსავალიც კი, რასაც იგი მიიღებდა საკუთარი ფულის საბანკო დაწესებულებაში ანაბრის სახით განთავსების შემთხვევაში. ფულის საყოველთაოდ ცნობილი თვისებებიდან გამომდინარე, გაზიარებულ იქნა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, გასამრჯელოს ძირითადი თანხის გადახდის დაყოვნების გამო, ამავე თანხაზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ოდენობით პროცენტის დარიცხვისა და მოპასუხისათვის გადახდევინების შესახებ.

5.1.1-. პალატის შეფასებით, მოპასუხემ კანონით გათვალისწინებული სათანადო მტკიცებულების წარმოდგენით, ვერ დაამტკიცა, რომ უძრავი ნივთი, მასაც ეკუთვნოდა, როგორც შ. კ-ის მეუღლეს. სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლითა და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილი, საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სისრულისა პრეზუმფციიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ მითითებული ქონება შ. კ-ის ინდივიდუალური საკუთრება იყო. მოსარჩელემ უფლებამოსილი პირის _ მესაკუთრის მოპასუხედ ჩაბმაზე უარი განაცხადა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იყო.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

6.1.1. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ, მოპასუხესა და გ.დ-ს შორის მიმდინარე ორივე დავის პირველი ისნტანციის სასამართლოში დასრულების გამო, კასატორს აღარ მოუწია იურიდიული მომსახურების ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებში გაწევა და მარწმუნებელს, გარდა 1 000 ლარიდან გადაუხდელი ნაწილისა, სხვა ვალდებულება არ გააჩნდა რწმუნებულის მიმართ, რადგანაც, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით კასატორმა გამოხატა მზაობა, გაეწია პირის წარმომადგენლობა სამივე ინსტანციის სასამართლოში, რის სანაცვლოდაც წარმოდგენილი პირი გადაიხდიდა 1 000 ლარს, ხოლო დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში _ დამატებით მოგებული თანხის/ნივთის ღირებულების 15%-ს. პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის დასრულებით კასატორმა ფაქტობრივად, მოიგო პროცესი, მეორე მხარე გამოასახლა სადავო ფართიდან, უარი ათქმევინა 66 600 ლარის მოთხოვნაზე და ნ.კ-ის სასარგებლოდ, 400 აშშ დოლარის ნაცვლად, გადაიხადა 4 650 აშშ დოლარი. აღნიშნულით დაიზოგა ნ.კ-ის დრო, ენერგია და სასამართლო ხარჯები. კასატორმა მოპასუხეს არ შეუწყვიტა ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რომ მან თავდაპირველად მხოლოდ 400 ლარის გადახდა შეძლო, ამასთანავე, სასამართლო კომპეტანციას არ წარმოადგენდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების შეფასება, რამდენადაც მოპასუხეს ხელშეკრულება სადავო არ გაუხდია, იგი არ გასაჩივრებულა და არც ბათილადაა ცნობილი. დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულება შეესაბამებოდა ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის მოთხოვნებსც.

6.1.2. უსაფუძვლოა სასამართლოს უარი დავალიანების შ. კ-ის საკუთრებად რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მიქცევის ნაწილში. პალატამ არასწორად არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის მიერ დამტკიცებული გარემოება, რომ მოპასუხე და შ.კ-ი კანონიერ ქორწინებაში იმყოფებიან და უძრავი ნივთი 1992 წელსაა აღრიცხული შ.კ-ის საკუთრებად. ვინაიდან სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელეს არ ჰქონდა ქორწინების მოწმობის წარდგენის შესაძლებლობა, სასამართლოს სთხოვა მოპასუხის დავალდებულება, წარედგინა იგი, თუმცა ამის საჭიროება აღარ დადგა, ვინაიდან მოპასუხის წარმომადგენლებმა აღიარეს მოპასუხისა და შ.კ-ის ქორწინებაში ყოფნისა და უძრავი ქონების თანაცხოვრების პერიოდში შეძენის ფაქტი.

6.1.3. რაც შეეხება მესაკუთრის დავაში ჩაბმას, კასატორმა თავად წარადგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, სადაც მესაკუთრის მოწმვევაზე და დავის მისი მონაწილეობით გადაწყვეტაზე იყო საუბარი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მესაკუთრის მოწვევის შემთხვევაში დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნებაზე მიუთითა, რაც ეწინააღმდეგება სასამართლო პრაქტიკას, საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილია ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარების თაობაზე 2015 წლის 4 მარტით დათარიღებული შ. კ-ის ხელმოწერა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მისთვის ცნობილი იყო სასამართლო დავის შესახებ, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრეტენზიით მას სასამართლოსათვის არ მიუმართავს. სწორედ ამ გარემოებათა გამო განაცხადა მოსარჩელემ შ.კ-ის დავაში ჩაბმაზე უარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად ეფუძნება იმ დასკვნებს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულება, რომელის ფარგლებშიც მოსარჩელეს უნდა გაეწია იურიდიული მომსახურება და წარედგინა პირი სასამართლოში. ხელშეკრულების თანახმად, დავალება იყო სასყიდლიანი და საფასური სამივე ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობის გაწევისათვის განისაზღვრა 1 000 ლარით, საიდანაც ნაწილი _ 400 ლარი წარმოდგენილ პირს გადახდილი ჰქონდა, ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ დავის წარმოდგენილი პირის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში, რწმუნებული დამატებით მიიღებდა მოგებული თანხის/ნივთის ღირებულების 15%-ს. პალატამ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ დავალების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოში შესრულდა და დავა აღარ გაგრძელებულა, რაც გამორიცხავდა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობიდან გამომდინარე სასყიდლის ანაზღაურებას, ამასთანავე, პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება უძრავ ნივთზე მოპასუხისა და შ.კ-ის თანასაკუთრების თაობაზე, რადგანაც საქმეში არ იყო წარმოდგენილი სადავო გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება (ქორწინების მოწმობა), ხოლო თანამოპასუხედ ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის ჩაბმაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას იმის შესახებ, რომ დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებით მიღწეულ იქნა დავალების ხელშეკრულების მიზანი, რაც ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში დავის გაგრძლებისათვის შეთანხმებული ჰონორარის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას წარმოშობდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს ვალდებულების შეწყვეტის ზოგად წესებს, რომლებიც 427-ე-454-ე მუხლებითაა რეგულირებული, ეს წესები არ არის ამომწურავი და კანონმდებლობა შეიძლება ადგენდეს ამ ურთიერთობის მარეგულირებელ სპეციალურ დებულებებსაც. დავალების ხელშეკრულების განმსაზღვრელი ნორმები არეგულირებს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების, ასევე, ერთ-ერთი მხარის გარდაცვალებისა თუ მხარდაჭერის მიმღებად ცნობის წინაპირობების არსებობას, რის გამოც, სადავო სამართალურთიერთობის შეწყვეტის მარეგულირებელი ნორმა სწორედ ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის ზოგად წესებში უნდა ვეძიოთ. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეფასება დავალების ხელშეკრულების დადების მიზანს უნდა მიეცეს, მოცემულ შემთხვევაში, მარწმუნებელმა სადავო გარიგება დავის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით საკუთარი დარღვეული უფლების აღსადგენად გააფორმა, თავის მხრივ, წარმომადგენლმა, პროფესიული მოვალეობის ფარგლებში განაცხადა თანხმობა ხელშეკრულებაზე. უდავოა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მიზანი დავის პირველი ინსტანციის სასამართლოშივე ამოიწურა, რაც თავისთავად მეტყველებს დავალების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). რაც შეეხება კასატორის მსჯელობას, რომ მან დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში დასრულებით პრაქტიკულად მოიგო პროცესი და შეთანხმებული ჰონორარი სრულად უნდა აუნაზღაურდეს, საკასაციო პალატა მას ვერ გაიზიარებს და შეახსენებს კასატორს, რომ ეს მისი პროფესიული ვალდებულებიდან გამომდინარეობდა, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

1.5. პალატა ასევე ვერ დაეთანხმება კასატორს თანასაკუთრებიდან გამომდინარე ქონებრივი პასუხისმგებლობის ნაწილში წარმოდგენილი პრეტენზიების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს სადავო გარემოების განკუთვნადი მტკიცებულებით დადასტურების აუცილებლობას და ეს გარემოება არ შეიძლება სხვა მტკიცებულებით დადასტურდეს. სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. ამავე კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენდა, რაც სათანადო მტკიცებულებით _ ქორწინების სააქტო ჩანაწერით უნდა დადასტურებულიყო, ამასთანავე, პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლით რეგულირებული სათანადო მოპასუხის თაობაზე და განუმარტავს მხარეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შედავება იმ მხარის პრეტენზიის საფუძველია, ვის მიმართაც განიხილება დავა და თავად ეს მხარე არ იქნება მოწვეული საქმის განხილვაში, რაც შეეხება მოსარჩელეს, მას კანონი ანიჭებს მოპასუხის არჩევის უფლებას, რომლის მიმართ წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლიანობას გადაწყვეტს სასამართლო. ის ფაქტი, რომ სააპელაციო სასამართლოს შესაძლოა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნების ალტერნატივაზე მიეთითებინა, კასატორის პრეტენზიას საფუძვლიანად ვერ აქცევს.

1.6. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 8 ივლისს #...- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის, 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ გ. გ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 8 ივლისს #...- საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური