Facebook Twitter

საქმე #ას-1223-1148-2015 11 დეკემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ლ. ბ-ის საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე – სს „თ-ი ბ-ის“ სარჩელის გამო, ლ. ბ-ის მიმართ, ასევე ლ. ბ-ის შეგებებული სარჩელის გამო, სს „თ-ი ბ-ის“ მიმართ თანხის დაკისრებისა და ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო პალატას განსახილველად გადმოეცა ლ. ბ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე, რომლითაც ლ. ბ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადა და დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარდგენა სააპელაციო სასამართლოში.

წარმოდგენილი საჩივრით მხარე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინების გაუქმებას, ლ. ბ-ის გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და სააპელაციო სასამართლოს დავალდებულებას წარმოებაში მიიღოს კერძო საჩივარი.

საქმის მასალებისა და წარმოდგენილი საჩივრის შესწავლის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს რომ, ლ. ბ-ის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მხოლოდ მაშინაა უფლებამოსილი იმსჯელოს შუალედურ განჩინებაზე, თუ ის გასაჩივრებულია შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებულია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე. რაც შეეხება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ამგვარი გადაწყვეტილება საქმეში არ არის წარმოდგენილი. საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განჩინების ცალკე გასაჩივრებას კი საპროცესო კოდექსის არცერთი ნორმა არ ითვალისწინებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი ეთმობა სარჩელის უზრუნველყოფას და ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველოფის განჩინებაზე საჩივრის შეტანას. საპროცესო კანონმდებლობა სხვა სახის განჩინების საჩივრით გასაჩივრებას არ იცნობს. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა ის გარემოება, რომ სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის საკითხი არ იხილება. რის გამოც პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას განიხილოს წარმოდგენილი საჩივარი.

საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისადაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განმარტავს, რომ კანონის მითითებული დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებეულია საპროცესო ვადის გაგარძელების შესახებ განჩინება, რომლის კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობასაც საპროცესო კანონმდებლობა არ იძლევა.

საყურადღებოა ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინება მიღებულია კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე. ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე კი არ საჩივრდება (სსკ-ის 419.3 მუხლი).

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. აღნიშნული ნორიდან გამომდინარე, ვინაიდან, სახეზე არ გვაქვს შემაჯამებელი გადაწყვეტილება, პალატა თვლის რომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინება არც საკასაციო საჩივრით ექვემდებარება გასაჩივრებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 404-ე, 414-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ბ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე