Facebook Twitter

№ას-18-15-2015 26 ოქტომბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ნ-ი(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული საგენტო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა. ნ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა“ და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და სამკვდიროს მიღების ვადის გაგრძელების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. მოსარჩელის ბაბუას, ვ. ნ-ს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება მდებარე ქ. ბათუმში, ჯ-ის ქ. №... ბ. ...-ში. მას ჰყავდა ერთი შვილი, მოსარჩელის მამა ა. ნ-ი. მოსარჩელე და მისი მამა ცხოვრობდნენ საზღვარგარეთ ცალ-ცალკე, იყვნენ მატერიალურად გაჭირვებული და წლების მანძილზე არ გააჩნდათ საშუალება მოენახულებინათ ვ. ნ-ი. ამას ემატებოდა ისიც, რომ მათთვის უცნობი იყო ვ. ნ-ის ტელეფონის ნომერი. 2013 წელს მოსარჩელემ მეგობრისგან შეიტყო, რომ მისი ბაბუა ვ. ნ-ი გარდაცვლილა 2008 წლის 4 აპრილს და გადაწყვიტა სამკვიდროს მიღება. წარმომადგენლის საშუალებით მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, თუმცა შეიტყო, რომ 2010 წლის 17 თებერვლის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე ვ. ნ-ის ქონება, როგორც უმკვიდრო, გადაცემულია სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსთვის“. მოსარჩელემ მოითხოვა სამკვიდროს მიღებისთვის დადგენილი 6 თვიანი ვადის გაგრძელება, რადგან მისი აზრით, არსებობდა საპატიო მიზეზი, მისთვის უცნობი იყო ბაბუის გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისად, დადგენილ ვადაში ვერ მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების მოთხოვნით.

3. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ ვ. ნ-ის შვილი, ა. ნ-ი (მოსარჩელის მამა) ისე გარდაიცვალა 2012 წელს, რომ ვერ მიიღო მამის ქონება, შესაბამისად, ბაბუის მემკვიდრე და ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი იყო შვილიშვილი ა. ნ-ი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ნ. ბ-ის 2010 წლის 17 თებერვლის სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ვ. ნ-ის სამკვიდრო ქონება გადაეცა აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს; ა. ნ-ს საპატიოდ ჩაეთვალა ბაბუის ვ. ნ-ის დანაშთი ქონების მიღებისათვის კანონით დადგენილი ვადის გაშვება და სამკვიდროს მიღების ვადა გაუგრძელდა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება; ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. ვ. ნ-ი ცხოვრობდა ქ. ბათუმში, ჯ-ის ქ. №…, ბ. …-ში. ამ მისამართზე მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა მის საკუთრებას.

9. ვ. ნ-ი გარდაიცვალა 2008 წლის 8 აპრილს.

10. ვ. ნ-ის გარდაცვალებით გაიხსნა მისი სამკვიდრო ქონება.

11. ვ. ნ-ის მემკვიდრეებს სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ვადაში ნოტარიუსისათვის არ მიუმართავთ.

12. ვ. ნ-ის სამკვიდრო ქონება, როგორც უმკვიდრო, ნოტარიუსის 2010 წლის 17 თებერვლის სამკვიდრო მოწმობით მემკვიდრეობით მიიღო აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ.

13. საქმის განხილვის მომენტისათვის ქონება საჯარო რეესტრში აღრიცხულია სახელმწიფოს საკუთრებად.

14. მოსარჩელის, ა. ნ-ის - მამა ა. ვ. ძე ნ-ი - გარდაიცვალა 2012 წლის 29 ივლისს.

15. ა. ვ. ძე ნ-ის სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო მოსარჩელემ, ა. ა.ს ძე ნ-მა.

16. მოსარჩელე და მისი მამა ა. ნ-ი 1997 წლის შემდგომ პერიოდში საქართველოში ნამყოფი არ არიან. თვით მოსარჩელე დაბადებულია ბელორუსიაში … წელს.

17. ა. ნ-ი გარდაიცვალა ვ. ნ-ის გარდაცვალების შემდეგ.

18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მამა ა. ნ-ის მიერ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადის გაშვება არ იყო გამოწვეული საპატიო მიზეზით, სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაციის არ ქონა, არ წარმოადგენს საპატიო მიზეზს, მით უფრო, რომ უშუალოდ ამ ინფორმაციის არ ქონა არ ყოფილა გამოწვეული საპატიო მიზეზით, მემკვიდრე არ ყოფილა პატიმრობაში, არ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი და ფორსმაჟორული გარემოებები, რომლებიც მამა-შვილ ა. ნ-ს ხელს შეუშლიდა მიეღოთ ინფორმაცია სამკვიდროს გახსნის შესახებ. ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელ არ დაინტერესებულან ვ. ნ-ის მდგომარეობით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ეცოდინებოდათ მისი გარდაცვალების შესახებ. მამის გარდაცვალების არცოდნა, არ წარმოადგენდა საპატიო მიზეზს მოსარჩელის მამისათვის, რის გამოც მას არ შეეძლო მიემართა ნოტარიუსისათვის.

19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმში, ჯ-ის ქ. №… ბ. …-ში მდებარე უძრავი ქონება წარმოადგენდა ვ. ნ-ის საკუთრებას. იგი გარდაიცვალა 2008 წლის 8 აპრილს. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო და მთელი მისი ქონება გახდა სამკვიდრო ქონება, რომლის მიღებისათვისაც მემკვიდრეს საქართველოს სკ-ის 1424-ე მუხლის შესაბამისად 6 თვის ვადაში უნდა მიემართა ნოტარიუსისათვის.

20. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1336-ე, 1424-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ნ-ის გარდაცვალების დროს, მამა - ა. ნ-ი ცოცხალი იყო და იგი ისე გარდაიცვალა, რომ სამკვიდროს მისაღებად 6 თვის ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის და არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია სამკვიდრო ქონებას.

21. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, ან არც ერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო, ანდა, როცა ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოზე.

22. პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან მამა ა. ნ-ი ისე გარდაიცვალა, რომ მამკვიდრებლის ვ. ნ-ის სამკვიდროს მისაღებად 6 თვის ვადაში არ მიუმართავს, სახეზეა ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული პირობა „თუ არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო“, რაც სახელმწიფოს წარმოუშობდა ვალდებულებას (1444-ე მუხლის საფუძველზე) მიემართა ნოტარიუსისათვის და მიეღო სამკვიდრო ქონება.

23. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფოს, როგორც უმკვიდრო ქონების მიმღებს, არ წარმოეშობა ვალდებულება, კანონით გათვალისწინებული წესის გარდა, დამატებით მოიძიოს და შეატყობინოს მემკვიდრეს სამკვიდრო ქონების განაწილების შესახებ და დაელოდოს მისგან თანხმობის ან უარის მიღებას. პალატამ არასწორად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ „ვინმეს რაიმე ფორმით უნდა ეზრუნა მემკვიდრის მოწვევისათვის“. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებაზე, რომლის 93-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ შემთხვევაში უმკვიდრო ქონება გადაეცემა სახელმწიფოს, თუ არ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტში მითითებული სუბიექტებისათვის უმკვიდრო ქონების გადაცემის საფუძველი. მე-2 პუნქტის მიხედვით, უმკვიდრო ქონების მიღების მიზნით უფლებამოსილი სუბიექტი ვალდებულია ნოტარიუსს მიმართოს განცხადებით. განცხადება შეიძლება შედგეს საჯარო ან კერძო აქტის ფორმით. განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნას როგორც მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის გასვლამდე, ისე ამ ვადის გასვლის შემდეგ. 3. მოწმობა უმკვიდრო ქონების უფლებამოსილი სუბიექტისათვის გადაცემის შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. 4. მემკვიდრეობის გახსნიდან ექვსი თვის ვადის გასვლის შემდეგ, თუკი სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადება არ არის შეტანილი სანოტარო ბიუროში და უფლებამოსილი სუბიექტი ითხოვს უმკვიდრო ქონების საკუთრებაში გადაცემას, ნოტარიუსი ვალდებულია, გამოაქვეყნოს საჯარო განცხადება უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შესახებ. განცხადებაში უნდა აღიწეროს საქმის გარემოებები და უნდა მიეთითოს სანოტარო ბიუროს მისამართი. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს პრესაში, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს სამჯერ არანაკლებ შვიდდღიანი შუალედებით. განცხადების გამოქვეყნების ხარჯებს იხდის უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც ითხოვს უმკვიდრო ქონების საკუთრებაში გადაცემას.

24. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განცხადება უმკვიდრო ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ გამოქვეყნდა პრესაში 2-ჯერ და ვრცელდებოდა მთელი ქვეყნის მაშტაბით. ნოტარიუსის მიერ ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის დარღვევის შესახებ მოსარჩელეს წარმოდგენილ სარჩელში არ მიუთითებია და იგი არც სადავოდ ყოფილა გამხდარი სასასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება მოპასუხეს არ გააჩნდა.

25. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ქონება იყო უმკვიდრო, იგი სწორად გადაეცა სახელმწიფოს საკუთრებად. ამდენად ნოტარიუსის მიერ გაცემული მოწმობა არ ეწინააღმდგება კანონის მოთხოვნებს (სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესს) და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.

26. პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1430-ე მუხლზე, რომლის მიხედვით თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახსნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, მაშინ სამკვიდროდან მისი წილის მიღების უფლება გადადის მის მემკვიდრეებზე (მემკვიდრეობითი ტრანსმისია). გარდაცვლილი მემკვიდრის მემკვიდრეებმა სამკვიდრო უნდა მიიღონ სამკვიდროს მიღების ვადამდე დარჩენილი ხნის განმავლობაში. თუ ეს დრო სამ თვეზე ნაკლებია, იგი სამ თვემდე უნდა გაგრძელდეს.

27. აღნიშნული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ვ. ნ-ის მემკვიდრეს სამკვიდრო უნდა მიეღო მისი გარდაცვალებიდან 6 თვის განმავლობაში და თუ ის გარდაიცვლებოდა ვადის გასვლამდე ისე, რომ ვერ მოასწრებდა სამკვიდროს მიღებას, მოსარჩელეს უფლება ექნებოდა მოეთხოვა მემკვიდრეობითი ტრანსმისიით სამკვიდროს მიღება. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის მამამ ქონება ვერ მიიღო კანონით დადგენილ ვადაში, მას მემკვიდრეობითი ტრანსმისიით ქონების მიღების უფლება არ წარმოეშობა.

28. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მას უნდა აღუდგეს სამკვიდროს მიღების ვადა. სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრო შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე. ამ მუხლის პირველ ნაწილში გათვალისწინებულ შემთხვევაში სამკვიდროს მიღების ვადის გამშვებ მემკვიდრეს მისი ხვედრი ქონებიდან, რომელიც სხვა მემკვიდრეებმა მიიღეს, ან სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა, ნატურით მიეცემა ის, რაც შენარჩუნებულია; მას მიეცემა ასევე მისი ხვედრი ქონების დანარჩენი ნაწილის ღირებულება.

29. სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის მიხედვით, უფლებაუნარიანობა ნიშნავს სამართლის სუბიექტად ყოფნის შესაძლებლობას. გარდაცვლილი კი ვერ ჩაითვლება სამართლის სუბიექტად. გარდაცვალების ფაქტით წყდება უფლებაუნარიანობა და, მაშასადამე, ვადის გაგრძელების მოთხოვნის უფლება შეწყვეტილად ითვლება მამა - ა. ნ-ის გარდაცვალების მომენტიდან. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე, როგორც მამის უფლებამონაცვლე, სრულიად უსაფუძვლოდ ითხოვს იმ ვადის აღდგენას, რომლის მოთხოვნის უფლება გააჩნდა მამა ა. ნ-ს და მას არ მოუთხოვია.

30. სასამართლოს განმარტებით, სამკვიდროს გახსნის შესახებ ინფორმაციის არქონა, არ წარმოადგენს საპატიო მიზეზს, მით უფრო, რომ უშუალოდ ამ ინფორმაციის არქონა არ ყოფილა გამოწვეული საპატიო მიზეზით, მემკვიდრე არ ყოფილა პატიმრობაში, არ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი და ფორსმაჟორული გარემოებები, რომელიც მამა-შვილ ნ-ს ხელს შეუშლიდა მიეღოთ ინფორმაცია სამკვიდროს გახსნის შესახებ. ისინი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ერთხელ არ დაინტერესებულან ვ. ნ-ის მდგომარეობით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ეცოდინებოდათ მისი გარდაცვალების შესახებ.

31. ამასთან, პალატამ ზნეობის ნორმების გათვალისწინებით უსაფუძვლოდ მიიჩნია იმ მემკვიდრისათვის სამკვიდროს ვადის აღდგენა, რომელსაც 1997-დან 2008 წლამდე უპატრონოდ ჰყავდა მიტოვებული მოხუცი მამკვიდრებელი და რომელსაც, როგორც სასამართლომ დაადგინა, სხვა მემკვიდრე არ ჰყოლია.

32. პალატამ განმარტა, რომ შვილად ან და შვილიშვილად ყოფნა ავტომატურად არ წარმოშობს მემკვიდრედ ყოფნის პრეზუმციას, ამისათვის საჭირო და აუცილებელია საკანონმდებლო ნორმების დაცვა შესაბამისი მოქმედებების განხორციელებით, რაც გამოიხატება სანოტარო ბიუროსათვის განცხადებით მიმართვით 6 თვის ვადაში ან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლებით. აღნიშნულს მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

33. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ა. ნ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

34. კასატორის განმარტებით, ბათილად უნდა იქნას ცნობილი სამკვიდრო მოწმობა, რადგან დარღვეულია მისი გაცემის ფორმალური წინაპირობები. ამასთან, მემკვიდრის მიერ საპატიოდ იქნა გაშვებული სამოქალაქო კოდექსით დაწესებული სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადა. კერძოდ, მემკვიდრე ა. ნ-ი 30 წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა და აღნიშნულის გამო ფაქტობრივად გაწყვეტილი ჰქონდა კავშირი საქართველოსთან, ხოლო შვილი, ა. ნ-ი, ბაბუის და მამის გარდაცვალებისას იმყოფებოდა პატიმრობაში და ფიზიკურად ვერ მოახერხებდა სანოტარო ბიუროსთვის მიმართვას, რომც სცოდნოდა ბაბუის გარდაცვალების ფაქტის შესახებ, რომელიც პატიმრობის გამო ვერ შეიტყო.

35. კასატორის აზრით, მართალია სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს მემკვიდრეობითი ტრანსმისიის შემთხვევას თუ მემკვიდრე სამკვიდროს გახნის შემდეგ, მაგრამ სამკვიდროს მიღებამდე გარდაიცვალა, თუმცა კანონმდებლობით არ არის გაწერილი ის შემთხვევა, როდესაც მემკვიდრე გარდაიცვლება სამკვიდროს გახსნის და ექვსთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მემკვიდრეობის მიუღებლად, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ვადა საპატიოდ იყო გაშვებული. კასატორის განმარტებით, ასეთ შემთხვევებს არ ითვალისწინებს არც უზენაესი სასამართლოს პრაკტიკა. აქედან გამომდინარე, სასამართლოსთვის აღნიშნული საქმის განხილვა უმნიშვნელოვანესია და შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად უნდა იქნას ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

36. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

38. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

39. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

40. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები Nას-177-167-2011, Nას-1788-1765-2011, Nას-477-751-2011).

41. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 143 737,53 ლარის 70% –100 616,271 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა. ნ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2.კასატორ ა. ნ-ს (პ/ნ: ....) დაუბრუნდეს ი. გ-ას (პ/ნ:...) მიერ 2015 წლის 27 იანვრის №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1,750.00 ლარის 70% – 1225ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე