საქმე №ას-827-791-2014 13 ნოემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ს. ს-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ს-ე, კანონიერი წარმომადგენელი ჯ. ჭ-ი (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-4 პუნქტები), ასევე მტკიცებულებების მიღების შესახებ განჩინების გაუქმება და თ. ს-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თავდაპირველ სარჩელში _ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, შეგებებულ სარჩელში _ სამკვიდრო ქონების უპირატესად მიღება, მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, მიღებული სამკვიდროს სანაცვლოდ თანხის გადახდის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო/შეგებებული სარჩელის მოთხოვნა:
1.1. ს. ს-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ს-ის (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ 2013 წლის 8 აპრილს მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და ქ.ქუთაისში მდებარე #... უძრავი ქონების 2/6 ნაწილიდან 1/6-ის 1/2 წილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
1.2. თ. ს-ემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს თავდაპირველი მოსარჩელის მიმართ სადავო სამკვიდროს უპირატესად მიღების, უპირატესი უფლებით მიღებული სამკვიდროს სანაცვლოდ ს. ს-ისათვის უკვე მიღებული წილის საკომპენსაციო თანხის _ 11 024 ლარის ორი წლის ვადაში გადახდისა და მამკვიდრებელთა გასვენებისა და დაკრძალვისათვის გაწეული ხარჯიდან 3 226 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. თ. ს-ემ მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს სამკვიდროდან მისი წილი უკვე მიღებული ჰქონდა, ამასთანავე, არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ამავე მხარეებს შორის, ამავე საგანზე და ამავე საფუძვლით.
2.2. მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლის ფარგლებში ს. ს-ემ შეგებებული სარჩელის წინააღმდეგ ხანდაზმულობაზე, ასევე, მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მიუთითა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი არასრულწლოვან თ. ს-ის სახელზე 2013 წლის 8 აპრილს ნოტარიუს ე. გ-ის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა 2/6 ნაწილის 1/6 ნაწილში და მოსარჩელე ცნობილ იქნა მოპასუხის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის 2/6 ნაწილიდან 1/6-ის 1/2 ნაწილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ, ამავე გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შეგებებული სარჩელის ავტორმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებისა და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. ს-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ქუთაისში, დ-ის (ყოფილი ნ-ის) ქუჩა #...-ში/გ-ის ქუჩის #...-ში მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნოდა ნ. ს-ეს.
6.2. ნ. ს-ე გარდაიცვალა 2006 წლის 9 აგვისტოს და დარჩა ორი შვილი: გ. და ვ. ს-ეები, რომლებიც ფაქტობრივად დაეუფლნენ მამის დანაშთ ქონებას.
6.3. მეუღლეებს: გ. ს-ესა და ი. გ-ეს 1989 წლის 1 იანვარს შეეძინათ შვილი - ს. ს-ე. ქორწინება მეუღლეებს შორის ფაქტობრივად 1990 წლიდან შეწყდა. ამის შემდგომ, გ. ს-ეს 2001 წლის 17 სექტემბერს ჯ. ჭ-თან შეეძინა შვილი - თ. ს-ე.
6.4. გ. ს-ე გარდაიცვალა 2007 წლის 26 თებერვალს. მისი სამკვიდრო მიიღეს შვილებმა: თ. და ს. ს-ეებმა.
6.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ს-ე ცნობილ იქნა ნ. ს-ის სახელზე რიცხული სადავო უძრავი სამკვიდრო ქონების ნახევრიდან 1/3-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. იმავე გადაწყვეტილებით ი. გ-ის მოთხოვნა ნ. ს-ის დანაშთი უძრავი ქონებიდან 1/3-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
6.6. ნოტარიუსმა ე. გ-მა 2013 წლის 8 აპრილს გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც თ. ს-ე ცნობილ იქნა 2006 წლის 9 აგვისტოს გარდაცვლილი ნ. ს-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის 2/3-ის მემკვიდრედ.
6.7. სადავო უძრავი ქონების ღირებულებაა 65 000 აშშ დოლარი. ნ. და გ. ს-ეების საფლავის ღირებულება, არსებული საბაზრო ფასების მიხედვით, შეადგენს 7 661 ლარს, საფლავის მოწყობა, სავარაუდოდ, დაწყებულია 1991 წლიდან. თავად გ. ს-ის დაკრძალვის ხარჯების ჯ. ჭ-ის მიერ გაღება საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. ნ. ს-ის დაკრძალვის ხარჯები გაიღო გ. ს-ემ.
6.8. 1990 წლის 20 ივნისს, ერთი მხრივ, ი. გ-ესა და, მეორე მხრივ, ნ. და გ. ს-ეებს შორის შედგა მორიგება, რომლითაც ი. გ-ემ, 16 000 რუსული მანეთის გადახდის პირობით, საკუთარი და არასრულწლოვანი შვილის - ს. ს-ის სახელით, უარი განაცხადა ქალაქ ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო სასამართლოს 1989 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულებაზე (აღნიშნული გადაწყვეტილებით, ი. გ-ე შვილთან - ს. ს-ესთან ერთად შესახლებულ იქნა ნ. და გ. ს-ეების სახელზე რიცხული სამოთახიანი ბინის ერთ, 20 კვ. მეტრიან ოთახში), აგრეთვე, მომავალში ს-ეებთან ქონებრივ, სამემკვიდრეო ან სხვა სახის დავაზე. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, ი. გ-ემ იმავე დღეს მიიღო 10 000 მანეთი, ხოლო, ამ თანხის მიღების შემდგომ, ქალაქ ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო სასამართლოს 1989 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნა საქმის მასალებით არ დგინდებოდა. უტყუარი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა არც ი. გ-ის მიერ დარჩენილი 6 000 მანეთის მიღების ფაქტი.
6.9. პალატის მოსაზრებით, გ. ს-ის სამკვიდროდან ს. ს-ის წილის ოდენობის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმ საკითხის გარკვევას: ა) დასაშვები იყო თუ არა განსახილველი სარჩელი 1990 წლის 20 ივნისს შემდგარი მორიგების, ასევე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების არსებობის პირობებში; ბ) თუ იყო დასაშვები, იყო თუ არა იგი დასაბუთებული. 2012 წლის 19 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილების პირობებში დავის საგანი არ იყო იდენტური, რის გამოც არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის ან 272-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები და წინამდებარე სარჩელი იყო დასაშვები. მხარეები არ დავობდნენ, რომ ნ. ს-ის გარდაცვალებით 2006 წლის 9 აგვისტოს, სამოქალაქო კოდექსის 1319-1320-ე მუხლების შესაბამისად, გაიხსნა მისი სამკვიდრო, რომელიც, ამავე კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1421-ე და 1424-ე მუხლების შესაბამისად, ფაქტობრივი ფლობით, კანონით დადგენილ 6-თვიან ვადაში, მიიღეს ნ. ს-ის კანონით მემკვიდრე ორმა შვილმა: ვ. და გ. ს-ეებმა. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, 2006 წლის 9 აგვისტოდან, სამკვიდრო ჩაითვალა მათ საკუთრებად თანაბარი წილებით. გ. ს-ის გარდაცვალების შემდგომ მისი სამკვიდრო, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მიიღეს მისმა შვილებმა: თ. და ს. ს-ეებმა. ი. გ-ემ, როგორც გ. ს-ის მეუღლემ (მემკვიდრემ) და არასრულწლოვანი ს. ს-ის კანონიერმა წარმომადგენელმა, მამკვიდრებლების: ნ. და გ. ს-ეებისაგან მიიღო გარკვეული თანხა, იმ პირობით, რომ არც მას და არც მის შვილს აღარ ექნებოდათ პრეტენზია ნ. და გ. ს-ეების სამკვიდროსთან დაკავშირებით, ამდენად, ი. გ-ემ და ს. ს-ემ, მოთხოვნა ნ. და გ. ს-ეების სამკვიდროსადმი (ანუ - 2/3 ნაწილისადმი) შეაფასეს 16 000 რუსულ მანეთად, საიდანაც მიიღეს 10 000 რუსული მანეთი, ანუ - ამ თანხის ნახევარზე მეტი, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე - ს. ს-ემ გ. ს-ის დანაშთი სამკვიდროს 1/3 ნაწილიც მიიღო დამატებით. ასეთ პირობებში, სამოქალაქო კოდექსის 1473-ე მუხლის გათვალისწინებით, ს. ს-ის პრეტენზია გ. ს-ის სამკვიდროდან რაიმე დამატებითი წილის მიღების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც მისი სარჩელი ვერ დაკმაყოფილდებოდა.
6.10. ჯ. ჭ-მა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ვერ დაამტკიცა გ. ს-ის დაკრძალვის ხარჯების გაწევის გარემოება, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელი არსებითად სწორად არ დაკმაყოფილდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1481-ე მუხლის გამოყენება მოცემულ შემთხვევაში მართლაც ვერ მოხდებოდა, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით სამკვიდრო ქონება ფაქტიურად გაყოფილი და გადაცემული იყო შესაბამისი წილების განსაზღვრით მემკვიდრეთა საკუთრებაში. მესაკუთრეს კი, ამავე კოდექსის 170-ე მუხლის თანახმად, შეუძლია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს კუთვნილი ნივთი; ამ უფლების შეზღუდვა ან ჩამორთმევა დაიშვება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დადგენილი წესით, რაც, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა.
7. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ (სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-4 პუნქტები), ასევე, მტკიცებულებების მიღების შესახებ განჩინების გაუქმება და თ. ს-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
7.1.1. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მიუთითა, რომ ძალაში ნაწილობრივ უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც, წინამდებარე საქმეზე არ მიღებულა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობაზე მიუთითებს ისიც, რომ სააპელაციო სასამართლომ სხვაგვარად შეაფასა მტკიცებულებები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში არსებითად იყო გამოკვლეული, ხოლო მათ თაობაზე დასაბუთებული პრეტენზია სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული. სასამართლო, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების მიზნით გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს და იმსჯელა სამკვიდროს გათანაბრების საკითხზე, შესაბამისად, მხედველობაში არ იქნა მიღებული კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, კასატორის მიერ მამის სამკვიდროს მიღების, ასევე, იმის თაობაზე, რომ ი.გ-ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ამ საქმეზე ვერ გასცდა მოსარჩელის მოთხოვნას და მხოლოდ 1/3 მიაკუთვნა ს. ს-ეს. ამ გადაწყვეტილების კანონიერების თაობაზე ნამსჯელია ზემდგომი სასამართლოების მიერ, რა დროსაც შეფასდა კასატორის არასრულწლოვანებისას მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ გაფორმებული მორიგება, რომელიც არ შესრულებულა და საფუძვლად არ დადებია ს. ს-ისათვის სამკვიდროდან წილის მიკუთვნებაზე უარის თქმას. არც ერთი სასამართლოს მიერ არ დადგენილა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ნ. ს-ის სამკვიდრო შეფასდა 16 000 რუსულ მანეთად, როგორც ეს სააპელაციო პალატამ დაადგინა, ამასთანავე, მორიგების გაფორმების დოისათვის ეს შეუძლებელიც იყო. აღნიშნულით პალატამ უგულებელყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე და სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლები. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ მხარეები ერთი რიგის მემკვიდრეები არიან და მოსარჩელე არათანაბარ მდგომაროებაში აღმოჩნდა.
7.1.2. სააპელაციო პალატამ მხედველობაში არ მიიღო საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დასკვნა, რომ ს. ს-ე სადავო ქონების 1/3-ის მესაკუთრედ მხოლდ იმ საფუძვლით იქნა ცნობილი, რომ მას მეტი მოთხოვნა არ ჰქონია. პალატამ არ გამოიკვლია საქმის მასალები, არ დაეყრდნო მათ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებით მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.
7.1.3. სააპელაციო სასამართლომ 1990 წელს შემდგარი მორიგების აქტის შეფასებით დაარღვია კანონის მოთხოვნები და არასწორად მიიჩნია, რომ იგი გამორიცხავდა სამკვიდროზე კასატორის პრეტენზიას, ამასთანავე, უსაფუძვლოდ განსაზღვრა მორიგების აქტის შესაბამისად სამკვიდროს ღირებულება, რის შედეგადაც დაირღვა მემკვიდრის კონსტიტუციით აღიარებული უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს კანონისმიერი მემკვიდრეობითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ერთი რიგის მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების კანონიერება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით კი, სააპელაციო პალატამ დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.1.1. ქ.ქუთაისში, დ-ის (ყოფილი ნ-ის) ქუჩა #...-ში/გ-ის ქუჩის #...-ში მდებარე უძრავი ქონება ეკუთვნოდა ნ. ს-ეს, რომელიც 2006 წლის 9 აგვისტოს გარდაიცვალა და დარჩა ორი შვილი: გ. და ვ. ს-ეები. მემკვიდრეები ფაქტობრივად დაეუფლნენ მამის სამკვიდროს.
1.1.2. გ. ს-ესა და ი. გ-ეს 1989 წლის 1 იანვარს შეეძინათ შვილი - ს. ს-ე. ქორწინება მეუღლეებს შორის ფაქტობრივად 1990 წლიდან შეწყდა. ამის შემდგომ, გ. ს-ეს 2001 წლის 17 სექტემბერს ჯ. ჭ-თან შეეძინა შვილი - თ. ს-ე.
1.1.3. გ. ს-ე გარდაიცვალა 2007 წლის 26 თებერვალს. მისი სამკვიდრო მიიღეს შვილებმა: თ. და ს. ს-ეებმა, რაც შეადგენდა ნ. ს-ის დანაშთი ქონების 1/2-ს.
1.1.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ს-ე ცნობილ იქნა ნ. ს-ის სახელზე რიცხული სადავო უძრავი სამკვიდრო ქონების ნახევრიდან 1/3-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. იმავე გადაწყვეტილებით ი. გ-ის მოთხოვნა ნ. ს-ის დანაშთი უძრავი ქონებიდან 1/3-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
1.1.5. ნოტარიუსმა ე. გ-მა 2013 წლის 8 აპრილს გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც თ. ს-ე ცნობილ იქნა 2006 წლის 9 აგვისტოს გარდაცვლილი ნ. ს-ის სახელზე რიცხული უძრავი ქონების 1/2 ნაწილის 2/3-ის მემკვიდრედ.
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
1.3. ს. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას სააპელაციო სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 1990 წლის 20 ივნისს, ერთი მხრივ, ი. გ-ესა და, მეორე მხრივ, ნ. და გ. ს-ეებს შორის შედგა მორიგება, რომლითაც ი. გ-ემ, 16 000 რუსული მანეთის გადახდის პირობით, საკუთარი და არასრულწლოვანი შვილის - ს. ს-ის სახელით, უარი განაცხადა ქალაქ ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო სასამართლოს 1989 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულებაზე (აღნიშნული გადაწყვეტილებით, ი. გ-ე შვილთან - ს. ს-ესთან ერთად შესახლებულ იქნა ნ. და გ. ს-ეების სახელზე რიცხული სამოთახიანი ბინის ერთ, 20 კვ. მეტრიან ოთახში), აგრეთვე, მომავალში ს-ეებთან ქონებრივ, სამემკვიდრეო ან სხვა სახის დავაზე. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის თანახმად, ი. გ-ემ იმავე დღეს მიიღო 10 000 მანეთი, ამ თანხის მიღების შემდგომ, ქალაქ ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სახალხო სასამართლოს 1989 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნა საქმის მასალებით არ დადგინდა, ასევე, არ დადგინდა ი. გ-ის მიერ მორიგებით განსაზღვრული თანხის დარჩენილი 6 000 მანეთის მიღების ფაქტი. ამ გარემოებათა შეფასებით პალატამ ჩათვალა, რომ სახეზე იყო სამოქალაქო კოდექსის 1473-ე მუხლით განსაზღვრული სამკვიდროს გათანაბრება, რამდენადაც ს. ს-ის კანონიერი წარმომადგენლის მიერ 10 000 რუსული მანეთის მიღება, ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 19 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ს.ს-ისათვის მიკუთვნებული სამკვიდროს 1/3 გამორიცხავდა სამკვიდროს თაობაზე მოსარჩელის პრეტენზიის საფუძვლიანობას.
1.4. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს სამოქალაქო კოდექსის 1473-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, ამასთანავე, მიიჩნევს, რომ პალატამ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები).
1.5. კასატორის პრეტენზიათა შემოწმების მიზნით საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს სამკვიდროს მიღების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებზე. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა იმის თაობაზე, რომ სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა და მას შესაბამისი იურიდიული შედეგი იმ შემთხვევაში მოჰყვება, თუ მემკვიდრე კანონით გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელების გზით გამოხატავს ნამდვილ ნებას, რაც მოწმობს მის მიერ სამკვიდროს მიღებას. სამოქალაქო კოდექსი იცნობს მემკვიდრეთა ორ კატეგორიას: კანონისმიერ და ანდერძისმიერ მემკვიდრეებს. მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომ სასამართლოებს არ დაუდგენიათ და არც მხარეებს გაუხდიათ სადავო გ. ს-ის მიერ ანდერძის დატოვების ფაქტი, შესაბამისად, სახეზეა კანონისმიერი მემკვიდრეობა და მოდავე სუბიექტები წარმოადგენენ მამკვიდრებლის შვილებს ფაქტობრივი და რეგისტრირებული ქორწინებიდან. სამოქალაქო კოდექსის 1136-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა იმის თაობაზე, რომ კანონისმიერი მემკვიდრეობითი ურთიერთობისას თანასწორი უფლების მქონე მემკვიდრეთა წილი თანაბარია.
1.6. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გ. ს-ის სამკვიდროს ნ. ს-ის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული #.... უძრავი ქონების 1/2 წარმოადგენდა, საიდანაც 1/3 კასატორმა მიიღო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ხოლო დარჩენილი წილი (2/3) ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძვლებზე აღირიცხა მოპასუხის საკუთრებად.
1.7. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს სამკვიდროს გაყოფისას წილთა გათანაბრების პრინციპს, თუმცა, მიიჩნევს, რომ, განსახილველი შემთხვევის თავისებურებიდან გამომდინარე, ქვემდგომმა სასამართლომ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1473-ე მუხლით, ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს არასწორი შეფასება მისცა, რაც მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, კერძოდ:
1.7.1. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე, მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამტკიცებას ცდილობს, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეებს შორის, შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს თავად იმ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, არ საჭიროებს დამტკიცებას. საპროცესო სამართალში ისინი პრეიუდიციულ ფაქტებად მოიხსენება, რომელთა მნიშვნელობას განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეების მიმართ. პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას, ანუ სავალდებულო ძალის მქონედ მიიჩნევა არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი უკლებლივ ყველა გარემოება, არამედ მხოლოდ ისინი, რომლებსაც ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ემყარება. ამდენად, ფაქტების პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები (კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ), არამედ ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს (რომელი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზეც იქნა მიღებული გადაწყვეტილება).
1.7.2. საქმეში წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, რომელიც გ. ს-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროს მიღებას შეეხებოდა, დადგენილია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში ს. და თ. ს-ეების წარმომადგენლებმა განცხადებით მიმართეს ნოტარიუსს გ. ს-ის ქონების მემკვიდრეობით მიღების თაობაზე და ს.ს-ის წარმომადგენელს სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარი იმ საფუძვლით ეთქვა, რომ სამკვიდროს მთლიანი განაწილება, მემკვიდრეთა ზუსტი წრის დადგენა და მათი შესაბამისი წილების განსაზღვრა უნდა მომხდარიყო სასამართლოს მიერ. თ. ს-ის შესაგებელს, მსგავსად წინამდებარე დავისა, წარმოადგენდა 1990 წლის 20 ივნისს მორიგების აქტით ი. გ-ის მიერ ს-ეების სამკვიდროზე უარის გაცხადება. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მართალია, სასამართლომ დაადგინა 1990 წელს მხარეთა მორიგების ფაქტი, თუმცა მას გავლენა მიღებულ გადაწყვეტილებაზე არ მოუხდენია, უფრო მეტიც, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ს. ს-ის, ი. გ-ისა და თ. ს-ის მიერ სამკვიდროს 1/3-1/3 წილის მიღება, ამასთანავე დადგინდა ი. გ-ისათვის ქონების მიკუთვნებაზე უარის თქმის საფუძვლები, სასამართლომ ს. ს-ეს სამკვიდროს 1/3 მხოლოდ იმ საფუძვლით მიანიჭა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, ვერ გასცდებოდა სასარჩელო მოთხოვნას. ამ გარემოებათა მხედველობაში მიღებით საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი, შესაბამისად, წინამდებარე დავაში წარმოდგენილი შესაგებლის ფარგლებში 1990 წელს ს.ს-ის კანონიერ წარმომადგენელსა და ნ. და გ. ს-ეებს შორის შემდგარი მორიგება ერთი რიგის მემკვიდრეების წილთა თანაბრობაზე გავლენას ვერ იქონიებს და ვერც სამოქალაქო კოდექსის 1473-ე მუხლით გათვალისწინებულ გათანაბრებას დაედება საფუძვლად.
1.8. როგორც აღინიშნა, კანონით მემკვიდრეობისას სამოქალაქო კოდექსი ერთი რიგის მემკვიდრეთა შორის წილთა თანაბრობის პრინციპს ემყარება, რაც საფუძვლიანს ხდის კასატორის მოთხოვნას. რაც შეეხება თ. ს-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობას, პალატა განმარტავს, რომ სამკვიდრო მოწმობა უფლებადამდგენი დოკუმენტია და წარმოადგენს როგორც მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნების დადგენილი წესით გამოვლენას, ისე სამკვიდროს მიღებას. მისი უფლებადამდგენი ხასიათი ვლინდება რეგისტრაციაუნარიან ნივთებთან/უფლებებთან მიმართებაში და სწორედ ამგვარ შემთხვევას შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის მე-2 ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდროდან ს. ს-ის კუთვნილი წილის ნაწილში მოპასუხემ ნოტარიუსის წინაშე გამოხატა რა მართლსაწინააღმდეგო ნება, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, იგი ბათილად მიიჩნევა, რასაც შედეგად შესაბამის ნაწილში სამკვიდრო მოწმობის, როგორც თანმდევი შედეგის ბათილობა უნდა მოჰყვეს.
1.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობები, პალატა თვლის, რომ უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს დავა. ამავე მხარეებს შორის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება _ პირველი რიგის მემკვიდრეების მიერ გ. ს-ის სამკვიდროს მიღების ფაქტი საკმარის საფუძველს წარმოადგენს ს. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.
1.10. საკასაციო პრეტენზიის დაუსაბუთებლობის გამო პალატის შეფასების საგანი ვერ გახდება კასატორის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებები შესაძლოა გახდეს საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არც კონკრეტული განჩინება მიუთითებია, არც მისი გაუქმების საფუძვლები და არც ის გარემოება, თუ რა უარყოფითი შედეგი დადგა ამ განჩინების მიღებით, ამდენად, მხარის მითითება ეწინააღმდეგება ზემოხსენებული ნორმის მიზნებს.
2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, ამავე კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმისათვის დართვის წინაპირობები, შესაბამისად, ისინი საქმიდან უნდა იქნას ამოღებული და დაუბრუნდეს მხარეს 24 (ოცდაოთხი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ.186-209).
3. სასამართლო ხარჯები:
3.1. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ს. ს-ემ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 258,85 ლარი, ხოლო საკასაციო წესით განხილვისას _ 376 ლარი.
3.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა სარჩელი, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის ანაზღაურება.
3.3. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებას, პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხისათვის ხარჯების დაკისრების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს. ს-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება ს. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ს. ს-ის სარჩელი თ. ს-ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
4. ს. ს-ე (პ/#...) ცნობილ იქნას ქ.ქუთაისიში, ნ.დ-ის (ყოფილი ნ-ის) ქ#.../გ-ის ქ#...-ში მდებარე (საკადასტრო კოდი #...) უძრავი ქონებიდან თ. ს-ის (პ/#...) საკუთრებად რეგისტრირებული 2/6 წილიდან 1/6-ის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ, შესაბამის ნაწილში ბათილად იქნას ცნობილი ნოტარიუს ე. გ-ის მიერ 2013 წლის 8 აპრილს არასრულწლოვან თ. ს-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა.
5. თ. ს-ეს (კანონიერი წარმომადგენელი _ დედა, ჯ. ჭ-ი (პ/#6...) ს. ს-ის (პ/#...) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული სასამართლო ხარჯის _ 634,85 ლარის გადახდა.
6. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები 24 (ოცდაოთხი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ.186-209).
7. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
8. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე