საქმე №ას-1049-989-2015 6 ნოემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა. პ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ. ჯ-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნასყიდობის საფასურის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ლ. ჯ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა შპს „ა. პ-ისათვის“ (შემდგომში _ მოპასუხე) მიწოდებული საქონლის ღირებულების 13 057,48 ლარის, დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარადგინა, როგორც მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი, ისე, შემწყვეტი შესაგებელი და განმარტა, რომ არ არსებობდა თანხის დაკისრების წინაპირობები, ამასთანავე, მიუთითა, რომ სარჩელი ნაწილობრივ ხანდაზმული იყო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 8 606,94 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა მისი, ასევე, 2015 წლის 7 აპრილის საოქმო განჩინების გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს 7-დღიანი ვადის დაცვით დაევალა სახელმწიფო ბაჟის 344 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოში წარდგენა;
5.1.2. 2015 წლის 8 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით განჩინება აპელანტს ჩაბარდა;
5.1.3. 2015 წლის 16 ივლისს აპელანტმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის გამოსწორების ვადის 7 დღით გაგრძელება, რაც სასამართლომ 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილდა და მხარეს საპროცესო ვადა გაუგრძელდა 2 დღით;
5.1.4. განჩინება აპელანტს კანონის მოთხოვნათა დაცით 2015 წლის 27 ივლისს ჩაბარდა.
5.1.5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე, 59-ე, 63-ე მუხლებით და განმარტა, რომ ხარვეზის გამოსოწრების ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 27 ივლისს და ამოიწურა 29 ივლისს, აპელანტს კი, სასამართლოსათვის არ მიუმართავს, რაც, ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ აპელანტს სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია. სასამართლომ აღნიშნა ის, რომ აპელანტმა, მართალია, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, თუმცა არ წარადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც მხარის მძიმე მატერიალურ მდგომაროებას დაადასტურებდა. სასამართლოს ეს მსჯელობა არასწორია, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ საწარმო რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებზე რეგისტრირებულია საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა. ეს გარემოება უნდა გაეთვალისწინებინა სააპელაციო სასამართლოს და დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. პ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებაა, ამ თვალსაზრისით კი, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ მხარეს მძიმე ქონებრიბრივი მდგომაროების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მის ავტორს 7-დღიანი ვადის დაცვით დაავალა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის _ 344 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა საპროცესო მოქმედების ჯეროვანი შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე;
1.2.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს 2015 წლის 9 ივლისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად ჩაბარდა;
1.2.3. 2015 წლის 15 ივლისს, ფოსტის მეშვეობით მიმართა აპელამტმა სასამართლოს და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 7 დღით გაგრძელების თაობაზე, განმარტა, რომ განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა;
1.2.4. 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით პალატამ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მხარეს საპროცესო ვადა გაუგრძელდა 2 დღით;
1.2.5. საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ორგანიზაციის წარმომადგენელ ეკა ლოხიშვილს 2015 წლის 27 ივლისს ჩაბარდა.
1.3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა 2015 წლის 28 ივლისს დაიწყო და ამოიწურა სამუშაო დღეს _ 2015 წლის 29 ივლისს, აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არა თუ დადგენილ ვადაში მიუმართავს ხარვეზის გამოსწორების მიზნით, მას არც მოგვიანებით წარუდგენია რაიმე შუამდგომლობა (მათ შორის საპროცესო ვადის გასვლის საპატიოდ მიჩნევისა და ამ ვადის აღდგენის თაობაზე და სხვა), შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივარის განსახილველად მიღების წინაპირობები. ამ თვალსაზრისით წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას.
1.4. რაც შეეხება მხარის მტკიცებას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, პალატა მას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მიზნებისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება დასაშვებია მხოლოდ მხარის მიერ ქონებრივი მდგომაროების უტყუარად დადასტურების შემთხვევაში. აპელანტმა, 2015 წლის 9 ივნისს წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შუამდგომლობა სარჩელზე დართულ 2014 წლის 15 ოქტომბრის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერზე დაამყარა, რაც, ბუნებრივია, არ წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროს მხარის ქონებრივი მდგომაროების ამსახველ უალტერნატივო მტკიცებულებას, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების პასუხად წარდგენილი განცხადებით აპელანტმა არათუ ქონებრივი მდგომაროების ამსახველი უტყუარი მტკიცებულებები წარუდგინა სასამართლოს, არამედ მიუთითა ის, რომ დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლო და ითხოვა ამ ვადის გაგრძელება.
1.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩვრებული განჩინება კანონის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაბუთებული შედავება, რაც ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა. პ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური