საქმე №ას-1081-1018-2015 6 ნოემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „რ. კ-ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
თ. ბ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა შპს „რ. კ-ისათვის (შემდგომში _ მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) სახელფასო დავალიანების _ 10 743 ლარის დაკისრება.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის შეუტანლობის გამო (სსსკ-ის 2321 მუხლი) გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა;
2.2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის საოქმო განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
3. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მათი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.1. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 59-ე, 63-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 15 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტით დადგინდა ამავე განჩინების დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების წესი, კერძოდ სააპელაციო წესით მათი გასაჩივრება განისაზღვრა მხარისათვის განჩინების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
4.1.2. მოპასუხე საწარმოს ადმინისტრაციის მენეჯერ ნ. გ-ეს (პ/ნ...) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 ივლისის განჩინება ჩაბარდა 2015 წლის 23 ივლისს, ამდენად, განჩინების დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 24 ივლისიდან და ამოიწურა 2015 წლის 6 აგვისტოს, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, არ ყოფილა უქმე ან დასვენების დღე, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილი იყო 14-დღიანი ვადის დარღვევით, 2015 წლის 7 აგვისტოს (ამავე რიცხვით იყო ხელმოწეილი), რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
5. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არებითად განხილვა.
5.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, კერძო საჩივრის ავტორის კორესპონდენციების ჟურნალის თანახმად, ადრესატს 2015 წლის 24 ივლისს ჩაბარდა, რის გამოც, სააპელაციო საჩივარი, კანონით დადგენილ 14-დღიან ვადაში _ 2015 წლის 7 აგვისტოს იქნა წარდგენილი. მხარის ინტერესს დავის მიმართ ადასტურებს ის გარემოება, რომ ყოველთვის დროულად და სრულად ხდება სახელმწიფო ბაჟის გადახდა, სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე სურს კერძო საჩივრის ავტორს მტკიცებულებათა გამოკვლევა და საქმის არსებითად განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „რ. კ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.3. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
1.4. საქმის მასალებით დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1.4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით იქნა გამოტანილი, საჩივარი წარადგინა შპს „რ. კ-მა“;
1.4.2. საჩივრის განხილვისას საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 8 ივლისის სხდომა (რომელსაც ესწრებოდა საჩივრის ავტორი), მხარეთა ახსნა-განმარტების ეტაპიდან, გადაიდო 2015 წლის 15 ივლისს, 17:30 საათზე;
1.4.3. 2015 წლის 15 ივლისის სხდომაზე გამოცხადდა საჩივრის თაობაზე მიღებული საოქმო განჩინება, თუმცა, ვინაიდან მოპასუხე არ იყო ამ ფაქტის (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თაობაზე) ინფორმირებული, მიღებული განჩინება სასამართლომ მას ფოსტით (და არა სსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი წესით) გაუგზავნა;
1.4.4. საქმეში არსებული საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, 2015 წლის 23 ივლისს ორგანიზაციის წარმომადგენელ ნ.გ-ეს ჩაბარდა საქალაქო სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენცია;
1.4.5. საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის სარეგისტრაციო შტამპით დასტურდება და არც მხარე ხდის სადავოდ, რომ სააპელაციო საჩივარი ხელმოწერილი და სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 7 აგვისტოს.
1.5. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
1.6. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა მისი საპროცესო ვადის დაცვით წარდგენაა. მოცემულ შემთხვევაში,როგორც აღინიშნა, საქალაქო სასამართლოს განჩინება 2015 წლის 23 ივლისს ორგანიზაციის წარმომადგენელ ნ.გ-ეს ჩაბარდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესითაც. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. კანონით განსაზღვრულ აღნიშნულ წესს ვერ შეცვლის კერძო საჩივრის ავტორის მითითება კორესპოდენციების ჟურნალში გზავნილის 2015 წლის 24 ივლისს რეგისტრაციისა თუ სახელმწიფო ბაჟის დროულად გადახდის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14-დღიანი ვადის დენა 2015 წლის 24 ივლისს დაიწყო და 6 აგვისტოს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი, ამ ვადის დარღვევითაა წარდგენილი სასამართლოში. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, ხოლო კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაბუთებული შედავება, რაც ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.
2. სასამართლო ხარჯები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორმა გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძო საჩივარზე სახელწმიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 და 42-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 100 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „რ. კ-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. შპს „რ. კ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შპს „კ-ი.ჯი-ს“ მიერ 2015 წლის 7 ოქტომბრის #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 100 ლარი, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი დარჩეს ბიუჯეტში.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური