საქმე №ას-929-879-2015 6 ნოემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ (პირველი და მე-2 პუნქტები) გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – სარჩელის აღძრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განჩინებით შპს „ე-ის“ განცხადება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა.
2. ამავე სასამართლოს 2015 წლის 19 მაისის განჩინებით საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარის _ ბ. ს-ის შუამდგომლობა მოსაზრებების წარმოსადგენად დამატებითი ვადის განსაზღვრისა და მტკიცებულებათა გადაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შპს „ე-ის“ (დირექტორი ა. დ-ე) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განჩინება და შპს „ე-ის“ განცხადება სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის მიზნით, ბ. ს-ეს აეკრძალა ქ.ბათუმში, ზ.გ-ის ქ№...-სა და გ-ის ქ№...-ში მდებარე, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 532.00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული 333.60 კვ.მ საცხოვრებელი ფართის (შენობა ნაგებობის ჩამონათვალი: №..., №...) გასხვისება, ასევე, ამ ქონების იპოთეკით, აღნაგობით, უზურფრუქტით, სერვიტუტით დატვირთვა. განმცხადებელ შპს „ე-ს“ მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბ. ს-ის წინააღმდეგ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელის წარსადგენად, მასვე დაევალა სარჩელის აღძვრიდან 5 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სარჩელის აღძვრის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა და განემარტა, რომ, თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ აღძრავდა სარჩელს და არ წარმოუდგენდა შესაბამის მტკიცებულებას სააპელაციო სასამართლოს, სასამართლო თავისი ინიციატივით, ან მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანდა განჩინებას, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ მიღებული ღონისძიების გაუქმების შესახებ. ეცნობა განმცხადებელს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად დაშვებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგებოდა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ მოსარჩელე ვალდებული იქნებოდა აენაზღაურებინა, მეორე მხარისათვის ზარალი, რაც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიების შედეგად.
4. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ბ. ს-ემ და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით ამავე სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ე-ის“ დავალდებულება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 100 000 (ასი ათასი) ლარის განთავსების თაობაზე; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების სამ თვემდე ვადით გადავადება ან ერთი წლით განაწილვადება; სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე შპს „ე-ის“ განცხადებისა და მასზე დართული მასალების გადაცემა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინებით ბ. ს-ის მოთხოვნა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 100 000 (ასი ათასი) ლარის განთავსების შპს „ე-ისათვის“ დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე, არ დაკმაყოფილდა ბ. ს-ის მოთხოვნა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების სამ თვემდე ვადით გადავადების ან ერთი წლით განაწილვადების თაობაზე, განმცხადებლის მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, შპს „ე-ის“ განცხადებისა და მასზე დართული მასალების გადაცემის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დადგინდა ბ. ს-ისათვის მისივე ხარჯებით, ასლის გადაღების მოსაკრებელის გადახდის საფუძველზე სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების განცხადებისა და დართული მასალების ასლების გადაცემა შემდეგი საფუძვლებით:
6. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში. სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროების მტკიცების ტვირთი ეკისრება განმცხადებელს, ანუ განმცხადებელმა უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობა, ხოლო სასამართლოს შეუძლია, გაიზიაროს ან არ გაიზიაროს დასაბუთების მართებულობა. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მომთხოვნმა მოპასუხემაც უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, დასაბუთებული ვარაუდი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ.
7. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, მე-4 და 103-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ბ. ს-ემ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, დეპოზიტზე 100 000 ლარის განთავსება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ხელი ეშლებოდა ქონების იჯარით გაცემასა და ამ გზით შემოსავლის მიღებაში. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ბ. ს-ეს აეკრძალა არ განახორციელოს უძრავი ქონების გასხვისება, ასევე ამ ქონების იპოთეკით, აღნაგობით, უზურფრუქტით, სერვიტუტით დატვირთვა, არ კრძალავდა აღნიშნული ქონების იჯარით გაცემას და ამ გზით შემოსავლის მიღებას. ამდენად, განმცხადებლის მოთხოვნა უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო.
8. ბ. ს-ის განცხადებაში დაფიქსირებულ პრეტენზიაზე, რომელიც საქმის მასალების გადაცემას ეხებოდა, სასამართლომ განმარტა, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის, 83-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1971 მუხლის მე-4 ნაწილის, 372-ე, 373-ე მუხლების, საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 27 ოქტომბრის №466 ბრძანებულებით დამტკიცებული „რაიონული (საქალაქო), საოლქო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს სასამართლოებში ორგანიზაციული მუშაობისა და საქმისწარმოების წესის შესახებ“ დებულების 147-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენდა მხოლოდ საჩივრისა და მასზე დართული დოკუმენტების მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაგზავნა, რაც, განსახილველ შემთხვევაში, განხორციელდა, ხოლო სარჩელის აღძვრამდე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განცხადებისა და მასზე დართული მასალების ასლების მხარისათვის გადაგზავნას კანონი არ ითვალისწინებდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლისა და პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს, ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, საკუთარი ხარჯით, შეუზღუდავად მიიღოს საქმეში არსებული სხვა მასალების ასლები.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 195-ე მუხლის თანახმად, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულების გადადებას ან ერთ წლამდე ვადით განაწილვადებას არ ითვალისწინებს, პირიქით ასეთი განჩინების აღსრულება დაუყოვნებლივ ხორციელდება, პალატამ მიიჩნია, რომ ბ.ს-ის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების სამ თვემდე ვადით გადავადების ან ერთი წლით განაწილვადების შესახებ უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ს-ემ, მოითხოვა მისი პირველი და მე-2 პუნქტების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
11. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა განმცხადებლის მითითება სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფიოს შესახებ განცხადების გადაცემის თაობაზე, პალატამ იმსჯელა ამ საკითხზე და ნაწილობრივ დააკმაყოფილა იგი, თუმცა პალატამ თავადვე დაარღვია განჩინებაში მის მიერვე მოხმობილი ნორმები იმით, რომ არ და ვერ უზრუნველყო საქმის სრული მასალების განმცხადებლისათვის გადაცემა და გაცნობა. აღნიშნულით დაირღვა მხარის გარანტირებული უფლებები და მის 2015 წლის 26 ივნისის განცხადებაზე მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.
12. პალატამ დამატებით ასევე აუკრძალა მიღებული განჩინების გასაჩივრების უფლება მხარეს მოთხოვნის იმ ნაწილში, რომლითაც იგი 100 000 ლარის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებას ითხოვდა. განმცხადების თანახმად, ბ.ს-ე აყენებდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ეს საკითხი შეიძლება კერძო საჩივრით გასაჩივრდეს. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა განცხადებაში მთითებული არგუმენტები, რომლებიც, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფას ამართლებდა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა მის, ასევე, შპს „ე-ის“ ფინანსურად არათანაბარ მდგომაროებაზე და განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიზანი ბ.ს-ის ქონების მისაკუთრებაა. სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შპს „ე-ის“ განცხადების დაკმაყოფილება და მისი სარჩელის პერსპექტიულობაზე მსჯელობა მხოლოდ შპს „ე-ის“ ზრახვების ხელშეწყობაა, ამასთანავე, სააპელაციო სასამართლომ ბ.ს-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანაზე იმ მოტივით ცნო დაუსაბუთებლად, რაც მხარეს არ მიუთითებია და აკრძალა ამ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობა.
13. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 195-ე მუხლის განმარტების გზით აღნიშნა, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე მიღებული განჩინების აღსრულების გადავადება არ დაიშვება, თუმცა სასამართლომ არასწორად განმარტა ამავე კოდექსის 261-ე მუხლი და არ გაითვალისწინა ამ კუთხით სასამართლო პრაქტიკისა და დოქტრინის მოთხოვნები. სააპელაციო პალატამ არ დაასაბუთა, თუ რა მოტივით არ გაიზიარა მხარის მოთხოვნა ზეპირი მოსმენით განცხადების განხილვის თაობაზე, ამ კუთხით მხარეს რაიმე დოკუმენტი არ გადასცემია, პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განცხადების განხილვის თარიღი, მართალია, განსაზღვრა, თუმცა ამ დროისათვის უზრუნველყოფის ღონისძიება უკვე აღსრულებული იყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ს-ის კერძო საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ნაწილში განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების გადავადებისა და განაწილვადების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების პირველი (მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე უარის თქმა) და მეორე (განჩინების აღსრულების გადავადებასა და განაწილვადებაზე უარი) პუნქტების გაუქმების მოთხოვნას წარმოადგენს, შესაბამისად, საქმის მასალების გაცნობისა თუ ასლების გადაცემის ნაწილში წარმოდგენილი პრეტენზიები პალატის შეფასების საგანი ვერ გახდება.
3. რაც შეეხება გასაჩივრებული განჩინების პირველი პუნქტის ნაწილში წარდგენილ მოთხოვნას, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი საფუძვლებით: მართალია, კერძო საჩივრის ავტორმა თავდაპირველად სააპელაციო სასამართლოშიც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა ითხოვა და კერძო საჩივარშიც ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მიუთითებს, თუმცა ეს გარემოება კერძო საჩივრის განხილვის წინაპირობა ვერ გახდება. საკასაციო პალატა განუმარტავს მხარეს, რომ სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა სპეციალურ მოსწესრიგებას ექვემდებარება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, შეიძლება, როგორც უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გამომტანი სასამართლოს, ისე მხარის შუამდგომლობით გადაწყდეს იმგვარად, რომ ამ საკითხის რეგულირებისათვის დაუშვებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის დებულებების გამოყენება. თავის მხრივ, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მარეგულირებელი არც ერთი საპროცესო წესი (სსსკ-ის 191-ე-1991 მუხლები) მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე უარის თქმის განჩინების დამოუკიდებლად, კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. თავად კერძო საჩივრის მიმართ კი, დასაშვებობის კუთხით, საპროცესო კოდექსი ადგენს გარკვეულ შეზღუდვებს, რომელთა რიცხვს 414-ე მუხლის პირველი ნაწილის დათქმა წარმოადგენს (კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში). კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი განჩინების ამ წესით გასაჩვრება თავისთავად კერძო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია წარმოებაში მიღების შემდეგ სარჩელის განუხილველად დატოვების, საქმის წარმოების შეწყვეტის შესაძლებლობა, თუკი მითითებულთაგან ერთ-ერთი საფუძველი სწორედ სარჩელის მიღების შემდგომ გამოვლინდება. აღნიშნული ნორმა, მართალია, ადგენს სარჩელის და არა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესაძლებლობას, თუმცა ეს გარემოება დამაბრკოლებელი წინამდებარე საკითხის გადაწყვეტისათვის ვერ გახდება, რამეთუ საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლებით დადგენილია ზემდგომი სასამართლოს მხრიდან იმ საპროცესო ნორმათა გამოყენების შესაძლებლობა, რომლებიც ქვემდგომ სასამართლოში საქმის განხილვის შესაბამის წესებს ადგენს, თუკი ეს წესები სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგებიან, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების პირველი პუნქტის გაუქმების მოთხოვნის ნაწილში ბ. ს-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
4. რაც შეეხება ბ. ს-ის მოთხოვნას სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინების აღსრულების 3 თვემდე ვადით გადადებისა თუ 1 წლამდე განაწილვადების თაობაზე, პალატა მას სამართლებრივად უსაფუძვლოდ მიიჩნევს. ამ თვალსაზრისით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (რომლის გამოყენების კანონიერებაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი არ არის წინამდებარე დავის ფარგლებში) წარმოადგენს იმ დროებითი ღონისძიების სახეს, რომელიც მიმართულია დავის საგნის დაცვისა და მართლმსაჯულების განხორციელების გზით მისაღები სამართლებრივი სიკეთის ხელყოფისაგან დაცვისკენ, მას გააჩნია სპეციალური მიზანი, ქვეყნის სახელით მიღებული გადაწყვეტილების რეალური აღსრულების შესაძლებლობა, შემდგომი გართულებების თავიდან აცილება. კანონმდებლობა ადგენს რა დროებითი ღონისძიების დასაბუთებულ ვარაუდზე დაყრდნობით გამოყენების შესაძლებლობას (სსსკ-ის 191-ე მუხლის), ამავდროულად, რადგანაც ეს ვარაუდი არ წარმოადგენს ძირითადი დავის გადაწყვეტისას გასათვალისწინებელ საკითხს, მხარეთა თანასწორობის დაბალანსებისათვის ადგენს ქმედით მექანიზმს, როგორიცაა გაუმართლებელი ღონისძიების შედეგად გამოწვეული ზარალის ანაზღაურება (სსსკ-ის 199-ე მუხლი). ამგვარად, შეიძლება დავასკვნათ, რომ სარჩელის უზრუნველყოფა, როგორც დროებითი ღონისძიება, თვისობრივად განსხვავდება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული შემაჯამებელი აქტის _ გადაწყვეტილებისაგან, რომელიც ხასიათდება მუდმივობის პრინციპით, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი. სასამართლოს შემაჯამებელი აქტის ამგვარი განსაკუთრებული თვისებიდან გამომდინარეობს საპროცესო კანონმდებლობაში სპეციალური ნორმის _ 263-ე მუხლის შემოღების აუცილებლობა, რომლითაც განსაზღვრულია გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განაწილვადება, აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლა. დასახელებული ნორმის მოქმედების არეალი მხოლოდ შემაჯამებელი გადაწყვეტილებით შემოიფარგლება და მისი დროებითი, შუალედური სასამართლო აქტების მიმართ გამოყენება ეწინააღმდეგება თავად ნორმით დაცულ სამართლებრივ საკეთეს. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მოწესრიგების ფარგლებში საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სპეციალური ნორმის _ 195-ე მუხლის არსებობის შესაძლებლობას, რომლის თანახმადაც სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლოს განჩინების აღსრულება დაუყოვნებლივ ხორციელდება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით.
6. ამდენად, მხარის მოსაზრება, რომ დასაშვებია გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების აღსრულების წესის რაიმე ფორმით შეცვლა, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ, ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარში ასახული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობს გასაჩვრებულ ნაწილში განჩინების გაუქმების სამართლებრივი წინაპირობები.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ს-ის კერძო საჩივარი მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფაზე უარის თქმის ნაწილში (გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი) დარჩეს განუხილველად, ხოლო დანარჩენ ნაწილში (გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური