Facebook Twitter

საქმე №ას-1087-1024-2015 6 ნოემბერი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – ე. რ-ი, თ. ო-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ფ-ა, მ.- და პ. პ-ები (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ე. რ-მა და თ. ო-მა (შემდგომში _ მოსარჩელეები, კერძო საჩივრის ავტორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. ფ-ას, მ. და პ. პ-ების მიმართ (შემდგომში _ მოპასუხეები) და მოითხოვეს მოპასუხეებისათვის 2014 წლის იანვრიდან ბინის გათავისუფლებამდე ყოველთვიურად 100 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფრილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებირივი დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე და მე-40 მუხლების თანახმად, განმარტა, რომ აპელანტებმა დავის საგნის ფასი 1 000 ლარით განსაზღვრეს, შესაბამისად, არ არსებობდა ქონებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობა.

6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება.

6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:

კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, მათი მოთხოვნა _ 1 000 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზე წარმოადგენდა სარჩელის აღძვრამდე არსებულ დავალიანებას, თუმცა, ასევე, მოთხოვნილი იყო ბინის გათავისუფლებამდე ყოველთვიურად 100 ლარის დაკისრება, რის გამოც, სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის, დავის საგნის ღირებულება აღემატებოდა 1 000 ლარს. საგულისხმოა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეებს განუმარტა, რომ ჰქონდათ გასაჩივრების უფლება, რაც მეტყველებს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების აუცილებლობაზე. გარდა აღნიშნულისა, კერძო საჩივრის ავტორებმა სადავო გახადეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება და მიუთითეს სასამართლოს მხრიდან ფაქტების არასწორ შეფასება-დადგენაზე. ამ მიზნით წარმოადგინეს ასევე მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნევს, რომ ე.რ-ისა და თ.ო-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ქონებრივ დავაში სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის მართლზომიერება იმ მოტივით, რომ დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა კანონით დადგენილ ქონებრივ ცენზს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

1.4. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელეთა მოთხოვნაზე: სარჩელის თანახმად, ე.რ-ი და თ.ო-ი მოითხოვდნენ მოპასუხეებისათვის ქირის დაგროვილი რაიოდენობის _ 1 000 ლარის, ასევე, ყოველთვიურად, ნივთის გათავისუფლებამდე 100 ლარის სოლიდარულად დაკისრებას. საქმის მასალების შესწავლით სასარჩელო მოთხოვნის შემცირება არ დასტურდება, სწორედ ამ მოთხოვნის ფარგლებში განიხილა დავა პირველი ინსტანციის სასამართლომაც. მართალია, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებაში აპელანტები 1 000 ლარს მიუთითებენ, თუმცა, საგულისხმოა, რომ მათ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვეს.

1.5. საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმადაც, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის საგნის ღირებულება განისაზღვრება გადასახდელი თანხით, ხოლო ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელისა – არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით. ამავე კოდექსის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. მითითებული საპროცესო წესების გათვალისწინებით პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მსჯელობას დავის საგნის ღირებულების თაობაზე (1 000+(100X12X3)) და მიიჩნევს, რომ ამ საფუძვლით მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა არ არსებობდა.

1.6. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორების მსჯელობას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას დაშვებული შესაძლო დარღვევების თაობაზე, პალატა მათ ვერ შეაფასებს, ვინაიდან აღნიშნული სცილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის ფარგლებს, შესაბამისად, საკასაციო პალატა მათ ვერ შეაფასებს, ამავე საფუძვლებიდან გამომდინარე ვერ იქნება შესწავლილი და გაანალიზებული კერძო საჩივრის ავტორების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.

1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო საჩივრის დასაშევბობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. რ-ისა და თ. ო-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 სექტემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. კერძო საჩივრის ავტორებს დაუბრუნდეთ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულეებები 18 (თვრამეტი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ.12-29).

4. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური