საქმე №ას-1030-972-2015 6 ნოემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – დ. ჯ-ი, ვ. და რ. ხ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ს-ე, მ. გ-ი, ს. ჩ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
ე. ს-ემ, მ. გ-მა და ს. ჩ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელეები) მოითხოვეს დ. ჯ-ის ვ. და რ. ხ-ებისათვის (შემდგომში _ მოპასუხეები) თანხის სოლიდარულად დაკისრება, კერძოდ, ე.ს-ის სასარგებლოდ _ სესხის ძირითადი თანხის _ 54 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ 10 800 აშშ დოლარის; მ.გ-ის სასარგებლოდ _ სესხის ძირი თანხის _ 5 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ 6 000 აშშ დოლარის, ხოლო ს.ჩ-ის სასარგებლოდ _ სესხის ძირი თანხის _ 6 000 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს _ 7 200 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე მოითხოვეს დავალიანების ამოღების მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოპასუხეთა მამკვიდრებლის კრედიტორებს, სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში ვალდებულების შესრულება მემკვიდრეებისათვის არ უთხოვიათ, რის გამოც მოთხოვნა ხანდაზმულია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ძირი თანხის, ასევე, შემცირებული ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა, გარდა აღნიშნულისა, დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
5.1. გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. სააპელაციო პალატის განმარტებით, ამავე სასამართლოს 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, მის შესავსებად აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღე განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან და დაევალათ 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.
5.1.2. 2015 წლის 18 მაისს სასამართლოს განცხადებით მიმართა დ. ჯ-მა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება იმ საფუძვლით, რომ ვერ უკავშირდებოდა მის შვილებს (ვ. ხ-ს, რ. ხ-ს), არის გაჭირვებული, უმუშევარი და ვერ ახერხებს სახელწიფო ბაჟის გადახდას.
5.1.3. სააპელაციო პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 10 დღით.
5.1.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 73-ე მუხლის პირველი ნაწილის, 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პალატამ დადგენილად ცნო, რომ თბილისის 2015 წლის წლის 28 მაისის განჩინება აპელანტებს სააპელაციო საჩივარსა და საქმეში მათ მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ ორჯერ, რომელიც არ ჩაბარდათ. საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილებით ირკვეოდა, რომ ჩაუბარებლობის მიზეზი მიმღების მისამართზე არყოფნა იყო. სასამართლოს მითითებით, 2015 წლის 6 აპრილის განჩინების ჩაბარება ფოსტის მეშვეობით ვერ განხორციელდა, ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებული იყო ის, რომ ადრესატები ამ მისამართზე არ ცხოვრობდნენ, შესაბამისად, მითითებული განჩინება ერთ-ერთმა აპელანტმა პირადად ჩაიბარა სასამართლოს შენობაში, რომელმაც 2015 წლის 18 მაისს სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ. დ. ჯ-ს, მიუხედავად იმისა, რომ ფოსტის მეშვეობით ვერ ჩაბარდა სასამართლო გზავნილი, უნდა ჰქონოდა მოლოდინი იმისა, რომ სასამართლო იმსჯელებდა მის შუამდგომლობაზე და გონივრულ ვადაში უნდა მიემართა სასამართლოსთვის ინფორმაციის მისაღებად. სასამართლოს განმარტებით, ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო-სამართლებრივი, გამოყენებულ უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით აპელანტებს დაეკისრათ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდა, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტების ქმედება (ზუსტი მისამართის მიუთითებლობა) ემსახურებოდა საქმის განხილვის გაჭიანურებას, რაც არათანაბარ პირობებში აყენებდა მოწინააღმდეგე მხარეს და ლახავდა ამ უკანასკნელის ინტერესებს.
5.1.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებს 2015 წლის 28 მაისის განჩინება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაბარდათ _ გაეგზავნათ ორჯერ მათ მიერ მითითებულ მისამართზე, ხოლო განჩინებით დადგენილ 10-დღიან საპროცესო ვადაში აპელანტების მიერ ხარვეზი არ შევსებულა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენდა.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის განხილვა.
6.1. კერძო საჩივრის საფუძვლები:
მხარეთა განმარტებით, მათ ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება არ ჩაბარებიათ და ჩაუბარებლობის მიზეზიც უცნობია, გარდა საქმეში მითითებული მისამართისა, მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ოჯახის რომელიმე წევრი ყოველთვის შინაა. სააპელაციო სასამართლომ მათი შინ არყოფნა უკანონოდ ჩათვალა შეტყობინების ჩაბარებად და დაუსაბუთებლად გამოიტანა გასაჩივრებული განჩინება, რომელიც მითითებულ მისამართზე ჩაბარდათ ადრესატებს. აღნიშნულით სასამართლომ უკანონოდ შეუზღუდა მხარეს გადაწყვეტილების გასაჩვრების, ასევე, სახელმწიფო ბაჟის გადახდის უფლება, სააპელაციო სასამართლომ არ ისარგებლა საჯარო შეტყობინების წესით იმ შემთხვევისათვის, თუ ის განჩინების ჩაბარებას ვერ შეძლებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჯ-ის, რ. და ვ. ხ-ების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
1.2. საკასაციო შეფასების საგანს წარმოადგენს ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩირის განუხილველად დატოვების მართლზომიერება, თავის მხრივ, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია შემდეგი გარემოებები:
1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 56 აპრილის განჩინებით დ. ჯ-ის, ვახტან და რ. ხ-ების სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და 7-დღიანი ვადის დაცვით აპელანტებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა;
1.2.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტებს მათ მიერ სააპელაციო საჩივარსა და საქმეში წარმოდგენილ შესაგებლებში მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ, თუმცა საფოსტო უკუგზავნილის თანახმად, ადრესატებს იგი იმ მიზეზით არ ჩაბარდათ, რომ არ ცხოვრობენ მითითებულ მისამართზე;
1.2.3. საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 11 მაისით დათარიღებული ხელწერილი, რომლითაც ერთ-ერთმა აპელანტმა სასამართლოში ჩაიბარა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება და 2015 წლის 18 მაისს შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს პროცესის დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ, ამავე განცხადებაში მხარემ საკუთარ მისამართად კვლავ ქ.თბილისი, ცაგარელის 48/50 მიუთითა;
1.2.4. 2015 წლის 28 მაისის განჩინებით სააპელაციო პალატამ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ხარვეზის გამოსწორების ვადა აპელანტებს 10 დღით გაუგრძელა;
1.2.5. 2015 წლის 3 ივნისს ხარვეზის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტებს მათ მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნათ, თუმცა, საფოსტო უკუგზავნილების თანახმად, ჩაბარება იმ მიზეზით ვერ მოხერხდა, რომ ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე, სააპელაციო სასამართლომ შეტყობინება აპელანტებს განმეორებით გაუგზავნა და 2015 წლის 2 ივლისის საფოსტო უკუგზავნილების თანახმად, ადრესატები კვლავ არ იმყოფებოდნენ მითითებულ მისამართზე;
1.2.6. უდავოა, რომ აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.
1.3. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას შეტყობინების ადრესატებისათვის ჩაბარებულად მიჩნევის შესახებ და განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა დეტალურად აწესრიგებს მხარის ინფორმირების საკითხს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები სასამართლო შეტყობინებისა და დაბარების მარეგულირებელი სპეციალური ნორმებია და მათი მოქმედება თანაბრად ვრცელდება სამივე ინსტანციის სასამართლოს მიმართ. სააპელაციო სასამართლომ სწორად განმარტა ამავე კოდექსის 71-ე მუხლი და მხარეს, მის მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ გაგზავნილი შეტყობინება სავსებით მართებულად ჩაუთვალა ჩაბარებულად, რამდენადაც საპროცესო კანონმდებლობა მხარეებს უფლებებთან ერთად უდგენს გარკვეულ მოვალეობებს, რომელთა შორის სასამართლოსთან კომუნიკაციის წესიცაა და ამ წესის დარღვევის შემთხვევებისათვის კანონი შესაბამისი სანქციების არსებობას ითვალისწინებს, მათ შორისაა შეტყობინების ჩაბარებულად მიჩნევა. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ სასამართლოს საპროცესო კანონმდებლობით შემოთავაზებული შეტყობინების ჩაბარების სხვა წესი უნდა გამოეყენებინა (როგორიცაა, მაგ: საჯარო შეტყობინების განხორციელება), მას პალატა ვერ მიიჩნევს გასაჩვრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ, კანონმდებლობა ინფორმირების რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობს სასამართლოს, ამ შემოთავაზებათაგან კომუნიკაციის მოსახერხებელი ფორმის არჩევა სასამართლოს დისკრეციაა, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ბუნებრივია, სასამართლოს არჩევანი გონივრული განსჯის შედეგს უნდა წარმოადგენდეს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ აპელანტები ინფორმირებული იყვნენ დადგენილი ხარვეზის და მათი მხრიდან საპროცესო ვალდებულების შესრულების თაობაზე და ეკისრებოდათ მართლმსაჯულების განხორციელებისათვის ხელშეწყობის ვალდებულება, ამ გზით მათ შეეძლოთ სატელოფონო ან წერილობითი მიმოწერა ეწარმოებინათ სასამართლოსთან, რაც არ განხორციელებიათ, რაც გამორიცხავს მათი პოზიციის გაზიარებას, რომ სასამართლომ არ მისცა სახელმწიფო ბაჟის გადახდის, გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება თუ არასწორად აწარმოა მხარის შეტყობინება.
1.4. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, აპელანტების მხრიდან ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის სწორი განმარტებით, მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი, ხოლო კერძო საჩვრის ავტორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაბუთებული შედავება, რაც ამ განჩინების გაუქმებას გამოიწვევდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ჯ-ის, ვ. და რ. ხ-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ნ. ბაქაქური