Facebook Twitter

ბს-912-498 (კ-05) 3 ოქტომბერი, 2005 წ.,.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კლარჯეიშვილი,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

24.02.05წ. მოსარჩელე გ. ი-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიმართ და მიუთითა, რომ 2002წ. 8 აპრილიდან მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებზე, განთავისუფლებამდე მუშაობდა ცენტრალური აპარატის გაცილების სამმართველოს ...ის მოვალეობის შემსრულებლად. საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹18კ ბრძანებით იგი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის თანახმად. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამსახურიდან მისი გათავისუფლებისას არ იყო გათვალისწინებული შკკ-ის 36-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, რომლებიც მას სამსახურში დარჩენის უპირატეს უფლებას ანიჭებდა, კერძოდ, კმაყოფაზე ჰყავს ხუთი მცირეწლოვანი შვილი, უმუშევარი მეუღლე და პენსიონერი მშობლები, არ გააჩნია დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო, აქვს მაღალი კვალიფიკაცია, მის მიმართ არ ყოფილა გამოყენებული დისციპლინური სასჯელი. სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის I-ლი პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას რეორგანიზაციიდან გამომდინარე შემცირებასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოხელე არ შეიძლება გათავისუფლდეს სამსახურიდან თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსარჩელისათვის სხვა თმნამდებობა არ შეცთავაზებიათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 16 მარტის გადაწყვეტილებით გ. ი-ის სარჩელი დაკმაყოფილდა _ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 05.01.05წ. ¹18-ე ბრძანება გ. ი-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი და გ. ი-ი აღდგენილ იქნა საბაჟო დეპარტამენტის გაცილების სამმართველოს გაცილების განყოფილების ...ის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე. საბაჟო დეპარტამენტს დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გ. ი-ის სასარგებლოდ. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნა მიქცეული.

რაიონული სასამართლოს 24.03.05წ. გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს 17.05.05წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში მოხდა შტატების შემცირება. გაუქმდა ის სამმართველო, რომელშიც მუშაობდა გ. ი-ი, მაგრამ ახლად შექმნილ სტრუქტურაში, კერძოდ, საბაჟო კონტროლის დაქვემდებარებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის სამმართველოში, ...ის შტატი განისაზღვრა 42 საშტატო ერთეულით და ადმინისტრაციას თანამდებობა არ შეუთავაზებია. ამასთან, განხილული არ ყოფილა უპირატესი დარჩენის უფლების საკითხი. აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ. ი-ის განთავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით.

ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტმა აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა საკასაციო წესით და აღნიშნა, რომ საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, რასაც თან სდევდა შტატების შემცირება. საბაჟო სისტემის ყველა მოხელე და, მათ შორის, გ. ი-ი, გაფრთხილებული იყვნენ შესაძლო განთავისუფლების შესახებ. გ. ი-ის განთავისუფლება მოხდა საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ბრძანებით, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის I პუნქტის თანახმად.

სასამართლომ არ გამოიყენა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 14-ე მუხლი, რომლის თანახმად, შრომის კანონმდებლობის მოქმედება საჯარო მოხელეებზე ვრცელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით. ეს უკანასკნელი კი იმპერატიულად არ ავალდებულებს დაწესებულების ადმინისტრაციას, რათა მოხელეს განთავისუფლების შემთხვევაში შესთავაზოს სხვა თანამდებობა, მით უფრო, რომ შესაბამისი დროისათვის საბაჟო სამსახურში თავისუფალი შტატები არ არსებობდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში ჩატარდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 2-ე ნაწილის 2-ე პუნქტის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი არის საჯარო მოსამსახურე, რის გამოც მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს მითითებული კანონის ნორმები. ის გარემოება, რომ რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება თავისთავად არ ადასტურებს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2005წ. 5 იანვრის ¹18-კ ბრძანებით გ. ი-ის სამსახურიდან განთავისუფლების მართლზომიერებას.

“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, დაწესებულების რეორგანიზაცია არ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად. იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების რეორგანიზაციას თან სდევს შტატების შემცირება, მოხელე შეიძლება განთავისუფლდეს სამსახურიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრავს შემცირებასთან დაკავშირებით სამსახურიდან გათავისუფლების წესს. აღნიშნული მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად, რომელიც წარმოადგენს არა საგამონაკლისო ნორმას, არამედ იმპერატიულ დანაწესს, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. ის გარემოება, რომ რეორგანიზაციას თან ახლდა შტატების შემცირება, არ ათავისუფლებს ადმინიტსრაციის მოხელისათვის კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სხვა თანამდებობის შეთავაზებისაგან. ამდენად, დაწესებულების რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, შეიძლება იქცეს მოხელის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველი უკვე თუ მოხელე უარს იტყვის სხვა შეთავაზებულ თანამდებობაზე. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ გ. ი-ისათვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ და გ. ი-ის შტატი არ შემცირებულა საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ განყოფილება, რომელშიც მოსარჩელე მუშაობდა რეორგანიზაციამდე, შესდგებოდა 38 საშტატო ერთეუოისაგან. ახლად შექმნილ სტრუქტურაში კერძოდ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვის სამმართველოში, ...ის შტატი განისაზღვრა 42 საშტატო ერთეულით.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გ. ი-ის სამსახურიდან განთავისუფლების დროისათვის საბაჟო სამსახურში თავისუფალი შტატი არ არსებობდა. საქმის მასალებით არ დასტურდება, აგრეთვე, გ. ი-ის სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლების საკითხის განხილვა, რაც ასევე ადასტურებს მოსარჩელის სამსახურიდან არამართლზომიერ დათხოვნას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადაა მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.05.05წ. განჩინება.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.