საქმე №ას-559-530-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ უცხოური საწარმო „S-“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, ნასყიდობის საფასურის უკან დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
უცხოურმა საწარმომ „S-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქობულთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში _ მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა 2011 წლის 27 იანვარს გაფორმებული „ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის“ მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის დადების მომენტიდან ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც, გამყიდველის მხრიდან ოქმის ცალმხრივად მოშლისა და უძრავი ქონების გამყიდველისათვის საკუთრებაში დაბრუნების შემთხვევაში მყიდველს არ დაუბრუნდება მის მიერ გაწეული დანახარჯები, ასევე, მოითხოვა მის მიერ გადახდილი ნასყიდობის საფასურიდან ბეს გამოკლებით დარჩენილი თანხის 1 157 500,50 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1 000 000 ლარის, ასევე, 12 000 ლარის გადახდა, უცხოური საწარმოს „S-ის“ სარჩელი 2011 წლის 27 იანვარს გაფორმებული აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის მე-6 მულის „ზ“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2011 წელს აუქციონის წესით გასხვისებული იქნა ქ.ქობულეთში, დ.ა-ის გამზირის #...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა რ. კ-ე.
5.1.2. აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური განისაზღვრა 1 652 715 ლარით. მიწის ნაკვეთი გასხვისდა შემდეგი პირობებით: ა) საპრივატიზებო თანხა უნდა გადახდილიყო აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ბ) 2014 წლის 1 თებერვლამდე უნდა განხორციელებულიყო 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის (მინიმუმ 150 ნომერზე, რესტორნით, საბანკეტო დარბაზით, კაზინოთი) მშენებლობა; გ) სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის დაწყების ვადა განისაზღვრა აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან არა უგვიანეს 2011 წლის 1 ნოემბრისა (9 თვე), სასტუმრო კომპლექსის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნულოვან ნიშნულამდე უნდა განხორციელებულიყო არა უგვიანეს 2012 წლის 1 მაისისა (და სხვა).
5.1.3. რ. კ-ის სახელზე 2001 წლის 2 თებერვალს გაიცა საკუთრების მოწმობა და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა მის სახელზე.
5.1.4. მხარეთა შეთანხმებით, 2011 წლის 18 ნოემბერს, ცვლილებები შევიდა 2011 წლის 27 იანვარს გაცემულ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულება) მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“’ ქვეპუნქტში, რომლის საფუძველზეც მყიდველს დაევალა: „ბ“ გასხვისებულ ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2012 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის პირველ მაისამდე, არანაკლებ 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა; „გ“ სასტუმრო კომპლექსის (მინიმუმ 150 ნომერზე, რესტორნით, საბანკეტო დარბაზით) მშენებლობის დაწყების ვადა განისაზღვრა არა უგვიანეს 2012 წლის 1 სექტემბრისა, ხოლო ვარგისად (ექსპლუატაციაში შესვლა) უნდა ეღიარებინათ არა უგვიანეს 2016 წლის პირველ მაისამდე.
5.1.5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებართვით, 2011 წლის 8 დეკემბერს რ. კ-ემ ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით) გაასხვისა უცხოურ კომპანიაზე, რომლის შემძენი გახდა „S.“ და იკისრა მხარეებს შორის უკვე არსებული ვალდებულების შესრულება.
5.1.6. მყიდველს ნასყიდობის საფასური _ 1 652 715 ლარი გადახდილი აქვს.
5.1.7. 2014 წლის 27 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ცალმხრივად მოშალა (შეწყვიტა) ხელშეკრულება და უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა კვლავ მის სახელზე. ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა.
5.1.8. არ იქნა გაზიარებული გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასება და დავის გადაწყვეტისათვის „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტზე მითითება, რადგანაც აღნიშნული ნორმა კანონს 2013 წლის 29 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ დაემატა. მხარეთა შორის კი, სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა 2011 წლის 27 იანვარს. სადავო ხელშეკრულება აღნიშნული კანონით დაცულ ობიექტზე არ იყო დადებული. საპირისპირო ვითარებაშიც კი, კანონში განხორციელებული ცვლილების დოკუმენტით არ დადგენილა, რომ იგი მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ ურთიერთობებზეც ვრცელდება (სკ-ის მე-6 მუხლი).
5.1.9. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ემყარებოდა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ კანონის 9.5. მუხლსაც, რასაც არ დაეთანხმა პალატაც, რადგანაც დავის საგანი მუნიციპალური ქონება და მისი სარგებლობა-განკარგვიდან გამომდინარე ურთიერთობები იყო, მითითებული კანონი კი, ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებასა და გამგებლობაში არსებული ქონებების მართვისა და განკარგვის საკითხებს არეგულირებდა. თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისა და მისგან გამომდინარე საკითხებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ არეგულირებს, რომლითაც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ საქართველოს კანონი გაუქმდა (ეს კანონი ძალადაკარგულია 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან, საქართველო 02/05/2014№1958 ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი). ხელშეკრულების დადების დროისათვის მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლი განსაზღვრავდა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების კატეგორიებს, მათი შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს, ასევე, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ . . . და სხვა ძირითად პირობებს. მითითებული კანონის მე-191 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსახილველ საკითხებს (ქონების განკარგვა, პრივატიზაცია და სხვა) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო. აღნიშნული დანაწესის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2011 წლის 27 იანვრის ოქმი, რომლის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 30013.0კვ.მ მიწის ნაკვეთის ქობულეთში, დ.ა-ის გამზირის #...დან #...მდე მდებარე საწყისი ფასია 1 650 715 ლარი. ქონების პრივატიზების მიზნით მოწყობილ აუქციონზე გამოვლინდა გამარჯვებული, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველი ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით გადაეცა ზემოაღნიშნული ქონება. მითითებული ოქმის (ხელშეკრულების) მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, „სააუქციონო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყიდველი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი) განახორციელებს საჯარიმო სანქციას... მყიდველს გაწეული დანახარჯები არ აუნაზღაურდება“.
5.1.10. პალატამ მიუთითა „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-2 პუნქტზე და აღნიშნა, რომ საპრივატიზებოდ გატანილი სადავო ქონება ზემოაღნიშნული კანონის მიითითებულ 191 მუხლის მე-2 პუნქტის რეგულაციის სფეროში არ ექცეოდა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით, დადგენილია, რომ „თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების პროცესში თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონით, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ დებულებებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ამ კანონს და სხვა ნორმატიულ აქტებს.
5.1.11. ქონება, რომლის განკარგვასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს დავა, არ წარმოადგენს აჭარის ა.რ საკუთრებას. პალატამ, ხელშეკრულების დადების დროისათვის (2011 წლის იანვრისათვის) მოქმედი „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, განმარტა, რომ სადავო ქონების გასხვისებისას, უპირველესად, სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმები უნდა გამოყენებულიყო. აღნიშნულზე მითითებას სადავო ხელშეკრულების (ოქმის) მე-16 პუნქტიც შეიცავდა. სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის გაფორმებული ოქმის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესი არის საჯარიმო სანქცია, პირგასამტეხლო, რომელიც მხარეს ეკისრებოდა ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის. პირგასამტეხლო, ბესთან და მოვალის გარანტიასთან ერთად მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, პრევენციული ხასიათის მატარებელი სამართლებრივი კატეგორიაა და მისი გამოყენება გონივრულ და სამართლიან შედეგებს უნდა იწვევდეს.
5.1.12. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 416-ე, 417-ე, მე-400-ე მუხლებით, 399-ე მუხლის 1-3 ნაწილებით, 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო და სადავო ქონება კვლავ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად აღირიცხა. ამასთან, არც ერთი მხარე არ დავობდა ხელშეკრულების შეწყვეტის კანონშესაბამისობაზე. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მოთხოვნა, მოცემულ შემთხვევაში, დაცული იყო, 420-ე მუხლის თანახმად კი, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ დაკარგა ბეს სახით გადახდილი 495 214 ლარი, ნასყიდობის მთლიანი თანხის დაუბრუნებლობა, იმის გამო, რომ ხელშეკრულებით (ოქმით) ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა, საკითხის არაგონივრული გადაწყვეტა იქნებოდა და ეწანააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მოთხოვნებს.
5.1.13. პირგასამტეხლოს სახით 157 500 ლარის დაკისრება, სასამართლოს შეფასებით, გონივრულსა და სამართლიანს წარმოადგენდა. რაც შეეხებოდა ოქმის
სადავო ნაწილის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობას, პალატამ ეს მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგანაც ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო (რომლის თანახმადაც გადახდილი თანხა უნდა დარჩენოდა გამყიდველს), გარიგების ამ პუნქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას არ იძლეოდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
კასატორმა მიუთითა აუქციონის ჩატარების პირობებზე, აუცციონის ოქმით გამარჯვებული პირის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, რომელიც მოსარჩელემ დაარღვია და თავად მიმართა კასატორს 2013 წლის 29 ოქტომბრის წერილით, რომლითაც მოთხოვნილ იქნა სამშენებლო სამუშაოების დაწყების გადავადება, რაც დააკმაყოფილა მოპასუხემ. კომპანია არ დაეთანხმა შეთანხმების იმ პუნქტს, რომლითაც დაზუსტდა შემდეგი: ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, ნასყიდობის თანხა არ დაბრუნდებოდა (მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი). მხარეთა შორის შეთანხმება ვერ შედგა. 2014 წლის 27 მაისის წერილით მოსარჩელემ აღიარა, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ხელშეკრულების შეწყვეტა იყო. საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 27 მაისის ბრძანებით შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის შემდგარი ხელშეკრულების სადავო პუნქტი და გაწეულ ხარჯად არ მიიჩნია ნასყიდობის თანხა, რაც დაუსაბუთებელია, რადგანაც ხელშეკრულების ეს პირობა ვრცელდებოდა ყველა დანახარჯზე. პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ „საპრივატიზაციოდ გატანილი ქონება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-2 ნაწილის რეგულაციაში არ ექცეოდა, შედეგად, სასამართლომ არასწორად გააუქმა საქალაქო სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ:
1.1.1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2011 წელს აუქციონის წესით გასხვისებული იქნა ქ.ქობულეთში, დ.ა-ის გაზირის #...ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა რ. კ-ე.
1.1.2. აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური განისაზღვრა 1 652 715 ლარით და მიწის ნაკვეთი გასხვისდა გარკვეული პირობებით.
1.1.3. 2001 წლის 2 თებერვალს რ. კ-ის სახელზე გაცემული იქნა საკუთრების მოწმობა და უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა მის სახელზე.
1.1.4. 2011 წლის 18 ნოემბერს ცვლილებები შევიდა 2011 წლის 27 იანვარს გაცემულ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ხელშეკრულება) მე-6 პუნქტის „ბ“ და „გ“’ ქვეპუნქტებში, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა შემძენის ვალდებულებები და ამ ვალდებულების შესრულების ვადები.
1.1.5. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ნებართვით, 2011 წლის 8 დეკემბერს რ. კ-ემ აუქციონის ოქმის საფუძველზე მიღებული მიწის ნაკვეთი (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით) გაასხვისა უცხოურ კომპანია „S-ზე“, რომელმაც იკისრა მხარეებს შორის უკვე არსებული ვალდებულების შესრულება.
1.1.6. მყიდველს ნასყიდობის საფასური _ 1 652 715 ლარი გადახდილი აქვს.
1.1.7. 2014 წლის 27 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ცალმხრივად მოშალა (შეწყვიტა) ხელშეკრულება და უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა კვლავ მის სახელზე. ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა.
1.2. წინამდებარე დავის ფარგლებში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირგასამტეხლოს გამოკლებით მოსარჩელის მიერ გადახდილი ნასყიდობის თანხის დაბრუნება.
1.3. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თავად ხელშეკრულებაზე _ პრივატიზაციის ოქმზე, რომლის თანახმადაც, წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა აუქციონში გამარჯვებული პირის სასარგებლოდ, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქობულეთის მინიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზნით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2011 წლის 27 იანვარს მოწყობილ აუქციონზე გამარჯვებული პირის მიერ შეთავაზებული ფასის საფუძველზე. ოქმის (ხელშეკრულების) შემდგომი ნაწილი დეტალურად არეგულირებს მხარეთა შორის წარმოშობილ უფლება-მოვალეობებს.
1.4. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (ძალადაკარგულია - 05.02.2014წ, №1958) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად (პრივატიზაციის ოქმის შედგენის დროს მოქმედი რედაქცია), ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილია, რომ თვითმმართველი ერთეულის ქონება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთეა, მათ შორის, ქონება, რომელსაც თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში გადასცემს სახელმწიფო, ან, რომელსაც თვითმმართველი ერთეული შექმნის, ან შეიძენს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. რაც შეეხება ამ კანონის მოწესრიგების ფარგლებში მოქცეული ქონების განკარგვის წესსა და პირობებს, იგი III1 თავის შესაბამის დებულებებშია მოცემული და დადგენილია ქონების აუქციონის წესით გაყიდვის სამართლებრივი წინაპირობები. კანონის ამავე თავით, განსაზღვრულია გარიგების ბათილობის წინაპირობებიც (194 მუხლი), გარდა აღნიშნულისა, საგულისხმოა, რომ მხარეთა შეთანხმება გარკვეულ საჯაროსამართლებრივ მიზნებს ემსახურება _ მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განაშენიანება, საქართველოს მოქალაქეთა დასაქმება.
1.5. ზოგადი ადმისნიტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით ადმინისტრაციული ხელშეკრულება განმარტებულია, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქოსამართლებრივი ხელშეკრულება.
1.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება დავასკვნათ, რომ შეფასების ობიექტს წარმოადგენს თვითმმართველ ერთეულსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის წესით გასხვისების თაობაზე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე მოთხოვნების კანონიერება. სააპელაციო სასამართლომ, გარიგების პირობის ბათილად ცნობის მოთხოვნის საფუძვლიანობა სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად შეამოწმა, თუმცა საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს, რადგანაც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
1.7. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, რომელშიც მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც, აგრეთვე, გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
1.8. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით შემოთავაზებული დავები, რომელთა შორისაცაა, ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან ნაწარმოები დავები. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
1.9. საკასაციო პალატის შეფასებით, წინამდებარე დავის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ დავად მიჩნევას განაპირობებს შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: ერთ-ერთი მოდავე სუბიექტი თვითმმართველი ერთეულია, გარიგების საგანი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებაა, მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი გარიგების დადების სამართლებრივი საფუძველი კი, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონია.
1.10. ამდენად, მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის, ხოლო ამ კატეგორიის საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
1.11. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღება. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26), კერძოდ, დავის განხილვასა და გადაწყვეტას უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.
1.12. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის საკითხი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე მხარეთა მოთხოვნები, ასევე, თავად სახელშეკრულებო პირობის კანონიერება სამოქალაქო სამართალწარმოების გზით უნდა შეფასებულიყო და არასწორად არ გადაუგზავნა საქმე განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გააჩნდა ამ საქმის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება.
1.13. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მოცემული საქმის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური