საქმე №ას-292-279-2015 30 ოქტომბერი, 2015 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე: 1. შპს „პ.“ (მოსარჩელე)
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა: 1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ძირითად სარჩელში _ თანხის დაკისრება, შეგებებულ სარჩელში _ პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო/შეგებებული სარჩელის ავტორის მოთხოვნა:
1.1. შპს „პ-მა“ (შემდგომში _ მოსარჩელე) მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან (შემდგომში _ მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) 2012 წლის 28 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 8.1. პუნქტის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული ხარჯის _ 999 960 ლარის ანაზღაურება და მოპასუხის მიერ 2013 წლის 21 ნოემბერს გამოცემული ბრძანების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს 146 400 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
1.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელით სასამართლოს მიმართა თავდაპირველი მოსარჩელისათვის ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, ზიანის _ 73 221,75 ლარისა და პიორგასამტეხლოს _ 146 400 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
2.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნას არ დაეთანხმა არც თავდაპირველი მოსარჩელე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „პ-ს“ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 30 000 ლარის გადახდა, ხოლო ზიანის ანაზღუარების მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელის ავტორს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა: მოსარჩელემ მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, შეგეგებული სარჩელის ავტორმა კი _ მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „პ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბ-ის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი და შპს „პ-ს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ, დაეკისრა 30 000 ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ - 900 ლარი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „პ-ს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 73 221 ლარისა და 75 თეთრის, ასევე, 73 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
5.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
5.1.1. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 28 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „პ-ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შპს „პ-მა“ შეიძინა ქ.ბ-ში, კ-ის დასახლებაში არსებული 36 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ნაკვეთი მხარეებმა შეაფასეს 2 227 680 ლარად. ნასყიდობის საფასურად შპს „პ-ს“ გარიგების დადებიდან 1 თვის ვადაში უნდა გადაეხადა 732 000 აშშ დოლარი, უნდა აეშენებინა არანაკლებ 3-ვარსკვლავიანი, 110-ოთახიანი სასტუმრო კომპლექსი და იქ დაესაქმებინა საქართველოს მოქალაქეები.
1.5.2. ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ყინულის სასახლე.
1.5.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო იყო ნაგებობის დემონტაჟი. ხელშეკრულების 6.2. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით ყინულის სასახლის გადატანის ვალდებულება იკისრა შპს „პ-მა“.
1.5.4. 2012 წლის 15 მაისს შემძენმა დადო ხელშეკრულება შპს „ბ-თან“. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ბ-მა“ შპს „პ-ის“ მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთიდან ყინულის სასახლე გადაიტანა გამყიდველის კუთვნილ ტერიტორიაზე, ქ.ბ-ში, ლ-ისა და ს-ის ქუჩების კვეთაში. ყინულის სასახლის გადასატანად შპს „პ-მა“ შპს „ბ-ს“ გადაუხადა 999 960 ლარი, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და, გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ყინულის სასახლის დემონტაჟისათვის დახარჯა 73 221,75 ლარი.
5.1.5. 8.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველს, ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნასყიდობის თანხის გადასახდელი ნაწილის 0,1%-ის ოდენობით, ხოლო, თუ ვადაგადაცილება გაგრძელდებოდა 90 დღეზე მეტ ხანს, მაშინ გამყიდველი უფლებამოსილი იქნებოდა, მოეშალა ხელშეკრულება, ამასთან, მყიდველს მის მიერ გადახდილი თანხა და გაწეული დანახარჯები არ აუნაზღაურდებოდა.
5.1.6. შპს „პ-ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეუსრულებია, არც ნასყიდობის ფასი გადაუხდია და არც სასტუმრო აუშენებია. ამის გამო, გამყიდველმა მას ხელშეკრულება მოუშალა.
5.1.7. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 508-ე მუხლით და არ გაიზიარა შპს „პ-ის“ მოთხოვნა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.1. პუნქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, ასევე, მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხის გადახდის დაკისრების თაობაზე, რადგანაც 508-ე მუხლის საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეები ვალდებული არიან, ერთმანეთს დაუბრუნონ არა ყოველგვარი შესრულება, არამედ ის სარგებელი, რაც ამ გარიგების შედეგად მიიღეს. შპს „პ-მა“ 999 960 ლარი არა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, არამედ შპს „ბ-ს“ გადაუხადა. უშუალოდ, ამ გადახდით სამინისტროს სარგებელი არ მიუღია. შპს „პ-მა“ ყინულის სასახლე გადაიტანა ისევ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილ ტერიტორიაზე, ოღონდ სხვა ადგილას. მართალია, ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ერთი ნაკვეთი ყინულის სასახლისაგან გათავისუფლდა, თუმცა დაიტვირთა მეორე, თავისუფალი ნაკვეთი. ამ ვითარებაში, ავტონომიური რესპუბლიკის სარგებელი შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ სხვაობა ამ ორი ნაკვეთის ღირებულებებს შორის, თუმცა შპს „პ-ს“ მოპასუხისათვის ამ სხვაობის დაკისრება არ მოუთხოვია და არც აღნიშნული სამართლებრივი შედეგის დამდგენ ფაქტებზე მიუთითებია - თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა.
5.1.8. არ იქნა გაზიარებული შპს „პ-ის“ პოზიცია, რომ მის მიერ შეძენილი ქონება იყო ნივთობრივად ნაკლიანი, რადგანაც იგი შეესაბამებოდა მხარეებს შორის შეთანხმებულ პირობებს, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილისა.
5.1.9. სააპელაციო სასამართლომ შპს „პ-ის“ არც ის პოზიცია გაიზიარა, რომ მხარეთა შეთანხმება „გადახდილი თანხებისა და გაწეული დანახარჯების ანაზღაურებაზე“ უარის ნაწილში იყო ბათილი. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების 8.1. პუნქტის შეფასებით, პალატამ დაასკვნა, რომ სადავო პირობა უზრუნველყოფდა შემძენის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას. ეს იყო სამოქალაქო კოდექსის 416-ე, 417-ე მუხლებით განსაზღვრული ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების _ პირგასამტეხლოს ერთგვარი ფორმა, რომელიც მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს. ამის შესახებ, შპს „პ-ი“ მიუთითებდა სარჩელშიც. სადავო პირობის სხვაგვარად განმარტების შემთხვევაშიც კი, პალატამ აღნიშნა, რომ შპს „პ-ს“ ავტონომიური რესპუბლიკის სასარგებლოდ არც თანხა გადაუხდია და არც ხარჯი გაუწევია. ამჟამად ნასყიდობის ხელშეკრულება მოშლილია, რაც აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის არარსებობას ადასტურებდა.
5.1.10. არ იქნა გაზიარებული შპს „პ-ის“ მოთხოვნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2013 წლის 21 ნოემბრის ბრძანების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე. ბრძანების ამ პუნქტით სამინისტრომ გამოავლინა ნება, მოწინააღმდეგე მხარისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. ნების გამოვლენის ბათილობას იწვევს ნების ნაკლი, მისი არანამდვილობა. გასაჩივრებულ ბრძანებაში გამოვლენილი ნება კი, სავსებით შეესაბამებოდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებსა და ფაქტობრივ ვითარებას. სამოქალაქო კოდექსის, როგორც 61-ე მუხლის პირველი ნაწილი, ისე 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პალატამ განმეორებით აღნიშნა, რომ, მართალია, ამავე კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნების გამოვლენა, ანუ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ ან მისი მოთხოვნა, ბათილია.
5.1.11. არ იქნა გაზიარებული საქალაქო სასამართლოს პოზიცია შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულება შპს „პ-ის“ სასარგებლოდ არც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს განუხორციელებია - სამინისტროს მიერ 73 221,75 ლარის ხარჯის გაწევით შპს „პ-ს“ არავითარი სარგებელი მიუღია. ამიტომ, სამინისტრო მოწინააღმდეგე მხარისათვის თანხის დაკისრებას სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლის საფუძველზე ვერ მოითხოვდა. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შპს „პ-ი“ ვალდებული იყო, მოწინააღმდეგე მხარისათვის აენაზღაურებინა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. რადგანაც სამინისტრომ თავად გაიღო ხარჯი, დაკარგა 73 221,75 ლარი და ამის შესაბამისად მიადგა ზიანი, ამიტომ, შპს „პ-ს“ ამ ზიანის ანაზღაურება (73 221,75 ლარის გადახდა) უნდა დაკისრებოდა.
5.1.12. ნაწილობრივ იქნა გაზიარებული სამინისტროს მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, ნაცვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0,1%-ისა, გადასახდელი პირგასამტეხლო ყოველდღიურად, გადაუხდელი თანხის 0,05%-ით უნდა განსაზღვრულიყო. დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა სავსებით შეესაბამებოდა, როგორც შპს „პ-ის“ მიერ გადაუხდელი ნასყიდობის საზღაურს _ 732 000 აშშ დოლარს, ასევე, ვალდებულების დარღვევის პერიოდს - 200 დღეს.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, თავდაპირველმა მოსარჩელემ მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კი, მოითხოვა შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
6.1. შპს „პ-ის“ საკასაციო საჩივრების საფუძვლები:
6.1.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ ევალებოდა ყინულის სასახლის გადატანის შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება. სასამართლომ არ გაითავლისწინა, რომ მხარეები ხელშეკრულების დადებისას მოქმედებდნენ სამოქალაქო კოდექსის 487-ე, 488-ე და 492-ე მუხლების შესაბამისად, რადგანაც ყინულის სასახლისა და ელექტროგადამცემი ხაზების გადატანაზე შეთანხმება მიანიშნებს მხარეების ნებას, აღმოფხვრან ნასყიდობის საგნის ნაკლი. შესაბამისად, უსაფუძვლოა სასამართლოს დასკვნაც, რომ გარიგების საგანი არ იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე. გასაწევი სამუშაოების ღირებულებაზე მხარეთა შეთანხმება წარმოადგენდა ნასყიდობის საზღაურს, ამ გარემოებაზე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, ისე მივიდა დასკვნამდე, რომ 999 960 ლარი არ წარმოადგენდა სარგებელს.
6.1.2. სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის სასარჩელო მოთხოვნის არარსებობის პირობებში იმსჯელა 999 960 ლარის კასატორისათვის პირგასამტეხლოსა თუ ზიანის დაკისრებაზე და არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 508-ე მუხლებით, ამასთან, არ გაითვალისწინა, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხისათვის მხოლოდ 73 221,5 ლარის დაკისრება იყო მოთხოვნილი.
6.1.3. სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, სამინისტროსათვის მოეთხოვა ყინულის სასახლის კუთვნილების დამადასტურებელი მტკიცებულება, რადგანაც იგი, როგორც შენობა-ნაგებობა, მშენებლობის დასრულების შემდეგ აღირიცხა თვითმმართველ ქ.ბ-ის მერიის ბალანსზე.
6.1.4. მნიშვნელოვან საპროცესო დარღვევას წარმოადგენდა ისიც, რომ სასამართლომ კასატორს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განუცხადა იმიტომ, რომ ყინულის სასახლის სხვა ადგილას გადატანაზე გაწეული ხარჯი სამინისტროს სარგებლის სახით არ მიუღია. სასამართლოს არ გამოუკვლევია თუ ვინ ააშენა ყინულის სასახლე, ხოლო ამ კუთხით გადაწყვეტილების დასაბუთება ზიანის ფაქტის მტკიცებას წარმოადგენს.
6.2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
6.2.1. ქვემდგომმა სასამართლოებმა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე მიიღეს იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, რადგანაც პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მსჯელობისას არ გამოუკვლევიათ მხარეთა შეთანხმება ვალდებულების დარღვევაზე.
6.2.2. სამოქალაქო კოდექსის 418-ე და 419-ე მუხლების თანახმად, ხელშეკრულების მე-8 მუხლით, მხარეებმა პირგასამტეხლო 0,1%-ით განსაზღვრეს. აღნიშნული მიმართული იყო იმისკენ, თუ რას მიღებდა სამინისტრო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, ამდენად, სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, შეთანხმებული პირგასამტეხლო შეემცირებიბა 0,05%-მდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრების საფუძვლები და მიიჩნევს, რომ ისინი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ:
1.1.1. 2012 წლის 28 მარტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „პ-ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს „პ-მა“ შეიძინა ქ.ბ-ში, კ-ის დასახლებაში არსებული 36 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ნაკვეთი მხარეებმა შეაფასეს 2 227 680 ლარად. ნასყიდობის საფასურად შპს „პ-ს“ გარიგების დადებიდან 1 თვის ვადაში უნდა გადაეხადა 732 000 აშშ დოლარი, უნდა აეშენებინა არანაკლებ 3-ვარსკვლავიანი, 110-ოთახიანი სასტუმრო კომპლექსი და იქ დაესაქმებინა საქართველოს მოქალაქეები.
1.1.2. ნასყიდობის საგანზე _ მიწის ნაკვეთზე განთავსებული იყო ყინულის სასახლე.
1.1.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად საჭირო იყო ნაგებობის დემონტაჟი. ხელშეკრულების 6.2. მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით ყინულის სასახლის გადატანის ვალდებულება იკისრა შპს „პ-მა“.
1.1.4. 2012 წლის 15 მაისს შემძენმა დადო ხელშეკრულება შპს „ბ-თან“. ამ ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „ბ-მა“ შპს „პ-ის“ მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთიდან ყინულის სასახლე გადაიტანა გამყიდველის კუთვნილ ტერიტორიაზე, ქ.ბ-ში, ლ-ისა და ს-ის ქუჩების კვეთაში. ყინულის სასახლის გადასატანად შპს „პ-მა“ შპს „ბ-ს“ გადაუხადა 999 960 ლარი, თუმცა ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა და, გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ყინულის სასახლის დემონტაჟისათვის დახარჯა 73 221,75 ლარი.
1.1.5. ხელშეკრულების 8.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველს, ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ნასყიდობის თანხის გადასახდელი ნაწილის 0,1%-ის ოდენობით, ხოლო, თუ ვადაგადაცილება გაგრძელდებოდა 90 დღეზე მეტ ხანს, მაშინ გამყიდველი უფლებამოსილი იქნებოდა, მოეშალა ხელშეკრულება, ამასთან, მყიდველს მის მიერ გადახდილი თანხა და გაწეული დანახარჯები არ აუნაზღაურდებოდა.
1.1.6. შპს „პ-ს“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეუსრულებია: არც ნასყიდობის ფასი გადაუხდია და არც სასტუმრო აუშენებია. ამის გამო, გამყიდველმა მას ხელშეკრულება მოუშალა.
1.2. წინამდებარე დავის ფარგლებში შპს „პ-ის“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მხარეთა შორის 2012 წლის 28 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების 8.1. მუხლის ბათილად ცნობა, რომლითაც განისაზღვრა ნასყიდობის ფასის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, გამყიდველის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის უფლება, ხოლო ამ მოშლის შედეგად შემძენს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდებოდა; ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეძენილი მიწის ნაკვეთიდან ყინულის სასახლის გადატანაზე გაწეული ხარჯის _ 999 960 ლარის ანაზღაურება; მოპასუხე სამინისტროს 2013 წლის 21 ნოემბრის ბრძანების მე-3 პუნქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელეს პირგასამტეხლოს 146 400 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. რაც შეეხება შეგებებულ სარჩელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია 2012 წლის 28 მარტის ხელშეკრულება, რომლის პირობების დარღვევის გამოც სამინისტრო ითხოვს მოწინააღმდეგე მხარისათვის პირგასამტეხლოს, ასევე, ზიანის (ელექტროგადამცემი ხაზების გადატანის გამო გაწეული ხარჯი) ანაზღაურების დაკისრებას.
1.3. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს სადავო ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც, უძრავი ნივთის გამყიდველს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო წარმოადგენს, ხოლო შემძენს _ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული პირი შპს „პ.“. გამყიდველის უფლებამოსილება განსაზღვრულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2012 წლის 27 მარტის №60 ბრძანებითა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის №185 ბრძანებით. ხელშეკრულების 1.1. მუხლის თანახმად, უძრავი ქონება გამყიდველის საკუთრებაა, რომელიც უნდა გადაეცეს წინამდებარე ხელშეკრულებაში განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების პირობით.
1.4. მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება დავასკვნათ, რომ შეფასების ობიექტს წარმოადგენს ავტონომიურ რესპუბლიკასა და კერძო სამართლის იურიდიულ პირს შორის სახელმწიფო ქონების ნასყიდობის თაობაზე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე მოთხოვნების კანონიერება. სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ მხარეთა მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საფუძვლიდან _ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა და მოთხოვნის საფუძვლიანობაც სამოქალაქო კოდექსის ნორმების შესაბამისად შეამოწმა, თუმცა საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს, რადგანაც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, კერძოდ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, რომელშიც მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი. ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც, აგრეთვე, გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
1.5. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით შემოთავაზებული დავები, რომელთა შორისაცაა, სხვა დავები, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმებში, ამასთან, აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.
1.6. საკასაციო პალატის შეფასებით, წინამდებარე დავის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ დავად მიჩნევას განაპირობებს შემდეგი გარემოებების ერთობლიობა: ერთ-ერთი მოდავე სუბიექტი ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლებაა, გარიგების საგანი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონებაა, მხარეთა შორის სადავოდ გამხდარი გარიგების დადების სამართლებრივი საფუძველი კი, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონია.
1.7. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კანონის მე-2 მუხლით განმარტებულია სახელმწიფო ქონების განკარგვის ცნება და ნორმის „ბ“ ქვეპუნქტით განკარგვის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს პრივატიზაცია. თავის მხრივ, პრივატიზაციის ცნების ქვეშ კანონმდებელი ქონების პირდაპირი მიყიდვის წესსაც გულისხმობს. (მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი, ასევე მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი). კანონის მიზნებისათვის უძრავი ქონება განმარტებულია, როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე (მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტი). კანონის 23-ე მუხლით (გარიგების დადების დროს მოქმედი რედაქციით) დადგენილია, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა, განკარგვა და სარგებლობაში გადაცემა ამ კანონით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში შეიძლება განახორციელონ სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურულმა ერთეულებმა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას განკარგავენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებას ახორციელებენ სამინისტროს სახელით.
1.8. ამდენად, მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის, ხოლო ამ კატეგორიის საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.
1.9. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს, როგორიცაა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი, ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26), კერძოდ, დავის განხილვასა და გადაწყვეტას უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.
1.10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა სააპელაციო საჩივრების განხილვისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის საკითხი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტიდან გამომდინარე მხარეთა მოთხოვნები სამოქალაქო სამართალწარმოების გზით უნდა განხორციელებულიყო და არასწორად არ გადაუგზავნა საქმე განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გააჩნდა ამ საქმის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება.
1.11. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლები, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მოცემული საქმის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „პ-ის“ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, ხოლო „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებას, ეს საკითხი ასევე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას უნდა გადაწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „პ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
4. შპს „პ-ის“ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური