საქმე № 330210014548801
საქმე №ას-837-788-2015 11 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. დ.-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – შეძენილი ნივთის ღირებულების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. დ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.-ას“ მიმართ შეძენილი ნივთობრივად ნაკლიანი ნივთის ღირებულების – 7 955 ლარის ანაზღაურების შესახებ.
2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 25 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა საკერავი და საქარგავი მანქანა, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 7 955 ლარს.
3. მ. დ.-ის მითითებით, შეძენილი ნივთი აღმოჩნდა ნივთობრივად ნაკლიანი, რის გამოც მოსარჩელემ საჩივრით მიმართა შპს „ე.-ას“ გენერალურ დირექტორს და მოსთხოვა შეძენილი ნივთის შეცვლა ახალი უნაკლო ნივთით ან მის მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება. აღნიშნულ საჩივარზე მოპასუხის გენერალურმა დირექტორმა ე. მ.-მა 2012 წლის 12 ივნისის № 59 წერილით აცნობა, რომ მის საკერავ-საქარგავ მანქანას გააჩნდა ქარხნული წუნი და კომპანია შეასრულებდა საგარანტიო პირობით განსაზღვრულ ვალდებულებებს. მიუხედავად ამისა, მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2012 წლის 25 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. დ.-ემ მოპასუხისაგან შეიძინა საქარგავი მანქანა, რომლის ფუნქციები შემოწმდა საჩვენებლად და მისი გამართულობა დადასტურებულია მოსარჩელის ხელმოწერით.
5. 2014 წლის 23 მაისს მ. დ.-ის წერილობითი საჩივრის საფუძველზე საქარგავი მანქანის მონაცემები, პრობლემის აღწერილობა და ვიდეო გაიგზავნა შვეიცარიაში შესამოწმებლად, საიდანაც მოპასუხემ მიიღო ინფორმაცია, რომ პრობლემა შეიძლება ჰქონოდა სადენს, რომელიც, ინსტრუქციის შესაბამისად, მოპასუხემ გამოცვალა, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია. ამის შემდგომ შპს „ე.-ამ“ შვეიცარიული კომპანიისაგან მიიღო მოთხოვნა მოდულის გაგზავნის აუცილებლობის შესახებ სტენდზე შემოწმების მიზნით.
6. მოპასუხის განმარტებით, 2014 წლის 4 ივლისს „ბერნინას“ ოფისიდან მოვიდა დასკვნა, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ დაზიანებული იყო კაბელის ერთ-ერთი ღერი, მანქანაში მოხვედრილი იყო უცხო სხეული, რაც ხელს უშლიდა მანქანის მუშაობას. აღნიშნულით დასტურდება, რომ მანქანა ყიდვის პროცესში და მის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მექანიზმში მოხვდა უცხო სხეული მან შეწყვიტა მუშაობა.
7. რაც შეეხება შპს „ე.-ას“ დირექტორის 2014 წლის 12 ივნისის წერილს, მოსარჩელეს ეცნობა ზოგადად საგარანტიო პირობებისა და პრობლემების წარმოქმნიდან გატარებული ზომების შესახებ. წერილით არ დასტურდება, რომ საქარგავი მანქანა იყო ნივთობრივად უნაკლო. ამასთანავე, მოპასუხემ წარადგინა 2014 წლის 17 ნოემბრის №.. ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ საქარგავი მოწყობილობა და საქარგავი მოდული არის გამართული.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. დ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 25 დეკემბერს მ. დ.-ესა და შპს „ე.-ას“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შედეგად შპს „ე.-ამ“ მ. დ.-ეს საკუთრების უფლებით გადასცა საკერავ-საქარგავი მანქანა „B.“. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 7 955 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელემ სრულად გადაიხადა.
11. 2012 წლის 25 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ყიდვის მომენტში მანქანა საჩვენებლად შემოწმდა, მათ შორის, გადამოწმდა მისი ძირითადი ფუნქციები, იგი დაკომპლექტებული იყო, ჰქონდა სრულყოფილი გარეგნული შეხედულება, მყიდველი გაეცნო გარანტიისა და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე არასრულფასოვნებების აღმოფხვრის პირობებს. მოსარჩელე მ. დ.-ემ მიიღო გამოყენება-ექსპლუატაციის სახელმძღვანელო, სპეციალური წესები და პირობები მანქანის ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის.
12. გამყიდველმა შპს „ე.-ამ“ განსაზღვრა მანქანის ვარგისიანობის საგარანტიო 2 წლის ვადა მექანიკურ კომპონენტებზე.
13. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის იანვარში მანქანა დაზიანდა, რის გამოც იგი შესაკეთებლად გადაიტანეს შპს „ე.-ას“ ოფისში. შეკეთების შემდეგ იგი დაუბრუნდა მესაკუთრეს, თუმცა რამდენიმე დღეში მას კვლავ აღმოაჩნდა ფუნქციონალური დაზიანება. ადგილობრივი შესაძლებლობებით დაზიანების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, რის გამოც შპს „ე.-ამ“ მიმართა „B.-ს“ გამყიდველ კოორდინატორს შვეიცარიაში და 2014 წლის 7 ივლისს მანქანა შესაკეთებლად გაიგზავნა შვეიცარიაში.
14. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 17 ნოემბრის კომპიუტერული ექსპერტიზის №.. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი „B.-ს“ (მოდელი 830, სერიული №..) წარმოების საქარგავი მოწყობილობის და საქარგავი მოდულის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის უზრუნველყოფს მეხსიერებაში არსებული საქარგი ესკიზის (ნიმუშის) მოქარგვას თარგზე დამაგრებულ ქსოვილზე სრულფასოვნად. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი საქარგავი მოწყობილობა და საქარგავი მოდული არის გამართული.
15. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია, „B.-ს“ მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ 032512.51.00 X-Y- კაბელი დაზიანებულია. აღნიშნული დაზიანება სავარაუდოდ გამოიწვია ტექნიკოსმა შეკეთების დროს. X მჭრელის მოძრაობისას გამოვლინდა მკვრივი ადგილები, რის მიზეზს წარმოადგენდა ხელოვნური კბილანის ლილვის მცირე ნაწილის ძრავის კბილანში გაჭედვა.
16. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის, 327-ე, 477-ე, 487-ე მუხლების, 488-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას ნასყიდობის საგანი არ იყო ნაკლის მქონე.
17. 2012 წლის 25 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველი ადასტურებს, რომ: ყიდვის მომენტში მანქანა საჩვენებლად შემოწმდა; მოხდა ძირითადი ფუნქციების შემოწმება; მანქანა დაკომპლექტებულია და აქვს სრულყოფილი გარეგნული შეხედულება. შესაბამისად, დგინდება, რომ გამყიდველმა მყიდველს გადასცა ნივთობრივად უნაკლო ნივთი.
18. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ გაყიდული ნივთი დაზიანდა 2014 წლის იანვარში, იგი შეკეთდა შპს „ე.-ას“ მიერ და დაუბრუნდა მესაკუთრეს, თუმცა ფუნქციონალური დაზიანება კვლავ გამოვლინდა. ადგილობრივი შესაძლებლობებით დაზიანების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, რის გამოც 2014 წლის 7 ივლისს შპს „ე.-ამ“ მანქანა შესაკეთებლად გააგზავნა შვეიცარიაში.
19. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 17 ნოემბრის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საქარგავი მოწყობილობისა და საქარგავი მოდულის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის სრულფასოვნად უზრუნველყოფს მეხსიერებაში არსებული საქარგი ესკიზის (ნიმუშის)თარგზე დამაგრებულ ქსოვილზე მოქარგვას. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი საქარგავი მოწყობილობა და საქარგავი მოდული გამართულია.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ე.-ამ“ ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რომელიც ითვალისწინებდა მყიდველისათვის ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემას ან ნივთობრივი ნაკლის აღმოფხვრას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც შპს „ე.-ამ“ უზრუნველყო საგარანტიო პირობებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, არამართლზომიერია მყიდველის მითითება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.
21. სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლით განმტკიცებულია მყიდველის უფლება, ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა, თუმცა, ნასყიდობის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ამ უფლების რეალიზაციისათვის კანონითვე დადგენილია მისი გამოყენების წინაპირობები, კერძოდ, მყიდველს შეუძლია, ნივთის ნაკლის გამო, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა ამავე კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით.
22. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივი ნების გამოვლენის საშუალებით ხორციელდება და ამისათვის მეორე მხარის თანხმობა საჭირო არ არის. ხელშეკრულებიდან გასვლისას ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ.
23. ხელშეკრულების მოშლის ნების ნამდვილობა არ არის დამოკიდებული მეორე მხარის მიერ რაიმე ქმედების განხორციელებაზე და თუკი არსებობს ხელშეკრულების მოშლის საფუძვლები, კრედიტორი არ შეიძლება, დამოკიდებული იყოს მოვალის ნებაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის სავალდებულოა, რომ მხარის მიერ გამოვლენილი ნება კონტრაჰენტს მიუვიდეს, რის შემდეგადაც, იგი იძენს იურიდიულ ძალას.
24. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის ანალიზიდან იკვეთება, რომ ხელშეკრულებიდან გასვლისათვის აუცილებელია, არსებობდეს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
25. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის სამართლებრივი ანალიზის შედეგად სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების წინაპირობად დამატებითი ვადის დაწესებას განიხილავს.
26. ბუნებრივია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც იწვევს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ანულირებას, არ შეიძლება, განხორციელდეს მოვალისათვის ხელმეორედ შესაძლებლობის მიცემის გარეშე, თუმცა დამატებითი ვადა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ შესასრულებელი ვალდებულების თავისებურებათა გათვალისწინებით, არამედ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ასევე კრედიტორის ინტერესები. დამატებითი ვადის დაწესება აზრს კარგავს, როდესაც აშკარაა, რომ ამ პირობებშიც კრედიტორისათვის ხელსაყრელი შედეგების მიღწევა შეუძლებელია – კრედიტორმა დაკარგა შესრულების მიმართ ინტერესი. სააპელაციო პალატამ აქვე განმარტა, რომ შესრულების ინტერესის დაკარგვა არ უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ და მხოლოდ კრედიტორის სუბიექტური მოსაზრებიდან, არამედ იგი უნდა იკვეთებოდეს ობიექტური გარემოებებიდანაც.
27. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია სამოქალაქო კოდექსის 352-ე-405-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული შემადგენლობის არსებობა. ამასთან, არც საქმის განხილვისა და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების ფაქტობრივი წანამძღვრები.
28. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გამყიდველის მიერ ნივთის ნაკლი აღმოფხვრილია და ნივთი იმყოფება გამართულ მდგომარეობაში. შესაბამისად, აპელანტის მითითება, რომ არსებობდა ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი წინაპირობები, დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
29. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. დ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
30. კასატორმა მიიჩნია, რომ მ. დ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.
31. მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ხელშეკრულებიდან გასვლისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა-არარსებობის ფაქტი.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მ. დ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. დ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
34. მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 25 დეკემბერს მ. დ.-ესა და შპს „ე.-ას“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შედეგად შპს „ე.-ამ“ მ. დ.-ეს საკუთრების უფლებით გადასცა საკერავ-საქარგავი მანქანა „B.“. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 7 955 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელემ სრულად გადაიხადა.
35. 2012 წლის 25 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, მყიდველმა დაადასტურა, რომ ყიდვის მომენტში მანქანა საჩვენებლად შემოწმდა, მათ შორის, გადამოწმდა მისი ძირითადი ფუნქციები, იგი დაკომპლექტებული იყო, ჰქონდა სრულყოფილი გარეგნული შეხედულება, მყიდველი გაეცნო გარანტიისა და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე არასრულფასოვნებების აღმოფხვრის პირობებს. მოსარჩელე მ. დ.-ემ მიიღო გამოყენება-ექსპლუატაციის სახელმძღვანელო, სპეციალური წესები და პირობები მანქანის ეფექტური და უსაფრთხო გამოყენების შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის.
36. გამყიდველმა შპს „ე.-ამ“ განსაზღვრა მანქანის ვარგისიანობის საგარანტიო 2 წლის ვადა მექანიკურ კომპონენტებზე.
37. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის იანვარში მანქანა დაზიანდა, რის გამოც იგი შესაკეთებლად გადაიტანეს შპს „ე.-ას“ ოფისში. შეკეთების შემდეგ იგი დაუბრუნდა მესაკუთრეს, თუმცა რამდენიმე დღეში მას კვლავ აღმოაჩნდა ფუნქციონალური დაზიანება. ადგილობრივი შესაძლებლობებით დაზიანების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა, რის გამოც შპს „ე.-ამ“ მიმართა „B.-ს“ გამყიდველ კოორდინატორს შვეიცარიაში და 2014 წლის 7 ივლისს მანქანა შესაკეთებლად გაიგზავნა შვეიცარიაში.
38. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 17 ნოემბრის კომპიუტერული ექსპერტიზის №.. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი „B.-ს“ (მოდელი ..., სერიული №..) წარმოების საქარგავი მოწყობილობის და საქარგავი მოდულის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ის უზრუნველყოფს მეხსიერებაში არსებული საქარგი ესკიზის (ნიმუშის) მოქარგვას თარგზე დამაგრებულ ქსოვილზე სრულფასოვნად. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი საქარგავი მოწყობილობა და საქარგავი მოდული არის გამართული.
39. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში წარმოდგენილია, „B.-ს“ მიერ გაცემული ცნობა, რომლის თანახმად დადგინდა, რომ 032512.51.00 X-Y- კაბელი დაზიანებულია. აღნიშნული დაზიანება სავარაუდოდ გამოიწვია ტექნიკოსმა შეკეთების დროს. X მჭრელის მოძრაობისას გამოვლინდა მკვრივი ადგილები, რის მიზეზს წარმოადგენდა ხელოვნური კბილანის ლილვის მცირე ნაწილის ძრავის კბილანში გაჭედვა.
40. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეკრულებიდან გასვლისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა-არარსებობის არასწორად დადგენის ფაქტს.
41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო სამართალი აგებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზე, თუმცა სახელშეკრულებო ურთიერთობები ყოველთვის ხასიათდება იმ რისკით, რომ ერთ-ერთი მხარე დაარღვევს შეთანხმებას და, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობას.
42. მხარის უფლებას, გავიდეს ხელშეკრულებიდან ადგენს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე ნორმის მეორე ნაწილი კი ითვალისწინებს დაბრუნებას ფულადი სახითაც. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების შემთხვევაში, ორივე მხარე თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებისაგან და ეკისრებათ ორმხრივი რესტიტუცია. ამ შემთხვევაში მხარეები ვალდებული არიან დაუბრუნდნენ იმ მდგომარეობას, რომელიც არსებობდა ხელშეკრულების დადებამდე.
43. ვალდებულების დარღვევა შესაძლოა სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით, არაჯეროვანი შესრულებით. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი გამოიყენება მიუხედავად ვალდებულების დარღვევის ფორმისა.
44. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ გამყიდველმა ნივთის ნაკლი აღმოფხვრა და ნივთი იმყოფება გამართულ მდგომარეობაში, შესაბამისად, მოსარჩელის არგუმენტი ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი წინაპირობების არსებობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
46. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
47. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
48. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლასთან დაკავშირებულ დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 6.05.2015 წ. საქმე №ას-238-225-2015).
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
50. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. დ.-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 19 სექტემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 398 ლარის 70% – 278,6 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. დ.-ეს (პირადი №..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 19 სექტემბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 398 ლარის 70% – 278,6 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური