Facebook Twitter

საქმე № 240210015799541

საქმე №ას-1043-983-2015 18 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ხ.-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ., ს., მ. და გ. გ.-ები (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ვ. ხ.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. წ.-ას, ნ., ს. და გ. გ.-ების მიმართ 3700 ლარის ანაზღაურების შესახებ.

2. მოსარჩელის განმარტებით, 2010-2012 წლებში ნ. გ.-ი სასჯელს იხდიდა სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში. მოპასუხეების თხოვნითა და მათთან დადებული ზეპირი გარიგების საფუძველზე საპატიმროში ყოფნის პერიოდში ნ. გ.-ს მზრუნველობასა და ფინანსურ დახმარებას უწევდა მოსარჩელე.

3. მხარეთა შორის არსებული გარიგების შესაბამისად, მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება, ნ. გ.-ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებისთანავე სრულად აენაზღაურებინათ მოსარჩელისათვის მის მიერ გაწეული ხარჯი, რამაც შეადგინა 3700 ლარი, 924 ლარი – საპატიმროში მყოფი ნ. გ.-ის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხა, ხოლო 2776 ლარი – საპატიმროში შეგზავნილი მედიკამენტების, ამანათების (პროდუქტისა და სხვა აუცილებელი ნივთების) ღირებულებას და მგზავრობისათვის გაწეულ აუცილებელ ხარჯებს.

4. მხარის მითითებით, 2012 წელს ნ. გ.-ი გათავისუფლდა, თუმცა მოპასუხეებმა უხეშად დაარღვიეს მხარეთა შორის არსებული შეთანხმება და თანხა მოსარჩელეს არ გადაუხადეს.

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მხარეთა შორის ნ. გ.-ისათვის დახმარების გაწევის თაობაზე გარიგება არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით არ დადებულა. მხარეთა შორის ასევე არ არსებობდა რაიმე შეთანხმება გაწეული ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელემ ნ. გ.-ს პირად ანგარიშზე თანხა გადაურიცხა საჩუქრად, იმ ზნეობრივი ვალდებულების ფარგლებში, რაც მას ეკისრებოდა ნ. გ.-ის, როგორც ახლო ნათესავისადმი.

6. სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7-დღიან ვადაში სააპელაციო საჩივრის დედნისა და სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.

9. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ადრესატს გაეგზავნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და 2015 წლის 21 აგვისტოს ჩაბარდა აპელანტის მეუღლე მ. გ.-ს.

10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო გზავნილი აპელანტს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-61-ე მუხლებით და ხარვეზის გამოსწორების ვადა აითვალა 2015 წლის 22 აგვისტოდან და ამოწურულად ჩათვალა ამავე წლის 31 აგვისტოს, რადგან 28-30 აგვისტო იყო არასამუშაო, უქმე დღეები. აღნიშნული საპროცესო ვადაში აპელანტს ხარვეზის გამოსწორების მიზნით ან სხვაგვარი შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართვს.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ვ. ხ.-ამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

13. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით, გადასცა თავის ყოფილ ადვოკატს და გადაუხადა სახელმწიფო ბაჟის სახით შესატანი თანხაც, თუმცა გაურკვეველი მიზეზით ადვოკატმა საჭირო საპროცესო მოქმედებები არ განახორციელა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ხ.-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

16. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ სააპელაციო პალატამ 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე აპელანტს დაუდგინა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის დედნისა სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.

18. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 17 აგვისტოს განჩინება გაეგზავნა აპელანტს კანონით დადგენილი წესით და 2015 წლის 21 აგვისტოს ჩაბარდა აპელანტის მეუღლე მ. გ.-ს.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

20. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს

21. დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება.

22. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ აპელანტის მეუღლისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება, თავად მხარისათვის ჩაბარებად მართებულად ჩათვალა.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

24. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ ხარვეზის გამოსწორებისათვის მიცემული ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 21 აგვისტოს მომდევნო დღიდან – 2015 წლის 22 აგვისტოდან და ამოიწურა 2015 წლის 31 აგვისტოს, ვინაიდან 28-30 აგვისტო იყო არასამუშაო დღეები. აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

25. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აპელანტს გონივრული ვადა – 7 დღე მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა მას ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ან რაიმე სხვა სახის შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

26. დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ აპელანტი გეგმავდა ხარვეზის გამოსწორებას, რა მიზნითაც ყოფილ ადვოკატს გადასცა თანხა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

28. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ არსებობდა მითითებული ნორმით გათვალისწინებული ობიექტური გარემოება, რომელმაც ხელი შეუშალა თავად მხარეს ან მის ადვოკატს ხარვეზის გამოსწორებაში.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ხ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე