საქმე №110210014498275
საქმე №ას-1075-1013-2015 18 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს მ.-ი, ს. და ქ.-ი მ.-ის მ.-ა პროფესიული კავშირი, ი.-ის მ.-ი და ს. მ.-ის მ.-ა პროფესიული კავშირი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ. მ.-ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის ამოწერა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა, შრომითი ანაზღაურების დაკისრება, პრობლემურ საკითხთა კომისიის შექმნა (ძირითად სარჩელში), კოლექტიური ხელშეკრულების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს მ.-ი, ს. და ქ.-ი მ.-ის მ.-ა პროფესიულმა კავშირმა და ი.-ის მ.-ი და ს. მ.-ის მ.-ა პროფესიულმა კავშირმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჯ. მ.-ის“ მიმართ და მოითხოვეს შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორის 2014 წლის 29 იანვრის №27 ბრძანების ბათილად ცნობა, მძიმე, მავნე ან საშიშროებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისათვის დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა წელიწადში 10 კალენდარული დღით, დასაქმებულისათვის უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ანაზღაურება, 2013-2014 წლების განმავლობაში ცვლიანობის გრაფიკით მომუშავე პერსონალისათვის დაკლებული საათობრივი ტარიფის ნახევრის ანაზღაურება და დაყოვნებული თანხის კანონით გათვალისწინებული 0,07%-ის ანაზღაურება, პრობლემური საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნა და 2013 წლის 31 მაისის №182 ბრძანებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორის 2013 წლის 11 ნოემბრის №389 ბრძანების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს, რათა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს მ.-ი, ს. და ქ.-ი მ.-ის მ.-ა პროფესიულ კავშირს, ი.-ის მ.-ი და ს. მ.-ის მ.-ა პროფესიულ კავშირსა და შპს „ჯ. მ.-ს“ შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების 7.3 პუნქტი.
3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს მ.-ი ს. და ქ.-ი მ.-ის მ.-ა პროფესიული კავშირისა და ი.-ის მ.-ი და ს. მ.-ის მ.-ა პროფესიული კავშირის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 29 იანვრის №27 ბრძანების პირველი, მე-2 და მე-9 პუნქტები, შპს „ჯ. მ.-ს“ დაევალა პრობლემური საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნა 2013 წლის 31 მაისის №182 ბრძანებაში გაცემული წესების შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 11 ნოემბრის №3 ბრძანება, დანარჩენ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ასევე უარი ეთქვა შპს „ჯ. მ.-ის“ შეგებებულ სარჩელს.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს მ.-ი, ს. და ქ.-ი მ.-ის მ.-ა პროფესიული კავშირისა ი.-ის მ.-ი და ს. მ.-ის მ.-ა პროფესიული კავშირის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ჯ. მ.-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორის 2013 წლის 11 ნოემბრის №389 ბრძანება „შვებულების დღეების გაანგარიშების წესის შესახებ“ გაუქმდა, შპს „ჯ. მ.-ში“ მავნე, მძიმე ან საშიშ პირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულებს მიეცა დამატებით ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 10 კალენდარული დღის ოდენობით, საქართველოს მ.-ი, ს. და ქ.-ი მ.-ის მ.-ა პროფესიული კავშირისა და ი.-ის მ.-ი და ს. მ.-ის მ.-ა პროფესიული კავშირის სარჩელი შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორის 2014 წლის 29 იანვრის №27 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ასევე დასაქმებული პერსონალისათვის უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ერთნახევარი ოდენობის ანაზღაურებისა და ამ თანხის დაყოვნებისათვის 0.07%-ის ანაზღაურების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა, ასევე, უარი ეთქვა ძირითად სარჩელს პრობლემური საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ, ხოლო შპს „ჯ. მ.-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 მაისის განჩინებით საქართველოს მ.-ი, ს., და ქ.-ი მ.-ის მ.-ა პროფესიული კავშირისა და ი.-ის მ.-ი და ს. მ.-ის მ.-ა პროფესიული კავშირის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
7. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს მ.-ი ს და ქ.-ი მ.-ის მ.-ა პროფესიული კავშირისა და ი.-ის მ.-ი და ს. მ.-ის მ.-ა პროფესიული კავშირის წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის გაცემა შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორის 2013 წლის 11 ნოემბრის №389 ბრძანების გაუქმების ნაწილში.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებით წარმოდგენილი განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვამელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით და მიიჩნია, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. ამდენად, სააღსრულებო ფურცელი არის საბუთი, რომლის საფუძველზეც იწყება სააღსრულებო წარმოება. სააღსრულებო წარმოება კი ყოველთვის გულისხმობს კრედიტორის სასარგებლოდ და მოვალის საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორის 2013 წლის 11 ნოემბრის №389 ბრძანება აღიარებულ იქნა გაუქმებულად. გადაწყვეტილების ამ ნაწილით მოვალეს – შპს „ჯ. მ.-ს“ კრედიტორების სასარგებლოდ რაიმე ვალდებულების შესრულება არ დაკისრებია.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 2013 წლის 11 ნოემბრის №389 ბრძანება უკვე გაუქმებული, ანუ სამართლებრივი ძალის არმქონეა და აღმასრულებელი დამატებით ვერ განახორციელებს რაიმე სახის მოქმედებას, რომელიც უკვე გაუქმებული ბრძანების ხელმეორედ გაუქმებას გამოიწვევს.
12. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების ამ ნაწილზე სააღსრულებო წარმოების დაწყება შეუძლებელია, ამიტომ მისი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემა არ შეიძლება.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს მ.-ი, ს. და ქ.-ი მ.-ის მ.-ა პროფესიულმა კავშირმა და ი.-ის მ.-ი და ს. მ.-ის მ.-ა პროფესიულმა კავშირმა შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და სააღსრულებო ფურცლის ამოწერა შემდეგი საფუძვლებით:
14. კერძო საჩივრის ავტორებმა განმარტეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის შესაბამისად, შპს „ჯ. მ.-ის” დირექტორის 2013 წლის 11 ნოემბრის №389 ბრძანება „შვებულების დღეების გაანგარიშების წესის შესახებ“ გაუქმდა, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, შპს „ჯ. მ.-ში“ მავნე, მძიმე ან საშიშ პირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულებს მიეცა დამატებით ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 10 კალენდარული დღის ოდენობით.
15. მხარემ მიიჩნია, რომ ზემოთ მითითებული ორი პუნქტი სწორედ ერთობლიობაში წარმოაჩენს გადაწყვეტილების არსს, კერძოდ, მავნე, მძიმე და საშიშ პირობებიან სამუშაოზე დასაქმებულებს უნდა მიეცეთ დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 10 კალენდარული დღის ოდენობით, თუმცა აღნიშნული 10-დღიანი ვადის დამატება უნდა მოხდეს არა 24 სამუშაო დღეზე, არამედ კოლექტიური ხელშეკრულების 7.3 პუნქტით განსაზღვრულ 30 სამუშაო დღეზე.
16. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებლად მიექცა გადაწყვეტილების მხოლოდ მე-6 პუნქტი, რომლითაც შპს „ჯ. მ.-ში“ მავნე, მძიმე ან საშიშ პირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულებს მიეცა დამატებით ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 10 კალენდარული დღის ოდენობით. აღნიშნული დებულება სააღსრულებო მიზნებისათვის ბუნდოვანია, რისი აღმოფხვრის შესაძლებლობას იძლება სააღსრულებო ფურცელში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის დამატება, რათა აღმასრულებლისათვის ნათელი გახდეს, რაზე დამატებით უნდა მოხდეს 10 კალენდარული დღის მიცემა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
17. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის კონკრეტული დებულების ასახვის მართლზომიერება.
19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სხვა საკითხებთან ერთად დადგინდა, რომ შპს „ჯ. მ.-ის” დირექტორის 2013 წლის 11 ნოემბრის №389 ბრძანება „შვებულების დღეების გაანგარიშების წესის შესახებ“ გაუქმდეს და შპს „ჯ. მ.-ში“ მავნე, მძიმე ან საშიშ პირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულებს მიეცეთ დამატებით ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 10 კალენდარული დღის ოდენობით.
20. დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოცემულ გადაწყვეტილებაზე ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი და აღსასრულებლად მიექცა გადაწყვეტილების ის პუნქტი, რომლითაც შპს „ჯ. მ.-ში“ მავნე, მძიმე ან საშიშ პირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულებს მიეცა დამატებით ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 10 კალენდარული დღე (სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი), თუმცა კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცელში აისახოს დებულება, რომლითაც შპს „ჯ. მ.-ის” დირექტორის 2013 წლის 11 ნოემბრის №389 ბრძანება „შვებულების დღეების გაანგარიშების წესის შესახებ“ გაუქმდა. მხარე თვლის, რომ მითითებული ორი პუნქტი სწორედ ერთობლიობაში წარმოაჩენს გადაწყვეტილების არსს, კერძოდ, მავნე, მძიმე და საშიშ პირობებიან სამუშაოზე დასაქმებულებს უნდა მიეცეთ დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება 10 კალენდარული დღის ოდენობით, თუმცა აღნიშნული 10-დღიანი ვადის დამატება უნდა მოხდეს არა 24 სამუშაო დღეზე, არამედ კოლექტიური ხელშეკრულების 7.3 პუნქტით განსაზღვრულ 30 სამუშაო დღეზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მეორე ნაწილით, რომლის თანახმად სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.
22. კანონის მითითებული დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემა სასამართლო მიერ მიღებულ ყოველგვარ შემაჯამებელ აქტზე არ ხდება. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს გადაწყვეტილებით დადგენილი შედეგის აღსრულების საჭიროება. ანალოგიურად, შესაძლებელია, აღსრულებას ექვემდებარებოდეს გადაწყვეტილების მხოლოდ ნაწილი, ხოლო გარკვეული დებულებები თავისთავად იძენდნენ იურიდიულ ძალას და მათ სისრულეში მოსაყვანად რაიმე საპროცესო მოქმედების ჩატარება საჭირო არ იყოს.
23. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, რომ აღსრულებას არ ექვემდებარება კანონიერ ძალაში შესული სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება „შვებულების დღეების გაანგარიშების წესის შესახებ“ შპს „ჯ. მ.-ის” დირექტორის 2013 წლის 11 ნოემბრის №389 ბრძანების გაუქმების ნაწილში, რადგან სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის აღნიშნული დებულება გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე იძენს იურიდულ ძალას და შესაბამისი ბრძანება აღნიშნული მომენტიდან გაუქმებულად ითვლება.
24. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ გადაწყვეტილების ზემოთ მითითებული დებულება უნდა აღსრულდეს ამავე სარეზოლუციო ნაწილის სხვა დანაწესთან ერთად, ვინაიდან სადავო დებულებები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართლებრივი შინაარსის მქონეა და ის ფაქტი, რომ შპს-ს კონკრეტული ბრძანება გაუქმდა, არ საჭიროებს ერთობლივ აღსრულებას მ.-სათვის დამატებითი შვებულების მიცემასთან მიმართებით.
25. სააღსრულებო ფურცელში სადავო დებულების ასახვა მით უფრო ვერ მოახდენს გავლენას სადავო გადაწყვეტილების აღსრულებისას იმ გარემოების გარკვევაზე, გადაწყვეტილებით დადგენილი 10-დღიანი შვებულება უნდა დაემატოს 24 თუ 30 სამუშაო დღეს, ვინაიდან აღნიშნული საკითხი დარეგულირებულია სასამართლო გადაწყვეტილებით და დასაბუთება ასახულია მის სამოტივაციო ნაწილში.
26. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სადავო დებულების აღსასრულებლად რაიმე საპროცესო მოქმედების შესრულება შეუძლებელია, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად უთხრა უარი მხარეს წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე.
27. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივ წინაპირობას არ შეიცავს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მ.-ი, ს. და ქ.-ი მ.-ის მ.-ა პროფესიული კავშირისა და ი.-ის მ.-ი და ს. მ.-ის მ.-ა პროფესიული კავშირის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე