Facebook Twitter

საქმე № 080210114687071

საქმე №ას-1165-1095-2015 25 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – გ. რ.-ა (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში – მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.-ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, ხელშეშლის აღკვეთა (ძირითად სარჩელში), აუცილებელი გზის გამოყოფა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გ. რ.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.-ის“, ზ. გ.-ისა და გ. ა.-ის მიმართ და მოითხოვა, ზ. გ.-ეს და გ. ა.-ს მის სასარგებლოდ დაეკისროთ 2012 წლის 22 ივნისიდან 2013 წლის 30 ოქტომბრამდე ყოველთვიურად – 1500 აშშ დოლარის, 2012 წლის 22 ივნისიდან ხელშეშლის საბოლოოდ აღკვეთამდე საკუთარ ფართში შესასვლელად დამატებითი გზით სარგებლობისათვის სოლიდარულად ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის გადახდა.

2. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 1500 აშშ დოლარის გადახდა ყოველთვიურად 2013 წლის 30 ოქტომბრიდან ხელშეშლის საბოლოოდ აღკვეთამდე, აეკრძალოთ მეზობლებთან დამაკავშირებელი ღიობების ამოშენებაში ხელშეშლა ნებისმიერი ფორმით, დაევალოთ, მონაწილეობა მიიღონ სასაზღვრო კედლის ამოშენებაში და დაეკისროთ ხარჯების ნახევარიც – 400 ლარი, რემონტის ხარჯი – 7805 ლარი, ასევე, მიყენებული მორალური ზიანის – 50 000 ლარის ანაზღაურება. ამავდროულად, შპს „ნ.-ს“ დაეკისროს 2013 წლის 30 ოქტომბრიდან ხელშეშლის საბოლოოდ აღკვეთამდე, საკუთარ ფართში შესასვლელი დამატებითი გზით სარგებლობისათვის გ. რ.-ას სასარგებლოდ 500 აშშ დოლარის გადახდა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის სახით, გ. რ.-ას დაევალა, ხელი არ შეეშალა შპს „ნ.-ის“ საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენებაში.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით კი, შპს „ნ.-ის“ მიერ მომავალში აღსაძრავი სარჩელის უზრუნველსაყოფად, გ. რ.-ას აეკრძალა ხელშეშლა შპს „ნ.-ის“ მიერ გ. რ.-ას საკუთრებაში არსებული ფართით (საკადასტრო კოდი №..) სარგებლობაში, რისთვისაც გ. რ.-ას დაევალა, აეღო შპს „ნ.-ის“ ფართში შესასვლელ კართან არსებული ყველა დაბრკოლება (ხის სამშენებლო ღობე და სხვ).

5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ხოლო შპს „ნ.-მა“ შეგებებული სარჩელში აღძრა გ. რ.-ას მიმართ და მოითხოვა ქ.ქ.-სში, რ.-ის გამზირ №-სა და წ.-ის ქ.№-ში მდებარე გ. რ.-ას კუთვნილი ფართიდან აუცილებელი გზის გამოყოფა.

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით გ. რ.-ას სარჩელი შპს „ნ.-ის“, გ. ა.-ისა და ზ. გ.-ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ნ.-ს“ გ. რ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა 4788 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხეებს აეკრძალათ გ. რ.-ასათვის ქ.ქ.-ში, რ.-ის გამზირ №-სა და წ.-ის ქ.№-ში (ს.კ. ) მდებარე უძრავ ქონებაზე კარის ღიობების ამოშენებაში ხელშეშლა, ხოლო შპს „ნ.-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

8. 2015 წლის 23 სექტემბერს გ. რ.-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების იმგვარად შეცვლა, რომ გ. რ.-ას დაევალოს სასამართლოს შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს 5000 აშშ დოლარი შპს „ნ.-ისათვის“ მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებით გ. რ.-ას განცხადება არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებით და მიზანშეწონილობით.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში შპს „ნ.-ი“ შეეცადა დაემტკიცებინა, რომ მას საკუთარ ფართთან საჯარო გზიდან დასაკავშირებლად აუცილებლად სჭირდება გ. რ.-ას საკუთრებაში არსებული ფართის (საკადასტრო კოდი №..) გამოყენება. მხარეები არ დავობენ, რომ მითითებული ფართით შპს „ნ.-ი“ ხანგრძლივი დროის მანძილზე უკვე სარგებლობს, რისთვისაც გ. რ.-ამ მოითხოვა კიდეც სარჩელით ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია, შეეცვალა არსებული მდგომარეობა დავის საბოლოო დასრულებამდე.

12. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მესამე ნაწილით გარანტირებულია გ. რ.-ას უფლება, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურება შპს „ნ.-ისაგან“, თუ ამ უკანასკნელის სარჩელი საბოლოოდ იქნება უარყოფილი სასამართლოს მიერ.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. რ.-ამ შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და მისი საჩივრის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

14. საჩივრის ავტორის მითითებით, შპს „ნ.-ის“ სარჩელი გ. რ.-ას კუთვნილი უძრავი ნივთის გავლით აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა როგორც ექსპერტიზის დასკვნებს, ასევე, სადავო ობიექტის ადგილზე დათვალიერების შედეგებს, რომლებითაც დადგინდა, რომ შპს „ნ.-ს“ საკუთარ ფართთან აქვს რამდენიმე ალტერნატიული მისასვლელი, რაც გამორიცხავს გ. რ.-ას საკუთრების უფლების შეზღუდვას.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ აუცილებელი გზის მოთხოვნისას საჭიროა მხოლოდ იმ ფაქტის დადგენა, გააჩნია თუ არა მოსარჩელეს კუთვნილი ქონებით სარგებლობის ალტერნატიული გზა, ამდენად, დავის ხასიათიდან გამომდინარე, გამოირიცხება სასამართლო გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების დაბრკოლება.

16. მხარის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის განჩინება ზიანს აყენებს გ. რ.-ას, რადგან იგი ვერ ახერხებს კუთვნილი ფართის გაქირავებას და წელიწადში კარგავს 18000 აშშ დოლარს. ამავდროულად, ვერც შპს „ნ.-ი“ ახერხებს საკუთარი ფართის გაქირავებას, რადგან იგი დაყადაღებულია გ. რ.-ას სარჩელის უზრუნველსაყოფად.

17. გ. რ.-ას კუთვნილი ფართი, არის გამოუყენებელ მდგომარეობაში, იქცა ანტისანიტარიის ბუდედ, რაც ლახავს არა მხოლოდ მესაკუთრის უფლებებს, არამედ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს ქალაქ ქუთაისის ცენტრალურ ნაწილს, რომელსაც ყოველდღიურად სტუმრობენ ტურისტები.

18. მხარემ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი ერთნაირად იცავს ორივე მხარის ინტერესებს და მოსარჩელის ინტერესების უზრუნველყოფა არ ხდება მოპასუხის უფლებების გაუთვალისწინებლად. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს ადეკვატური დავის საგანზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებით.

19. გ. რ.-ამ მიიჩნია, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლით ოპტიმალურად და ადეკვატურად იქნება დაცული ორივე მხარის ინტერესი, თუ საჩივრის ავტორი დეპოზიტზე განათავსებს 5000 აშშ დოლარს.

20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გ. რ.-ას საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივარში დაფიქსირებული მოსაზრებებით არ არის გაქარწყლებული გასაჩივრებული განჩინების დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით. ამავე კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებით და მიზანშეწონილობით. მოცემულ შემთხვევაში ამგვარი ცვლილება დადასტურებული არ არის. შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და ვერ დაკმაყოფილდება, რის გამოც იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ზემდგომ სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. რ.-ას საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

24. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

25. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

26. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

27. ამავე კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.

28. მითითებული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.

29. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით შპს „ნ.-ის“ მიერ მომავალში აღსაძრავი სარჩელის უზრუნველსაყოფად, გ. რ.-ას აეკრძალა ხელშეშლა შპს „ნ.-ის“ მიერ გ. რ.-ას საკუთრებაში არსებული ფართით (საკადასტრო კოდი №..) სარგებლობაში, რისთვისაც გ. რ.-ას დაევალა, აეღო შპს „ნ.-ის“ ფართში შესასვლელ კართან არსებული ყველა დაბრკოლება (ხის სამშენებლო ღობე და სხვ).

30. 2015 წლის 23 სექტემბერს გ. რ.-ამ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების იმგვარად შეცვლა, რომ გ. რ.-ას დაევალოს სასამართლოს შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსოს 5000 აშშ დოლარი შპს „ნ.-ისათვის“ მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ.

31. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული განჩინების მსჯელობის საგანია უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახის ღონისძიებით შეცვლის კანონიერება და მოცემული საჩივრის განხილვის ფარგლებში საკასაციო პალატა ვერ შეაფასებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი აუცილებელი გზის გამოყოფის გამოყენების მართლზომიერებას.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სადავო გარემოებათა მტკიცების გარკვეულ სტანდარტს, კერძოდ, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

33. მოცემულ შემთხვევაში გ. რ.-ას მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის უკვე გამოყენებული ღონისძიების შეცვლით შპს „ნ.-ისათვის“ მიყენებული ზიანი 5000 აშშ დოლარს არ აღემატება, თუმცა მხარეს აღნიშნული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია.

34. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს გ. რ.-ას მოსაზრებას, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლით ოპტიმალურად და ადეკვატურად იქნება დაცული ორივე მხარის ინტერესი, ვინაიდან გაურკვეველია, რა მოცულობის ზიანი შეიძლება მიადგეს შპს „ნ.-ს“ იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ მას კუთვნილ ფართთან სხვა მისასვლელი არ გააჩნია.

35. რაც შეეხება სასამართლოს მიერ 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით თავად გ. რ.-ასათვის მიყენებულ ზიანს, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მითითებას, რომ საჩივრის ავტორს სრული უფლება გააჩნია, მოითხოვოს აღნიშნული ზიანის ანაზღაურება.

36. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოა მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. რ.-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 სექტემბრისა და 12 ნოემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე