Facebook Twitter

საქმე №ას-301-288-2015 20 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. შ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ჯ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. შ-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. ჯ. მ-სა და გ. შ-ეს შორის 2012 წლის 30 აპრილს გამოსყიდვის უფლებით დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელე ჯ. მ-ემ მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ამ გარიგებით დაფარული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეებს შორის კანონის სრული დაცვით გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. მოსარჩელემ ვერ შეძლო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გამოსყიდვის უფლების განხორციელება, რის გამოც ამჟამად უძრავი ქონება წარმოადგენს გ. შ-ის საკუთრებას, რის გამოც მოპასუხის განმარტებით არ არსებობს მხარეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

4. გ. შ-ემ ასევე აღძრა შეგებებული სარჩელი ჯ. მ-ის მიმართ 3450 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

5. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ გამოსყიდვის ვადაში გამყიდველს, ანუ ჯ. მ-ეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა მყიდველისათვის, ანუ გ. შ-ის 1150 აშშ დოლარი, რაც მან არ შეასრულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა ჯ. მ-ე გამოსყიდვის ვადაში გადასახდელი თანხის დაკისრება, რაც შეადგენს 3450 აშშ დოლარს.

6. შეგებებული სარჩელის მოპასუხე ჯ. მ-ემ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სადაო ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, რომლის გადახდაც იკისრა მან, წარმოადგენდა სწორედ სესხისათვის გათვალისწინებულ პროცენტს, რომლიდანაც მის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ ერთი თვის პროცენტი 1150 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ორი თვის საპროცენტო სარგებელი დღემდე აქვს გადასახდელი.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ჯ. მ-სა და გ. შ-ეს შორის 2012 წლის 30 აპრილს ქ. ბ., გ-ის ქ №..., ბინა №...-თან დაკავშირებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. გ. შ-ის საკუთრებაში რიცხული ქ. ბ. გ-ის ქ № ..., ბინა № ... აღირიცხა ჯ. მ-ის საკუთრებაში და აღნიშნული უძრავი ქონება დაიტვირთა იპოთეკით გ. შ-ის სასარგებლოდ 23000 აშშ დოლარზე დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, რომლის თანახმადაც სესხი გაცემულ იქნა სამი თვის ვადით ყოველთვიურად 5 %-იანი სარგებლით. ასევე დადგინდა აღნიშნული ცვლილებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში; დაკმაყოფილდა გ. შ-ის შეგებებული სარჩელი და ჯ. მ-ეს დაეკისრა გ. შ-ის სასარგებლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდა 3450 აშშ დოლარის ოდენობით.

8. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ემ.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2015 წლის 20 იანვრის განჩინებით გ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

11. 2012 წლის 30 აპრილს ჯ. მ-ემ გ. შ-ან 3 თვით, ყოველთვიურად 5% სარგებლით ისესხა 23 000 აშშ დოლარი.

12. სესხის უზრუნველსაყოფად მხარეებმა გამოიყენეს ჯ. მ-ის კუთვნილი უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №..., თუმცა იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად, მათ გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.

13. ჯ. მ-ემ გ. შ-ეს სესხი ვერ დაუბრუნა, ამიტომ, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, აპელანტი სადავო ქონებას დაეუფლა.

14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ, სინამდვილეში, მხარეთა შორის დადებული იყო არა ნასყიდობის, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

15. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ამ ნორმის შესაბამისად, სადავო ხელშეკრულების მხარეთა მიერ გამოხატული ნება გონივრული განსჯის შედეგად უნდა დადგინდეს.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნას პროცენტი.

17. აღნიშნული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, პალატამ განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება მიმართულია ფულის ან გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემისაკენ სასყიდლით ან უსასყიდლოდ. ე.ი. ამ გარიგების ობიექტი სწორედ ის ფული ან გვაროვნული ნივთია, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე მეორეს გადასცემს და მხარეთა ინტერესიც სწორედ აქეთკენაა მიმართული.

18. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

19. ამრიგად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს.

20. ეს კარგად ჩანს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმებშიც. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 511-ე და 512-ე მუხლების თანახმად, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ნივთი გადადის მყიდველის მფლობელობაში, ე.ი. ამ გარიგების დადებისას შემძენის ინეტერესი სწორედ ქონების დაუფლება და, გარიგების პერიოდში, ქონებით სარგებლობაა. ამიტომ, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, ჩვეულებრივ, ხანგრძლივი დროით იდება - სამოქალაქო კოდექსის 514-ე მუხლით გამოსყიდვის უფლების განხორციელების მაქსიმალური ვადაც კი არის დაწესებული.

21. სამოქალაქო კოდექსის 510-ე მუხლიდან ჩანს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნივთის შეძენისას მხარეთა ინტერესი სწორედ განკარგული ქონებისკენ არის მიმართული და გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ეს კი ნიშნავს, რომ კანონის თანახმად, ნასყიდობის საფასურად გადახდილ თანხაზე გამყიდველს სარგებლის დარიცხვის მოთხოვნის უფლება არა აქვს, რადგან, ამ შემთხვევაში, გარიგების საგანი არა თანხა, არამედ ქონებაა.

22. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ჯ. მ-სა და გ. შ-ეს შორის დადებული ხელშეკრულებიდან ჩანს, რომ გარიგების საგანი არა უძრავი ქონება, არამედ ფულია - ხელშეკრულება დაიდო ძალზე მოკლე ვადით - სამი თვით, შემძენი ქონებას არ დაუფლებია და მხარეებმა ფულით სარგებლობისათვის გაითვალისწინეს ყოველთვიური სარგებელი. ეს კი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის, სინამდვილეში, დაიდო არა ნასყიდობის, არამედ სესხის ხელშეკრულება და მხარეებმა ამ ხელშეკრულების შესრულება უზრუნველყვეს ე.წ. უზრუნველმყოფი გადაცემით, ანუ პრაქტიკულად, დადეს იპოთეკის ხელშეკრულება.

23. პალატამ აღნიშნა ისიც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ჯ. მ-ეს აპელანტის სასარგებლოდ საპროცენტო სარგებლის გადახდა დაეკისრა და, ამ ნაწილში, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ეს კი, დამატებით ადასტურებს მხარეთა შორის სწორედ სასესხო ურთიერთობების არსებობის ფაქტს.

24. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი იყო შემძენისათვის სავარაუდოდ მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხა, რადგან, პირველ ყოვლისა, აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული არ არის და არც საქმის მასალებიდან გამომდინარეობს და, ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 510-ე მუხლიც არ ითვალისწინებს ამგვარი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესაძლებლობას

25. ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

26. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. შ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

27. კასატორის აზრით, განსახილველ საქმეზე სადავო არ შეიძლება იყოს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 30 აპრილს გაფორმდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე გ. შ-ემ შეიძინა საცხოვრებელი ბინა მდებარე ბ, გ-ის ქუჩა №..., ბინა № .... აღნიშნული ხელშეკრულება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში, სადაც განხორციელებულია შესაბამისი ჩანაწერები.

28. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არ ყოფილა სასესხო ურთიერთობა.

29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ საკითხებზე, რომელიც დავის საგანი არ ყოფილა.

30. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა სასესხო ურთიერთობა. მოცემულ საქმეზე არსებობს მხოლოდ ერთი ხელშეკრულება, რომლის შინაარსი არასწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია დამტკიცებულად ის გარემოება, რომ თითქოსდა ამ სესხის უზრუნველსაყოფად მხარეებმა გამოიყენეს მ-ის კუთვნილი უძრავი ქონება, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით იპოთეკის ხელშეკრულების ნაცვლად ვითომდა გააფორმეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.

31. მოცემულ საქმეზე იბადება კითხვა: გამოსყიდვის უფლებით 2012 წლის 30 აპრილს გაფორმებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების შინაარსი ეწინააღმდეგება თუ არა მოქმედი კანონის რომელიმე ნორმას? კასატორის აზრით, არ არსებობს ამ ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რადგან იგი კეთილსინდისიერი მყიდველია.

32. არსებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, გარიგება იმ შემთხვევაში ჩაითვლება მოჩვენებით დადებულად, როცა გარიგების მხარეებს არ სურთ ამ გარიგებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის დადგომა. მოჩვენებითი გარიგება მოკლებულია ნამდვილობას და მხარეთა მიერ გამოიყენება კანონსაწინააღმდეგო მიზნების დასაფარად და მისაღწევად, მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი და გარიგების არც ერთ მხარეს არ სურს ამ გარიგების შესრულება.

33. გარიგების შედეგად კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს. მოცემულ შემთხვევაში კი სადავო გარიგების დადებით მხარეებს სურდათ ერთის მხრივ, ქონების გასხვისება, ხოლო მეორეს მხრივ, მისი შეძენა, რაც განხორციელდა და გ. შ-ე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მესაკუთრედ. ამასთან, იგი რეალურად შეუდგა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლით მესაკუთრისათვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას. სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებიდან გამომდინარე, მხარეები უფლებამოსილი არიან, თავისუფლად აირჩიონ გარიგების ფასი. თუ გარიგების მხარეებისთვის ფასი მისაღებია, ისინი არ არიან ვალდებული, ამტკიცონ ამ გარიგების პირობების განსაზღვრის საფუძვლები.

34. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაიზიარა მისი მოსაზრება ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შერეული ტიპის ხელშეკრულებად მიჩნევის თაობაზე.

35. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლი, 511-ე და 512-ე მუხლები, ასევე მხედველობაში არ მიიღო ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო სამართლის კერძო ნაწილის მუხლების უმრავლესობა და ამ შემთხვევაში 509-515-ე მუხლები იმპერატიული ხასიათის არ არის და მხარეებს აქვთ უფლება თავისუფლად განსაზღვრონ, მაგალითად გამოსყიდვის ხელშეკრულების შინაარსი, მასში ჩართონ სხვა ხელშეკრულების მაკვალიფიცირებელი ნიშნებიც. ანუ თუ გამოსყიდვის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ანუ იმ ვადაში, რა დროსაც გამყიდველს აქვს უფლება გამოისყიდოს მისი ქონება, დაევალება გადაიხადოს ნასყიდობის საგნის საფასურზე განსაზღვრული სარგებელი, ეს არ იქნება უკანონო ხელშეკრულება და რაც მთავარია არ იქნება იმის საფუძველი, რომ მსგავსი ხელშეკრულება გამოვაცხადოთ ბათილად და იგი მივიჩნიოთ სესხის ხელშეკრულებად.

36. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სასარჩელო მოთხოვნები. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები კი ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რაც ამ განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს იძლევა.

37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 მაისის განჩინებით გ. შ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

38. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

40. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

41. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

42. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

43. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. შ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ გ. შ-ეს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 6 მაისს №8 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2669,61 ლარის 70% – 1868,727 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე