Facebook Twitter

№ას-140-131-2015 20 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „G. F. G“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ. კ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება შპს „ტ. კ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ტ. კ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „G. F. G”-ის, მესამე პირი შპს „G”-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. შპს „G. F. G”-ს (დამკვეთი) და შპს „ტ. კ-ს“ (შემსრულებელი) შორის 2012 წლის 22 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს „ტ. კ-ს“ ევალებოდა ალუმინის პროფილების ზომებზე დაჭრა-დამუშავება. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 1800 ლარს (დღგ-ის ჩათვლით). ამავე ხელშეკრულებით შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება მთლიანი სამუშაოები შეესრულებინა 2012 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

3. 2012 წლის 2 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა სამუშაოს შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ტ. კ-მა“ იკისრა ვალდებულება შემდეგი სამუშაოს შესრულებაზე - 450 კვ.მ. მინაპაკეტის დამზადება (მინა 8 მმ ნაწრთობი + ლამექსი 4+4 მმ) (450 კვ.მ . X147$ (1 კვ.მ) = 66150$; სლაიდერი / კარი 3 ცალი (ერთი ჩვეულებრივი და ორი შეტყუპებული) 3X250=7500$; მინა სპანდლერი - 180.0მ2X170=18360$; სარკმელი 13 ცალი 17.16 მ.კვ. X280=4804.8$. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება მთლიანად შეადგენდა 96814 აშშ დოლარს. მხარეთა შეთანხმებით ანგარიშსწორება განისაზღვრა შემდეგი სახით: წინასწარ ავანსის სახით გადაიხდებოდა გადასახდელი თანხის 50% ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო 50%-ის გადახდა მოხდებოდა ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით. შპს „ტ. კ-ს“ ეკისრებოდა ვალდებულება საავანსო თანხის ჩარიცხვიდან ერთი თვის ვადაში განეხორციელებინა მთლიანი სამუშაო. ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი არ შეასრულებდა სამუშაოს ან/და სამუშაოთა ნაწილის ანაზღაურების ვალდებულებას დადგენილ დროში. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა დამატებითი პირობები, რომელიც შეეხება საურავის დაკისრებას ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

4. 2012 წლის 17 აგვისტოს მხარეებს შორის კვლავ გაფორმდა სამუშაოს შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ტ. კ-მა“ იკისრა ვალდებულება შემდეგი სამუშაოს შესრულებაზე: 450 კვ.მ. მინაპაკეტის დამზადება (მინა 8 მმ ნაწრთობი + ლამექსი 4+4 მმ) (450 კვ.მ. X147$ (1 კვ.მ) = 66150$; სლაიდერი/კარი 3 ცალი (ერთი ჩვეულებრივი და ორი შეტყუპებული) 3X250=7500$; მინა სპანდლერი - 180.0მ2X170=18360$; სარკმელი 13 ცალი 17.16 მ.კვ X280=4804.8$. ხსენებული ხელშეკრულების მიხედვით, შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას 2012 წლის 25 აგვისტომდე მიეწოდებინა დამკვეთისათვის „SAPA”-ს ფირმის სლაიდერის მექანიზმით აღჭურვილი 3 კომპლექტი კარები. 2014 წლის 1 სექტემბრამდე მიეწოდებინა დამკვეთისათვის 100 კვ.მ. კასეტები, რომელიც იქნებოდა აღჭურვილი მინაპაკეტებით 8+16+ (4+4) „GARDIEN”-ის ფირმის ნაწარმით და შემდგომი დარჩენილი რაოდენობა ყოველდღიურად 100 კვ.მ.-ს ოდენობით, რაშიც შედიოდა სპანდრელების მოცულობაც. 2014 წლის 30 აგვისტომდე მიეწოდებინა დამკვეთისათვის 13 ცალი სარკმელი აღჭურვილი მინა პაკეტით 8+16+(4+4) „GARDIEN”-ის ფირმის ნაწარმით და „ROTO”-ს ფირმის ფუნდიტურით. შემსრულებლის წინაშე, დამკვეთი კისრულობდა კასეტების დასამზადებლად სპეც პროფილის მიტანის ვალდებულებას. მხარეთა განმარტებით, 2012 წლის 2 აგვისტოს და 17 აგვისტოს ხელშეკრულება განიხილებოდა, როგორც ერთიანი ხელშეკრულება, რომელიც ავსებდა ერთმანეთს.

5. 2012 წლის 17 აგვისტოს „G. F. G”-ს (მენარდე), შპს „ტ. კ-ს“ (ქვე-მენარდე) და კომპანია შპს „G”-ის (შემკვეთი) შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები ხელმძღვანელობდნენ რა შემკვეთსა და მენარდეს შორის 2012 წლის 20 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით - სასტუმრო და გასართობი კომპლექსის „გრანდ ოტელ კემპინსკი ბათუმი ბლექ სი“-ს ბლოკების A3 და A2 დახრილი „ფრთების“ ფასადების მინაპაკეტებით და კერამიკული გრანიტის ფილებით მოპირკეთების სამუშაოებზე, ასევე 2012 წლის 2 აგვისტოს „მენარდის“ და „ქვე-მენარდის“ მიერ „მენარდის“ ტექნიკურ სპეციფიკაციებში მითითებული მინაპაკეტებით მომარაგების თაობაზე, ასევე „მენარდის“ 2012 წლის 13 აგვისტოს და „ქვე-მენარდის“ 2012 წლის 13 აგვისტოს საგარანტიო წერილებით დარჩენილი სამუშაოების 2012 წლის 15 სექტემბრამდე დამთავრების თაობაზე, შეთანხმდნენ შემდეგზე: მენარდის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შემკვეთი გაუწევდა დახმარებას და გაუზრდიდა მენარდეს 2012 წლის 20 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში უკვე გადახდილ ავანსს 48074,40 აშშ დოლარით, რომელიც გადაერიცხებოდა მენარდეს არაუგვიანეს 2012 წლის 20 აგვისტოსი, მენარდის მიერ ქვე-მენარდისათვის 450 მ.კვ. მინაპაკეტის მთლიანი ღირებულების თანხა 50% ავანსისის სახით. მენარდე 2012 წლის 25 აგვისტომდე მიაწოდებდა ქვე-მენარდეს ვიტრაჟებზე დასამონტაჟებელი კასეტებისათვის საჭირო რაოდენობის ალუმინის პროფილს. ქვე-მენარდე იღებდა ვალდებულებას საავანსო თანხის მიღებისთანავე დაემზადებინა მინაპაკეტები და 2012 წლის 1 სექტემბრიდან დაეწყო მენარდისათვის სამონტაჟოდ გამზადებული მინაპაკეტების მიწოდება. თავის მხრივ, მენარდეს 2012 წლის 15 სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა მიწოდებული მინაპაკეტების სრული მონტაჟი.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მხარეებს შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2012 წლის 2 და 17 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლითაც განსაზღვრული იქნა მხარეთა უფლება-მოვალეობები და ვალდებულების შესრულების ვადები.

7. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა წერილობითი მიმოწერები მიუთითებს იმაზე, რომ მათ ვერ მიაღწიეს თანხმობას სხვადასხვა საკითხებზე, ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები, ამიტომ ხელშეკრულება 2012 წლის 26 ნოემბერს შეწყდა შპს „G”-ის თანხმობით, შპს „G. F. G”-ს მიერ, რომელმაც წერილობით აცნობა შპს „ტ. კ-ს“. შპს „G. F. G”-ის მიერ ზიანის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა 23.08.2012წ. შპს „კაშკაშთან“ დადებული გენერალური ხელშეკრულება სამშენებლო ინვენტარის ქირავნობის შესახებ და მის საფუძველზე 31.08.2012წ. 30.09.2012წ. 30.10.2012წ. 30.11.2012წ. 31.12.2012წ. 31.01.2013. 28.02.2013წ. 31.03.2013წ. 30.04.2013წ. ი/მ გ. ნ-ან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება №872 და მიღება- ჩაბარების აქტი, რომლებიც ასახავს მხოლოდ ამ ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობას.

8. ამრიგად, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე შპს „G. F. G“-ს შპს „ტ. კ-ის“ სასარგებლოდ დაკისრებოდა ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სულ 32 701.6 აშშ დოლარის ოდენობით.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი:

10. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის 22 ივნისს მხარეთა შორის შედგა წერილობითი შეთანხმება ალუმინის პორფილების დაჭრა-დამუშავების შესახებ, რომლის შესრულება მოსარჩელეს უნდა დაესრულებინა 2012 წლის 30 ივნისს, მათი მხრიდან მოხდა ვადის დარღვევა და ვალდებულება შესრულდა დაგვიანებით 2012 წლის 24 ივლისს. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ 2012 წლის 2 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებით მოსარჩელეს საავანსო თანხის ჩარიციხვიდან შეკვეთილი სამუშაო ერთი თვის ვადაში უნდა შეესრულებინა სრულად, ხოლო დარჩენილი თანხის 50% უნდა გადაეხადა მოპასუხეს ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით, რაც არ შესრულდა მოპასუხის მარწმუნებლის მიერ, რადგან მოსარჩელე არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, საავანსო თანხის სრულად ჩარიცხვის შემდეგ ერთი თვის ვადაში მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო მთლიანად უნდა შეესრულებინა. შპს „G. F. G“-ის მიერ საავანსო თანხა სრულად გადახდილი იქნა 2012 წლის 05 სექტემბერს. შესაბამისად, მოსარჩელეს მთლიანი სამუშაო უნდა დაესრულებინა 2012 წლის 05 ოქტომბერს, რაც არ შესრულდა. მხარეებს შორის 2012 წლის 17 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება იმის გამო, რომ ვერც ერთმა მხარემ 2 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა. შესაბამისად, მხარეებმა გააფორმეს ახალი ხელშეკრულება, რომელსაც გარკევულწილად უნდა გამოესწორებინა 2 აგვისტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. მხარეებმა გააფორმეს სამმხრივი ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალა მოსარჩელეს მოპასუხისათვის საერთოდ არ მიუწოდებია, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტებით.

11. შპს „G. F. G”-მა შეგებებული სარჩელი აღძრა შპს „ტ. კ-ის“ მიმართ 77708.96 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.

12. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ შეგებებული სარჩელის ავტორი არ იხდიდა შეთანხმებულ თანხას.

13. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ტ. კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს „G. F. G“-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „ტ. კ-ს“ შპს „G. F. G“-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მიწოდებული პროფილების ღირებულება - 20989.80 აშშ დოლარის ოდენობით; მოთხოვნის დარჩენილ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს „ტ. კ-ს“ შპს „G. F. G“-ის სასარგებლოდ გადახდა 1044,38 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, 500 ლარი ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის და 1500 ლარი წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ტ. კ-მა“.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ტ. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება შპს „ტ. კ-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ტ. კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „G. F. G“-ს შპს „ტ. კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება 25 832 დოლარი და 93 ცენტი და პირგასამტეხლო - 4807,76 დოლარი სულ 30 640,69 აშშ დოლარის ოდენობით; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება (მე-5 პუნქტი) შპს „ტ. კ-ე“ 500 ლარის - ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისთვის გაწეული ხარჯის და 1500 ლარის - წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის დაკისრების ნაწილში; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

16. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო იყო მხოლოდ 25 832,59 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო და ასევე, შესრულდა თუ არა და დასტურდება თუ არა აპელანტის მიერ 25 832,59 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოს (მიწოდებული მინა -პაკეტების ღირებულება) შესრულება. მოწინააღმდეგე მხარე კი ამ ნაწილში ნაწილობრივ აღიარებს აპელანტის მიერ შესრულებას, ხოლო ნაწილზე მიუთითებს, რომ უხარისხო იყო და არ მიიღებს უხარისხო შესრულებას.

17. პალატის განმარტებით, აპელანტის მიერ განხორცილებული შესრულება რომ უხარისხოა (25 832,59 აშშ დოლარის ფარგლებში მიწოდებული მინა-პაკეტის ხარისხი), ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ დევს. მოპასუხე ამას მხოლოდ ზეპირსიტყვიერად განმარტავს.

18. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 629-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ნარდობის ხელშეკრულების არსებითი პირობებია ხელშეკრულების საგანი, ანუ ის სამუშაო, რომელიც უნდა შეასრულოს მენარდემ, ხელშეკრულების შესრულების ვადა, პირობები და ხელშეკრულების ფასი.

19. საქმეში ტომი I, ს.ფ. 60-68-ზე წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, ს.ფ. 69-76-ზე წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დამკვეთმა, ანუ მოპასუხემ მიიღო სულ 78 849,42 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო, რომელიც ამავე მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის. მხარეს კიდევ მიეწოდა 2998,8 აშშ დოლარის ღირებულების შესრულება, რაზედაც მოპასუხემ ხელი არ მოაწერა და არ აღიარა (სულ ჯამურად შესრულდა 80 348,51 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო). სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ სახეზეა აპელანტის მხრიდან ვალდებულების შესრულება. ვალდებულების შესრულება არ უნდა დაუკავშირდეს მხოლოდ მიღება–ჩაბარების აქტის შედგენას და მისი არარსებობის პირობებში კატეგორიულად არ შეიძლება გამოირიცხოს შესრულების დადასტურება სხვა საშუალებით .

20. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, არ დგინდება, რომ აპელანტის მიერ განხორციელებული შესრულება ხარვეზიანი იყო, ასევე შესრულების ხარვეზისას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა დადგინდეს ბრალეული მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

21. პალატამ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის ავტორის პოზიცია, რომ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა მოპასუხე მხარემ, რაც მას არ ათავისუფლებდა ვალდებულების შესრულებისაგან.

22. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნარდობა იურიდიული ბუნებით ორმხრივი ხელშეკრულებაა, რომელიც ორივე მხარეს უწესებს გარკვეულ ვალდებულებას, შემკვეთს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ეკისრებოდა შესრულებული სამუშაოს მიღების ვალდებულება. უფრო მეტიც, ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი .

23. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, არ ათავისუფლებდა შპს ,,G. F. G’’-ს ვალდებულებისაგან - აანაზღაუროს უკვე შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულება.

24. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამუშაო რომ შესრულებულია მენარდის მიერ ეს დადასტურებული გარემოებაა, მაგრამ არა იმ ოდენობით რასაც შპს ,,ტ. კ-ი” სარჩელით ითხოვდა, არამედ იმ ოდენობით, რაც სააპელაციო საჩივარში იყო მითითებული, ანუ 25 832,93 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაო.

25. პალატის განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა ის უდავო გარემოება, რომ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა შპს ,,ტ. კ-ის” მიერ ასევე გამოწვეული იყო შპს ,,G. F. G’’-ის ბრალეული მოქმედებითაც. კერძოდ, იგი ვადაში არ იღებდა შესრულებულ სამუშაოს უხარისხობის გამო, ხოლო შესრულებული სამუშაო რომ უხარისხო იყო ამის დამამტკიცებელი არანაირი საბუთი არ ჰქონდა წარდგენილი შპს ,,G. F. G’’-ს, გარდა წერილობითი პრეტენზიებისა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2998,8 აშშ დოლარის ღირებულების შესრულებაზე მიღება-ჩაბარების აქტს შპს ,,G. F. G’’-მა ხელი არ მოაწერა.

26. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, აღნიშნული მოთხოვნა პალატამ ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნია და მიუთითა ხელშეკრულების 6.1. მუხლზე, რომლის შესაბამისად, დადგენილი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მხარეს ეკისრებოდა მთელი სახელშეკრულებო თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სასამართლომ განმარტა, რომ მთელი სახელშეკრულებო თანხის 96814.0%–ის 0,15 შეადგენს 96.81 აშშ დოლარს, მათ საავანსო თანხა გადაიხადეს 2012 წლის 5 სექტემბერს, ანუ 48 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, პირგასამტეხლო შეადგენს 4647.07 აშშ დოლარს, მთლიანობაში 24479.99+4647.07=29127.06 აშშ დოლარს. მაშასადამე, აღიარების მიუხედავად, მათ თანხა არ გადაიხადეს.

27. სააპელაციო პალატამ მიუთითა ხელშეკრულების 8.2. მუხლზე, რომლის მიხედვით, მიღება–ჩაბარების აქტზე ხელმოწერის გაჭიანურების შემთხვევაში, მხარემ უნდა გადაიხადოს დარჩენილი გადასახდელი თანხის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

28. შესრულება მოეწოდა 19 ოქტომბერს, შემდეგ განმეორებით 21 ოქტომბერს, მან კი ხელი არ მოაწერა და დღესაც ხელმოუწერელია შესრულება 2998.8 შშ დოლარის შესრულებაზე.

29. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამუშაოს შესრულების თანხის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო შეადგენდა: გადასახდელ თანხას პლიუს სამუშაოს შესრულების თანხა (ამ თანხის გათვალისწინებით) 48407+30442.42=78849.42+1499.40=80348.515. მათ გადაიხადეს 54369.4300 აშშ დოლარი. მაშასადამე, გადასახდელია 80348.52-–54369.4399=25832.59, პირგასამტეხლო - 25832.5$*0.1%=25.83 21 ოქტომბრიდან 15 იანვრამდე, თანხა დღესაც გადასახდელია და შეადგენს 25.83*86 დღეზე=2221.6, მთლიანად გადასახდელია 25832.93+2221.6$+4647.07$=32701.6$.

30. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე, 420 მუხლებით და განმარტა, რომ მოცემული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

31. პალატის განმარტებით, პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლომ დაასკვნა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო არა შპს ,,ტ. კ-ის”, არამედ შპს ,,G. F. G’’-ის ქმედებებით. კერძოდ, გარკვეულ შესრულებულ სამუშაოებზე მოპასუხემ ხელი არ მოაწერა მიღება ჩაბარების აქტებს.

32. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მოთხოვნა პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა 0,1% შეუსაბამოდ მაღალი იყო და იგი უნდა შემცირებულიყო დადგენილი პრაქტიკის თანახმად 0,07% -მდე.

33. სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა დადგენილი იყო მთლიანი სახელშეკრულებო თანხის 96814 აშშ დოლარიდან და რომელიც 02.08.12 წლის ხელშეკრულებით ვადაგადაცილებულ დღეებზე (სულ 48 დღე) შეადგენდა 3252,96 აშშ დოლარს, ხოლო 17.08.12წ ხელშეკრულებით 1554,8 აშშ დოლარს (18,08X86 ვადაგადაცილებულ დღეზე), ანუ სულ პირგასამტეხლოს ოდენობა მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 4807,76 აშშ დოლარს (და არა 6868,67 აშშ დოლარს, როგორც ამას აპელანტი განმარტავს), რაც გადასახდელად უნდა დაკისრებოდა შპს ,,G. F. G’’-ს შპს ,,ტ. კ-ის” სასარგებლოდ.

34. სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და განმარტა შემდეგი:

35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

36. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს ,,ტ. კ-ს’’ შპს ,,G. F. G’’-ის სასარგებლოდ დაეკისრა 500 ლარი ექსპერტიზის დასკვნის მომზადებისათვის გაწეული ხარჯის და 1500 ლარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

37. პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო, რადგან უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს ,,ტ. კ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

38. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, ამ მხრივ, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია (შეგებებული სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა) . პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები ამ ნაწილში და დამატებით განმარტა:

39. შპს ,,G. F. G’’-ს (დამკვეთი) და შპს ,,ტ. კ-ს’’ (შემსრულებელი) შორის 2012 წლის 22 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება სამუშაოების შესრულების შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს ,,ტ. კ-ს’’ ევალებოდა ალუმინის პროფილების ზომებზე დაჭრა-დამუშავება. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 1800 ლარს /დღგ-ის ჩათვლით/. ამავე ხელშეკრულებით შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება მთლიანი სამუშაოები შეესრულებინა 2012 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

40. 2012 წლის 2 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა სამუშაოს შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ტ. კ-მა’’ (შემსრულებელი) იკისრა ვალდებულება შემდეგი სამუშაოს შესრულებაზე - 450 კვ.მ. მინაპაკეტის დამზადება (მინა 8 მმ ნაწრთობი+ლამექსი 4+4 მმ) (450 კვ.მ. X147$ (1 კვ.მ) = 66150$; სლაიდერი/კარი 3 ცალი (ერთი ჩვეულებრივი და ორი შეტყუპებული) 3X250=7500$; მინა/სპანდრელი -108.0მ2X170=18360$; სარკმელი 13 ცალი 17.16 მ.კვ.X280=4804.8$. სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება მთლიანობაში შეადგენდა 96814 აშშ დოლარს. მხარეთა შეთანხმებით ანგარიშსწორება განისაზღვრა შემდეგი სახით: წინასწარ ავანსის სახით გადაიხდებოდა გადასახდელი თანხის 50% ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო 50%-ის გადახდა მოხდებოდა ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით. შპს ,,ტ. კ-ს’’ ეკისრებოდა ვალდებულება საავანსო თანხის ჩარიცხვიდან ერთი თვის ვადაში განეხორციელებინა მთლიანი სამუშაო. ხელშეკრულების მიხედვით განისაზღვრა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 0.1% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე, იმ შემთხვევაში, თუ დამკვეთი არ შეასრულებდა სამუშაოს ან/და სამუშაოთა ნაწილის ანაზღაურების ვალდებულებას დადგენილ დროში. ხელშეკრულებით მხარეთა მიერ გათვალისწინებული იქნა დამატებითი პირობები, რომელიც შეეხება საურავის დაკისრებას ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

41. 2012 წლის 17 აგვისტოს მხარეებს შორის კვლავ იქნა გაფორმებული ხელშეკრულება სამუშაოს შესრულების შესახებ, რომლის თანახმად, შპს ,,ტ. კ-მა’’ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა შემდეგი სამუშაო - 450 კვ.მ. მინაპაკეტის დამზადება (მინა 8 მმ ნაწრთობი+ლამექსი 4+4 მმ)=66150$; სლაიდერი /კარი 3 ცალი (ერთი ჩვეულებრივი და ორი შეტყუპებული) 3X250=7500$; მინა/სპანდრელი - 108.02 კვ.მ.X170=18360$; სარკმელი 13 ცალი 17.16კვ.მ.X280=4804.8$. ხსენებული ხელშეკრულების მიხედვით, შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას 2012 წლის 25 აგვისტომდე მიეწოდებინა დამკვეთისათვის ,,SAPA’’-ს ფირმის სლაიდერის მექანიზმით აღჭურვილი 3 კომპლექტი კარები. 2014 წლის 1 სექტემბრამდე მიეწოდებინა დამკვეთისათვის 100 კვ.მ. კასეტები, რომელიც იქნებოდა აღჭურვილი მინაპაკეტებით 8+16+(4+4) ,,G’’-ის ფირმის ნაწარმით და შემდგომი დარჩენილი რაოდენობა ყოველდღიურად 100 კვ.მ-ს ოდენობით, რაშიც შედიოდა სპანდრელების მოცულობაც. 2014 წლის 30 აგვისტომდე მიეწოდებინა დამკვეთისათვის 13 ცალი სარკმელი აღჭურვილი მინა პაკეტით 8+16+(4+4) ,,G’’-ის ფირმის ნაწარმით და ,,R’’-ს ფირმის ფურნიტურით. შემსრულებლის წინაშე, დამკვეთი კისრულობდა კასეტების დასამზადებლად სპეც პროფილის მიტანის ვალდებულებას. მხარეთა განმარტებით, 2012 წლის 2 აგვისტოს და 17 აგვისტოს ხელშეკრულება განიხილებოდა, როგორც ერთიანი ხელშეკრულება, რომელიც ავსებდა ერთმანეთს. 2012 წლის 17 აგვისტოს შპს ,,G. F. G’’-ს (მენარდე), შპს ,,ტ. კ-ს’’ (ქვე-მენარდე) და კომპანია ,,G’’-ის (შემკვეთი) შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები ხელმძღვანელობენ რა ,,შემკვეთსა’’ და ,,მენარდეს’’ შორის 2012 წლის 20 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით - სასტუმრო და გასართობი კომპლექსის ,,გრანდ ოტელ კემპინსკი ბათუმი ბლექ სი’’-ს ბლოკების A3 და A2 დახრილი ,,ფრთების’’ ფასადების მინაპაკეტებით და კერამიკული გრანიტის ფილებით მოპირკეთების სამუშაოებზე, 2012 წლის 2 აგვისტოს ,,მენადრი’’ და ,,ქვე-მენარდი’’ მიერ ,,მენარდის’’ ტექნიკურ სპეციფიკაციებში მითითებული მინაპაკეტებით მომარაგების თაობაზე, ასევე ,,მენარდის’’ 2012 წლის 13 აგვისტოს და ,,ქვე-მენარდის’’ 2012 წლის 13 აგვისტოს საგარანტიო წერილებით დარჩენილი სამუშაოების 2012 წლის 15 სექტემბრამდე დამთავრების თაობაზე,შეთანხმდნენ შემდეგზე: მენარდის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, შემკვეთი გაუწევდა დახმარებას და გაუზრდიდა მენარდეს 2012 წლის 20 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულების ფარგლებში უკვე გადახდილ ავანსს 48074,40 აშშ დოლარით, რომელიც გადაერიცხებოდა მენარდეს არაუგვიანეს 2012 წლის 20 აგვისტოს, მენარდის მიერ ქვე-მენარდისათვის 450 მ2 მინაპაკეტების მთლიანი ღირებულების თანხის 50%-ს ავანსის გადასახდელად, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულებას თანხის ჩარიცხვისთანავე დაუყოვნებლივ გადაეხადა ქვე-მენარდისათვის მინაპაკეტების მთლიანი ღირებულების თანხა 50% ავანსის სახით. მენარდე 2012 წლის 25 აგვისტომდე მიაწოდებდა ქვე-მენარდეს ვიტრაჟებზე დასამონტაჟებელი კასეტებისათვის საჭირო რაოდენობის ალუმინის პროფილს. ქვე-მენარდე იღებდა ვალდებულებას საავანსო თანხის მიღებისთანავე დაემზადებინა მინაპაკეტები და 2012 წლის 1 სექტემბრიდან დაეწყო მენარდისათვის სამონტაჟოდ გამზადებული მინაპაკეტების მიწოდება. თავის მხრივ, მენარდეს 2012 წლის 15 სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა მიწოდებული მინაპაკეტების სრული მონტაჟი.

42. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე და 629-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაიზიარა შპს ,,G. F. G’’-ის პოზიცია მიწოდებული პროფილების ღირებულების დაკისრების ნაწილში და სწორად მიიჩნია, რომ მოთხოვნის ამ ნაწილში შეგებებული სარჩელი დასაბუთებული იყო.

43. კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ კასეტების დასამზადებელ სპეციალურ პროფილების მიწოდებას განახორციელებდა შპს ,,G. F. G’’-ი, რაც შპს ,,ტ. კ-ის’’ მოთხოვნისთანავე მიწოდებული იქნა და ეს დადგენილია 2012 წლის 5 და 6 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით და 2012 წლის 17 და 24 სექტემბრის ანგარიშ-ფაქტურებით.

44. პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს გადაეცა 448 ცალი პროფილი, საიდანაც 110 პროფილი გახარჯულია და დარჩენილია 338 ცალი პროფილი, რისი ღირებულებაც შპს ,,ტ. კ-ს’’ არ გადაუხდია და უნდა გადაიხადოს.

45. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მტკიცების ტვირთის მხარისათვის დაკისრების გზით, კანონმდებელმა მას მისცა სრული შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებით განესაზღვრა სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წრე, თუმცა სავალდებულოა, ეს მტკიცებულებები განკუთვნადობის თვალსაზრისით, სწორად იქნას შერჩეული. აღნიშნულის პარალელურად კი, კანონმდებლობით განისაზღვრა სასამართლოს ვალდებულება, გამოიკვლიოს და სათანადო შეფასება მისცეს მხარის მიერ მტკიცების პროცესში წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობას, კერძოდ, დაადგინოს, ესა თუ ის ფაქტი რამდენად შეიძლება მიჩნეულ იქნას დადასტურებულად.

46. პალატის განმარტებით, საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ შპს ,,G. F. G’’-მა შეძლო მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება. შესაბამისად, შპს ,,ტ. კ-ს’’ გადასახდელად უნდა დაკისრებოდა პროფილების ღირებულება 20989.80 აშშ დოლარის ოდენობით.

47. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს ,,G. F. G’’-მა და მოითხოვა 2014 წლის 12 დეკემბრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გასაჩივრებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი დასაბუთებით:

48. აღნიშნული გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მტკიცებულებათა არასწორი შეფასების შედეგად. სასამართლოს მიერ გაკეთებული ნებისმიერი დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებაში. აღნიშნულის გარეშე სასამართლოს დასკვნა იქნება არალოგიკური, არსებულ რეალობას მოკლებული და არაადაკვატური. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ისე შეაფასა აპელანტის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება 788849.42 აშშ დოლარად ან/და 80348.51 აშშ დოლარად, რომ საერთოდ არ გამოუკვლევია, რამდენად შეესაბამებოდა აღნიშნული საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რადგან საქმეში არსად მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 788849.42 ან/და 80348.51 აშშ დოლარი.

49. კასატორის განცხადებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ არსებული მტკიცებულების შეფასებით უნდა დაადგინოს გარემობა იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის სამუშაო იქნა შესრულებული - 78849.42 აშშ დოლარის თუ 80348.51 აშშ დოლარის და რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რადგან საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით შესრულებულია 60884.83 აშშ დოლარის სამუშაო.

50. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ ასევე დაარღვია საპროცესო ნორმები ხარჯების დაანგარიშების ნაწილში. რადგან შეგებებული სარჩელი დატოვებული იქნა უცვლელად, სასამართლოს ამ ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დაეტოვებინა უცვლელი. ამასთან, გაურკვეველია თუ რა თანხაა 2144.84 აშშ დოლრი, რომელიც დაეკისრა შპს „G. F. G”-ს .

51. სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი და არა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მაშინ როცა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გადაწყვეტილებაში დაასაბუთოს, თუ რატომ იზიარებს ან უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებებს.

52. სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გასცდა შპს „ტ. კ-ის“ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა იყო ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება და სასამართლომ მხარეს დააკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულება, ანუ სასამართლომ მხარეს მიაკუთვნა ის, რაც არ მოუთხოვია და ამასთან, დაარღვია სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითადი პრინციპი - მხარეთა შეჯიბრებითობა, რადგანაც შპს „ტ. კ-ი“ ჩაყენებული იქნა პრივილეგირებულ მდგომარეობაში, სასამართლომ თავად ჩამოუყალიბა შეცვლილი სასარჩელო მოთხოვნა. ასევე სააპელაციო სასამართლომ მხარეს მიაკუთვნა იმაზე მეტი, ვიდრე ის ითხოვდა.

53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით შპს „G. F. G”-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

54. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „G. F. G”-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

55. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

56. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

57. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

58. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

59. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

60. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „G. F. G”-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

61. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „G. F. G"-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს, შპს „G. F. G"-ს კასატორ (ს/კ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 27 თებერვალს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 3687,40 ლარის 70% – 2581,18 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე