№ას-179-166-2015 13 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ფ. ა-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ყ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ავტომობილის ღირებულების დაკისრების ნაწილში მ. ყ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანასაკუთრებიდან კუთვნილი წილის ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. ყ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. ა-ის მიმართ განქორწინების, ალიმენტის დაკისრების, ბავშვისათვის დედის გვარის მიკუთვნების, თანასაკუთრებიდან კუთვნილი წილის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
2. მოსარჩელის განმარტებით, ის და ფ. ა-ი 2012 წლის 8 ივნისიდან დღემდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. ... წლის ... აპრილს შეეძინათ შვილი დ. ყ-ა. მეუღლის მხრიდან ხშირი აგრესიისა და კონფლიქტური სიტუაციების გამო, მოსარჩელე 2013 წლის 10 ივლისს შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა მშობლებთან. იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო მეუღლესთან შერიგების და სურდა განქორწინება, ასევე ბავშვისათვის დედის გვარის მიკუთვნება და თანასაკუთრებიდან კუთვნილი წილის ღირებულების ანაზღაურება. კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა კუთნილი წილი 2012 წლის 02 ოქტომბერს შეძენილი უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ. თბილისში, სოფელ თ-ი, დაზუსტებული ფართობი: 631 კვ.მ. საკადასტრო კოდი: ...; ასევე 2012 წილს 12 ოქტომბერს შეძენილი ავტომობილის გასხვისების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. მოსარჩელემ ზიანის ანაზღაურება მოითხოვა 8000 ლარის ოდენობით, საიდანაც 5000 ლარი შეადგენს მანქანის ღირებულების ნახევარს, ხოლო 3000 ლარი - მიწის ნაკვეთის ღირებულების ნახევარს.
3. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ ცნო; სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების შესახებ ცნო ნაწილობრივ ყოველთვიურად 100 ლარის დაკისრების ნაწილში; სასარჩელო მოთხოვნა ბავშვისათვის დედის გვარის მიკუთვნების შესახებ არ ცნო; ასევე არ ცნო სასარჩელო მოთხოვნა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ და განმარტა, რომ მის მეუღლეს არ მიუღია რაიმე ფინანსური მონაწილეობა აღნიშნული ქონების შეძენაში, უფრო მეტიც მიუხედავად იმისა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დადებული იყო მის სახელზე, როგორც უძრავი ქონება, ისე ავტომობილი რეალურად აჩუქა მას მამამ ს. ა-მა, ვინაიდან მას არ გააჩნდა რაიმე შემოსავალი რითაც ქონების შეძენას შეძლებდა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ყ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. შეწყდა ქორწინება მ. ყ-სა და ფ. ა-ს შორის, ფ. ა-ს მოსარჩელე მ. ყ-ას სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილისათვის ყოველთვიურად 120 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა და ფ. ა-ს მ. ყ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 8000 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა ბავშვისათვის დედის გვარის მინიჭების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფ. ა-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება ავტომობილის ღირებულების, როგორც ზიანის სახით დაკისრების ნაწილში.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ფ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. ქორწინების და დაბადების მოწმობების მიხედვით მ. ყ-ა და ფ. ა-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2012 წლის 08 ივნისიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში - ... წლის ... აპრილს შეეძინათ შვილი დ. ა-ი.
9. 2012 წლის 25 სექტემბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით და საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ფ. ა-მა შეიძინა ქ. თბილისში, სოფ. თ-ი მდებარე 631 კვ.მ. ფართი მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი №...) 6 310 ლარად.
10. საჯარო რეესტრის ამონაწერით და 2013 წლის 22 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ ფ. ა-მა ქ. თბილისში, სოფ. თ-ი მდებარე კუთვნილი 631 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი მიჰყიდა დედას, ხ. ი-ს 6000 ლარად.
11. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 07.11.2013წ. ცნობით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფ. ა-ის სახელზე 2012 წლის 12 ოქტომბრიდან ირიცხებოდა ავტომანქანა მერსედეს-ბენც ... (გამოშვების წელი 1999, სანომრე ნიშანი - ...).
12. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 05 დეკემბრის დასკვნის შესაბამისად, 1999 წელს გამოშვებული, ტექნიკურად გამართული და ვიზუალურად დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილი მერსედეს-ბენც ...-ის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 10 000 ლარს. ექსპერტიზის აღნიშნულ შეფასებას დაეთანხმა მოპასუხის წარმომადგენელი (იხ. 01.04.2014წ. სხდომის ოქმი,ს.ფ. 37).
13. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 10 ივლისიდან ფ. ა-ი და მ. ყ-ა ერთად აღარ ცხოვრობენ.
14. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ავტომანქანა წარმოადგენს ფ. ა-ის მამის თანხით შეძენილ მისივე კუთვნილ ნივთს.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე დაყრდნობით პალატამ განმარტა, რომ ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს. მოცემულ შემთხვევაში, შსს მომსახურების სააგენტოდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, სადავო ავტომანქანა 2012 წლის 8 ივნისიდან 2013 წლის 07 ნოემბრამდე (ცნობის გაცემის თარიღი) რეგისტრირებულია ა-ი ფ.ს სახელზე. აღნიშნული მტკიცებულება კი, პალატის განმარტებით, საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ სადავო ავტომანქანა მართლაც წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, როგორც ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება.
16. მოპასუხე ამ ფაქტს არ აღიარებს და მიუთითებს, რომ ავტომანქანა ფ. ა-ის ინდივიდუალური საკუთრებაა, როგორც მამისგან საჩუქრად მიღებული ნივთი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ ვითარებაში მოპასუხეს აკისრია იმის მტკიცების ტვირთი, რომ ავტომანქანა მხარეთა თანასაკუთრებას არ წარმოადგენს. აღნიშნული გარემოების დასტურად მოპასუხე უთითებს მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთა დაკითხვისას მათ განმარტეს, რომ ფ. ა-ს მანქანა უყიდა მამამ - ს. ა-მა, თუმცა მათი ჩვენება ძირითადად გადმოცემულ ამბავს ეყრდნობოდა და არა ფაქტს, რომელსაც მოწმე თავად შეესწრო.
17. სასამართლომ ყურადღება მიაქცია მოწმე ჯ. ა-ის ჩვენებას, რომელმაც განმარტა, რომ ავტომანქანის ჩამოსაყვანი თანხა ფ. ა-ს მისცა ს. ა-მა. მისივე განმარტებით, იგი ჩუქების ფაქტს არ დასწრებია, მაგრამ ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტის შესახებ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კონკრეტულ ვითარებაში, მოპასუხის მიერ სამტკიცებელ არსებით გარემოებას წარმოადგენს არა ის ფაქტი, თუ ვინ გადასცა თანხა ნივთის შესაძენად ჯ. ა-ს, არამედ რა ფორმით განხორციელდა მოპასუხის მიერ ავტომანქანის საკუთრებაში მიღება. წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად არ ადასტურებენ, რომ მოპასუხემ მიიღო ავტომანქანა საჩუქრად, პირადი მოხმარების მიზნით, რაც აუცილებელია მასზე საერთო საკუთრების უფლების არსებობის გამოსარიცხად.
18. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ სადავო ავტომანქანა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლით განთვალისწინებულ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას.
19. სააპელაციო სასამართლოს აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველ ნაწილი, რომლის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ავტომანქანის ღირებულების ნახევრის ანაზღაურება.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ფ. ა-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ავტომობილის ღირებულების დაკისრების ნაწილში მ. ყ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
21. კასატორის განმარტებით, სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105 მუხლების მოთხოვნები მტკიცებულებათა შეფასების და მისი გადმოცემის თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლომ ჯ. ა-ის ახსნა-განმარტება გადმოსცა არასწორად, რის გამოც მიიღო მცდარი გადაწყვეტილება. კერძოდ, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ჯ. ა-მა არ დაადასტურა ჩუქების ფაქტი. კასატორის განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ჯ. ა-მა განაცხადა, რომ ს. ა-მა მის თვალწინ საჩუქრად გადასცა სადავო ავტომობილი ფ. ა-ს და არ უთქვამს, რომ მან ჩუქების შესახებ მხოლოდ გადმოცემით იცის.
22. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ფ. ა-ის მამამ ჯ. ა-ს სთხოვა ავტომობილის შეძენა და გადასცა თანხა, რათა შვილისათვის შეეძინა იგი, რაც პირდაპირ დაადასტურა ჯ. ა-მა. აღნიშნულ გარემოებას ასევე ადასტურებს სასაზღვრო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა.
23. კასატორის აზრით, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ფ. ა-ს არ გააჩნდა საკუთარი შემოსავალი, რითაც შეიძენდა ძვირადღირებულ ავტომანქანას. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეს არ მიუღია მონაწილეობა ქონების შეძენაში და არც საპატიო მიზეზი ჰქონია საკუთარი ფინანსური შემოსავლების არარსებობასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ფ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% –210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ფ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ფ. ა-ს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს ა. ხ-ის (პ/ნ: ...) მიერ 2015 წლის 1 აპრილის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე