Facebook Twitter

№ას-204-191-2015 13 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „თ. ს. კ-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დაზღვევის საერთაშორისო კ-ა ი-ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „თ. ს. კ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „დაზღვევის საერთაშორისო კ-ა ი-ოს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება. დაზღვეული იქნა ავტო-სატრანსპორტო საშუალება. ავტოს. საშუალება დაზიანდა ხანძრის შედეგად, რაც ხელშეკრულების თანახმად განეკუთვნება სადაზღვევო რისკებს. სადაზღვევო კ-ას უნდა დაეკისროს შპს „თ. ს. კ-ის“ კუთვნილი „ბოგდან A-1445“ მარკის ავტობუსის, სახ. ნომრით ..., ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანი.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:

4. მოპასუხემ აღიარა, რომ მოსარჩელესთან ნამდვილად დაიდო ხელშეკრულება ავტოტრანსპორტის დაზღვევის თაობაზე. მან ასევე აღიარა ის ფაქტი, რომ ხანძრის შედეგად ადგილი ჰქონდა შპს „თ. ს. კ-ის“ კუთვნილი „ბოგდანA-1445“ მარკის ავტობუსის, სახ. ნომრით ... დაზიანებას. თუმცა განმარტა, რომ სადაზღვევო კ-ას არ უნდა დაეკისროს ამ ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული დაზღვევის პირობები. ავტოს. საშუალება არ ყოფილა შემოწმებული გზაზე ვარგისიანობაზე ლიცენზირებული დაწესებულების მიერ, რაც იმ დროს მოქმედი კანონის მოთხოვნას წარმოადგენდა. მოსარჩელე ორგანიზაციას სადაზღვევო ორგანიზაციაში არ წარუდგენია ყველა ის დოკუმენტი, რომლის წარდგენაც მას ევალებოდა. მისივე განმარტებით, ხანძარი გამოწვეული იყო ავტოსატრანსპორტო. საშუალების გაუმართაობით, რაც გამორიცხავს სადაზღვევო კ-ის მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით შპს „თ. ს. კ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „თ. ს. კ-ამ“ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინებით შპს „თ. ს. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9. შპს ,,თ. ს. კ-სა’’ და შპს „დაზღვევის საერთაშორისო კ-ა ი-ოს’’ შორის 2008 წლის 06 ივნისს გაფორმდა ავტოტრანსპორტის დაზღვევის მომსახურების შესახებ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება.

10. შპს „თ. ს. კ-ის" კუთვნილ სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად დაზღვეული იქნა „ბოგდან A-1445” მარკის ავტობუსი, სახ. ნომრით .... ხელშეკრულებაში დაზღვევის რისკებს შორის მითითებული იქნა ხანძარი, რაც იმას ნიშნავდა, რომ მზღვეველი ვალდებული იყო, ავტოს. საშუალების ხანძრის შედეგად დაზიანების შემთხვევაში აენაზღაურებინა ამით გამოწვეული ზიანი.

11. 2013 წლის 05 მაისს ხანძრის შედეგად დაიწვა შპს „თ. ს. კ-ის“ კუთვნილი „ბოგდან A-1445” მარკის ავტობუსი, სახ. ნომრით ....

12. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მითითებული ავტობუსი წინა დღეებში იმყოფებოდა ექსპლუატაციაში. 2013 წლის 05 მაისს დილით მძღოლმა ა. გ-ემ ავტობუსი მოამზადა მარშრუტზე გასასვლელად, მათ შორის დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ძრავი ჰქონდა ჩართულ მდგომარეობაში, რის შემდეგაც გამორთო ძრავი და შევიდა სადისპეჩეროში. რამდენიმე წუთის შემდეგ ავტობუსს გაუჩნდა ხანძარი. მოწმის სახით დაკითხული დაზიანებული ავტობუსის მძღოლის ჩვენებით ირკვევა, რომ ავტობუსზე გარედან რაიმე ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. მისი მოსაზრებით, ამ ტიპის ავტობუსებს ელექტრო გაყვანილობა აქვს სუსტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ მალე გამოდის მწყობრიდან. მძღოლის განმარტებით, შესაძლოა, ხანძარი გამოიწვია მოკლე ჩართვამ (ტ. 1, ს.ფ. 190–191).

13. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2013 წლის 21 ივნისის დასკვნით (ტ. 1, ს.ფ. 208–218) სასამართლომ დაადგინა, რომ ხანძარი გამოიწვია ელექტროტექნიკურმა მიზეზებმა, კერძოდ, გარდამავალმა წინაღობამ. ამავე დასკვნის აღწერილობითი ნაწილის მიხედვით, გარდამავალი წინაღობა ეწოდება ისეთ წინაღობას, რომელიც წარმოიშვება ერთი ელექტროსადენიდან მეორე ელექტროსადენზე ელექტროდენის გადასვლისას, იმ შემთხვევაში თუ ადგილი ჰქონდა არამჭიდრო კონტაქტს (მაგალითად, გადაგრეხვის მეთოდით კუსტარულად შეერთებას არამჭიდრო კონტაქტისას).

14. სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოსაზრება იმის შესახებ, რომ ექსპერტის დასკვნა უშვებდა ხანძრის გაჩენის შესაძლებლობას ტექნიკური გაუმართაობით. ხანძრის გაჩენის სხვა მიზეზებზე ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული არ იყო. ამასთან, მოსარჩელეს წარმოდგენილი არ ჰქონდა ტექნიკური გაუმართაობით ავტობუსის ხანძრის გამოწვევის უარმყოფელი მტკიცებულებები.

15. საქმის მასალებით პალატამ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს „თ. ს. კ-ის" კუთვნილი „ბოგდან A-1445” მარკის ავტობუსს, სახ. ნომრით ... არ ჰქონდა გავლილი გზის ვარგისიანობაზე ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით სავალდებულო ტესტირება, რაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით სავალდებულო იყო.

16. შპს „დაზღვევის საერთაშორისო კ-ა ი-ომ’’ 2013 წლის 04 ოქტომბრის წერილით შპს ,,თ. ს. კ-ას’’ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით გაგზავნილი წერილის პასუხად აცნობა, რომ მათთან არსებული დოკუმენტების მიხედვით, 2013 წლის 05 მაისს მომხდარი ხანძარი გამოწვეული იყო ს. კ-ის კუთვნილი „ბოგდან A-1445” მარკის ავტობუსის, სახ. ნომრით ..., ტექნიკური გაუმართაობით, რაც, მათ შორის არსებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის წინაპირობას (ტ. 1, ს.ფ. 87).

17. სასამართლომ დაადგინა, რომ ხანძრის შედეგად ავტობუსის დაზიანებით მოსარჩელისთვის მიყენებულმა მატერიალურმა ზიანმა, ფრანშიზის გათვალისწინებით (900 ლარი) შეადგინა 28 643 ლარი.

18. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე 319-ე მუხლებით, ასევე მიუთითა 799-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

19. მხარეთა შორის 2008 წლის 06 ივნისს გაფორმებული ავტოტრანსპორტის დაზღვევის მომსახურების შესახებ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 10.12 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტზე დაყრდნობით სასამართლომ განმარტა, რომ სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა, თუ ავტოტრანსპორტისათვის მიყენებული ზიანი შედეგია „ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისა, რომელსაც დროულად არ გაუვლია სავალდებულო (ასეთი მოთხოვნის არსებობისას) ტექნიკური დათვალიერება“.

20. ამდენად, პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სადაზღვევო კ-ა არ არის ვალდებული ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე იმ შემთხვევაში, თუ ერთდროულად არსებობს ორი შემდეგი წინაპირობა: 1. ავტოტრანსპორტისათვის მიყენებული ზიანი შედეგია ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისა (შესაბამისად, საქმეზე დადგენილი უნდა იყოს, რომ ა) ავტობუსი იყო ტექნიკურად გაუმართავი და ბ) იგი იმყოფებოდა ექსპლუატაციაში) და 2. ავტოტრანსპორტს დროულად არ გაუვლია სავალდებულო (ასეთი მოთხოვნის არსებობისას) ტექნიკური დათვალიერება.

21. სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,თ. ს. კ-ის’’ კუთვნილი „ბოგდან A-1445” მარკის ავტობუსის (სახ. ნომრით ...) დაზიანება მოხდა ხანძრის შედეგად, რაც გამოწვეული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე დაყრდნობით პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაზიანებული ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობის ფაქტი მართებულად მიიჩნია დადგენილად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების (მხარეთა ახსნა-განმარტებები, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2013 წლის 21 ივნისის დასკვნა, მოწმეების ა. გ-ის, გ. გ-ის, ნ. ტ-ის, მ. ბ-ის ჩვენებები, დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, გამოძიების მიერ მოპოვებული სხვა მასალები) ურთიერთშეჯერებისა და შეფასების შედეგად. ამასთან, სწორად მიუთითა, რომ მოსარჩელეს წარდგენილი არ ჰქონდა ტექნიკური გაუმართაობით ხანძრის გამოწვევის უარმყოფელი მტკიცებულებები.

23. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,თ. ს. კ-ის’’ კუთვნილი „ბოგდან A-1445” მარკის ავტობუსი (სახ. ნომრით ...) ხანძრის დროს იმყოფებოდა ექსპლუატაციაში.

24. ზემოაღნიშნული გარემოება უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია სასამართლომ როგორც ამ ავტობუსის მძღოლის ა. გ-ის მიერ მოწმის სახით დაკითხვისას გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენებით, ისე სხვა მოწმეთა ჩვენებებით. ამასთან, პალატის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ხანძრის მომენტში ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ახორციელებდა მგზავრთა გადაყვანას, არ ნიშნავს, რომ იგი არ იყო ექსპლუატაციაში.

25. რაც შეეხება ხელშეკრულების იმ დათქმას, სადაც მითითებულია დამზღვევის ვალდებულებაზე ავტოტრანსპორტს დროულად ჩაუტაროს სავალდებულო (ასეთი მოთხოვნის არსებობისას) ტექნიკური დათვალიერება, პალატამ მიუთითა შემდეგზე:

26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.

27. სასამართლომ მიუთითა სადავო პერიოდში მოქმედი ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ’’ კანონის 451 მუხლზე, რომლის თანახმად, 2004 წლის 13 სექტემბრიდან 2015 წლის 1 მარტამდე, ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრის მიზნით, გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ის სატრანსპორტო საშუალებები, რომლებითაც ხორციელდება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გადაყვანა/გადაზიდვა, აგრეთვე იმავე კანონის პირველი მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვა (სადაზღვევო შემთხვევის დროს მოქმედი რედაქცია). პალატამ იხელმძღვანელა ამავე კანონის მე-11 მუხლით, რომლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოს. საშუალება ექვემდებარება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირებას აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ ტესტირების (საგამოცდო) ცენტრებში (შემდგომ – ტესტირების ცენტრი). ,,საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის თანხმად კი, განმარტებულია, რომ ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა არის მგზავრთა გადაყვანა შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით, ხოლო დედაქალაქის ტერიტორიაზე − ქალაქ თბილისის თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ დადგენილი მარშრუტით თვითმმართველი ქალაქის ან თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

28. ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ხანძრის შედეგად დამწვარ ავტოს. საშუალებას, რომელიც ახორციელებდა მგზავრთა გადაყვანას დედაქალაქის ტერიტორიაზე, უნდა გაევლო გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებულ ტესტირების (საგამოცდო) ცენტრებში. ეს მოთხოვნა, ასევე წარმოადგენდა დაზღვევის ხელშეკრულების პირობას.

29. სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ავტობუსს არ ჰქონდა გავლილი ასეთი ტესტირება, დაადასტურა თავად მოსარჩელე მხარემაც. მხარის წარმომადგენლის მითითებით, ასეთი ტესტირების გავლა ტექნიკურად იყო რთული და ამიტომ ტესტირებას ავტობუსები გადიოდნენ მათ მიერ შემუშავებული დროებითი ინსტრუქციის საფუძველძე (ავტობუსების ტექნიკური მომსახურების დროებითი ინსტრუქცია ს.ფ. 67). პალატამ აღნიშნა, რომ ტექნიკური სირთულე არ შეიძლებოდა გამხდარიყო კანონის შეუსრულებლობის საფუძველი.

30. პალატამ ასევე არ გაიზარა აპელანტის წარმომადგენლის მიერ ამ საკითხზე მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ მათ ხელშეკრულების 10.12 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ავტობუსების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება უნდა განეხორციელებინათ მხოლოდ მზღვეველის მოთხოვნის შემთხვევაში, რასაც ადგილი არ ჰქონია.

31. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ ავტოტრანსპორტის სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება, რომლითაც ხორციელდება მგზავრთა გადაყვანა, დადგენილი იყო საჯარო კანონმდებლობით, კერძოდ, სადავო პერიოდში მოქმედი ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ’’ კანონით. შესაბამისად, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილის ნებაზე ვერ იქნებოდა დამოკიდებული იმ ვალდებულების შესრულების მიზანშეწონილობის განსაზღვრა, რაც სახელმწიფოს დადგენილი აქვს საჯარო კანონმდებლობით. აღნიშნულის საწინააღმდეგო შეთანხმება კი, პალატის მოსაზრებით, მართლსაწინააღმდეგოა და, შესაბამისად, უცილოდ ბათილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე.

32. ამდენად, საქმის მასალებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხანძრის შედეგად დაზიანებული ავტობუსი იმყოფებოდა ექსპლუატაციაში, ხანძარი გამოიწვია ავტობუსის ტექნიკურმა გაუმართაობამ და ავტოსატრანსპორტო საშუალებას არ ჰქონდა გავლილი სავადებულო ტექნიკური დათვალიერება, კანონით განსაზღვრული წესით. ამ წინაპირობების არსებობა კი, დაზღვევის ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა მზღვეველის სადაზღვევო თანხის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველს.

33. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „თ. ს. კ-ამ“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

34. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი და ამასთან სადაზღვევო ხელშეკულების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობასთან მიმართებაში არასწორად განმარტა მისი 451-ე მუხლი. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 10.12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციისას, რომელსაც დროულად არ გაუვლია სავალდებულო (ასეთი მოთხოვნის არსებობისას) ტექნიკური დათვალიერება. აღნიშნული ჩანაწერი ერთმნიშვნელოვნად, როგორც შინაარსობრივი, ისე სიტყვა-სიტყვითი თვალსაზრისით უკავშირდება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნას და არა ზოგადად კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნას. სადაზღვევო ხელშეკრულების მიზნებისათვის და შესაბამისად, სადაზღვევო თანხის ანზღაურებისათვის, მიუხედავად კანონით განსაზღვრული ვალდებულებისა, არ იყო აუცილებელი პირობა ავტობუსებისათვის ტესტირების გავლა. მცდარია სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მხარეები შეთანხმდნენ კანონსაწინააღმდეგო პირობაზე, რაც სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, იწვევს მის ბათილობას. საფუძველს მოკლებულია სასამართლოს ამგვარი მსჯელობა, ვინაიდან მხარეთა შორის კანონშეუსაბამო შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, მათი შეთანხმების საგანი იყო არა ავტობუსების სავალდებულო ტესტირებაზე უარის თქმა, არამედ მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე შეთანხმება სადაზღვევო თანხის ანაზღაუარებაზე, მიუხედავად კანონით დადგენილი ტესტირების გავლის ვალდებულებისა. აღნიშნული ორი პირობა არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს და, მითუმეტეს, კანონით დადგენილ დებულებას, ისინი დამოუკიდებლად მოქმედებენ დროსა და სივრცეში და არ გამორიცხავენ ერთიმეორეს.

35. კასატორის განმარტებით, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 10.12 პუნქტის დებულება კანონიერი იყო, ზუსტად და ნათლად გამოხატავდა მხარეთა ნება-სურვილს, რასაც ადასტურებს 5 (ხუთი) წლის განმავლობაში სადაზღვევო კომოპანიის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურების მრავალი ფაქტი, მათ შორის ანალოგიურ სიტუაციაში დამწვარი ავტობუსის ზიანის ანზაღაურების თაობაზე. ხელშეკრულების 10.12 პუნქტი ანაზღაურების გამომრიცხავი გარემოება იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ერთდრულოად გვექნებოდა სახეზე ხელშეკრულების მოცემული პირობა, ტექნიკური გაუმართაობა და სავალდებულო ატესტაციის გაუვლელობა. განსახილველ შემთხვევაში კი ტექნიკური გაუმართაობა ცალსახად არ არის დადგენილი და სავალდებულო ატესტაციის გავლაც, ხელშეკრულების მიხედვით, აუცილებელი პირობა არ ყოფილა.

36. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისმობს ვალდებულების არსებობას, რომლის საფუძველზეც მოქმედებდა სადაზღვევო კომპანია წლების განმავლობაში და პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნებს, მათ შორის ხელშეკრულების ზემოაღნიშნული პუნქტის დებულების ფარგლებში. ამდენად, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიას არ გამოუთქვამს პრეტენზია ავტობუსების ტექნიკურ დათვალიერებასთან დაკავშირებით და ეს ლოგიკურიცაა, ხელშეკრულების მიზნებისათვის არ იყო სავალდებულო ავტობუსების მიერ ტექნიკური დათვალიერების გავლა, რაც აისახა კიდეც ხელშეკრულების 10.12 პუნქტში.

37. სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ ავტობუსის დაზიანება გამოწვეული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობით, რაც, საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, არასწორია. აღნიშნული გარემოების ერთ-ერთ მტკიცებულებად სასამართლოს მოჰყავს მოწმეების - მძღოლების ჩვენება, სადაც ისინი აცხადებენ, რომ „ჩვენი ფიქრით შესაძლოა ხანძარი გამოიწვია მოკლე ჩართვამ“, რაც საექსპერტო დასკვნის თანახმად, გამოირიცხა კიდეც და ცალსახაა, რომ მძღოლების „ნაფიქრი“ ვერ გახდებოდა სასამართლოსათვის ხანძრის გაჩენის მიზეზის განმსაზღვრელი გარემოება, ხოლო შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს დასკვნაში ავტობუსის ტექნიკურ გაუმართაობაზე საუბარი არაა და შემაჯამებელ დასკვნაშიც მითითებულია მხოლოდ გარდამავალი წინაღობის შესაძლებლობაზე, რაც ადასტურებს ავტობუსის ტექნიკურად გამართულობას და ეჭვქვეშ აყენებს სასამართლოს კატეგორიულ პოზიციას ამ საკითხთან მიმართებაში. ამდენად, ვარაუდებზე აგებული პოზიციის საფუძველზე ყოვლად დაუშვებელია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, მაშინ როდესაც დაზღვევის ხელშეკრულება ცალსახად, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავალდებულებს მზღვეველს აანაზღაუროს ხანძრის შედეგად დამზღვევისათვის მიყენებული ზარალი.

38. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 თებერვლის განჩინებით შპს „თ. ს. კ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „თ. ს. კ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „თ. ს. კ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 432,15 ლარის 70% – 1002,4 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „თ. ს. კ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „თ. ს. კ-ას“ (ს/კ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 13 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 432,15 ლარის 70% – 1002,4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე