Facebook Twitter

№ას-219-206-2015 13 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – შ. ე-ე, ნ. ე-ე, ლ. ე-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ. ბ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – მემკვიდრედ ცნობა და სამკვიდრო ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „პ. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ე-ის, ნ. ე-ის და დ. ე-ის მიმართ მემკვიდრედ ცნობისა და სამკვიდრო ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დავალდებულების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხეებს - ი.მ. შ. ე-ეს, ნ. ე-სა და ი. ე-ეს სოლიდარულად დაეკისრათ ბანკის სასარგებლოდ ჯამში 30 052.25 აშშ დოლარის გადახდა. საქმე შევიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროში 2011 წლის 28 ივნისს, რის შემდეგაც დაიწყო სააღსრულებო წარმოება და მიმდინარეობს დღემდე. სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, თ. ხ-ის 2011 წლის 8 ნოემბრის #ა11036232-006/002 მომართვის საფუძველზე გაირკვა, რომ ერთ-ერთი მოვალე და ამავდროულად იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე ი. ე-ე გარდაიცვალა, რის გამოც სააღსრულებო ბიურომ შეაჩერა საქმის წარმოება გარდაცვლილის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

3. მოსარჩელის განმარტებით, ვინაიდან აღმასრულებლის მიერ საქმის წარმოება შეჩერებულია, ვალდებულების ნაწილი, რომელიც სოლიდარულ მოვალეებს გააჩნიათ ბანკის წინაშე, დღემდე შეუსრულებელია, რითაც კრედიტორს ადგება ზიანი. თავის მხრივ, მემკვიდრეებმა არ მოახდინეს სამკვიდროს ოფიციალურად მიღება და შესაბამის ორგანოში რეგისტრაცია, რაც გახდა სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი. მოსარჩელემ მოითხოვა გარდაცვლილი სოლიდარული მოვალის, ი. ე-ის პირველი რიგის მემკვიდრეების ნ. ე-ის (მეუღლე), დ. და შ. ე-ის (შვილები) მის უფლებამონაცვლეებად ცნობა.

4. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ი. ე-ის მემკვიდრეები თავს არიდებენ სამკვიდროს მიღებას, რადგან იციან, რომ ამ შემთხვევაში იპოთეკით დატვირთული ქონების გაყიდვა მოხდება ვალის დასაფარად და ცდილობენ დროის გაწელვას, რაც კრედიტორის ინტერესს აყენებს ზიანს.

5. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს.

6. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: შ. ე-ე, ნ. ე-ე და დ. ე-ე ცნობილ იქნენ გარდაცვლილი ი. ე-ის მემკვიდრეებად; დაევალა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს მოეხდინა გარდაცვლილი ი. ე-ის დანაშთი უძრავი ქონების, მდებარე ქ. ფ-ი, კ-ის ქ. №...-ში მემკვიდრეებზე შ. ე-ე, ნ. ე-სა და დ. ე-ე რეგისტრაცია.

7. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრეს შ. ე-ემ და ნ. ე-ემ და განმარტეს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი იყო ოჯახის წევრის დ. ე-ის გარდაცვალება, რომელიც ასევე იყო აღნიშნულ სამოქალაქო საქმეზე მოპასუხე.

8. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 აგვისტოს განჩინებით შ. ე-ის და ნ. ე-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა.

9. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 აგვისტოს განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა დ. ე-ის უფლებამონაცვლის დადგენამდე

10. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა და დ. ე-ის უფლებამონაცვლედ დაშვებული იქნა ლ. ე-ე. ამავე განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.

11. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შ. ე-ე, ნ. ე-ე და ლ. ე-ე ცნობილ იქნენ გარდაცვლილი ი. ე-ის მემკვიდრეებად და ი. ე-ის დანაშთი ქონება, მდებარე ქ. ფ-ი, კ-ის ქ. №..-ში (საკადასტრო კოდი ...) დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში მოპასუხეების შ. ე-ის, ნ. ე-სა და ლ. ე-ის საერთო საკუთრების უფლებით.

12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. ე-ემ, ნ. ე-ემ და ლ. ე-ემ.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით შ. ე-ის, ნ. ე-ის და ლ. ე-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება.

14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

15. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/473) მოპასუხეებს შ. ე-ეს, ნ. ე-სა და ი. ე-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 30 052.25 აშშ დოლარის გადახდა სს ,,პ. ბ-ის” სასარგებლოდ. ამ გადაწყვეტილების აღსრულება დაიწყო 2011 წლის 28 ივნისს და მიმდინარეობს დღემდე. აღსრულება მიექცა ი. ე-ის კუთვნილ, სს ,,პ. ბ-ის” სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ნივთზე, მდებარე ქალაქ ფ-ი, კ-ის ქ. №...-ში (საკადასტრო კოდი - ...).

16. 2011 წლის 8 ნოემბერს გარდაიცვალა ი. ე-ე, რომელსაც დარჩა სამი მემკვიდრე: ნ. ე-ე (მეუღლე) და შვილები - შ. და დ. ე-ი, რომელთაც ფაქტობრივი ფლობით მიიღეს ზემოთ მითითებული სამკვიდრო ქონება, თუმცა დღემდე არ განუხორციელებიათ მასზე თავიანთი საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და ქონება კვლავაც ი. ე-ის საკუთრებადაა რეგისტრირებული.

17. სს ,,პ. ბ-მა” 2013 წლის 5 თებერვალს აღძრა განსახილველი სარჩელი მოპასუხეების შ., ნ. და დ. ე-ის წინააღმდეგ. საქმის განხილვის დასრულებამდე, 2013 წლის 27 ივნისს, გარდაიცვალა მოპასუხე დ. ე-ე, რომლის სამკვიდროც 2014 წლის 29 იანვარს მიიღო შვილმა - ლ. ე-ემ.

18. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის განჩინებით დ. ე-ის უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაბმულ იქნა ლ. ე-ე.

19. მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენიათ, საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას კი ცნეს სარჩელი.

20. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტა, რომ ეს ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ დისპოზიციურობის პრინციპს, რაშიც იგულისხმება მხარეთა შეუზღუდავი შესაძლებლობა - შეხედულებისამებრ განკარგონ საკუთარი უფლებები, რაც მათ გააჩნიათ მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე; ამ თვალსაზრისით, მხარეთა გადაწყვეტილება სასამართლოსათვის სავალდებულოა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის იმპერატიულ (ამკრძალავ) ნორმებს.

21. სასამართლომ ასევე მიუთითა ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პალატის განმარტებით, მართალია, ეს ნორმა ეხება მოსამზადებელ სხდომას, თუმცა სარჩელის ცნობა მთავარ სხდომაზე, აღნიშნული კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ნორმის გათვალისწინებით, მოპასუხისათვის იგივე სამართლებრივ შედეგს იწვევს - სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასების გარეშე.

22. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგ ნორმებზე: 1319-ე-1320-ე მუხლები (სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შედეგად; სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე); 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის); 1336-ე მუხლი (1-ლი რიგის კანონით მემკვიდრეებს წარმოადგენენ გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები; მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო); 1424-ე მუხლი (სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან); 1433-ე მუხლი (მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან).

23. ამ ნორმების და დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები - შ., ნ. და დ. ე-ი კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივად დაეუფლნენ მამკვიდრებლის - ი. ე-ის სამკვიდროს, მათ შორის - ქალაქ ფ-ი, კ-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ნივთსაც (საკადასტრო კოდი - ...); ამდენად, ეს უძრავი ნივთი მოპასუხეთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა ი. ე-ის გარდაცვალების დღიდან - 2011 წლის 8 ნოემბრიდან. დ. ე-ან საკუთრების უფლება ამ ქონებაზე, სამკვიდრო მოწმობის მიღების გზით, 2013 წლის 27 ივნისს გადავიდა ლ. ე-ზე.

24. პალატამ აღნიშნა, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო, აღნიშნულ ქონებაზე მოპასუხეთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში არ მომხდარა, რამაც ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა ი. ე-ის წინააღმდეგ გამოტანილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. ფაქტია, რომ მოპასუხეებმა სამკვიდრო მიიღეს, რომელიც, აქტივებთან ერთად, შეიცავს პასივებს, მათ შორის - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებასაც.

25. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა აღსრულდეს იმის მიერ, ვისაც ამ გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ვალდებულება; ნებაყოფლობით აღუსრულებლობის შემთხვევაში კი, სახელმწიფომ, შესაბამისი უწყებების (მათ შორის - ისევ სასამართლოს) მეშვეობით, უნდა უზრუნველყოს იძულებითი აღსრულება. მოცემულ შემთხვევაში, მოვალის - ი. ე-ის გარდაცვალების გამო, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, აღსრულება ვეღარ ხორციელდება, სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, სს ,,პ. ბ-ს” გააჩნდა დასაბუთებული ი.დიული ინტერესი - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად აღეძრა აღიარებითი სარჩელი და მიეღწია იმის აღიარებისათვის, რომ მოპასუხეები არიან მოვალე ი. ე-ის მემკვიდრეები, მიიღეს მისი დანაშთი სამკვიდრო საკუთრებაში და აუცილებელი იყო ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამრიგად, არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შ. ე-ემ, ნ. ე-ემ და ლ. ე-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

28. კასატორთა განმარტებით, მართალია პირველი ინსტანციის სასამართლოში მათ სარჩელი ცნეს, მაგრამ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პირის იძულებას საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით დაარეგისტრიროს ქონება. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მესამე მუხლი და უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან მხარეთა პოზიცია სარჩელის ცნობის შესახებ იმ შემთხვევაშია სასამართლოსათვის სავალდებულო, როდესაც იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. განსახილველ შემთხვევაში კი მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა, რაც გამოწვეულ იყო შეცდომით, არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან სარჩელი იმ შემთხვევაში შეიძლება დაკმაყოფილდეს, თუ მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია. მოსარჩელის მოთხოვნა კი სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის შესაბამისად ი.დიულად გაუმართლებელი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

29. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შ. ე-ის, ნ. ე-სა და ლ. ე-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

34. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შ. ე-ის, ნ. ე-სა და ლ. ე-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ. ე-ის, ნ. ე-სა და ლ. ე-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს შ. ე-ეს (პ/ნ: ...), ნ. ე-სა (პ/ნ: ...) და ლ. ე-ეს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეთ ლ. ე-ის მიერ 2015 წლის 17 მარტის №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე