№ას-224-211-2015 20 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. ა-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ბ-ი“(მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ. ბ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ა-ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
2. 2008 წლის 6 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა კრედიტი 3000 ლარის ოდენობით. მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არ დააბრუნა კრედიტი, რის გამოც, მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს კრედიტის ძირს - 2 8989.87 ლარს, პროცენტს - 2 626.15 ლარს და პირგასამტეხლოს - 3 845.6 ლარს, სულ 9 370.62 ლარს.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება დაირღვა არა 2011 წლის 27 მაისს, არამედ 2009 წელს. ვალდებულება თავისი ხასითიდან გამომდინარე იყო პერიოდულად შესასრულებელი, პერიოდულად შესასრულებლი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა კი იყო სამი წელი. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ანუ ხუთი წლის განმავლობაში მოსარჩელეს არავითარი პრეტენზია არ განუცხადებია მისთვის, ამიტომ მოპასუხის აზრით სარჩელი ხანდაზმული იყო.
4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით სს „თ. ბ-ის “ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „თ. ბ-მა“.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „თ. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. ა-ას დაეკისრა სს „თ. ბ-ის“ სასარგებლოდ 5 768.73 ლარის გადახდა.
7. სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. 2008 წლის 6 ივნისს, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა კრედიტი 3000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 33%-ით, ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა - საკრედიტო ლიმიტის 10 %-ით.
9. 2008 წლის 6 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის განაცხადის მიღების ბანკის მიერ დადასტურების მომენტიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით (ს.ფ. 36).
10. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „თ. ბ-ის” სარჩელი, სარჩელის შეტანამდე სამი წლის პერიოდზე არ არის ხანდაზმული, ხოლო 3 წლის წინა პერიოდის დავალიანებაზე ბანკის მოთხოვნა, ე. ა-ას მიმართ ხანდაზმულია.
11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტის თანხა მოპასუხე ე. ა-ას მიერ ათვისებული იქნა და საბანკო ანგარიშებზე ის პერიოდულად ახორციელებდა თანხის გადახდას და ვალის დაფარვას.
12. საქმეში განთავსებული საბანკო ამონაწერით პალატამ დაადგინა, რომ თ. ქარდის ანგარიშზე ე. ა-ას მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2010 წლის 25 ივნისს. გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენდა - 300 ლარს. (ს.ფ. 32).
13. ს.ფ. 51-ზე განთავსებული დავალიანების ცნობის თანახმად პალატამ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს კრედიტის ძირ თანხას - 2898.87 ლარს. ეს ფაქტობრივი გარემოება დგინდებოდა ასევე ს.ფ. 32-ზე განთავსებული მტკიცებულებით, რაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია.
14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა პროცენტიანი სესხის ხელშეკრულება, საპროცენტო განაკვეთი კი შეადგენდა წლიურ 33 %-ს. ე. ა-ას დავალიანება სს „თ. ბ-ის” წინაშე გადაუხდელი პროცენტის სახით, სარჩელის შეტანამდე ბოლო სამი წლის პერიოდზე შეადგენდა 2869,86 ლარს (2898.87 ლარის (სესხის ძირითადი თანხის) 33% (წლიური) = 956,62 ლარს. 956.62 X 3 წელზე = 2869,86 ლარს).
15. პალატამ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებს დათქმას, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევისათვის - პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე.
16. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-317, 319-ე მუხლებით, ასევე 867-868-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ 2008 წლის 6 ივნისს, მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი - თ. ქარდი 3000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 33%-ით, ყოველთვიურად დასაფარი მინიმალური თანხა ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 10% და წინა პერიოდში დარიცხული პროცენტი. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დამდეგი დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
18. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ე. ა-ას სს ,,თ. ბ-ის" სასარგებლოდ 2008 წლის 6 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენდა 5768,73 (საიდანაც ძირი თანხაა 2898,87 ლარი, პროცენტი 2869,86 ლარი).
19. სასამართლომ სს „თ. ბ-ის“ მოთხოვნა ე. ა-ას მიმართ ნაწილობრივ ხანდაზმულად მიიჩნია და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
20. განსახილველ შემთხვევაში პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 2008 წლის 6 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება 8.1. პუნქტით ძალაში შედის ამ ხელშეკრულების 1.2. პუნქტში აღნიშნული განაცხადის მიღების ბანკის მიერ დადასტურების მომენტიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
21. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად მიიჩნია აპელანტ სს ,,თ. ბ-ის” წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 2008 წლის 6 ივნისის ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით არის დადებული და მისი მოქმედება გრძელდება მანამ, სანამ ხელშეკრულება არ შეწყდება. შესაბამიად, მოთხოვნა სარჩელის წარდგენამდე სამი წლის პერიოდზე ხანდაზმული არ არის.
22. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებზე და განმარტა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულებით ვალდებულების შეუსრულებლობისა და სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლოსა და მისი ოდენობის თაობაზე დათქმა გაკეთებული არ არის, შესაბამისად, სს „თ. ბ-ის” მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა.
23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ე. ა-ამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
24. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. საჩივრის ავტორის აზრით, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება.
25. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამრიგად, სს „თ. ბ-ს“ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა პირველივე დარღვევისას, ანუ 2010 წლის 25 ივლისს. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მიუთითა, რომ სარჩელის წარდგენამდე სამი წლის პერიოდზე მოთხოვნა ხანდაზმული არ არის. სინამდვილეში კი სარჩელი წარდგენილია სასამართლოში 2014 წლის 3 მაისს, ანუ ხანდაზმულობის ვადის დამთავრების შემდეგ.
26. სააპელაციო პალატამ სს „თ. ბ-ის“ მოთხოვნა ე. ა-ას მიმართ ნაწილობრივ ხანდაზმულად მიიჩნია, მაგრამ აქვე არ მიუთითა, თუ რა ნაწილია ხანდაზმული და რა პერიოდიდან რა პერიოდამდე.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით ე. ა-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
28. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ა-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ #ას-1336-1176-2011, #ას-1005-966-2014).
33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. ა-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% –210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე. ა-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ე. ა-ას (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 11 თებერვალს №54 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე