№ას-264-252-2015 20 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ს. ტ. ს-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ს. ტ. ს-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ მიმართ ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
2. შპს „ს. ტ. ს-მა“ შპს „ს-თან“ გაფორმებული გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის იანვარ-მარტში, განახორციელა ავტოსატრანსპორტო საშუალებით რუსეთიდან ქ. თბილისში ტვირთის გადაზიდვა. მომსახურების ღირებულება შეადგენს 12 114.36 ლარს. მოპასუხემ თანხის ნაწილი გადაიხადა, დარჩენილი ნაწილის გადახდაზე კი უარს აცხადებს.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება ტვირთის გადაზიდვის შესახებ არ არსებობს და შპს „ს-ს“ მოსარჩელის მიმართ ვალდებულებები არ აქვს. სარჩელზე დართული ზედნადების მიხედვით, შემკვეთი და მიმღები რუსეთში არსებული კომპანიაა, ხოლო ტვირთის მიმღებია თბილისის ცირკი. „ს-ი“ არასათანადო მოპასუხეა.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ს. ტ. ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: შპს „ს-ის“ შპს „ს. ტ. ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 7301.80 ლარის გადახდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ს-ის“ საპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ს. ტ. ს-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ს. ტ. ს-ს“ და ი/მ „მ. ს-ს” შორის 2011 წლის 1 ივნისს გაფორმდა ტვირთების საავტომობილო გადაზიდვის ხელშეკრულება, ხოლო 2013 წლის 3 იანვარს, გენერალური ხელშეკრულება ტვირთების გადაზიდვების შესახებ. აღნიშნულ გარემოებას არ დაეთანხმა მოპასუხე და სააპელაციო საჩივარშიც სადავოდ გახადა სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მხარეთა შორის ტვირთების საავტომობილო გადაზიდვის შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობა, ვინაიდან, მოპასუხის განმარტებით, საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ამ ურთიერთობის დამადასტურებელი მტკიცებულების (ხელშეკრულების) დედნები.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლზე, რომლის თანახმად, წერილობითი მტკიცებულება, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს დედნის სახით. თუ წარდგენილია საბუთის ასლი, სასამართლოს, მხარეთა შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია მოითხოვოს დედნის წარდგენა. პირი შეიძლება განთავისუფლდეს დედნის წარდგენისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებს, რომ ასეთი საბუთის წარდგენა გარკვეული მიზეზით, რომელსაც სასამართლო საფუძვლიანად მიიჩნევს, შეუძლებელია. საბუთის ასლისათვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მინიჭება დამოკიდებულია სასამართლოს შეხედულებაზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს პრინციპი, რომ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. სამართალწარმოებაში მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის ნაწილდება თანაბრად. მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის მტკიცებას კანონმდებელი იმ მხარეს ავალებს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილია.
8. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში 2013 წლის იანვარ-მარტში, რუსეთიდან ქ. თბილისში ტვირთის გადაზიდვის შესახებ გარემოება, რომლის დასადასტურებლადაც შპს „ს. ტ. ს-მა“ მიუთითა შპს „ს-თან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, მოსარჩელის მიერ წარდგენილი იქნა ქსეროასლის სახით, რაც სადავო გახადა მოპასუხემ, ხოლო მოსარჩელეს ამ ხელშეკრულების დედნის წარუდგენლობის რაიმე საპატიო მიზეზი არ მიუთითებია.
9. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე სადავოდ ხდის მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის შესახებ გარემოებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსარჩელის მიერ საქმეში მტკიცებულებების სახით წარმოდგენილი დოკუმენტების ასლების იურიდიული ძალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლით დადგენილი წესით არ შეუფასებია.
10. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ საქმეზე წარმოდგენილ ე.წ. „ზაიავკებში“ მითითებულია, რომ შპს „ს-მა“ წამოიღო ტვირთი ქ. მოსკოვიდან და ჩამოიტანა საქართველოში, ხოლო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით კი დასტურდება, რომ დატვირთვა განხორციელდა ქ. კისლავოდსკში. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქ. მოსკოვიდან ქ. კისლავოდსკის მიმართულებით განხორციელებული გადაზიდვის დროს შედგენილ იქნა ზედნადები, თუმცა მითითებული ზედნადები მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
11. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 672-ე და 673-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემული ნორმების შესაბამისად შედგენილი ზედნადები, რომელიც დაადასტურებდა ხელშეკრულების არსებობის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ იყო.
12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოცემული ნორმების დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი).
13. პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე ხორციელდება, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
14. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სადავოდ გახადა საქმეში განთავსებული მტკიცებულებების (შპს „ს-ის“ 2013 წლის 6 მარტის განაცხადი შპს „ს. ტ. ს-მი“, N105-ე განაცხადი ი/მ მ. ს-ის მიმართ „ინვოისი“, რომლითაც შპს „ს-ს“ ერიცხება დავალიანება შპს „ს. ტ. ს-ის“ მიმართ, ასევე ანგარიშის ბარათი, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხის დაკვეთით რუსეთიდან განახორციელა ორი გადაზიდვა) ავთენტურობის საკითხი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლზე დაყრდნობით მოითხოვა მითითებული მტკიცებულებების დედნის სახით წარმოდგენა სასამართლოში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოთ მითითებული მტკიცებულებები მოკლებულია დამაჯერებლობას და არ უნდა იქნეს გაზიარებული.
15. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ ვინაიდან მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოებდა ზეპირად, კომპიუტერის მეშვეობით (სკაიპით), დოკუმენტების დედანი არ არსებობდა. სააპელაციო პალატის აზრით, საქალაქო სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა მოსარჩელის აღნიშნული არგუმენტები შესაბამისი მტკიცებულებების არარსებობის გამო. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის 11-ლი ნაწილით, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების ძალა გააჩნია „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ციფრული ხელმოწერით დადასტურებულ ან/და დამოწმებულ ელექტრონულ დოკუმენტს, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
16. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შპს „ს. ტ. ს-მა“ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
17. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ შეაფასა ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად. სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია მოპასუხის განცხადება უტყუარად, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება არასწორად.
18. საქმეს მტკიცებულების სახით ერთვის შპს „ს-ის“ 2013 წლის 6 მარტის განაცხადი შპს „ს. ტ. ს-მი“ ტვირთის გადაზიდვის მოთხოვნით; საქმეში განთავსებულია შპს „ს. ტ. ს-ის“ განაცხადი №105 ინდ მეწარმე „მ. ს-ის“ მიმართ, რომლითაც ის მ. ს-ს სთხოვს იმ ტვირთის და იმ პირობებით გადაზიდვას, რაც მითითებულია შპს „ს. ტ. ს-ის“ განაცხადში; გადაზიდვის განაცხადში მითითებული პირობებით გადაზიდვის ფაქტს ადასტურებს საქმის ფურცელი 26-27-ზე განთავსებული საერთაშირისო სასაქონლო სატ.ო ზედნადები, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ რომ ინდ. მეწარმე „მ. ს-ის“ მიერ რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში გადმოიზიდა ის დასახელებული ტვირთი, რაც მითითებული იყო შპს „ს.“ განაცხადში.
19. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ერთობლიობაში უნდა განეხილა მხარეთა შორის 2013 წლის 3 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება ტვირთის გადაზიდვის შესახებ, რომელიც წარმოებდა ზეპირად კომპიუტერის მეშვეობით, რის გამოც დოკუმენტის დედანი არ არსებობს. აღნიშნული ხელშეკრულებით დასტურდება ტვირთის გადაზიდვის ფაქტი, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ ინდ. მეწარმე მ. ს-ის მეშვეობით მოპასუხის დაკვეთით განახორციელა რუსეთიდან ქ. თბილისში ტვირთის გადმოზიდვა, შესაბამისად შპს „ს-ი“ ვალდებულია გადაიხადოს გადაზიდვის ღირებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს. ტ. ს-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
23. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
25. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. ტ. ს-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 367 ლარის 70% – 256,9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ს. ტ. ს-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს, შპს „ს. ტ. ს-ს" (ს/კ: ...) დაუბრუნდეს მ. ო-ის (პ/ნ: ...) მიერ 2015 წლის 23 თებერვალს №2 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 367 ლარის 70% – 256,9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე