Facebook Twitter

საქმე №ას-905-855-2015 13 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნ.ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ო. ჩ-ი +“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინება ნაწილობრივ და ამავე სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ო.ჩ-ი +“-მა სარჩელი აღძრა ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა: ა) ქუთაისის მერიის მიერ შპს „ო.ჩ-ი +“-ის აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე ნაკლიანი უფლების ნაკლის გამოსწორება; ბ) შპს „ო.ჩ-ი +“-ის აღნაგობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთით ჯეროვნად სარგებლობისათვის მერიის მიზანმიმართული ხელშეშლის აღკვეთა - წარდგენილი პროექტის დამტკიცების სახით; გ) შპს „ო.ჩ-ი +“-ის ქუთაისის მერიის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და ზიანის ანაზღაურების სახით გადახდილი აღნაგობის ქირის საფასურის ჩათვლა პროექტის დამტკიცების შემდგომ წლებში გადასახდელ აღნაგობის ქირაში; დ) ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 თებერვლის №222 ბრძანების ბათილად ცნობა და ამ ბრძანების საფუძველზე ჩამორთმეული აღნაგობის უფლების აღდგენა. ამასთან მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 13 თებერვლის №223 ბრძანების მოქმედების შეჩერება და მოპასუხისათვის ქმედების განხორციელების აკრძალვა, კერძოდ: ქ. ქუთაისში, ც-ა ქუჩა №… და №…-ში მდებარე მიწის ნაკვეთების გასხვისების, აღნაგობის უფლებით გადაცემის, ან რაიმე სხვაგვარი სანივთო უფლებით დატვირთვის აკრძალვა.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 აპრილის განჩინებით შპს „ო.ჩ-ი +“-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც საჩივრით გაასაჩივრა შპს „ო.ჩ-ი +“-მა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განჩინებით შპს „ო.ჩ-ი +“-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 9 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმე #3/ბ-236-2015 შპს „ო.ჩ-ი +“-ის სარჩელის გამო ქ. თბილისის მერიის მიმართ, განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით შპს „ო.ჩ-ი +“-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 აპრილის განჩინება ნაწილობრივ; შპს „ო.ჩ-ი +“-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: აეკრძალა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას აღნაგობის საგნის: ქ. ქუთაისში, ც-ა ქუჩა #.. და #....-ში (ს/კ.... და ს/კ .....) მდებარე მიწის ნაკვეთების გასხვისება, აღნაგობის უფლებით გადაცემა, ან რაიმე სხვაგვარი სანივთო უფლებით დატვირთვა; დაევალა შპს „ო.ჩ-ი +“-ის დირექტორს, სარჩელის უზრუნველყოფის გამო ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე სს „ბანკი რესპუბლიკის“ ცენტრალურ ფილიალში ბანკის BIC კოდი: REPLGE 22, მიმღების IBAN ანგარიშის #....) – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის შეტანა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში და ამავე ვადაში თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში; განემარტა შპს „ო.ჩ-ი +“-ის დირექტორს ნ.კ-ს, რომ განჩინებით დადგენილ ვადაში თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე გადაუხდელობისა და სასამართლოსთვის შეტანის დამადასტურებელი საბუთის წარუდგენლობის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ აღნიშნული განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდებოდა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის აღნაგობის საგნის: ქ. ქუთაისში, ც-ა ქუჩა #...-ში და #....-ში (სკ ...... და ს/კ ......) მდებარე მიწის ნაკვეთების გასხვისების, აღნაგობის უფლებით გადაცემის ან რაიმე სხვაგვარი სანივთო უფლებით დატვირთვის აკრძალვა.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. შპს „ო.ჩ-ი +“-ის დირექტორის ნ.კ-ს სახელზე გაგზავნილი 2015 წლის 10 ივლისის განჩინება გადასაცემად ჩაბარდა ორგანიზაციის თანამშრომელს თ. ნ-ს 2015 წლის 13 ივლისს.

9. საქართველოს იუსტიციის საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განსათავსებლად კანონით დადგენილი 7 დღიანი ვადა შპს „ო.ჩ-ი +“-ს ამოეწურა 2015 წლის 20 ივლისს.

10. შპს „ო.ჩ-ი +“-ს სააპელაციო პალატისთვის არ წარმოუდგენია 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით განსაზღვრული თანხის - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის შესაბამის ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი.

11. 2015 წლის 23 ივლისს, შპს „ო.ჩ-ი +“-ის დირექტორმა ნ.კ-მ სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ მითითებული თანხა შპს „ო.ჩ-ი +“-ის მიერ არ განთავსებულა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე.

12. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინება ნაწილობრივ, ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განჩინება სრულად გაასაჩივრა შპს „ო.ჩ-ი +“-მა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

14. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებები არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ, სასამართლოს არ დაუსაბუთებია, საიდან შეიძლება წარმოიშვას ზიანის საფრთხე, რის საფუძველზე განისაზღვრა სავარაუდო ზიანი 50 000 ლარის ოდენობით და რა ოდენობის და რა სახის ზიანი შეიძლება მიადგეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას მის მიმართ სარჩელის უზურნველყოფის ღონისძიების გამოყენებით. აგრეთვე საჩივრის ავტორის აზრით, საზოგადოებისათვის, რომლის აქტივი მხოლოდ უფუნქციო, დაუსრულებელი შენობა-ნაგებობაა, რომლის არც მშენებლობის პროექტის დოკუმტაცია არსებობს, არც ექსპლუატაციაშია მიღებული, მხოლოდ იმის გამო, რომ მოპასუხემ არც ადმინისტრაციული დაპირება შეასრულა და არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოსთხოვო 50 000 ლარის დეპოზიტზე შეტანა ნამდვილად არასამართლიანია და არღვევს ისეთ პრინციპს, როგორიცაა თანასწორობის პრინციპი.

15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 31 აგვისტოს განჩინებით შპს „ო.ჩ-ი +“-ის საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და „ო.ჩ-ი +“-ის საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

17. დადგენილია, რომ საჩივრით სადავოდაა გამხდარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ნაწილობრივ და ამავე სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განჩინება აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე.

18. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განჩინების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგს:

19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 აპრილის განჩინებით შპს „ო.ჩ-ი +“-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 2. ს.ფ. 62-66), რაც საჩივრით გაასაჩივრა შპს „ო.ჩ-ი +-“მა და მოითხოვა ქ. ქუთაისის მერიის 2015 წლის 13 თებერვლის #223 ბრძანების მოქმედების შეჩერება და ქუთაისის მერიისათვის აღნაგობის საგნის (ქ. ქუთაისში, ც-ა ქუჩა #... და #...-ში მდებარე მიწის ნაკვეთების) გასხვისების, აღნაგობის უფლებით გადაცემის, ან რაიმე სხვაგვარი სანივთო უფლებით დატვირთვის აკრძალვა (იხ. ტ. 2. ს.ფ. 79-83).

20. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განჩინებით შპს „ო.ჩ-ი +“-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 181-186)

21. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით შპს „ო.ჩ-ი +“-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 4 აპრილის განჩინება; შპს „ო.ჩ-ი +“-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: აეკრძალა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას აღნაგობის საგნის: ქ. ქუთაისში, ც-ა ქუჩა #... და #..-ში მდებარე მიწის ნაკვეთების გასხვისება, აღნაგობის უფლებით გადაცემა, ან რაიმე სხვაგვარი სანივთო უფლებით დატვირთვა. ამავე განჩინებით შპს „ო.ჩ-ი +“-ს სარჩელის უზრუნველყოფის გამო დაევალა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის შეტანა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში და ამავე ვადაში თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (იხ. ტ. 2. ს.ფ. 214-221);

22. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლზე, რომლითაც მოწესრიგებულია უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრის განხილვის პროცედურები. კერძოდ, 1971 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამდენად, უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საჩივრებზე საპროცესო კანონი ითვალისწინებს ორი ინსტანციის წესით საქმის განხილვის შესაძლებლობას, რაც ნიშნავს იმას, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია 1971 მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც მითითებას აკეთებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლზე, სადაც ერთმნიშვნელოვანი დათქმაა ზემდგომი სასამართლოს განჩინებით საქმის განხილვის დასრულებაზე (419-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

23. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების კანონიერებაზე საჩივრის ფარგლებში იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ, როგორც ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ და მიიღო 2015 წლის 10 ივლისის განჩინება. შესაბამისად, აღნიშნული განჩინება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ, ზემდგომი სასამართლოს განჩნებას, რომლის კანონიერების შემოწმების საკითხის განხილვაში შეუძლებელია რაიმე ფორმით შევიდეს საკასაციო სასამართლო.

24. რაც შეეხება საპასუხო უზრუნველყოფის განუხორციელებლობის გამო სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 ივლისის განჩინების კანონიერებას, საკასაციო პალატა აღნიშნავს შემდეგს:

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია 7 დღის ვადაში განახორციელოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყოვნებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რაც გასაჩივრდება საჩივრით.

26. დადგენილია და სადავოდ არ არის გამხდარი ის გარემოება, რომ შპს „ო.ჩ-ი +“-ს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით დაკისრებული თანხა (50 000 ლარი) სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ გადაუხდია. შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (იხ. ტ. 2. ს.ფ. 227-230).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან კანონით დადგენილ და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 7 დღიან ვადაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შპს „ო.ჩ-ი +“-მა არ ჩარიცხა უზრუნველყოფის გარანტია (50 000 ლარი) არსებობდა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

28. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინების გაუქმების საფუძველი, ხოლო შპს „ო.ჩ-ი +“-ის საჩივარი ამავე სასამართლოს 2015 წლის 10 ივლისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ო.ჩ-ი +“-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 ივლისის განჩინების ნაწილობრივ გაუქმების ნაწილში დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ო.ჩ-ი +“-ის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე