საქმე №ას-915-865-2015 10 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. კ-ის წარმომადგენელი ს. ჩ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. თ-ე, თ. დ-ა (მოსარჩელეები) მ. თ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლ. თ-ემ და თ. დ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ. თ-სა და მ. კ-ის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.
2. მოპასუხე მ. თ-ემ სარჩელი ცნო, ხოლო მოპასუხე მ. კ-მა სარჩელი არ ცნო.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ლ. თ-სა და თ. დ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: გათავისუფლდა ყადაღისაგან იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 21 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით დაყადაღებული ქონება.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და ამავე სასამართლოს 2015 წლის 24 ივნისის განჩინებით საქმეზე დაინიშნა მთავარი სხდომა 2015 წლის 6 ივლისს, 10:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელს, ს.ჩ-ს სხდომის თაობაზე ტელეფონოგრამის მეშვეობით ეცნობა 2015 წლის 30 ივნისს, ხოლო დანარჩენმა მხარეებმა უარი განაცხადეს სასამართლო უწყების ჩაბარებაზე. პალატამ ასევე დაადგინა, რომ მთავარ სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსთვის.
7. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, 231-ე მუხლით და განმარტა, რომ ვინაიდან მხარეთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა დადასტურებული არ იყო, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. კ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. 2015 წლის 6 ივლისს დაახლოებით 09:30 საათზე იგი დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა, რომ სასამართლო სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა ავადმყოფობის გამო. იმავე დღეს მან თანაშემწეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაუგზავნა განცხადება, თუმცა მოსამართლემ მაინც მიიღო გადაწყვეტილება მ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რაც, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, უკანონოა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის წარმომადგენლის ს. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს აპელანტის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის შემდეგ გარემოებებს:
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2015 წლის 6 ივლისს, 10:00 საათზე. აღნიშნულის თაობაზე აპელანტის წარმომადგენელს, ს. ჩ-ს ეცნობა ტელეფონოგრამის მეშვეობით 2015 წლის 30 ივნისს, ხოლო დანარჩენმა მხარეებმა უარი განაცხადეს სასამართლო უწყების ჩაბარებაზე (იხ. ს.ფ. 119, 121, 125).
14. დადგენილია ასევე, რომ 2015 წლის წლის 6 ივლისს გამართულ მთავარ სასამართლო სხდომაზე პროცესის მონაწილე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებიათ სასამართლოსთვის.
15. კერძო საჩივრით აპელანტ მ. კ-ის წარმომადგენელი ს. ჩ-ი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. აღნიშნულის დასადასტურებლად კერძო საჩივარს თან ერთვის ამონაწერი ს. ჩ-ის ელექტრონული ფოსტის საფოსტო გზავნილების ისტორიიდან, ს. ჩ-ის მიერ 2015 წლის 6 ივლისით დათარიღებული განცხადება სასამართლო სხდომის გადადების მოთხოვნით და 2015 წლის 13 ივლისს გაცემული სამედიცინო ცნობა ს. ჩ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამავე დროს კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ იგი 2015 წლის 6 ივლისს დაახლოებით 09:30 საათზე ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და შეატყობინა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე.
16. კერძო საჩივრის ავტორის ამ არგუმენტების შეფასების მიზნით საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:
17. სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება) უნდა გაუქმდეს, თუმცა ამ მუხლის ჩამონათვალი არ არის ამომწურავი და გამოუცხადებელ მხარეს შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძველი გახდა.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ კერძო საჩივარში მითითებული გარემოებანი საქმის განხილვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ისეთი გარემოება, რომელიც 2015 წლის 6 ივლისის სასამართლო პროცესზე ს. ჩ-ის გამოუცხადებლობას ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა. კერძოდ, საჩივარზე დართულია ამონაწერი ს. ჩ-ის ელექტრონული ფოსტის საფოსტო გზავნილების ისტორიიდან, რომლის შეფასების შედეგად საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ს. ჩ-ის მიერ გაიგზავნა განცხადება დანიშნული სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე 2015 წლის 7 ივლისს 7:23 საათზე. მოცემულ განცხადებაში მითითებულია, რომ მ. კ-ის ინტერესების დამცველი ს. ჩ-ი სასამართლო სხდომაზე ვერ ახერხებდა გამოცხადებას ავადმყოფობის გამო. აღნიშნულის დამადასტურებელ ცნობას კი იგი წარმოადგენდა შემდგომ სასამართლო სხდომაზე (იხ. ს.ფ. 148-1481).
21. აღნიშნული დოკუმენტების შეფასებისას საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგს:
22. კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
23. დადგენილია, რომ მ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2015 წლის 6 ივლისს 10:00 საათზე. კერძო საჩივარზე მხარის მიერ დართული ამონაწერით ელექტრონული საფოსტო გზავნილების ისტორიიდან კი ირკვევა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა, ს. ჩ-მა განცხადება ზემოაღნიშნული სასამართლო სხდომის გადადების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გააგზავნა მეორე დღეს, 7:23 საათზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მან სასამართლო სხდომამდე, წინასწარ აცნობა სასამართლოს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას, რომ იგი სასამართლო სხდომამდე ნახევარი საათით ადრე ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს და აცნობა სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. აღნიშნული არგუმენტი დაუსაბუთებელია და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის. კერძო საჩივარზე დართული დოკუმენტებით კი დასტურდება, რომ სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე განცხადება-შუამდგომლობა ს. ჩ-მა სასამართლოში გააგზავნა მეორე დღეს, 7:23 საათზე, რაც არ აძლევდა საშუალებას სასამართლოს ემსჯელა მოცემული განცხადების საფუძვლიანობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მხარის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელ მტკიცებულებად ასევე ვერ მიიჩნევს კერძო საჩივარზე დართულ ცნობას ს. ჩ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული სამედიცინო დოკუმენტაცია არ ადასტურებს საქმის განხილვის დღეს აპელანტის წარმომადგენლის ისეთი ავადმყოფობის ფაქტს, რაც მხარეს თავისი საპროცესო მოვალეობის შესრულებაში ხელს შეუშლიდა.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის შეუძლებლობაზე. კერძო საჩივარზე დართული სს „ს.კ.ე-ის“ მიერ გაცემულ ცნობაში კი აღნიშნულია, რომ პაციენტ ს. ჩ-ის დიაგნოზია კვანძოვანი ჩიყვი, დიაბეტი ტიპი 2, დისლიპიდემია სიმსუქნე; ამავე ცნობით დასტურდება, რომ პაციენტმა გაიარა ოჯახის ექიმის, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ჩაუტარდა გარკვეული სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევები და დაენიშნა მკურნალობა, დაავადების მიმდინარეობა არის ქრონიკული (იხ. ს.ფ. 149). მასში არსადაა მითითებული სასამართლო სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ.
27. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ შეუძლებელი იყო მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადება ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს ინფორმირება.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. კ-ის წარმომადგენლის, ს. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 ივლისის საოქმო განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე