Facebook Twitter

საქმე №ას-998-942-2015 17 ნოემბერი, 2015 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. ტ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ძ.ბ-ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. ტ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ძ.ბ-ის" მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმში, გ....ს №....-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე არსებული იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მოსარჩელესა და შპს „ძ.ბ-ს“ შორის 2013 წლის 8 თებერვალს დადებული შეთანხმების 1.7. პუნქტის ბათილად ცნობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემის ვადის დარღვევის, ასევე შეთანხმებული ქირის გადაუხდელობის გამო მოპასუხისათვის 7 756.34 აშშ დოლარის, ხელშეკრულებით გადაცემული მიწის დაზუსტებულ და თავდაპირველ მონაცემებს შორის არსებული სხვაობის ღირებულების – 37 540.5 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე დაკისრებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით მისი ამოღება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ტ-ის მოთხოვნა 2013 წლის 8 თებერვლის შეთანხმების 1.7. პუნქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ. ტ-ის მოთხოვნა 7756.34 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; გ. ტ-ის მოთხოვნა 37 540.5 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ტ-მა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის განჩინებით გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან (2015 წლის 13 თებერვლიდან) დღემდე სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადა დაინიშნა ოთხჯერ, თუმცა უშედეგოდ. აპელანტის თხოვნით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ სამჯერ გააგრძელა საპროცესო ვადა. აპელანტმა მეოთხედ კვლავ მოითხოვა ამ ვადის გაგრძელება, თანაც დაუსაბუთებლად, ზოგადი მითითებით, რომ თანხის მოსაძიებლად სჭირდებოდა დამატებითი დრო.

7. პალატის განმარტებით, მართალია 2015 წლის 27 აპრილის განცხადებით აპელანტმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსო (3944.31 ლარიდან გადაიხადა 200 ლარი), თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის (2014 წლის 26 დეკემბერი), აგრეთვე სააპელაციო საჩივრის უშუალოდ სააპელაციო სასამართლოში შემოსვლის მომენტიდან გასული ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით, ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის შემდგომი გაგრძელება დაუსაბუთებელი და მიზანშეუწონელია, რადგან აპელანტს გააჩნდა საკმარისი დრო ხარვეზის სრულად შევსებისათვის. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ 2015 წლის 27 აპრილის განცხადებით აპელანტი ითხოვდა დამატებით 10 დღის ვადის დანიშვნას, ხარვეზის სრულად შევსებისათვის. 2015 წლის 27 აპრილიდან დღემდე კი გასულია 79 დღე.

8. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლოს მიერ თითოეული ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, რომელიც ეფუძნება მიზანშეწონილობას, თანაბრად უნდა იქნეს გათვალისწინებული ორივე მხარის ინტერესი, რათა დაცული იქნეს სამართლიანი ბალანსი ერთი მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებით გამოწვეულ სარგებელსა და მოწინააღმდეგე მხარის ინტერესის შეზღუდვას შორის. სხვა სიტყვებით, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება სასამართლოს ვალდებულება არაა. ასეთი გადაწყვეტილება აპელანტის სასარგებლოა, თუმცა მოწინააღმდეგე მხარის საზიანოც, რადგან მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ გამოტანილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა გარკვეული დროის მანძილზე არ ხდება და სამართალწარმოება ჭიანურდება. მით უფრო გაუმართლებელია საპროცესო ვადის გაგრძელება მაშინ, თუ აპელანტის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. ამასთან, პალატამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ამ საქმეზე გამოყენებული იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც, რომლის მოქმედება ასევე ზღუდავდა მოპასუხე შპს ,,ძ.ბ-ის” უფლებებს.

9. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია საპროცესო ვადის შემდგომი გაგრძელება აპელანტის დაუსაბუთებელი შუამდგომლობის საფუძველზე და განუხილველად დატოვა გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი.

10. პალატამ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლით და, შესაბამისად, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ტ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, აპელანტს გააჩნია საკმაოდ დიდი ინტერესი აღნიშნული საქმის მიმართ, თუმცა მატერიალური პრობლემების გამო ვერ ახერხებდა ბაჟის გადახდას. სასამართლოს ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს მოქალაქის სამართლიანი სასამართლოს უფლება და მხოლოდ იმიტომ, რომ იგი სახელმწიფო ბაჟის დროულად გადახდას ვერ ახერხებს, არ უნდა დატოვოს მართმსაჯულების მიღმა. საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოს კიდევ ერთხელ უნდა მიეცა შესაძლებლობა და გაეგრძელებინა აპელანტისთვის საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ტ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და აპელანტს დაევალა 7 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 3944.31 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით შედგენილი სააპელაციო საჩივარი, სადაც მითითებული იქნებოდა, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით (იხ. ს.ფ. 115-117).

16. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში 2015 წლის 2 მარტს აპელანტ გ. ტ-ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის 7 დღით გაგრძელება (იხ. ს.ფ. 123), რაც 2015 წლის 4 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა, აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა 7 დღით (იხ. ს.ფ. 126-127).

17. 2015 წლის 17 მარტს აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი, ამავე დროს იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად კი მიუთითა, რომ იგი იყო უმუშევარი, ჰყავდა მეუღლე, ერთი მცირეწლოვანი შვილი და არასრულწლოვანი გერი. ოჯახში ერთადერთი დასაქმებული იყო მეუღლე, რომლის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 1152 ლარს. ამასთან, ოჯახი ყოველთვიურად ბანკში იხდიდა კრედიტს 611,34 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც აღემატებოდა მათ ყოველთვიურ შემოსავალს (იხ. ს.ფ. 141-148; 149-184).

18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით გ. ტ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა 2015 წლის 16 თებერვლის და 4 მარტის განჩინებებით დანიშნული საპროცესო ვადა კიდევ 5 დღით (იხ. ს.ფ. 101-103).

19. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით გ. ტ-ის მიერ განმეორებით წარდგენილი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე კვლავ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა 2015 წლის 16 თებერვლის, 4 მარტისა და 23 მარტის განჩინებებით დანიშნული საპროცესო ვადა კიდევ 5 დღით (იხ. ს.ფ. 143-145).

20. 2015 წლის 29 აპრილს აპელანტმა სასამართლოში წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ, რომელსაც დაურთო 200 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და კვლავ მოითხოვა ხარვეზის სრულად შევსებისთვის დაწესებული საპროცესო ვადის კიდევ 10 დღით გაგრძელება (იხ.ს ფ. 270-271), რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი (იხ. ს.ფ. 274-277).

21. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა გ. ტ-ის მძიმე მატერიალური მდგომარეობა და კიდევ ერთხელ უნდა გაეგრძელებინა აპელანტისთვის საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით, დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქო სამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სამართლებრივი მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე, მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს მხარის ხელმისაწვდომობის უფლებას. ამასთან, კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში, კერძოდ, შუამდგომლობის ავტორი მხარე ვალდებულია, სასამართლოს წინაშე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა, რათა სასამართლოს გაუჩნდეს მყარი შინაგანი რწმენა, რომ მხარეს არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი და სწორედ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოუყენებლობა გამოიწვევს სადავოდ მიჩნეული უფლების სასამართლოს წესით დაცვის რეალიზების შეზღუდვას მოდავე მხარის მიმართ.

24. განსახილველ შემთხვევაში, მხარე მძიმე ქონებრივ მდგომარეობას ასაბუთებს იმით, რომ არის უმუშევარი, ჰყავს მეუღლე, ერთი მცირეწლოვანი შვილი და არასრულწლოვანი გერი. ოჯახში ერთადერთი დასაქმებულია მისი მეუღლე, რომლის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 1152 ლარს. ამასთან, ოჯახი ყოველთვიურად ბანკში იხდის კრედიტს 611,34 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც აღემატება მათ ყოველთვიურ შემოსავალს. თუმცა აღნიშნული ფაქტების უტყუარად დადგენილად მიჩნევისათვის მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები: შვილების დაბადების მოწმობის ასლები, ქორწინების მოწმობა, ცნობა მეუღლის სახელფასო ანაზღაურების შესახებ და საკრედიტო ხელშეკრულებები საკმარისს არ წარმოადგენს, ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები პირისათვის კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლის მიღებისა თუ ქონებრივი აქტივის ქონის შესაძლებლობის ფაქტს არ გამორიცხავს. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა მიჩნეული ზემოთაღნიშნული დოკუმენტები აპელანტის გადახდისუუნარობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებებად.

25. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ყოველი უფლება, მათ შორის, საპროცესო სამართლებრივი, გამოყენებული უნდა იქნეს მართლზომიერად და კეთილსინდისიერად, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებით არ უნდა დაირღვეს მეორე მხარის უფლება. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ ვადა გაგრძელებულ უნდა იქნეს დაუსრულებლად. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა რა ხარვეზი, შემდეგ გონივრული ვადით არაერთხელ გაუგრძელდა. კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის არაერთხელ გაგრძელება წარმოადგენს არა მხოლოდ შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევას, რითაც მოწინააღმდეგე მხარის ინტერესები ილახება, არამედ პროცესის გაჭიანურებასაც, რაც სასამართლოს მიერ საქმის განხილვისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის წინაპირობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო, აპელანტისათვის კვლავ გაეგრძელებინა საპროცესო ვადა.

26. უსაფუძვლოა ასევე კერძო საჩივრის ავტორის განცხადება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მას შეეზღუდა სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება.

27. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრულია, რომ სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

29. ის გარემოება, რომ კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს მითითებული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობას, არ არის აბსოლუტური და წარმოადგენს უკიდურეს შემთხვევას, როდესაც სასამართლო მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი შესწავლის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ სავალდებულოა გამოიყენოს საგამონაკლისო ნორმა მხარის მიმართ.

30. თავის მხრივ, სასამართლო საქმეს იხილავს მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით და ამა თუ იმ მხარის მიმართ რაიმე შეღავათის გავრცელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას მეორე მხარის ინტერესები. სასამართლომ მხარეთა ინტერესებისა და განსახილველი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ბალანსის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს მითითებული საკითხი, რათა დაუსაბუთებლად არ შეილახოს მეორე მხარის უფლებები.

31. საკასაციო პალატა ამ მიმართებით ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ ბაჟის გონივრულობა უნდა განიხილებოდეს საქმეში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც მოიცავს აპლიკანტის გადახდისუნარიანობას, ასევე განხილვის სტადიას, რა დროსაც ასეთი შეზღუდვა წარმოიშვა (see Kreuz, cited above, §§ 58 and 60). უფრო მეტიც, სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია მხოლოდ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, თუკი ეს ისახავს ლეგიტიმურ მიზნებს და თუკი არსებობს გონივრული ურთიერთკავშირი გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზნებს შორის (Weissman and Others, cited above, § 36) (იხ. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ).

32. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან მხარეს მისი ქონებრივი მდგომარეობა უტყუარად არ დაუდასტურებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ტ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ტ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე