Facebook Twitter

საქმე №ას-998-942-2015 19 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ძ-.ბ-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ტ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. ტ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ძ-.ბ-ის“ მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმში, გ-ის ქ. №...-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე არსებული იპოთეკის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე მოსარჩელესა და შპს „ძ. ბ.ს“ შორის 2013 წლის 8 თებერვალს დადებული შეთანხმების 1.7. პუნქტის ბათილად ცნობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების გადაცემის ვადის დარღვევის, ასევე შეთანხმებული ქირის გადაუხდელობის გამო მოპასუხისათვის 7 756.34 აშშ დოლარის, ხელშეკრულებით გადაცემული მიწის დაზუსტებულ და თავდაპირველ მონაცემებს შორის არსებული სხვაობის ღირებულების - 37 540.5 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე დაკისრებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით მისი ამოღება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. ამასთან, განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, მოპასუხის უძრავ ქონებაზე (მდებარე ქ. ბათუმში, გ-ს ქ. #.., ბინა #..) იძულებითი იპოთეკის გამოყენება; ასევე, კონკრეტული უძრავი ქონების მოპასუხის მიერ განკარგვის შემთხვევაში, შესაძლო შემძენის დავალდებულება, ნასყიდობის ფასის ნაწილი, დავის საგნის ღირებულებისა და საპროცესო ხარჯების გათვალისწინებით, შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც სააპელაციო პალატის 2015 წლის 11 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძლით, რომ საჯარო რეესტრში გ. ტ-ის სასარგებლოდ რეგისტრირებული იყო როგორც იპოთეკა (რომლის რეგისტრაციის გაუქმებაც საჯარო რეესტრს აკრძალული ჰქონდა), ასევე ყადაღა (რომელიც მესაკუთრე შპს „ძ.ბ-ს“ უკრძალავდა ნებისმიერი ფორმით ქონების განკარგვას). საქმეში არ იყო წარმოდგენილი ამ ღონისძიებათა გაუქმების დამადასტურებელი განჩინება, რაც გამორიცხავდა საფრთხის არსებობას, რომ გ.ტ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება რაიმე ფორმით დაბრკოლდება. გარდა ამისა, გ. ტ-ს არც სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზი ჰქონია გამოსწორებული.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საჩივარი შეიტანა გ. ტ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით გ.ტ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ტ-ის მოთხოვნა იძულებითი იპოთეკის გამოყენების თაობაზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: 45 296.84 აშშ დოლარის გადახდევინების თაობაზე გ. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „ძ-.ბ-ის“ კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქ ბათუმში, გ-ის ქ. №...-ში (საკადასტრო კოდით #....) და იპოთეკა აღირიცხა საჯარო რეესტრში, დანარჩენ ნაწილში საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის შესაბამისად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგი დასაბუთებით:

7. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მოსარჩელის სადავოდ გამხდარი უფლება-ინტერესის დროებითი, წინასწარი დაცვის საპროცესო მექანიზმია, რომელიც სასამართლომ მხოლოდ მაშინ შეიძლება აამოქმედოს, თუ: ა) აღძრული (აღსაძრავი) სარჩელი იურიდიულად გამართულია, ე.ი - სარჩელი დაფუძნებულია ისეთ ფაქტებზე, რომელთა დამტკიცების შემთხვევაშიც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელი დაკმაყოფილება; ეს დასკვნა (ვარაუდი), რა თქმა უნდა, არ არის საბოლოო და საქმის არსებითი განხილვის შედეგად შეიძლება შეიცვალოს; ბ) მოსარჩელე უთითებს გარემოებებზე, რომელთა გამოც გაძნელდება, ან საერთოდ შეუძლებელი გახდება საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, თუ არ იქნება განხორციელებული სარჩელის უზრუნველყოფის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ღონისძიება.

8. გ. ტ-მა, თანხების გადახდევინება სარჩელით მოითხოვა იმის გამო, რომ მასსა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 27 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს გადასახდელი აქვს 7 756.34 აშშ დოლარი (ყოველთვიური ქირისა და სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევისათვის გათვალისწინებული ჯარიმის სახით) და 37 540.5 აშშ დოლარი (მოპასუხისათვის ფაქტობრივად ზედმეტად გადაცემული 29 მ2 მიწის ნაკვეთის ღირებულება, რითაც მოპასუხემ მიიღო სარგებელი).

9. სააპელაციო სასამართლომ სარჩელი იურიდიულად გამართულად მიიჩნია, ამასთან, მომჩივანი (განმცხადებელი) მიუთითებდა, რომ მოპასუხის ქონების იპოთეკით დატვირთვით მისი მოთხოვნა იქნებოდა უზრუნველყოფილი სანივთო უფლებით, ხოლო თუ მოპასუხე გაასხვისებდა ამ ქონებას, მაშინ შემძენის დავალდებულებით _ ნასყიდობის ფასის ის ნაწილი, რომელიც განკუთვნილი იქნება მოსარჩელის მოთხოვნისა და საპროცესო ხარჯების დასაფარად, განეთავსებინა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე, დაცული იქნებოდა არა მხოლოდ მოსარჩელის (აპელანტის) ინტერესი, არამედ შემძენისაც, რომელიც საკუთრებაში მიიღებს უფლებრივად უნაკლო ნივთს. ნასყიდობის ფასის დეპოზიტზე განთავსებით მოსარჩელის სასარგებლოდ არსებული იპოთეკა გაქარწყლდებოდა.

10. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი ნაწილზე დაყრდნობით პალატამ აღნიშნა, რომ კანონმდებლობა ითვალისწინებდა მოვალის (მოპასუხის) ქონების დატვირთვას იპოთეკით მოვალის ნების მიუხედავად. მართალია, მითითებული ნორმა ამ უფლებამოსილებას ანიჭებდა აღმასრულებელს, ისეთი მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად, რომლის საფუძვლიანობაც დადასტურებულია იმავე კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტით, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ამ უფლებამოსილებით ასევე აღჭურვილი იყო სასამართლოც. მით უფრო, იმ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხის ქონების დატვირთვა იპოთეკით გაცილებით მსუბუქი ხასიათის ღონისძიება იყო, ვიდრე 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის თუნდაც „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყადაღის დადება.

11. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია საჩივრის მეორე მოთხოვნა და აღნიშნა, რომ, ზოგადად, სასამართლო დავას იხილავს კონკრეტული პირების მონაწილეობით. სასამართლოს აქტით ვალდებულება ეკისრება კონკრეტულ პირს, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია სადავო საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას. დაუშვებელია, სასამართლო გადაწყვეტილება მიმართული იყოს პირთა განუსაზღვრელი წრისადმი, რის გამოც მომჩივნის მეორე მოთხოვნა დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინებით გ.ტ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა უსაფძვლობის გამო; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტისა და 14 აპრილის განჩინებები დარჩა უცვლელად.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ასევე შპს „ძ-.ბ-ის“ წარმომადგენელმა ა. ც-ემ და მოითხოვა განჩინების დაკმაყოფილებული ნაწილის გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ აქვს სამართლებრივი უფლება სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებამდე განიხილოს და დააკმაყოფილოს მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ვინაიდან კანონით პირდაპირაა განსაზღვრული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სარჩელის აღძვრამდე და არა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებამდე.

15. საჩივრის ავტორის განმარტებით შპს „ძ-.ბ-ი“ როგორც ბათუმში, ასევე თბილისში ახორციელებს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, რის გამოც ფირმის ქონებაზე როგორც ყადაღა, ასევე აკრძალვა განსაკუთრებით ზიანის მომტანია მისი ეკონომიკური საქმიანობისათვის. სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს, სარჩელი მაინც არ იქნება უზრუნველყოფის გარეშე დარჩენილი, ვინაიდან შპს „ძ.ბ-ს“ დღეის მდგომარეობით ხუთ მილიონ აშშ დოლარზე მეტი ქონება გააჩნია საკუთრებაში და ნებისმიერ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებადია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და შპს „ძ-.ბ-ის“ საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

17. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინებით გ.ტ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ამავე სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განჩინება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გ. ტ-ის მოთხოვნა იძულებითი იპოთეკის გამოყენების თაობაზე; 45 296.84 აშშ დოლარის გადახდევინების თაობაზე გ. ტ-ის სასარჩელო მოთხოვნების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „ძ-.ბ-ის“ კუთვნილი უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბათუმში, გ-ის ქ. №..-ში (საკადასტრო კოდით #....) და იპოთეკა აღირიცხა საჯარო რეესტრში (იხ. ს.ფ. 234-239).

18. დადგენილია ასევე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 ივლისის განჩინებით გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი შპს „ძ-.ბ-ის“ მიმართ ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ. ს.ფ. 274-276).

19. აღნიშნული განჩინება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინებით და შესულია კანონიერ ძალაში (იხ. ს.ფ. 322-330).

20. ამრიგად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იქნა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - შპს „ძ-.ბ-ის“ კუთვნილი უძრავი ქონების მდებარე ქ. ბათუმში, გ-ის ქ. №15-ში (საკადასტრო კოდით #....) იპოთეკით დატვირთვა, განუხილველად იქნა დატოვებული. ამდენად, წარმოდგენილ დავაზე წარმოება დასრულებულია და, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, კერძოდ:

21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საჭიროა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის აღსრულებამდე.

22. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.

23. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ძ-.ბ-ის“ წარმომადგენელ ა. ც-ის საჩივარი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს იპოთეკა შპს „ძ-.ბ-ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ბათუმი, გ-ის ქ. №... (საკადასტრო კოდით #.....).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ძ-.ბ-ის“ წარმომადგენელ ა. ც-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გ. ტ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში;

3. გაუქმდეს იპოთეკა შპს „ძ-.ბ-ის“ კუთვნილ უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. ბათუმი, გ-ის ქ. №... (საკადასტრო კოდით #......).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე