Facebook Twitter

საქმე №ას-1018-961-2015 20 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-კ. კ.ხ-ი", შპს „კ-ი" (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის10 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-კ.კ.ხ-სა" და შპს „კ-ის" მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხე შპს „ს-კ. კ. ხ-მა" სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ს-კ კ. ხ-მა" და შპს „კ-მა".

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ერთის მხრივ, შპს „ს-კ კ.ხ-სა" და შპს „კ-ს" და მეორეს მხრივ, ნ. ა-ს შორის დამტკიცდა მორიგება.

6. 2015 წლის 15 ივლისს ნ. ა-მა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27ივლისის განჩინებით ნ. ა-ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი: განმცხადებელს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოედგინა მის მიერ ხელმოწერილი დაზუსტებული განცხადება; ასევე დაევალა მიეთითებინა, კონკრეტულად რომელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა და რა ზომით, რა ფარგლებში მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას; მიეთითებინა კონკრეტულად რომელი გარემოებები და მტკიცებულებები მიაჩნდა მას ახლად აღმოჩენილ გარემოებებად, ასევე მიეთითებინა, თუ როდის გახდა თითოეული ამ გარემოების შესახებ მისთვის ცნობილი და, შესაბამისად, რა მტკიცებულებით დასტურდებოდა ზემოაღნიშნული; მიეთითებინა მტკიცებულებები, რომლებიც მოწმობდნენ, რომ მის მიერ დაცულია განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა და ასევე წარმოედგინა ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. განმცხადებელს ასევე დაევალა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ნ. ა-ს უარი ეთქვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ 2015 წლის 15 ივლისის განცხადების მიღებაზე.

9. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე, 423-ე, 426-ე და 427-ე მუხლებით და აღნიშნა შემდეგი: განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი განცხადებით ირკვევა, რომ დროებითი ტექნოლოგიური გზის აუღებლობა განმცხადებლისათვის ზიანის მიყენებას იწვევს. მითითებული პროცესი დროში განგრძობადია. შესაბამისად, აღნიშნული საფუძველი ის ახალი გარემოებაა, რომელსაც დავის ფარგლებში ადგილი არ ჰქონია და შემდგომ წარმოიშვა. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ აღნიშნული გარემოება ახალი სარჩელის აღძვრის საფუძველია და არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებული ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომელიც შეიძლება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრებას დაედოს საფუძვლად.

10. სასამართლომ განმარტა, რომ ყოველი ახალი გარემოება, რომელიც სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ წარმოიშობა, ახალი სასარჩელო წარმოების დაწყების საფუძველია, ხოლო ახლად აღმოჩენილ გარემოებებად ჩაითვლება ისეთი გარემოებები, რომლებიც თუმცა არსებობდა სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ მათ შესახებ მხარისთვის უცნობი იყო.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ნ. ა-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი კუთვნილი ობიექტის ძველი და ახალი დაზიანებების შემოწმება და კომპანიების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

12. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2008 წელს შპს „ხ-მა“ სს საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის“ დაკვეთით ხარაგაულის რაიონში სადგურ ხარაგაულში აწარმოა მიწის ვაკისის წარეცხვისგან დამცავი მასალის აღდგენა-გაძლიერებისათვის საჭირო სამუშაოები, რომლის დროსაც შპს „ხ-ის“ ექსკავატორით დაზიანდა მისი კუთვნილი კვების ობიექტის მდ. ჩხერიმელასაგან დამცავი ბეტონის ჯებირის ნაწილი. აღნიშნულს კი უარყოფს შპს „ხ-ი“. საჩივრის ავტორის განცხადებით, მან არაერთხელ მიმართა აღნიშნულ ორგანიზაციას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით წარდგენილი განცხადების განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

17. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით – სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. აღნიშნულ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

19. აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

20. მითითებული ნორმის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე.

21. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ განმცხადებელმა, ნ. ა-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით და მოცემული განცხადებით მოითხოვა შპს „ხ-ის“ მიერ ჩატარებული სამუშაოების არაკანონიერად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუმცა მას აღნიშნულ განცხადებაში არ მიუთითებია, კონკრეტულად რომელ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა, რომელი გარემოებები და მტკიცებულებები მიაჩნდა მას ახლად აღმოჩენილ გარემოებად, როდის გახდა თითოეული ამ გარემოების შესახებ მისთვის ცნობილი და შესაბამისად, რა მტკიცებულებით დასტურდებოდა ზემოაღნიშნული; ასევე არ იყო მითითება მტკიცებულებებზე, რომლებიც მოწმობდნენ, რომ მის მიერ დაცულია განცხადების შეტანის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა. განმცხადებელს ასევე არ ჰქონდა წარდგენილი სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის საფუძველზე თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება განცხადება აღარ მიიღება.

23. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 ივლისის განჩინებით, ნ. ა-ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაუდგინდა ხარვეზი. ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში ნ. ა-მა წარადგინა განცხადება, თუმცა, როგორც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია და რასაც საქართველოს უზენაესი სასამართლოც იზიარებს, განმცხადებელს ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი მითითება არ შეუსრულებია. ასეთ ვითარებაში ხარვეზი გამოსწორებულად ვერ ჩაითვლებოდა, რის შესახებაც სწორად მიუთითა სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427.2 და 429-ე მუხლების საფუძველზე მართებულად დატოვა ნ. ა-ის განცხადება განუხილველად.

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ წარმოდგენილ განცხადებაში (ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე) მითითებული გარემოებები ქმნის ახალი სარჩელის აღძვრის და არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან დადგენილია, რომ როგორც თავდაპირველად წარდგენილ განცხადებაში ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, ასევე მოგვიანებით ხარვეზის შევსების მიზნით ნ. ა-ის მიერ წარდგენილ განცხადებაში ნ. ა-ი ითხოვს არა რომელიმე კონკრეტული გადაწყვეტილების გაუქმებას ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო, არამედ მოპასუხე შპს „ხ-ის“ მიერ ჩატარებული სამუშაოების არაკანონიერად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას (იხ. ტ. 3. ს.ფ. 2-10; 24-25). ანალოგიური მოთხოვნა აქვს დაყენებული მას გასაჩივრებულ განჩინებაზე (თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინება) წარდგენილ კერძო საჩივარშიც (იხ. ტ. 3. ს.ფ. 34-35; 50).

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ნ. ა-ის განცხადება მართებულად დატოვა განუხილველად და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

26. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარსა და დაზუსტებულ კერძო საჩივარზე დართულ მტკიცებულებებს - სს „საქართველოს რკინიგზის“ 2013 წლის 26 ნოემბრის #7790 მიმართვას; შპს „ს. კ. კ-ის“ 2014 წლის 28 თებერვლის მიმართვას; 2011 წლის 19 ივლისის #0123663-2011/03 ექსპერტიზის დასკვნას; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2013 წლის 18 ივნისის #01/28-1545 მიმართვას; ექსპერტ კ.კ-ს დასკვნას; კ.ზ-ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის 2015 წლის 18 სექტემბრის #5004772815 წერილს; სს „ს. რ-ის“ 2015 წლის 2 ოქტომბრის #6116 მიმართვას; სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის 2013 წლის 30 მაისის #500198113 მიმართვას, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული უნდა დაუბრუნდეს ნ. ა-ს, რადგან ისინი კერძო საჩივრის საგნის საფუძვლიანობას არ ადასტურებს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად შეაფასოს ეს მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ა-ს უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარსა და დაზუსტებულ კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 15 (თხუთმეტ) ფურცლად (ტ. 3. ს.ფ. 36-41; 51-59).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 10 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. ნ. ა-ს დაუბრუნდეს მის მიერ კერძო საჩივარსა და დაზუსტებულ კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებები - სს საქართველოს რკინიგზის“ 2013 წლის 26 ნოემბრის #7790 მიმართვა; შპს „ს. კ. კ-ის“ 2014 წლის 28 თებერვლის მიმართვა; 2011 წლის 19 ივლისის #0123663-2011/03 ექსპერტიზის დასკვნა; ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელის 2013 წლის 18 ივნისის #01/28-1545 მიმართვა; ექსპერტ კ. კ-ის დასკვნა; კ. ზ-ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის 2015 წლის 18 სექტემბრის #5004772815 წერილი; სს „საქართველოს რკინიგზის“ 2015 წლის 2 ოქტომბრის #6116 მიმართვა; სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის 2013 წლის 30 მაისის #500198113 მიმართვა, 15 (თხუთმეტი) ფურცლად (ტ. 3. ს.ფ. 36-41; 51-59);

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე