საქმე ა-1949-შ-40-2015 25 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობების ავტორი – ა. მ-კ შ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ი-ო ვ-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნიზამის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ა. მ-კ შ-ამ სარჩელი აღძრა ვ. ი-ო ვ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნიზამის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-კ შ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ვ. ი-ო ვ-ს ვ. ვ.-ო ვ-ის, დაბადებული ... წლის ... მარტს, რჩენის მიზნით დაეკისრა ალიმენტის გადახდა 100 (ასი) მანათის ოდენობით ა. მ-კ შ-ას სასარგებლოდ 2010 წლის 30 ნოემბრიდან ყოველთვიურად, სრულწლოვანების მიღწევამდე. ასევე მოპასუხეს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 20 მანათის გადახდა სახელმწიფოს სასარგებლოდ.
ა. მ-კ შ-ამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნიზამის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნიზამის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე საქმის წარმოების თაობაზე გაფრთხილებული იყო მოპასუხე ვ. ი-ო ვ-ი, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით ა. მ-კ შ-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნიზამის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ა. მ-კ შ-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნიზამის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავით განსაზღვრულია საქართველოს სასამართლო ხელისუფლების საერთაშორისო კომპეტენციის ფარგლები. ამ კანონის მე-8 მუხლით, რომელიც საერთაშორისო კომპეტენციის განმსაზღვრელი ზოგადი ნორმაა, დადგენილია, რომ საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით ა. მ-კ შ-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნიზამის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული შუამდგომლობა, საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 4 ივნისის განჩინება და შუამდგომლობაზე დართული მასალები ვ. ი-ო ვ-ს გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე (ბოლნისის რაიონი, სოფელი ჯ-ი ..., სახლი ...). სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ვ. ი-ო ვ-ი ზემოაღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს. საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ წერილი გაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის რათა დაედგინა ვ. ი-ო ვ-ის ადგილსამყოფელი. 2015 წლის 2 ნოემბერს იუსტიციის სამინისტროდან შემოსული №8294 განცხადებით ირკვევა, რომ ვ. ი-ო ვ-ი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ ფიქსირდება. ხოლო ვ. ი. ძე ვ-ი რეგისტრირებულია ბოლნისის რაიონის სოფელი ჯ-ი, მე-... ქუჩა, სახლი №..-ში. ასევე ირკვევა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არ მოეპოვება ინფორმაცია ვ. ი. ძე ვ-ის ადგილსამყოფელის შესახებ (იხ. ს.ფ 33).
ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ ვ. ი--ო ვ-ს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი აქვს საქართველოში. ასევე, არ დასტურდება რომ ვ. ი. ძე ვ-ი, რომელიც რეგისტრირებულია ბოლნისის რაიონის სოფელ ჯ-ი, მე-. ქუჩა, სახლი №...-ში და ვ. ი-ო ვ-ი წარმოადგენენ ერთსა და იმავე პიროვნებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში განსახილველი შუამდგომლობის მიმართ არსებობს ზემოაღნიშნული მუხლის ანალოგიის წესით გამოყენებისა და შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ა. მ-კ შ-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნიზამის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ა. მ-კ შ-ას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნიზამის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე