№ ას-169-157-2015 20 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ნ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ. ბ. ჯ-ა“, სს „გ. ჰ-ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ. გ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ვ. ბ. ჯ-სა“ და სს „გ. ჰ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა 1994 წლიდან 2004 წლამდე გ. გ-ის საკუთრებაში მყოფ „ტირიფონ ჰ-ზე“ სს „გ. ქა. ბ-სა“ და გ. გ-ს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი და მის უზრუნველსაყოფად იპოთეკის ურთიერთობის არარსებობის აღიარება. ასევე, სს „გ. ჰ-ს“ და სს „გ. ქ. ბ-ს“ შორის 1999 წლის 16 მარტს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2. სს „ვ. ბ. ჯ-ამ“ სარჩელი არ ცნო. სს „გ. ჰ-მა“ სარჩელი ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 დეკემბრის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი თავისი სარჩელისა და სასარჩელო მოთხოვნების იურიდიულ ინტერესად მიუთითებდა, რომ გორის რაიონის სოფ. ქ-ი მდებარე „ტირიფონ ჰ-ის“ თაობაზე ვალდებულებით სამართლებრივ და საიპოთეკო ურთერთობათა სასამართლო წესით არარსებულად აღიარება იწვევდა სს „გ. ჰ-სა“ და სს „გ. ქ. ბ-ს“ შორის 1999 წლის 16 მარტის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, ხოლო მის შედეგად უკანონოდ იქნებოდა მიჩნეული „ტირიფონ ჰ-ის“ თაობაზე 2011 წლის 18 მაისს ჩატარებული აუქციონი, რომლის შედეგადაც მან დაკარგა საკუთრების უფლება ამ ქონებაზე. საბოლოოდ მისი აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელეს მიეცემოდა შესაძლებლობა სათანადო პროცესუალურ–სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით (სარჩელი უსაფუძვლოდ გამდიდრებით მიღებული ქონების დაბრუნების, სარჩელი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ) განეხორციელებინა უკანონოდ ხელყოფილი საკუთრების უფლების ქონებრივი კომპენსაცია (ტ.1. ს.ფ. 2).
7. სააპელაციო პალატის განმარტებით, სარჩელი წარმოადგენს მატერიალურ–სამართლებრივ მოთხოვნას, რომელიც იძულებითი აღსრულებისკენაა მიმართული. სარჩელი იცავს პირის სუბიექტურ უფლებას, თუმცა ყველა უფლება სარჩელით დაცვას არ ექვემდებარება. სამოქალაქო კოდექსის 180–ე მუხლით „სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა–არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს“. იურიდიული ინტერესის ზუსტ და არაორაზროვან აღნიშვნას უაღრესად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან სწორედ ამ ინტერესის მიღწევადობის თვალსაზრისიდან გამომდინარე იმსჯელებს სასამართლო დავის არსებითი განხილვისას დადგენილი ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე.
8. სააპელაციო პალატის აზრით, მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი არ გამომდინარეობდა მოსარჩელისათვის რაიმე ქონებრივი სიკეთისა და შეღავათის მიღებაში, ვინაიდან ცხადი იყო, რომ მოსარჩელე ვერ მიიღებდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგს, ანუ მისთვის ქონებრივი შედეგი არ დადგებოდა.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელე განმარტავდა მისი აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიეცემოდა შესაძლებლობა სათანადო პროცესუალურ–სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით (სარჩელი უსაფუძვლოდ გამდიდრებით მიღებული ქონების დაბრუნების, სარჩელი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ) მოეხდინა უკანონოდ ხელყოფილი მისი საკუთრების უფლების ქონებრივი კომპენსაცია. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მიუთითებდა, რომ აღიარებითი სარჩელი არ იყო ერთადერთი საპროცესო შესაძლებლობა მოსარჩელის დარღვეული უფლების დაცვისათვის. სარჩელის დაკმაყოფილებას რეალური შედეგი, სამართლებრივი სარგებელი უნდა მოჰქონდეს მხარისათვის. ამ შემთხვევაში განმსაზღვრელია სწორედ ამგვარი იურიდიული ინტერესი და არა ის, რასაც სუბიექტური დამოკიდებულების შედეგად მხარე საკუთარ იურიდიულ ინტერესად მოიაზრებს. როდესაც უფლების დარღვევა და ამ დარღვევის შედეგად გამოწვეული სამართლებრივი შედეგი უკვე სახეზეა, მხოლოდ აღიარებითი შინაარსის მოთხოვნით მოსარჩელე სათანადო დაკმაყოფილებას ვერ მიიღებს.
10. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ქონებრივი ინტერესი ვერ დაკმაყოფილდებოდა აღიარებითი სარჩელის აღძვრის გზით. შესაბამისად, მოსარჩელეს არ გააჩნდა განსახილველი დავის მიმართ დასაბუთებული და საფუძვლიანი იურიდიული ინტერესი.
11. სააპელაციო პალატის განმარტებით, აღიარებითი სარჩელის მიზანი (განსხვავებით მიკუთვნებითი სარჩელისაგან) არა არის მოპასუხის დავალდებულება განახორციელოს რაიმე მოქმედება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აღიარებით სარჩელზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე (მისი არსიდან გამომდინარე) სააღსრულებო ფურცელი ვერ გაიცემა. როგორც აპელანტის მიერ თავის სარჩელში აღნიშნული იურიდიული ინტერესიდან გამომდინარეობს, მას სურს ქონებრივი კომპენსაციის მიღება, თუმცა ამის განხორცილება მას ამჟამადაც შეუძლია აღიარებითი სარჩელით დავის გარეშეც, სათანადო დასაბუთების წარდგენით სათანადო მხარეების მიმართ.
12. სააპელაციო პალატამ ისიც აღნიშნა, რომ აღიარებით სარჩელში დასმული მოთხოვნები: ა) აღიარებულ იქნეს 1994 წლიდან 2004 წლამდე გ. გ-ის საკუთრებაში მყოფ „ტირიფონ ჰ-ზე“ სს „გ. ქ. ბ-სა“ და გ. გ-ს შორის ვალდებულებით–სამართლებრივი და მის უზრუნველსაყოფად საიპოთეკო ურთიერთობის არარსებობა და ბ) ბათილად იქნას ცნობილი სს „გ. ჰ-სა“ და სს „გ. ქ. ბ-ს“ შორის 1999 წლის 16 მარტის იპოთეკის ხელშეკრულება – მრავალი სასამართლო ინსტანციის მსჯელობის საგანი იყო და მათ თაობაზე მიღებულ იქნა მთელი რიგი გადაწყვეტილები, სადაც მათი ნამდვილობა დადასტურებულია. მაგალითად, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება და 2010 წლის 29 დეკემბრის განჩინება (ტ.1. ს.ფ. 35–37), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილება (ტ.1. ს.ფ. 56–60).
13. აპელანტის მოთხოვნის დაკმაყოფილება ფაქტიურად გამოიწვევდა უკვე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილი ფაქტების სამართლებრივ გადასინჯვას, რაც საპროცესო–სამართლებრივი თვალსაზრისით სხვა საქმეზე წარმოებული ახალი დავითა და ახალი სააპელაციო საჩივრის მეშვეობით, დაუშვებელია. გადასინჯვა უნდა განხორციელდეს ამისათვის განსაზღვრული პროცესუალური საშუალებების გამოყენებით.
14. აქედან გამომდინარე, ვინაიდან არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ზემოთმოყვანილი საფუძვლები, სააპელაციო პალატამ აღარ იმსჯელა მოთხოვნების ხანდაზმულობაზე, რომელზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
16. კასატორის განმარტებით, საფუძველს მოკლებულია გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ გორის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2010 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს ,,ვ. ბ. ჯ-ას’’ სარჩელი, რომლითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა გ, ნ. და ნ. გ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე ,,ტირიფონ ჰ-ის’’ შენობა-ნაგებობებზე სს ,,ვ. ბ. ჯ-ა’’ დაერეგისტრიებინა პირველი რიგის იპოთეკარად. სასამართლომ გადაწყვეტილებით დადგენილად მიიჩნია სს ,,ვ. ბ. ჯ-ას’’ პირველი რიგის იპოთეკარად დარეგისტრირება სადავო ქონებაზე მაშინ, როდესაც გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის პირველი ივნისის გადაწყვეტილებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს პირველ რიგში დაევალა სს ,,გ. ქ. ბ-სა’’ და სს ,,გ. ჰ-ის’’ შორის 1999 წლის 16 მარტის იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციის განხორციელება საჯარო რეესტრში, რაც წარმოადგენდა სს ,,ვ. ბ. ჯ-ას’’ პირველი რიგის იპოთეკარად რეგისტრაციის საფუძველს საჯარო რეესტრში. ამდენად, სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით განზრახ არასრულად, ცალმხრივად, მოსარჩელის ინტერესების საზიანოდ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რის გამოც ასევე არასწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად.
17. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის’’ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
18. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსსკ-ის 102 მუხლის პირველი და მესამე ნაწილები, 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, ყოველმხრივ, სრულიად და ობიექტურად არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორად მიიჩნია, რომ ნ. გ-ის სარჩელი წარმოდგენილია სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვინაიდან მოსარჩელისათვის სადავო ქონების იპოთეკით დატვირთვისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე ცნობილი იყო უკიდურეს შემთხვევაში 04.12.2004 წლიდან, რა პერიოდიდანაც სარჩელის აღძვრამდე გასულია 9 წელი ანუ 6 წელზე მეტი, რაც დადგენილია უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობისათვის.
19. ასევე, არასწორია სასამართლოს დასკვნა ნ. გ-ის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობასთან დაკავშირებით. სარჩელით, მოსარჩელის დამატებითი მოსაზრებებით და საქმის სასამართლო განხილვით მოსარჩელემ დაადასტურა და დაამტკიცა აღიარებით სარჩელთან დაკავშირებით ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, რაც სასამართლოს მიერ, საპროცესო ნორმების დარღვევით, არასწორად შეფასდა.
20. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი. ამასთან, ის გარემოება, რომ აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შედეგად მხარის ინტერესების საბოლოო დაკმაყოფილება არა უშუალოდ განსახილველი სარჩელის დაკმაყოფილების მეშვეობით, არამედ მხოლოდ მომავალში აღსაძვრელი სხვა სარჩელით არის შესაძლებელი და სწორედ მასში მდგომარეობს მხარის კანონიერი ინტერესი, არ წარმოადგენს ამ უკანასკნელის (კანონიერი ინტერესის) არსებობის მოტივით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველს.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 თებერვლის განჩინებით ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
25. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ: სუსგ #ას-742-710-2014).
27. ამდენად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
29. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი ნ. გ-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე