№ ას-190-177-2015 27 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-ი’’ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-მა’’ სარჩელი აღძრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
2. მოსარჩელის განმარტებით, თბილისში, დ. უ-ის ქ. №...-ში მდებარე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-ის’’ აბონენტს. მითითებულ მისამართზე მოსარჩელე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აწვდიდა სასმელ-სამეურნეო წყალს, ასევე უწევდა კანალიზაციით სარგებლობის მომსახურებას. თავის მხრივ, აბონენტი ვალდებული იყო გადაეხადა მოხმარებული წყლის მიწოდებისა და სარგებლობის საფასური. მოხმარებული წყლის ღირებულებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იხდიდა 2011 წლის აპრილის თვემდე, შემდეგ კი შეწყვიტა გადახდა. 2012 წლის ნოემბრის თვეში ზემოთმითითებულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობა გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. 2014 წლის 21 მარტის მდგომარეობით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-ის’’ მიმართ გააჩნია 2010 წლის იანვრის თვიდან 2011 წლის მარტის თვის ჩათვლით მოხმარებული წყლის დავალიანება 14 795,56 ლარის ოდენობით. დავალიანების დაფარვის მოთხოვნით მოსარჩელემ წერილობით მიმართა მოპასუხეს, თუმცა უშედეგოდ.
3. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის წარმომადგენლმა მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის 14 795, 56 ლარის გადახდის დაკისრება.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2010-2011 წლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ წარმოადგენდა ქ. თბილისში, უ-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრესა და მოსარგებლეს. 2010-2011 წლებში მოპასუხეს მითითებულ მისამართზე არც სასმელ-სამეურნეო წყლით და კანალიზაციით მომსახურების თანხები გადაუხდია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გადაიხადა თბილისში, უ-ის ქ. №...-ში მიწოდებული წყლისა და კანალიზაციით მომსახურების ღირებულება.
5. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის აზრით, შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-ის’’ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგენილად იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობა, შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-ის’’ მოთხოვნის წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია სამ წელზე მეტი, შესაბამისად მოთხოვნა ხანდაზმულია.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-ის’’ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-მა’’.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-ის’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის“ აბონენტს თბილისში, უ-ის ქ. №...-ში.
10. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე შპს „ჯ. უ. ე. ფ-ი“ მოპასუხისთვის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის თანხის (2010 წლის იანვრიდან 2011 წლის მარტის ჩათვლით მოხმარებული წყლის საფასურის 14795.56 ლარის) დაკისრებას ითხოვს სახელშეკრულებო საფუძვლით. ამრიგად, სასამართლოს აზრით, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის, ანუ საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტროს შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის“ აბონენტად ყოფნის ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზეა, ვინაიდან ამ გარემოებას ემყარება სარჩელი.
11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ პირველი, მე-2, მე-3, მე-4 მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს შპს „ჯ. უ. ე. ფ-სა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მას ასევე არ წარმოუდგენია თბილისში, უ-ის ქ. №...-ში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აბონენტად რეგისტრაციის შესახებ აქტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შპს „ჯ. უ. . ფ-ის“ გაგზავნილი განაცხადი მითითებულ მისამართზე აბონენტად რეგისტრაციის შესახებ.
12. პალატამ მიუთითა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 27-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ" დადგენილების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მოსარჩელე ვალდებული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული ხელშეკრულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მოეყვანა შესაბამისობაში აღნიშნულ წესებთან და ამავე წესებით გათვალისწინებული პროცედურებით განეხორციელებინა მოპასუხის აბონენტად რეგისტრაცია, თუმცა მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული პროცედურების განხორციელების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.
13. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ საქმეში წარმოდგენილი 2007 წლის გადახდის ქვითრებით დასტურდებოდა მხარეთა შორის 2010-2011 წლებში სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა და აღნიშნა, რომ 2007 წლის 3 აპრილს, 2007 წლის 11 აპრილს, 2007 წლის 16 აპრილს და 2007 წლის 5 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წყლის საფასურის გადახდის ფაქტს მოპასუხის წარმომადგენელი ადასტურებდა. იგი ასევე განმარტავდა, რომ 2007 წლის განმავლობაში მოპასუხის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეული განთავსებული იყო თბილისში, უ-ის ქ. №...-ში, რის გამოც, სამინისტროს მიერ გადახდილი იქნა ამ სტრუქტურული ერთეულის მიერ მოხმარებული წყლის საფასური.
14. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, უ-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს, მათ შორის, 2010-2011 წლებში, წარმოადგენდა სახელმწიფო. ამასთან, მითითებული უძრავი ქონების მოსარგებლეებს ერთდროულად წარმოადგენდნენ სხვადასხვა იურიდიული პირები, რომლებიც მოხმარებული წყლის რაოდენობის მიხედვით იხდიდნენ გადასახადს.
15. პალატამ ყურადღება მიაქცია 2010 წლის 1 დეკემბრის გადახდის ქვითარს, რომლის მიხედვითაც თბილისში, უ-ის ქ. №...-ში მომხმარებული წყლის დავალიანების დასაფარად შპს „საერო უნივერსიტეტი - აღმაშენებლის“ მიერ 2010 წლის 1 დეკემბერს შპს „ჯ. უ. ფ-ის“ გადარიცხული იქნა 1 000 ლარი. სარჩელზე დართული ბილინგის მონაცემების მიხედვით, მითითებულ მისამართზე მოხმარებული წყლის ღირებულების ანგარიშში 2010 წლის დეკემბრის თვეში სულ გადახდილი იქნა 17 958.7 ლარი (ტ. I, ს.ფ. 13-14). ამდენად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისში, უ-ის ქ. №...-ში წყლის მოხმარების გადასახადს არ იხდიდა მხოლოდ ერთი პირი. გარდა ამისა, ბილინგის მონაცემების მიხედვით, სადავო მისამართზე გადახდები ნაწარმოებია 2011 წლის თებერვალში - 1921.24 ლარი და მარტში - 498.39 ლარი, თუმცა მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, თუ ვის მიერ განხორცილდა აღნიშნულ გადახდები.
16. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ 2007 წლის 3 აპრილს, 2007 წლის 11 აპრილს, 2007 წლის 16 აპრილს და 2007 წლის 5 სექტემბერს განხორციელებული გადახდები არ ადასტურებდა 2010-2011 წლებში თბილისში, უ-ის ქ. №...-ში მოპასუხის აბონენტად რეგისტრაციის ფაქტს, შესაბამისად, მოხმარებული წყლის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე მოპასუხის ვალდებულების არსებობას.
17. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, საქმეში წარმოდგენილი შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის” ბილინგის დეპარტამენტის უფროსის მიერ 2014 წლის 13 მაისს გაცემული ცნობის წერილობით მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე. აღნიშნული ცნობის შესაბამისად, თბილისში, უ-ის ქ. №...-ში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რეგისტრირებული იყო აბონენტად №9624 სააბონენტო ნომრით, ხოლო მოგვიანებით, ბილინგის პროგრამის ცვლილების გამო აბონენტს მიენიჭა №....
18. პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ აღნიშნული ცნობა გაცემულია განსახილველი დავის მიმდინარეობისას, 2014 წლის 13 მაისს მოსარჩელის შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის“ თანამშრომლის მიერ. შესაბამისად, ის წარმოადგენდა მოსარჩელის განმარტების შემადგენელ ნაწილს და ვერ იქნებოდა განხილული წერილობით მტკიცებულებად.
19. სააპელაციომ პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების თაობაზე და ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ქვითრებზე, რომელთა მიხედვითაც, 2011 წლის მარტის თვეში მოხმარებული წყლის საფასურის დაფარვა უნდა მომხდარიყო 2011 წლის 1 აპრილამდე (ტ. I, ს.ფ. 63), 2011 წლის იანვრის თვეში მოხმარებული წყლის საფასურის დაფარვა უნდა მომხდარიყო 2011 წლის 29 იანვრამდე (ტ. I, ს.ფ. 65), ხოლო 2011 წლის თებერვლის თვეში მოხმარებული წყლის საფასურის დაფარვა უნდა მომხდარიყო 2011 წლის 1 მარტამდე (ტ. I, ს.ფ. 67). ამდენად, პალატის აზრით, სახეზე იყო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები.
20. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე და 130-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს 2011 წლის იანვრის თვეში მოხმარებული წყლის საფასურის მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2011 წლის 29 იანვრიდან, 2011 წლის თებერვლის თვეში მოხმარებული წყლის საფასურის მოთხოვნის უფლება - 2010 წლის 1 მარტიდან, ხოლო 2011 წლის მარტის თვეში მოხმარებული წყლის საფასურის მოთხოვნის უფლება - 2011 წლის 1 აპრილიდან. შესაბამისად, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის დენა დაიწყო თანხის გადახდის ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. ასე მაგალითად, 2011 წლის იანვრის თვის საფასურის მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 29 იანვრიდან და დასრულდა 2013 წლის 29 იანვარს; 2011 წლის თებერვლის თვის დავალიანების გადახდის მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 1 მარტიდან და დასრულდა 2014 წლის 1 მარტს, ხოლო 2011 წლის მარტის თვის საფასურის მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 1 აპრილიდან და დასრულდა 2014 წლის 1 აპრილს. შპს „ჯ. უ. ე. ფ-მა“ კი სარჩელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ 2010 წლის იანვრის თვიდან 2011 წლის მარტის თვის ჩათვლით მოხმარებული წყლის დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე, აღძრა 2014 წლის 21 მარტს.
21. ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრამდე, 2014 წლის 21 მარტამდე, სამი წლით ადრე წარმოშობილი დავალიანების მოთხოვნის უფლება იყო ხანდაზმული. კერძოდ, 2011 წლის თებერვლის თვის ჩათვლით მოხმარებული წყლის საფასურის დავალიანების გადახდის დაკისრების თაობაზე სარჩელი აღძრული იყო მოთხოვნის წარმოშობიდან სამი წლის გასვლის შემდეგ.
22. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-მა’’ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
23. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ წარმოადგენდა შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-ის’’ აბონენტს თბილისში, უ-ის ქ. №...-ში.
24. პალატამ არასწორად არ მიანიჭა შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-ის’’ ბილინგის დეპარტამენტის უფროსის 2014 წლის 13 მაისს გაცემულ ცნობას წერილობითი მტკიცებულების ძალა და არასწორად მიიჩნია იგი მხარის ახსნა-განმარტების ნაწილად, ვინაიდან უდავოდ დადგენილია ის გარემოება, რომ 2010-2011 წლებშიც და დღესაც შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-ი’’ ერთადერთი ლიცენზიატი კომპანიაა, რომელსაც გააჩნია 13.05.2014 წლის ცნობაში ასახული ინფორმაცია.
25. მოცემულ შემთხვევაში, ირიცხება თუ არა ესა თუ ის მომხმარებელი კომპანიის აბონენტად, ეს გარემოება სწორედ შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-ის’’ მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ინფორმაციით უნდა გაირკვეს, ხოლო თუ რომელიმე მომხმარებელი არასწორად არის აბონენტად აღრიცხული, ან არასწორად დაერიცხა გარკვეული თანხა, მან უნდა იდავოს აბონენტის გაუქმების ან არასწორად დარიცხული თანხის ჩამოწერის თაობაზე.
26. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არც სემეკის და არც სასამართლოს წინაშე სადაოდ არ გაუხდია №... აბონენტად ყოფნის ფაქტი. სასამართლომ კი მოცემულ შემთხვევაში არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი მხარეთა შორის, რითაც დაარღვია შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპი.
27. სააპელაციო პალატამ (ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ) არ გამოიკვლია, რა ურთიერთობაში იმყოფებოდა ააიპ საქართველოს ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ხომ არ იყო იგი მასზე დაქვემდებარებული ორგანიზაცია (რასაც მოსარჩელე მიუთითებდა). სასამართლომ არ შეაფასა საჯარო რეესტრის მონაცემებში უ-ის ქ. №...-ზე არსებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ მისამართზე მდებარე საქართველოს განათლების სამინისტროს მე-2 კორპუსში არსებული ფართები იჯარით, ქირავნობით, უზუფრუქტით გადაცემული აქვთ სხვადასხვა ორგანიზაცია-დაწესებულებებს.
28. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ 27-ე მუხლიც და არასწორად დააკისრა მოსარჩელეს მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულების ან აბონენტად აყვანის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ტვირთი.
29. აღნიშნული ნორმის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ამ წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ყველა ხელშეკრულება შესაბამისობაში მოიყვანოს ამ წესებთან, რაც არავითარ შემთხვევაში არ ავალდებულებს კომპანიას ყველა აბონენტთან ხელშეკრულების გაფორმებას და უკვე რეგისტრირებული აბონენტების ხელახლა დარეგისტრირებას,
30. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქვითარი გაიგივებულია ხელშეკრულებასთან და ქვითრის არსებობა უკვე ადასტურებს მომხმარებლის აბონენტად ყოფნას, შესაბამისად, არასწორია სასამართლოს განმარტება, თითქოს ზემოაღნიშნული წესების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულება გაეფორმებინა უკვე აბონენტად რეგისტრირებულ მომხმარებელთან.
31. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სასამართლომ არასწორად გადაწყვიტა მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხიც. ქვითარში მითითებული ვადის გასვლის მომენტი მიმწოდებლისათვის არ შეიძლება ჩაითვალოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის წარმოშობის მომენტად. ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების’’ მე-10 მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის მიერ ორი თვისა და მეტი პერიოდის განმავლობაში დავალიანების გადაუხდელობას იმ შემთხვევაში, როდესაც მიმწოდებელი არ გამოიყენებს ამ წესებით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ამრიგად, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მოხდეს დავალიანების განაწილვადება გარკვეული პერიოდით.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, დასტურდება ის გარემოება, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნამდვილად წარმოადგენდა მოსარჩელის აბონენტს ზემოაღნიშნულ მისამართზე.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინებით შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-ის’’ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
34. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-ის’’ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
37. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ,,ჯ. უ. ე. ფ-ის’’ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (740) 70% –518 ლარი.
42. რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
43. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (საქართველოს განათლების მინისტრის 2002 წლის #95 და #108 ბრძანებები; საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის 19.11.98 წლის #33-115/0 წერილი; ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის წესდება, შპს „განსერვისის“ წესდება; საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 17.07.2000 წლის #09-800/3-0 წერილი; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს #1-3/388 ბრძანება; ფორმა 111), მთლიანობაში „26“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 128-154).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ჯ. უ. ე. ფ-ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ შპს „ჯ. უ. ე. ფ-ს" (ს/კ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 2 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 740 ლარის 70% – 518 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კასატორ შპს „ჯ. უ. ე. ფ-ს" დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (საქართველოს განათლების მინისტრის 2002 წლის #95 და #108 ბრძანებები; საქართველოს რესპუბლიკის განათლების სამინისტროს რესპუბლიკური სამეცნიერო-მეთოდური ცენტრის 19.11.98 წლის #33-115/0 წერილი; ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის წესდება, შპს „განსერვისის“ წესდება; საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 17.07.2000 წლის #09-800/3-0 წერილი; სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს #1-3/388 ბრძანება; ფორმა 111), მთლიანობაში „26“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 128-154);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე