Facebook Twitter

№ ას-228-215-2015 6 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ. გ-ი, ვ. გ-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ი-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.ი-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. და ბ. გ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხეებისთვის მის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის – 12000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის – 2400 აშშ დოლარის დაკისრება. ასევე, მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ამოღების მიზნით, იპოთეკით დატვირთული, ვ. და ბ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული, ქ. ქობულეთში, რ-ის ქუჩის №..-ში მდებარე უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ მათ სრულად დაფარეს დავალიანება, რის გამოც მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ.ი-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ. გ-ს გ. ი-ის სასარგებლოდ დაეკისრა ძირი დავალიანების - 12000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული თანხის ამოღების მიზნით დადგინდა ვ. და ბ. გ-ის საკუთრებაში არსებული, ქ. ქობულეთში, რ-ის ქუჩის №...-ში მდებარე, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია, გ.ი-ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. და ვ. გ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ბ. და ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

7. 2011 წლის 19 დეკემბერს ვ. გ-მა ლ. შ-სა და გ. ი-ან ისესხა 12000-12000 აშშ დოლარი;

8. ამ ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ბ. გ-სა და ვ. გ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება;

9. ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 5% სარგებლით;

10. აღნიშნული ხელშეკრულება ლ. შ-ის სახელით დადო მინდობილომა პირმა - ქ. ბ-ემ;

11. ვ. გ-მა გ. ი-ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი სრულად გადაუხადა.

12. სააპელაციო პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 623-624-ე, 361-ე, 625-ე, 286-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე, მართებულად მიიჩნია, რომ ვ. გ-ი ვალდებული იყო მოსარჩელისათვის დაებრუნებინა ნასესხები თანხა, ხოლო მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის გზით.

13. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია იმის თაობაზე, რომ ვ. გ-მა გ. ი-ეს, გარდა საპროცენტო სარგებლისა, გადაუხადა სხვა თანხაც, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი აპელანტებმა ვერ დაამტკიცეს; პალატის აზრით, საქმის მასალებით დგინდებოდა მხოლოდ ის, რომ აპელანტები თანხას ურიცხავდნენ ქ. ბ-ეს, რომელიც არა გ. ი-ის, არამედ მეორე კრედიტორის - ლ. შ-ის წარმომადგენელი იყო.

14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქ. ბ-ის გადახდილი თანხით გ. ი-ის ვალი რომ არ იფარებოდა, ეს თავად ქ. ბ-ის მიერ აპელანტების მიმართ მიწერილი წერილით მტკიცდებოდა (ს.ფ. 70), რომლითაც მან გ. ი-ის თანხის დაბრუნება მოითხოვა; ქ. ბ-ის გადარიცხული თანხით მოვალეს გ. ი-ის მიმართ ვალდებულება რომ შეესრულებინა, ეს პირი უკვე გადახდილი ვალის ხელმეორედ გადახდას, ცხადია ვერ მოითხოვდა.

15. სააპელაციო პალატის აზრით, საქმის მასალებით არ მტკიცდებოდა, რომ სადავო ურთიერთობებში ქ. ბ-ე გ. ი-ის წარმომადგენელი იყო.

16. სამოქალაქო კოდექსის 373-ე მუხლზე მითითებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ ქ. ბ-ე უფლებამოსილი იყო გ. ი-ის ნაცვლად მიეღო შესრულება და არც ის, რომ ამ შესრულებით კრედიტორმა რაიმე სახის სარგებელი მიიღო.

17. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ვ. გ-ს გ. ი-ის ვალი არ დაუბრუნებია.

18. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოწინააღმდეგე მხარემ აღიარა ვალდებულების შესრულების ფაქტი.

19. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არც სარჩელში და არც სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეს არ განუცხადებია, რომ მან აპელანტებისაგან, გარდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტისა, რაიმე სახის შესრულება მიიღო. სარჩელში, დავის არსის მოკლე მიმოხილვაში მან მართალია აღნიშნა მოპასუხეებს “იანვრის თვიდან პროცენტიც არ გადაუხდიათო”, თუმცა, მანამდე განმარტა, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გასვლის მიუხედავად, მათ არავითარი ქმედება არ განუხორციელებიათ, რომელიც მიმართული იქნებოდა ვალდებულების შესრულებისკენ.

20. ასეთივე ორაზროვანი განმარტებები მისცა მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს, თუმცა ერთი რამ კი ცალსახად აღნიშნა, რომ უშუალოდ აპელანტებისაგან გ. ი-ეს შესრულება არ მიუღია.

21. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ მხარის განმარტების ამ ნორმით გათვალისწინებულ აღიარებად ჩასათვლელად საჭიროა ამ განმარტებიდან ლოგიკურად და ცხადად გამომდინარეობდეს, რომ მხარე მოწინააღმდეგის მიერ მითითებულ ფაქტს ეთანხმება. ეს კი გ. ი-ის განმარტებიდან არ გამომდინარეობს, ამიტომ, პალატის აზრით, მისი განმარტებები კანონით გათვალისწინებული წესით ფაქტების აღიარებად ვერ ჩაითვალებოდა.

22. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და ბ. გ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

23. კასატორთა განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლი, ვინაიდან მხარის ახსნა–განმარტება ერთ–ერთი მტკიცებულებაა და, ამდენად, სასამართლო ვალდებული იყო მოსარჩელის ახსნა–განმარტება განეხილა როგორც მტკიცებულება. სასამართლომ საერთოდ არ განიხილა მოსარჩელის მტკიცებულება, რომლითაც ის აღიარებს და ადასტურებს თანხის მიღებას. აღნიშნული წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის ძირითად არსს, რასაც სასამართლო საერთოდ არ შეეხო. ამავე კოდექსის 105–ე მუხლით კი, სასამართლო ვალდებულია შეაფასოს მტკიცებულებები თავის შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას. აღნიშნული მუხლიც დარღვეულია და არ არის გამოყენებული, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი შეეხებოდა სწორედ მხარის მიერ მიცემული ახსნა–განმარტების მტკიცებულებად შეფასების მოთხოვნას, რაც სასამართლომ არ გააკეთა. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 373–ე მუხლი, ვინაიდან ამ მუხლით განსაზღვრული ყველა პირობა და შესაბამისი მტკიცებულება არსებობს საქმეში.

24. კასატორთა მითითებით, ისინი ამტკიცებდნენ, რომ გ. ი-სა და ვ. გ-ს შორის დადებული ხელშეკრულება შესრულებულია, ვინაიდან ჩარიცხულია თანხები ქ. ბ-ის, რომელიც მათი შუამავლი იყო და რომელიც უხდიდა თანხას მოსარჩელეს. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე აღიარებს, რომ ბ-ე შუამავლობდა და უხდიდა თანხას გ-ის ვალდებულებისათვის და ეს ხდებოდა წელიწადი და ცხრა თვე. როგორც მოსარჩელემ სასამართლოს დაუდასტურა ეს იყო 12000 აშშ დოლარის 5%, რაც თვეში შეადგენს 600 აშშ დოლარს, რაც ჯამში შეადგენს 12600 აშშ დოლარს. მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ ახსნა–განმარტების შეფასებასა და 12600 დოლარის ძირი თანხის დაფარვაში ჩათვლას ითხოვდნენ სააპელაციო სასამართლოსაგან, არცერთმა სასამართლომ აღნიშნული არ შეაფასა.

25. კასატორთა განმარტებით, მათ წარმოადგინეს ქ. ბ-ის წერილი გ-ის მიმართ, რომელიც სააპელაციო სასამართლომ შეაფასა როგორც მტკიცებულება, რომლითაც დგინდებოდა, რომ თითქოსდა ვალი არ იფარებოდა. არადა აღნიშნული წერილი გამოგზავნილი იყო 2013 წლის 25 ნოემბერს, როდესაც გ-ს უკვე ჩარიცხული ჰქონდა 31 146 აშშ დოლარი, რომლიდანაც ორივე მოვალისთვის ფაქტობრივად ვალდებულება შესრულებული იყო. აღნიშნული წერილი ადასტურებს, რომ ბ-ე ასრულებდა შუამავლის როლს. გარდა ამისა, მოსარჩელე აღიარებს, რომ მან ბ-ეს მინდობილობაც კი მისცა გ-ან საურთიერთობოდ. ამდენად, კასატორის აზრით, სასამართლო არ მსჯელობს და სწორად არ აფასებს გარემოებებს, სახეზეა რომ ქ. ბ-ეს მიღებული ჰქონდა კრედიტორისაგან თანხმობა შესრულებაზე, ვინაიდან შესაბამისი სესხის პროცენტი მოსარჩელემ მიიღო მისგან და წელიწადი და ცხრა თვე ღებულობდა თანხას, რომელსაც ის პროცენტად თვლიდა და ამის შესრულებისაგან იღებდა სარგებელს, შესაბამისად, არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 373–ე მუხლის პირობები.

26. კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელისათვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა გ-ის ვალდებულებისათვის თანხას ვინ გადაუხდიდა, ბ-ე თუ გ-ი. ვინაიდან მოსარჩელემ იცოდა და ადასტურებს სასამართლოში, რომ მიღებული თანხა იყო გ-ის ვალდებულებისათვის, შესაბამისად, აქ მთავარი იყო ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ იცოდა რა თანხას, ვისგან და ვისი ვალდებულებისათვის იღებდა და ვინაიდან არ აპროტესტებდა, შესაბამისად, აღიარებდა გ-ების ვალდებულების შესრულებას ბ-ის მხრიდან.

27. კასატორის მითითებით, სასამართლო ასევე არასწორად განმარტავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131–ე მუხლს, ვინაიდან ვერ უთითებს თუ რატომ თვლის კანონშეუსაბამო აღიარებად გ. ი-ის განმარტებას. სასამართლო არ უთითებს, რომელ აღიარებაზეა საუბარი, ვისი მხრიდან და რატომ არ უნდა დაედოს საფუძვლად სასამართლო გადაწყვეტილებას. მოწინააღმდეგე მხარედ თუ გ-ი იგულისხმება, უნდა აღინიშნოს, რომ აღიარება მათ არ გაუკეთებიათ, არამედ მოსარჩელემ დაადასტურა სასამართლოში და ისინიც დაეთანხმნენ მოსარჩელის დადასტურებას, რომ წელიწადი და ცხრა თვის განმავლობაში ბ-ისაგან 5%-ს იღებდა გ-ების ვალდებულებისათვის. სასამართლო არ უთითებს, რას გულისხმობს კონკრეტულად, მაგრამ ადასტურებს, რომ აღიარება არსებობს თუმცა არავის შეუფასებია ამ აღიარების მნიშვნელობა.

28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით ბ. და ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

29. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. და ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები უთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ.სუსგ 2010 წლის 21 მაისის №ას-1167-1429-09 განჩინება), სადაც მითითებული და განმარტებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოებების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებულად ცნობისათვის მხარემ ისინი საქმის წარმოებისას უნდა აღიაროს ან ამგვარი აღიარება მისი ქმედებებიდან უნდა გამომდინარეობდეს. მართალია აღიარებისათვის რაიმე განსაკუთრებული საპროცესიო ფორმა არ არის დადგენილი, მაგრამ, აღნიშნულის მიუხედავად, მხარის ზეპირი ან წერილობითი განმმარტებებიდან უნდა ირკვეოდეს, რომ მას ნათელი წარმოდგენა აქვს მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე და ეთანხმება მათ. ორაზროვანი ან ბუნდოვანი ახსნა-განმარტებების, საიდანაც მხარის ნება ნათლად არ იკვეთება, არ შეიძლება აღიარებად ჩაითვალოს. განსახილველ შემთხვევაშიც, ვიანდაინ გ. ი-ის ახსნა-განმარტებიდან ლოგიკურად და ცხადად არ გამომდინარეობს, რომ იგი მოწინააღმდეგის მიერ მითითებულ ფაქტს ეთანხმება, შესაბამისად, ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მისი განმარტებები კანონით გათვალისწინებული წესით ფაქტების აღიარებად ვერ ჩაითვალება.

34. ამდენად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ბ. და ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1200 ლარის) 70% –840 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბ. და ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს, ბ. გ-ს (პ/ნ: .....) და ვ. გ-ს (პ/ნ: №........) დაუბრუნდეთ ვ. გ-ის მიერ 2015 წლის 16 მარტს №9 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1200 ლარის 70% – 840 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე