№ ას-240-227-2015 20 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ი. ბ-ე, გ. ს-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ვ-ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გასაჩივრებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ. ვ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს-სა და ი. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: ა) გ. ს-ის 10 861.76 აშშ დოლარის დაკისრება; ბ) დავალიანების დაფარვის მიზნით, ქ. ბ-ი, ა. ჩ-ის ქუჩის №...-ში მდებარე, იპოთეკით დატვირთული ბინა №...-ის სარეალიზაციოდ მიქცევა შემდეგი საფუძვლებით:
2. 2013 წლის 29 იანვარს გ. ვ-ამ გ. ს-ეს სამი თვის ვადით ასესხა 8000 აშშ დოლარი თვეში 4% სარგებლის დარიცხვით. სესხი უზრუნველყოფილი იყო მოპასუხეების სახელზე რიცხული უძრავი ქონებით. გ. ს-ემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი - 320 აშშ დოლარი გადაიხადა სამჯერ. 2013 წლის 10 სექტემბერს გადაიხადა სესხის ძირი თანხის ნაწილი 2000 აშშ დოლარი. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე მოსარჩელეს გადაუხდიდა 6000 აშშ დოლარს და ასევე 4 თვის სარგებელს 1280 აშშ დოლარს, სულ 7280 აშშ დოლარს. სესხი უნდა დაფარულიყო 2013 წლის სექტემბრის ბოლომდე. მიუხედავად შეთანხმებისა, გ. ს-ემ სესხი არ გადაიხადა. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების 3.3 პუნქტი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ითვალისწინებს პირაგასამტეხლოს. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება დაიწყო 2013 წლის 1 ოქტომბერს. ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით, პირგასამტეხლო შეადგენს 3581.76 აშშ დოლარს.
3. გ. ს-ემ და ი. ბ-ემ სარჩელი ცნეს მხოლოდ 6000 აშშ დოლარის ნაწილში და მოითხოვეს დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ვ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ს-ეს გ. ვ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 7881.2 აშშ დოლარის გადახდა (ძირი თანხა - 6000 აშშ დოლარი, სარგებელი - 1280 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო – 601.2 აშშ დოლარი). მასვე დაეკისრა გ. ვ-ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 413 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის – 500 ლარის გადახდა.
5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. ბ-ემ და გ. ს-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი. ბ-სა და გ. ს-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ს-ისთვის 7881.2 აშშ დოლარიდან 1881.2 აშშ დოლარის – სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ს-ის გ. ვ-ას სასარგებლოდ 413 ლარის დაკისრების ნაწილში, გ. ვ-ას სარჩელი პირგასამტეხლოსა და სარგებლის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გ. ს-ეს გ. ვ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 888.8 აშშ დოლარის გადახდა.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმისთვის მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8. 2013 წლის 29 იანვარს გ. ს-ემ გ. ვ-ასგან ისესხა 8000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 4% სარგებლით.
9. ხელშეკრულება დაიდო სამი თვის ვადით, თუმცა, მხარეთა შეთანხმებით, იგი კიდევ სამი თვით შეიძლებოდა გაგრძელებულიყო.
10. ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით.
11. ვალდებულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა გ. ს-სა და ი. ბ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
12. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2013 წლის 29 აპრილის შემდეგ მხარეებმა სესხის ხელშეკრულების ვადა გააგრძელეს კიდევ 4 თვით, ეკისრებოდა გ. ვ-ას. თავისი პოზიციის დასადასტურებლად მოსარჩელემ სასამართლოს წარუდგინა ერთადერთი მტკიცებულება - ხელწერილი, რომელშიც მითითებულია, რომ 2013 წლის 10 სექტემბერს გ. ვ-ას მესამე პირმა - ნ. ა-ემ გადასცა 2000 აშშ დოლარი. აღნიშნულ ხელწერილშივე მითითებულია, რომ ვალდებულებიდან დარჩა ძირი თანხა 6000 აშშ დოლარი და ოთხი თვის სარგებელი.
13. სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 327.1-ე მუხლებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ხელწერილით არ დგინდებოდა მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე შეთანხმება, ვინაიდან სესხის ხელშეკრულების მხარეები იყვნენ: კრედიტორი - გ. ვ-ა და მოვალე - გ. ს-ე. თავისი პოზიციის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები კი მოსარჩელეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ სესხის ხელშეკრულებისა და პროცენტის გადახდის ვადა გაგრძელდა 2013 წლის 29 აპრილის შემდეგაც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გ. ვ-ამ ვერ დაამტკიცა, რაც ცხადყოფდა, რომ 2013 წლის 29 აპრილის შემდეგ სესხის ხელშეკრულების ვადა აღარ გაგრძელებულა.
14. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქლაქო კოდექსის 317.1-ე და 403.1-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მხარეები 2013 წლის 29 აპრილის შემდეგ მოსარჩელისათვის სარგებლის გადახდის თაობაზე არ შეთანხმებულან, რის გამოც გ. ს-ის ვალდებულება ხელშეკრულებიდან არ გამომდინარეობდა. თუმცა, ამავდროულად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
15. სააპელაციო პალატის აზრით, გ. ს-ეს გ. ვ-ას მიმართ ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა და ვალი დროულად დაებრუნებინა, გ. ვ-ა ამ თანხის საბანკო ანაბარზე განთავსებით მიიღებდა მინიმუმ წლიურ 7-დან 8%-მდე სარგებელს. ამდენად, გ. ს-ეს გ. ვ-ის ეს მინიმალური ზიანი უნდა აენაზღაურებინა.
16. იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. ვ-ა ითხოვდა 4 თვის მიუღებელ შემოსავალს - 2014 წლის მაისიდან იმავე წლის აგვისტოს ჩათვლით (8000X7%/12X4=186,66; ხოლო 8000X8%/12X4=213,33), სააპელაციო პალატამ გონივრულად მიიჩნია გ. ვ-ას მიერ 4 თვის ვადაში მიუღებელი სარგებელი განსაზღვრულიყო 200 აშშ დოლარით.
17. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა ამ შემთხვევაშიც, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული. შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილი იყო შეემცირებინა პირგასამტეხლო, თუმცა მას არ შეეძლო შეეცვალა მხარეთა შეთანხმება და თავად განნესაზღვრა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი.
18. სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ, ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო გადასახდელ თანხას ერიცხებოდა ყოველდღიურად, განსაზღვრული პროცენტის ოდენობით.
19. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ისე შეამცირა მოვალის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო ხუთჯერ, რომ, ამ ნაწილში, თავისი პოზიცია არ დაუსაბუთებია.
20. ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილებისა და ვადის გადაცილებით კრედიტორისათვის მიყენებული მინიმალური ზიანის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გონივრულად მიაჩნია პირგასამტეხლო განსაზღვრა ყოველდღიურად, მოვალის მიერ გადაუხდელი თანხის 0,07%-ის ოდენობით.
21. მოსარჩელემ მოითხოვა მოვალისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან 2014 წლის 14 აპრილამდე, ხოლო ამ პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულება განსაზღვრა 6000 აშშ დოლარით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2013 წლის პირველი ოქტომბრიდან 2014 წლის 14 აპრილამდე გავიდა 164 დღე, შესაბამისად, გ. ს-ის მიერ გ. ვ-ის გადასახდელი პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 6000X0,07%X164=688,8 აშშ დოლარით.
22. სააპელაციო პალატის აზრით, მართალია, აღნიშნული თანხა უფრო მეტი იყო, ვიდრე საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო, მაგრამ ჯამში 688,8+200=888,8 ნაკლებია 1280+601,2=1881,2-ზე, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილით აპელანტისათვის დაკისრებულ თანხაზე.
23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. ბ-ემ და გ. ს-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. ამასთან, არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება კიდევ სამი თვით გაგრძელდა. სასამართლომ ასევე არასწორად ჩათვალა დადგენილად, რომ ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გ. ს-სა და ი. ბ-ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით ი. ბ-სა და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
26. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-სა და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
31. ამდენად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ი. ბ-სა და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (351 ლარის) 70% –245.7 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. ბ-სა და გ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს ი. ბ-ეს (პ/ნ: ...) და გ. ს-ეს (პ/ნ: ...) დაუბრუნდეთ ნ. ა-ის (პ/ნ: ...) მიერ 2015 წლის 30 მარტს №6428794 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 351 ლარის 70% – 245,7 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე