№ ას-272-260-2015 20 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ქ-ე, ქ. ა-ი, ნ. ნ-ა (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ქ-ის, ნ. ნ-სა და ქ. ა-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: ა) მ. ქ-სა და ქ. ა-ს შორის 2011 წლის პირველ აგვისტოს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; ბ) მ. ქ-სა და ნ. ნ-ას შორის 2011 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულის სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
6. სააპლაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7. 2005 წელს გ. და ნ. ხ-მა გონიოს თემის საკრებულოს 27.04.2005 წლის ოქმის საფუძველზე, საკუთრების უფლებით დაირეგისტრირეს სოფელ გ-ი მდებარე 1008 კვ.მ და 1096 კვ.მ მიწის ნაკვეთები. აღნიშნული ოქმი ბათილად იქნა ცნობილი მისი მიღების მომენტიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19.12.2008 წლის გადაწყვეტილებით, რომლითაც გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 27.05.2008 წ. გადაწყვეტილება.
8. 2008 წლის 22 მაისს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე 5 დღით ადრე, გ. და ნ. ხ-სა და მ. ქ-ეს შორის გაფორმდა სადავო 1008 კვ.მ და 1096 კვ.მ მიწის ნაკვეთების ნასყიდობის ხელშეკრულება.
9. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განჩინებით საჯარო რეესტრის ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა სადავო მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო ჩანაწერებში რაიმე სახის ცვლილებების განხორციელება. აღნიშნული განჩინება 2008 წლის 8 სექტემბერს გადაგზავნილ იქნა სარეგისტრაციო სამსახურში.
10. 2009 წელს დავა დაიწყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და მ. ქ-ეს შორის 22.05.2008 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე.
11. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ნ. და გ. ხ-სა და მ. ქ-ეს შორის 22.05.2008 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები და ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერები სადავო მიწის ნაკვეთებზე.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 09.07.2010 წლის განჩინებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.02.11 წლის გადაწყვეტილებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 09.07.10 განჩინება, თუმცა სააპელაციო სასამართლოს 22.06.11 წლის გადაწყვეტილებით სარჩელს კვლავ უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე. უზენაესი სასამართლოს 09.02.12 წლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ქ-ის საკასაციო საჩივარი და სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
14. ზემოაღნიშნული დავის წარმოების პერიოდში, 2011 წლის პირველ აგვისტოს მ. ქ-სა და ქ. ა-ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ქ. ა-მა მ. ქ-ეს ასესხა 6000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა იმ დროისათვის საჯარო რეესტრის მონაცემებით მ. ქ-ის სახელზე რიცხული, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ი მდებარე 1008 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №... (ამჟამად ქ. ბათუმი, გ-ოს დასახლება. საკადასტრო კოდი №...). ხელშეკრულების თანახმად, სესხი იყო სარგებლიანი, ყოველთვიურად 6% სარგებლით.
15. 2011 წლის 30 დეკემბერს საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მ. ქ-სა და ნ. ნ-ას შორის, რომლის თანახმადაც, მ. ქ-ემ ექვსი თვის ვადით ნ. ნ-ან ისესხა 22 000 აშშ დოლარი. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა იმ დროისათვის საჯარო რეესტრის მონაცემებით მ. ქ-ის საკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში, გ-ოს დასახლებაში მდებარე 1098 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №....
16. მიუხედავად ნ. ნ-სა და ქ. ა-ის მოთხოვნისა, მ. ქ-ემ არ შეასრულა 2011 წლის 22 მაისისა და 2011 წლის 30 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და არ გადაიხადა სესხი ხელშეკრულებებში მითითებულ ვადებში.
17. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ 2012 წლის 9 ოქტომბერს გაცემული №2-1472/12 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, მ. ქ-ეს ნ. ნ-ას სასარგებლოდ დაეკისრა 22 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და სახელმწიფო ბაჟის -1089 ლარის გადახდა.
18. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2013 წლის პირველი ივლისის განკარგულებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე განხორციელდა იძულებითი აუქციონი და მ. ქ-ის სახელზე რეგისტრირებული, ქ. ბათუმში, გ-ოს დასახლებაში მდებარე 1098 კვ.მ მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით №..., შემძენი გახდა თ. მ-ე. აღნიშნული განკარგულების თანახმად, იძულებითი აღსრულება განხორციელდა კრედიტორ-იპოთეკარის - ნ. ნ-ას სასარგებლოდ. თ. მ-ის სახელზე საკუთრების გადასვლის შემდეგ გაუქმდა ყველა სანივთო უფლება, რომელიც ქონებაზე რეგისტირებული იყო იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ.
19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროში ამჟამადაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება ქ. ა-ის განცხადების საფუძველზეც, რომლითაც ქ. ა-ი მოითხოვს იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციას და აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
20. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მ. ქ-სა და ქ. ა-ს შორის 2011 წლის პირველ აგვისტოს ასევე, მ. ქ-სა და ნ. ნ-ას შორის 2011 წლის 30 დეკემბერს გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებს.
21. სააპელაციო პალატის განმარტებით, გარიგების ბათილად მისაჩნევად, უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლებს და განმარტავდა, რომ სადავო გარიგებები მხარეებს შორის გაფორმდა იმ მიზნით, რომ მას რაიმე იურიდიული შედეგი არ მოყოლოდა და სახელმწიფოს ხელი შეშლოდა აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაში.
22. სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 286-ე, 289-ე მუხლებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეების მიერ დაცული იყო ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების წესი. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა რაიმე ფაქტი იმის შესახებ, რომ სადავო ხელშეკრულებები დადებული იყო კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების საწინააღმდეგოდ ან ისინი ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა 54-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.
23. სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სადავო გარიგებების მოჩვენებით დადებულად მიჩნევისთვის, აუცილებელი იყო ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებდნენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ურთიერთშეთანხმებაზე, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მხარეთა მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
24. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ მიუთითა და წარმოადგინა ის მტკიცებულებები, რომლითაც ასაბუთებდა მხოლოდ გარიგების ერთი მხარის, კერძოდ, მ. ქ-ის არაკეთილსინდისიერებას, შესაბამისად, ივარაუდება, რომ სადავო გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც ევალებოდა მოსარჩელეს, რომელმაც რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აღნიშნულ გარემოებას, არ წარმოადგინა.
25. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის დანაწესზე, ვინაიდან უდავოდ დადგენილი იყო, რომ სადავო მიწის ნაკვეთები 2011 წლის 2 აგვისტოსა და 2011 წლის 30 დეკემბერს, ანუ სადავო იპოთეკის ხელშეკრულებების გაფორმების დროისათვის, საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხებოდა მ. ქ-ის საკუთრებაში და მათზე რაიმე სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ ყოფილა. შესაბამისად, საჯარო რეესტრის მონაცემების უტყუარობისა და სიზუსტის პრეზუმციის გათვალისწინებით, ნ. ნ-ა და ქ. ა-ი სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე მოქმედებდნენ და მათ არ ევალებოდათ დამატებით მოეძიათ ინფორმაცია სადავო მიწის ნაკვეთებზე მიმდინარეობდა თუ არა რაიმე დავა. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოპასუხეების პოზიცია კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.
26. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა და სამართლებრივად სწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
27. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 28 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
28. კასატორმა არასწორად მიიჩნია სასამართლოს მსჯელობა, რომ დაცული იყო კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებების დადების წესი და საქმის მასალებით არ დასტურდებოდა რაიმე ფაქტი იმის შესახებ, რომ სადავო ხელშეკრულებები დადებული იყო კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების საწინააღმდეგოდ ან ისინი ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს და, შესაბამისად, არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მულით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, დადგენილია, რომ მ. ქ-ე, მას შემდეგ რაც პირველი ინტანციის სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს სარჩელი, მოჩვენებითი იპოთეკის ხელშეკრულებებით უფლებრივად დატვირთა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ გ-ი მდებარე 1008 და 1098 კვ.მ მიწის ნაკვეთები.
29. კასატორის აზრით, სადავო ხელშეკრულებები მოჩვენებითია და იგი მხარეთა შორის გაფორმდა იმ მიზნით, რომ მას რაიმე იურიდიული შედეგი არ მოჰყოლოდა და სახელმწიფოს ხელი შეშლოდა აღნიშნული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციაში.
30. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, იპოთეკარებისათვის ცნობილი იყო იპოთეკის საგნები, რომლებიც გამოყენებულ იქნა მოჩვენებითი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, სადავო მიწის ნაკვეთები უკვე აღარ წარმოადგენდა მ. ქ-ის საკუთრებას და 2008 წლის 25 ივლისის განჩინების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურს აეკრძალა სადავო მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო ჩანაწერებში რაიმე სახის ცვლილებების განხორციელება, როგორც მოპასუხე მ. ქ-ან დაახლოებულმა პირებმა, შეგნებულად გააფორმეს ხელშეკრულება.
31. კასატორის განცხადებით, სადავო გარიგებების გაფორმების პერიოდში მიმდინარეობდა სასამართლო დავა მ. ქ-სა და სახელმწიფოს შორის, ხოლო მოცემულ დავაში გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა სცოდნოდა იპოთეკარს.
32. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და მითითებული სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის უსწორობის ცოდნასთან მიმართებით, კასატორმა მიიჩნია, რომ უფლების შემძენს ტვირთად აწევს არა ყოველგვარი უზუსტო მონაცემის ცოდნა, არამედ მხოლოდ ისეთის, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს უფლების შეძენის ნამდვილობას. ჩანაწერის უზუსტობის ცოდნა ნიშნავს იმ გარემოებათა ცოდნასაც, რაც გონივრულ შესაძლებლობებს სცილდება.
33. კასატორის აზრით, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56.1-ე მუხლები. კასატორის აზრით, გასაჩივრებული 01.08.2011 წლის და 30.12.2011 წლის ხელშეკრულებები, წარმოადგენს მოჩვენებით, მართლსაწინააღმდეგო და ამორალურ გარიგებებს, რომლებიც დადებულია იმ მიზნით, რომ მათ რაიმე იურიდიული შედეგი არ მოჰყვეს, შესაბამისად ისინი ბათილად უნდა გამოცხადდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 56-ე მუხლებით დადგენილი წესით.
34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
35. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
36. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
39. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ: სუსგ №ას-863-1174-07, ას-1159-1105-2013, ას-1142-1088-2014).
40. ამდენად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
42. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე