Facebook Twitter

№ ას-426-406-2015 13 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – დ. დ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ჯ-ა (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წალენჯიხის რაიონული განყოფილება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება

დავის საგანი – ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ს.ჯ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.დ-ას მიმართ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ს.ჯ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ. დ-ან. 2013 წლის 25 სექტემბერს მეუღლეები განქორწინდნენ. მათ ჰყავთ მცირეწლოვანი შვილი ბ. დ-ა, რომელიც განქორწინების შემდგომ იმყოფებოდა დედასთან, თუმცა 2013 წლის ნოემბრის თვიდან მოპასუხე არ აძლევდა მას ბავშვის ნახვის უფლებას. ს. ჯ-ამ მიმართა ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს იმ საფუძვლით, რომ დ. დ-ა მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს და თუკი სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის გარეშე წამოიყვანდა შვილს, შესაძლოა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფ დ-ას რაიმე არაადეკვატური ქმედება ჩაედინა. რაიონულმა სამმართველომ ბავშვის მიკუთვნებისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხი ვერ გადაწყვიტა და მიუთითა ს. ჯ-ას, მიემართა სასამართლოსთვის. ს. ჯ-ამ მაინც შეძლო შვილის წამოყვანა, თუმცა მშობლები ვერ შეთანხმდნენ, თუ რომელ მშობელთან უნდა ეცხოვრა მცირეწლოვან ბ.ს.

3. მოსარჩელის მითითებით, ს. ჯ-ას აქვს ყველა სათანადო პირობა იმისათვის, რომ სწორად განახორციელოს შვილის აღზრდა.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2013 წლის ოქტომბრის თვეში ს.ჯ-ა დაქორწინდა მოქალაქე გ. ო-ე და საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში, რის შემდეგაც მან ფაქტობრივად გაწყვიტა დედობრივი ურთიერთობა მცირეწლოვან ბ-ან. შესაბამისად, არასწორია მოსარჩელის განაცხადი იმის თაობაზე, რომ მას ბავშვთან ურთიერთობის უფლებას მოპასუხე არ აძლევს. ზემოხსენებული თარიღიდან მოყოლებული ბავშვი იზრდება მამისა და მისი მშობლების ოჯახში, სადაც შექმნილია ყველა პირობა მისი განვითარებისათვის და მას ჩამოყალიბებული აქვს მიჯაჭვულობის გრძნობა ოჯახის წევრების მიმართ, რაც დასტურდება ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ 2014 წლის 24 იანვარს გაცემული დასკვნით.

5. მოპასუხის განცხადებით, ს.ჯ-ამ მიატოვა მცირეწლოვანი შვილი და დაქორწინდა. ამჟამად მას არ გააჩნია არც მატერიალური პირობები ბავშვის აღზრდისათვის. იგი არის დევნილი და ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. შესაბამისად, მისი ცხოვრების პირობები და გარემო მიუღებელია ბ-ის.

6. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, დ.დ-ა დასაქმებულია, იგი მონაწილეობს სხვადასხვა კულტურულ პროექტში, ასწავლის მოსწავლეებს ხალხურ საკრავებზე დაკვრას და სიმღერებს, გალობს ეკლესიაში და ამეცადინებს მგალობელთა გუნდს. დიდი სიყვარულითა და რეპუტაციით სარგებლობს მეგობრებსა და სამეზობლოში. მათ ოჯახში არსებობს ყველანაირი პირობები, რომ შესაფერისად იზრუნონ პატარა ბ-ს აღზრდაზე, რაშიც დ-ს ასევე ეხმარებიან მშობლები. ოჯახს გააჩნია სტაბილური შემოსავალი.

7. დ. დ-ამ შეგებებული სარჩელი აღძრა ს. ჯ-ას მიმართ და მოითხოვა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

8. შეგებებული სარჩელის მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დ. დ-ა რამდენჯერმეა ნასამართლევი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებისთვის. მას არ გააჩნია ბავშვის აღზრდისათვის სათანადო პირობები. ბავშვის მატერიალური უზრუნველყოფა ხორციელდება დედის მიერ.

9. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 8 აპრილის განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმულ იქნა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სოციალური მომსახურების ცენტრი.

10. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დ. დ-ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ბ.დ-ას (დაბ……......, პ/ნ .......) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის, დ.დ-ას საცხოვრებელი ადგილი - ქ. ზუგდიდი, გ-ს ქ. ….

11. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჯ-ამ.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. დ-ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა; 2011 წლის 10 აგვისტოს დაბადებული, მცირეწლოვანი ბ. დ-ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ს. ჯ-ას საცხოვრებელი ადგილი.

13. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

14. ს. ჯ-ა რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა დ. დ-ან, რომლებიც 2013 წლის 25 სექტემბერს განქორწინდნენ.

15. მოდავე მხარეებს ჰყავთ საერთო, მცირეწლოვანი შვილი ბ. დ-ა, დაბადებული … წლის … აგვისტოს.

16. დ. დ-ა მშობლებთან, ძმასთან და შვილთან - ბ. დ-ან ერთად ცხოვრობს ქ. ზუგდიდში, კ. გ-ას ქ. №...-ში.

17. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ს. ჯ-ა მეორე ქორწინებაშია გ. ო-ან. ამ ქორწინებიდან ჰყავს შვილი და ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. თბილისში, ლ. ფ-ის საცხოვრებელ დუპლექსის ტიპის 5 ოთახიან ბინაში მისამართზე ბ-ის ქ. ..., ბ. ....

18. ლ. ფ-ი ფინანსურად ეხმარება მოსარჩელეს. ს. ჯ-ა ფაქტობრივად შვილობილია ლ. ფ-სა და ამჟამად სამართლებრივი თვალსაზრისით ეს საკითხი მომზადების პროცესშია.

19. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თავად ს. ჯ-აც დასაქმებულია ,,ჯუნიორ ეჩივმენტის" პროექტში და აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი, გახსნილი აქვს დაგროვებითი ანაბარი.

20. სასამართლომ აღნიშნა, რომ დ. დ-ა მსახურობს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში სამღვდელმთავრო მგალობელთა გუნდის მთავარ რეგენტად და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენს 800 ლარს. იგი ასევე მონაწილეობს სხვადასხვა კულტურულ პროექტებში, მოსწავლეებს ასწავლის ხალხურ საკრავებზე დაკვრას და სიმღერებს.

21. მოდავე მხარეთა განქორწინებამდე, გარკვეული პერიოდი ს. ჯ-ა და დ. დ-ა ბავშვთან, ბ-ან ერთად ცხოვრობდნენ ლ. ფ-ის ბინაში და იღებდნენ მისგან ფინანსურ დახმარებას.

22. საქმეში განთავსებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართვის საფუძველზე გაკეთებული „საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა, რომელიც მომზადდა 6 საკითხზე: 1. როგორია ბავშვის დამოკიდებულება და მიჯაჭვულობა მშობლების მიმართ? რასაც ფსიქოლოგების დასკვნით გაეცა პასუხი, რომ ბავშვს პოზიტიური დამოკიდებულება და ემოციური კავშირი აქვს ორივე მშობელთან. 2. რა გავლენა მოახდინა ბავშვის ფსიქიკაზე მშობლების დაშორებამ და მისმა მუდმივად საცხოვრებლად მამასთან გადასვლამ? - დასკვნა პასუხობს, რომ გამოკვლევის პროცესში ბ. არ ავლდენდა მკვეთრ ნეგატიურ ემოციებს. 3. მამის ოჯახიდან მოწყვეტამ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ბავშვის ფსიქიკაზე? - დასკვნა პასუხობს: ბავშვს აქვს უნარი გაუმკლავდეს სტრესს მამასთან დაშორების შემთხვევაში. 4. დედასთან ცხოვრება (მისი სხვა ქორწინებაში ყოფნის პირობებში) რა გავლენას მოახდენს ბავშვის ფსიქიკაზე? დასკვნის პასუხი შემდეგია: - ს. მეუღლესთან და მომავალ მამობილთან მიმართებაში არ გამოკვეთილა რაიმე სახის რისკი, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. 5. როგორი შეიძლება იყოს სტრატეგია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გარემოს შეცვლის გამო მოსალოდნელი სტრესის ასაცილებლად? დასკვნა გვთავაზობს ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის პროცესის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და რჩევებს, დედა - შვილის ურთიერთობის აღდგენა - გაღრმავების რესურსებზე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გარეშე, ან შეცვლის შემთხვევაში.

23. ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვების” ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნაში ასევე აღნიშნულია: „გამომდინარე იქედან, რომ ბ. არ ავლენს ერთი მშობლის მიმართ აშკარა უპირატესობას და მას პოზიტიური ემოციური კავშირი აქვს ორივე მშობელთან, ორივესთან კარგად გრძნობს თავს, ორივე მშობელთან სურს იქონიოს კონტაქტი, ეს არის ძლიერი მხარე მოცემულ სიტუაციაში და იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის გამოცვლის პროცესი ეფექტურად დაიგეგმება, რაც გულისხმობს პროცესის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, გარემოს შეცვლით გამოწვეული სტრესის გავლენა ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“.

24. ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი დასკვნით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ს. ჯ-ას ყველა პირობა აქვს იმისათვის, რათა არასრულწლოვან ბ. დ-ას შეუქმნას ნორმალური აღზრდა განვითარებისათვის აუცილებელი პირობები: არის დასაქმებული, აქვს სტაბილური შემოსავალი და გახსნილი აქვს დაგროვებითი ანაბარი, ჰყავს თანადგომის კარგი ქსელი.

25. წალენჯიხის სოციალური მომსახურების განყოფილების სოციალური მუშაკის დასკვნის თანახმად პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბავშვის, ბ. დ-ას ძირითადი საჭიროებები მამის ოჯახში კვების, სეზონური სამოსის, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვის, ბავშვზე მეთვალყურეობის თვალსაზრისით დაკმაყოფილებულია.

26. საქმეში წარმოდგენილია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მღვდელმსახურის დახასიათება, რომლითაც დ. დ-ა ხასიათდება, როგორც „გამორჩეულად თავმდაბალი, ზრდილობიანი, პატიოსანი, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიანი ადამიანი“. ასევე წარმოდგენილია ზუგდიდის ქორეოგრაფიული ცენტრი „ოდიშის“ დირექტორის დახასიათება, სადაც აღნიშნულია, რომ მუშაობიოს პერიოდში დ. დ-ა გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, მიზანსწრაფულობით და ღრმა პროფესიონალიზმით.

27. საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მიერ გაცემული ინფორმაციის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. დ-ა ნარკოლოგიურ შემოწმებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში წარდგენილი იქნა ოთხჯერ: 2013 წლის 25 ოქტომბერს, 2013 წლის 21 დეკემბერს, 2014 წლის 17 თებერვალსა და 2014 წლის 20 მარტს. სააპელაციო სასამართლოს დ. დ-ამ დაუდასტურა, რომ ის არის ნასამართლევი ნარკოტიკული საშუალების მარიხუანას მოხმარებისათვის.

28. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ბავშვის ორივე მშობელს შესწევს უნარი არასრულწლოვან ბ. დ-ას შეუქმნან ნორმალური პირობები აღზრდა-განვითარებისთვის, თუმცა ბავშვის ჭეშმარიტი, უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით მიზანშეწონილად მიიჩნია ბ. დ-ას საცხოვრებელ ადგილად განსაზღვროს დედის, ს. ჯ-ას საცხოვრებელი ადგილი.

29. საპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-1199-ე, 1201-1202-ე მუხლებით, ,,ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლით და განმარტა, რომ მსგავსი ტიპის დავების განხილვისას სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა, მისი ჭეშმარიტი ინტერესების შესაბამისად და მისი უფლებების დაცვა. აღნიშნული უპირატესი ინტერესი არ შეიძლება იქნეს უგულებელყოფილი.

30. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას ზედმიწევნით იქნა შესწავლილი გარემო, სადაც ბავშვი ცხოვრობს და სადაც მას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ორივე მშობელთან, ბავშვის ასაკი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მცირეწლოვანის ინდივიდუალური მოთხოვნილებანი, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა საკითხის გადაწყვეტა, თუ სად განისაზვროს ბავშვის, ბ. დ-ას საცხოვრებელი ადგილი.

31. პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვის მამის ოჯახში დატოვების შემთხვევაში, დედა-შვილის შემდგომი ურთიერთობები შესაძლოა პრობლემებთან იყოს დაკავშირებული. ამასთან, განსახილველი საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის, პალატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია ბავშვის ასაკი და სქესი. მოცემულ შემთხვევაში ბავშვი არის იმ ასაკის, რაც ბავშვთა ფსიქოლოგიაში რევოლუციურ, გარდამტეხ ასაკად არის მიჩნეული. სწორედ ამ დროს ეყრება საფუძველი პიროვნულ ჩამოყალიბებას, რა დროსაც დედის ავტორიტეტის გარკვეულწილად შელახვა და მასთან არასაკმარისი სიახლოვე შესაძლოა დამღუპველი ფაქტორი გახდეს და შესაბამისად, უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის, როგორც ინდივიდის შემდგომ ფორმირებაზე.

32. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ მამის ოჯახში ბავშვის საცხოვრებლად დარჩენის შემთხვევაში ბავშვზე მზრუნველობა მოუწევს ბებოს (როგორც ერთადერთ ქალს მამის ოჯახში), რაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ ერთ-ერთ საქმეზე შეფასდა, როგორც რისკ ფაქტორი. ევროპის სასამართლომ აღნიშნა, რომ მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იყოს დაცული ბალანსი და ამ ბალანსის ძიებისას, სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესს, რომელსაც პრიორიტეტული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს მშობლის ინტერესთან მიმართებით.

33. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დ. დ-ამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი დასაბუთებით:

34. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმე განიხილა მესამე პირის დაუსწრებლად. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელია. მესამე მხარის პროცესზე დაუსწრებლობამ კი არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რითაც დარღვეული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი. კასატორის აზრით, აღნიშნული გარემოება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის დაშვების ერთ-ერთი საფუძველია.

35. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ასევე ის გარემოება, რომ მცირეწლოვანი ბავშვი ამჟამად ცხოვრობს ოჯახურ გარემოში, სადაც ყველა პირი მისი ბიოლოგიური ნათესავია. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის იმპერატიული დანაწესი, რომლის მიხედვით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მამის ოჯახიდან, ანუ ადაპტირებული გარემოდან მოწყვეტა დამანგრევლად იმოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე. ამ რისკფაქტორის გაუზიარებლობა და გაუთვალისწინებლობა სააპელაციო სასამართლოს მიერ ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული.

36. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა, თუ რა უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვის ფსიქიკაზე მამინაცვალთან შეგუების მეტად მტკივნეული პროცესი. გაეროს ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები თუ ადმინისტრაციული ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის იმპერატიული დანაწესი, რომლის მიხედვით მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

37. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-5 მუხლი, რომლითაც მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლების და შესაბამის შემთხვევაში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელი არიან ბავშვზე, იმაზე რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა გათვალისწინებით.

38. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს მიერ საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასებები მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. კერძოდ, საქმეში განთავსებულია ზუგდიდის სოციალური სამსახურის მუშაკის ქალბატონ ნ. ფ-ას 2014 წლის 24 იანვრის, წალენჯიხის სოციალური მუშაკის ქალბატონ თ.ჯ-ას და თბილისის ვაკე-საბურთალოს სოციალური მუშაკის ქალბატონ ქ. ვ-ის 2014 წლის 10 სექტემბრის დასკვნები. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ მოახდინა ამ დასკვნების შეჯერება, დეტალურად არ შეუსწავლია და არ გაუანალიზებია ისინი.

39. სასამართლომ არ დაადგინა რა სახის ხარვეზები იყო ნ. ფ-ას დასკვნაში, რა ასახვა ჰპოვა ამ ხარვეზებმა დასკვნაზე, რა არსებითი ხასიათის განსხვავება არის წალენჯიხის სოცმუშაკისა და ზუგდიდის სოცმუშაკის დასკვნაში ისეთი, რაც ზუგდიდის სოცმუშაკის დასკვნას გააბათილებს. არ მომხდარა ზუგდიდისა და წალენჯიხის სოცმუშაკების დასკვნების შედარებითი ანალიზი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ზუგდიდისა და წალენჯიხის სოცმუშაკების დასკვნები იდენტურია ბავშვის საცხოვრებელი პირობებისა და მისი აღზრდა-განვითარების შეფასების ნაწილში. სასამართლომ აგრეთვე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ვაკე-საბურთალოს სოცმუშაკის მიერ არც ერთხელ არ განხორციელებულა ბავშვთან ვიზიტი, მის მიერ შესწავლილი იქნა ბატონ ლ. ფ-ის საცხოვრებელი პირობები და ეკონომიკური მდგომარეობა და მხოლოდ ამ პარამეტრით განისაზღვრა ის, რომ ბავშვის ინტერესები ლ. ფ-ის ოჯახში უფრო იქნება დაცული.

40. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საქმეში განთავსებული ორგანიზაცია ,,საქართველოს ბავშვების’’ ფსიქოლოგის ქალბატონ ნ. ლ-ის 2014 წლის 13 ნოემბრის დასკვნა არსებითად აგებულია რესპოდენტის, ს. ჯ-ას მიერ გაცემულ ცრუ ინფორმაციაზე. ფსიქოლოგის ბავშვზე დაკვირვება მხოლოდ ერთი ვიზიტით შემოიფარგლა. გარდა ამისა ფსიქოლოგმა ნ. ლ-ემ ზუგდიდში ვიზიტისას თავად დაადასტურა, რომ იგი მეგობრობს მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატ ქალბატონ მ.ფ-ან.

41. სასამართლომ არ გაანალიზა სსიპ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის ქალბატონ ლ.ც-ის აცილების მოტივები დასკვნის წარმოდგენამდე. ქალბატონ თ.ცს გააჩნდა პოტენცია ობიექტური და მიუკერძოებელი დასკვნის წარმოდგენისა, რაც მოწინააღმდეგე მხარეს არ აწყობდა, ამიტომაც გააპროტესტეს თავიდან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განჩინება ფსიქოლოგის ჩართვის თაობაზე, მაგრამ მერე მაინც მოახერხეს საქმეში მათთვის სასურველი პერსონის, ქალბატონი ნ.ლ-ის ჩართვა.

42. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ფსიქოლოგის მომსახურებაც ბატონ ლ. ფ-მა დააფინანსა. საქმეს ჩამოაშორეს ზუგდიდის სოციალური სამსახურის ფსიქოლოგი ნ.მ-ა მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ მან პირუთვნელად დააფიქსირა ფაქტი, როცა ბავშვზე ფსიქოლოგიური დაკვირვების პროცესში ბავშვმა არჩევანი მამაზე გააკეთა და არა დედაზე. სხვათა შორის ამ ფაქტმა ასახვა ჰპოვა ფსიქოლოგის დასკვნაში, თუმცა სასამართლოს იგი არ შეუფასებია. სასამართლომ არ გაიზიარა დ. დ-ას მიერ წარდგენილი არც ერთი ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება თუ არგუმენტაცია, რაც კასატორის აზრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და რაიონული სასამართლოს 2014 წლის 07 ნოემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველია.

43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით დ. დ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

44. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს დ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

45. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

46. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

47. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

48. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1062-996-2012, №ას-1134-1081-2013, № ას-331-316-2015).

49. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

50. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. დ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

51. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ. დ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ დ. დ-ას (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 14 აპრილს №1 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე