№ ას-538-511-2015 20 ნოემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. წ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015წლის 20 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება, საალიმენტო დავალიანებისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ. წ-მა სარჩელი აღძრა ნ. ბ-ის მიმართ დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირებისა და საალიმენტო დავალიანებისაგან გათავისუფლების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
2. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე თ. წ-ს არასრულწლოვანი შვილის ა. წ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის 70 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან, 2013 წლის 19 სექტემბრიდან პირის სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
3. 2014 წლის 1 ივლისს მას ჩაბარდა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წინადადება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მას 2013 წლის 19 სექტემბრიდან დღემდე შესასრულებელი ჰქონდა საალიმენტო ვალდებულება 740 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველთვიური ალიმენტის ოდენობა კი შეადგენდა 74,90 ლარს (მათ შორის ნაგულისხმევი იყო აღსრულების საფასურიც).
4. მოსარჩელის განმარტებით, იგი არის პენსიონერი და სისტემატურად იმყოფება კარდიოლოგთა და ნევროლოგთა ზედამხედველობის ქვეშ, ესაჭიროება რეაბილიტაცია და სხვადასხვა სახის მკურნალობა, რადგან დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და მისი მდგომარეობა უარესდება, ამასთან სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, მას არ შეუძლია ფიზიკური მუშაობა, რის გამოც მიაჩნია, რომ იგი სრულად უნდა გათავისუფლდეს საალიმენტო დავალიანებისგან, ხოლო უკვე დაკისრებული ალიმენტი შემცირდეს 50 ლარით და განესაზღვროს 20 ლარი ყოველთვიურად.
5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1996 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელესთან, რა დროსაც შეეძინათ ერთი შვილი ა. წ-ი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს 2013 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს ალიმენტი, მას დღემდე გადახდილი არ აქვს ბავშვის სასარგებლოდ არც ერთი თვის დავალიანება. შვილის დაბადებიდან დღემდე მოსარჩელე თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. მოპასუხის განცხადებით, მოსარჩელის მდგომარეობა არ არის შეცვლილი, რაც საფუძველი იქნებოდა საალიმენტო დავალიანებისაგან გასათავისუფლებლად, ასევე ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის.
6. გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. წ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. წ-მა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით თ. წ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და გაუქმებულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. წ-ის სარჩელი ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. წ-ს ... წლის ... აგვისტოს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის ა. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 50 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან 2014 წლის 3 ივლისიდან ა. წ-ის სრულწლოვანობის მიღწევამდე; დანარჩენ ნაწილში გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10. დაბადების მოწმობის თანახმად, ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ა. წ-ის მშობლები არიან თ. წ-ი და ნ. ბ-ი.
11. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ა. წ-ი ცხოვრობს დედასთან, ნ. ბ-ან.
12. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბერის გადაწყვეტილებით ნ. ბ-ის სარჩელი თ. წ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე თ. წ-ს არასრულწლოვანი შვილის, ა. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის ყოველთვიურად 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით გადახდა 2013 წლის 19 სექტემბრიდან სრულწლოვანების მიღწევამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
13. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ თ. წ-ი არის შშმპ მნიშვნელოვანი პენსიონერი და მისი პენსია 2013 წლის 1 სექტემბრამდე შედგენდა 70 ლარს, ხოლო 2013 წლის 1 სექტემბრიდან 100 ლარს.
14. გადაწყვეტილების 3.2.3 და 3.2.4. ნაწილებში დადგენილია, რომ თ. წ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის საყურადღებო როგორც კარდიოლოგიური, ისე ნერვოლოგიური თვალსაზრისით და მუდმივად ესაჭიროება ზედამხედველობა. იგი არის მკურნალობის ქვეშ, გადის ჯანმრთელობის შემოწმებას და ღებულობს მედიკამენტებს.
15. აღნიშნული გარემოებები სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა თ. წ-ის ალიმენტის, 70 ლარის დაკისრებისას.
16. საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გორის სოციალური მომსახურეობის ცენტრის 2014 წლის 3 ივლისის ცნობის თანახმად, თ. წ-ი არის შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული პენსიონერი და იღებს პენსიას თვეში 100 ლარის ოდენობით.
17. ა. წ-ს აქვს ორივე თვალის შერეული შორსმხედველი ასტიგმატიზმი, II ხარისხის რეფრაქციული ამბლიოპია.
18. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს „ადაპტის“ მიერ 2014 წლის 7 ივლისს გაცემული ცნობის თანახმად, თ. წ-ს ესაჭიროება კარდიოლოგისა და ნერვოლოგის მუდმივი დანიშნულება და მეთვალყურეობა. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შპს „გორმედის” მიერ 2014 წლის 8 ივლისს გაცემული ცნობის თანახმად, თ. წ-ი არის შშმპ 2012 წლიდან, ესაჭიროება მუდმივი ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობა. ავადმყოფს არ შეუძლია ფიზიკური მუშაობა.
19. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2014 წლის 28 თებერვალს მიღებული იქნა გადაწყვეტილების შესრულების შესახებ №A14017589-005/001 წინადადება, რომლის თანახმად, თ. წ-ს მიეცა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის საფუძველზე გაცემული #2-728-13 სააღსრულებო ფურცლის ნებაყოფლობით აღსრულების წინადადება. წინადადების მიღების დროისათვის თ. წ-ს ა. წ-ის სასარგებლოდ გადასახდელი ჰქონდა ალიმენტი 350 ლარის ოდენობით.
20. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს პასუხის თანახმად, 2014 წლის 4 ივლისის მდგომარეობით თ. წ-ის დავალიანება აღსრულების საფასურის ჩათვლით შეადგენს 674,10 ლარს, საიდანაც 630 ლარი არის საალიმენტო დავალიანება, ხოლო 44.10 ლარი აღსრულების საფასური.
21. 2014 წლის 27 თებერვალს თ. წ-ის მიერ სანოტარო წესით გაცემული იქნა თანხმობა შვილის, ა. წ-ის შვილად აყვანასთან დაკავშირებით.
22. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1231-ე მუხლებით. ასევე მიუთითა ბავშვის უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
23. პალატამ მიუთითა მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთიანობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.
24. სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს.
25. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე.
26. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. აღნიშნული მოთხოვნილებები განსხვავდება არასრულწლოვანის ასაკიდან გამომდინარე. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
27. პალატამ აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ზემოაღნიშნული ფაქტორების გარდა არსებობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ასევე, არასრულწლოვანის სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს მისი ფიზიკური თუ გონებრივი მდგომარეობიდან.
28. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, ასევე, მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ მდგომარეობასთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილებისა, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვა ცხოვრებისეული მოთხოვნილებები, რომლებიც თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე შესაძლოა სასამართლომ ჩათვალოს მნიშვნელოვნად. ანუ, ალიმენტის ოდენობა ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებულ უნდა იქნეს არასრულწლოვანის მოთხოვნილებებსა და მშობლის მდგომარეობას შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის საფუძველზე. მშობლის მაღალი შემოსავალი საშუალებას აძლევს სასამართლოს დაადგინოს ალიმენტის ოდენობა იმ ფარგლებში, რომლებიც არასრულწლოვანს უზრუნველყოფს დამატებითი შესაძლებლობებით და უქმნის მას განვითარების ფართო წინაპირობებს. ამასთან, მშობლის დაბალი შემოსავალი, სტაბილური შემოსავლის არარსებობა, უმუშევრობა, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა საპატიო გარემოებები თავისთავად გავლენას ახდენს ალიმენტის ოდენობის დადგენაზე, თუმცა ისინი უპირობოდ არ ქმნიან მშობლისათვის მცირე ოდენობით ალიმენტის დაკისრების საფუძველს.
29. სასამართლომ განმარტა, რომ მშობლის უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას. ამ შემთხვევაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ადრინდელი შემოსავლის ოდენობა, სხვადასხვა წყაროებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა როგორიცაა ჰონორარი, წილი სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტში და ა.შ. ასევე მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
30. პალატამ აქვე აღნიშნა, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა (დაბალი შემოსავალი, უმუშევრობა, სტაბილური შემოსავლის არარსებობა) ან მისი ჯანმრთელობის პრობლემები არასრულწლოვანის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც კი ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა არასრულწლოვანის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული.
31. მინიმალური ზღვრის ქვემოთ ალიმენტის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ გამონაკლის გარემოებებში, როდესაც სარწმუნოობის მაღალი სტანდარტით შეფასებისას, მშობლის ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთობლიობაში ობიექტურად გამორიცხავს მისთვის ალიმენტის თუნდაც მინიმალური ოდენობით გადახდის შესაძლებლობას.
32. განსახილველ საქმეში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბერის გადაწყვეტილებით თ. წ-ს ა. წ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 70 ლარის ოდენობით. აპელანტი თ. წ-ი ითხოვს აღნიშნული ალიმენტის ოდენობის შემცირებას და მისთვის ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებას და ასევე, საალიმენტო დავალიანებისაგან (740 ლარი) სრულად გათავისუფლებას.
33. საქმეში წარმოადგენილი მასალებით სასამართლომ დაადგინა, რომ თ. წ-ი არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს მუდმივ ზედამხედველობასა და მკურნალობას, არ შეუძლია ფიზიკური მუშაობა და მისი პენსია თვეში შეადგენს 100 ლარს.
34. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს მითითებული გარემოებების გათვალისწინებით ვერ დაეკისრებოდა ალიმენტის ის ოდენობა, რომელიც შეიძლება დაეკისროს სრულ შრომისუნარიან მშობელს.
35. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო განხილვაში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა. ნ. ბ-ს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარდა თ. წ-ის სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლები, ასევე სასამართლო უწყება, თუმცა, მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც 2014 წლის 24 დეკემბერსა და 2015 წლის 20 მარტს დანიშნულ სასამართლოს მთავრ სხდომაზე გამოცხადებულა. მოწინააღმდეგე მხარეს არაერთი შესაძლებლობა ჰქონდა, რომ დაეფიქსირებინა თავისი აზრი სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.
36. სასამართლომ ყურადღება მიაქცია ასევე იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროისათვის ა. წ-ი იყო 16 წლის. ეს ის ასაკია, საიდანაც არასრულწლოვანს სამოქალაქო კოდექსი მშობლის თანხმობის შემთხვევაში ანიჭებს უფრო მეტ თავისუფლებას (ქორწინების უფლება, ემანსიპაცია) და შესაბამისად, აძლევს უფრო აქტიურად შრომით ურთიერთობაში ჩართვის შესაძლებლობას.
37. ზემოაღნიშნული ფაქტორების ერთობლივად შეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია ალიმენტის ოდენობა დაედგინა 50 ლარის ფარგლებში და მიიჩნია, რომ არ არსებობდა საალიმენტო დავალიანებისაგან აპელანტის გათავისუფლების წინაპირობები.
38. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თ. წ-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
39. კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობით დასტურდება, რომ მას არ შეუძლია ფიზიკური შრომა და ალიმენტის დაკისრების დღიდან დღემდე მისი ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა.
40. ამასთან, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ა. წ-ის შვილად აყვანას აპირებდა ნ. ბ-ის მეუღლე, რის თაობაზეც დააწერინეს კიდეც სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა. ე.ი. მოპასუხე მას თანხებს სძალავს. ეს გარემოება კი სასამართლოს არ მიუღია მხედველობაში და ისე გამოიტანა გადაწყვეტილება.
41. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც მისი საალიმენტო დავალიანებისაგან გათავისუფლების საფუძველია.
42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 მაისის განჩინებით თ. წ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
43. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. წ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
44. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
46. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
47. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ #ას-1065-1095-2011).
48. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. წ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. წ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე