Facebook Twitter

№ ას-556-527-2015 25 ნოემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო’’ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჯ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა’’ და ააიპ ,,საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის’’ მიმართ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:

2. მოსარჩელის განმარტებით, მცხეთის რაიონში (ცხვარიჭამიის ზონაში), სოფ. კ-ში მდებარე 61.3 კვ.მ. და 193.7 კვ.მ. უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა), რომელიც განთავსებული იყო 9700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, შესყიდული ჰქონდა ფერმა ,,ე-ს’’, რომელსაც ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის ამოქმედების შემდეგ. შესაბამისად, ფერმა ,,ე-ი’’ ითვლებოდა გაუქმებულად, ხოლო გაუქმებული საზოგადოების ქონება კი, ნაწილდებოდა პარტნიორებს შორის. საზოგადოების დაფუძნებისას ათლეტიზმის ფედერაციას საზოგადოების კაპიტალში არ ევალებოდა და არც განუხორციელებია რაიმე შენატანი. მოსარჩელის განმარტებით, იგი არის ერთადერთი პარტნიორი, რომელიც საწარმოს რაგისტრაციის გაუქმების შემდეგ ცნობილი უნდა იქნეს უძრავი ქონების მესაკუთრედ.

3. მოპასუხე ააიპ ,,საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციამ’’ სარჩელი ცნო, ხოლო სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ’’ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც სადავო შენობა-ნაგებობები არის განთავსებული, სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, შენობა-ნაგებობები არის მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი და სახელმწიფო საკუთრება, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ზ. ჯ-ე ცნობილ იქნა მცხეთის რაიონში, ცხვარიჭამიაში, სოფელ კ-ში მდებარე 61,3 კვ.მ და 193.7 კვ.მ შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ, რომელიც განთავსებულია 9700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე ( საკადასტრო კოდი № ...).

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ’’.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინებით სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. 1993 წლის 20 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცამ, ბ. ჯ-ემ, მ. მ-ამ და ზ. ჯ-ემ დააფუძნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფერმა ,,ე-ი“. პარტნიორებიდან ბეჟან ჯ-ე და მედეა მალანია ამჟამად გარდაცვლილები არიან და 2013 წლის 15 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობების მიხედვით, ბ. ჯ-სა და მ. მ-ას სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს ზ. ჯ-ეს (ტ.1. ს.ფ. 18-22; 65-70).

9. საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებების (იხ. ს.ფ. 34, 35, 36) საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მცხეთის რაიონის გამგეობის 1994 წლის 30 სექტემბრის №137 გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა ქ. თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება ,,ანალიზხელსაწყოს” თანხმობა და დამტკიცდა კომისიის მიერ წარდგენილი აქტი ამავე საწარმოს ტერიტორიიდან 16 ჰა სათიბი მიწის ფართობის ფერმა ,,ე-ის” მუდმივ სარგებლობაში გადაცემის შესახებ;

10. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 01 ნოემბრის №698 დადგენილებით, დამტკიცდა მცხეთის რაიონის გამგეობის 1994 წლის 30 სექტემბრის №137 გადაწყვეტილება და ფერმა ,,ე-ს“ გადაეცა სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება ,,ანალიზხელსაწყოსათვის“ სოფელ გ-ის ექსპერიმენტული მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილი 16 ჰექტარიდან 4 ჰექტარი, მათ შორის - ერთი ჰექტარი ფერმა ,,ე-ის“ მიერ შესყიდული საინჟინრო ერთეულებითა და შენობა - ნაგებობებით დაკავებული.

11. მცხეთის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ ფერმა ,,ე-ის“ სახელზე გაცემულ იქნა ტექნიკური პასპორტი მცხეთის რაიონის სოფელ კ-ში (ცხვარიჭამიაში) მდებარე 9700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულ უძრავ ქონებაზე (ტ. 1. ს. ფ. 36-37). აზომვითი ნახაზების მიხედვით, შენობა №01-ის საერთო ფართი შეადგენს 61.3 კვ.მ-ს, ხოლო შენობა №2-ის საერთო ფართი - 193.7 კვ.მ.-ს (ტ.1. ს. ფ. 38-41).

12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზემოთ მითითებული მტკიცებულებების და ამ მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების გასაბათილებლად აპელანტს რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარუდგენია.

13. პალატამ ყურადღება მიაქცია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 1 ნოემბრის №698 დადგენილების შინაარსს, რომლითაც დგინდება, რომ ფერმა ,,ე-ის“ მიერ შენობა-ნაგებობები იყო შესყიდული. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ამ შენობა–ნაგებობებზე მცხეთის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ ფერმა ,,ე-ის“ სახელზე გაცემულ იქნა ტექნიკური პასპორტი. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ტექპასპორტის გასაბათილებლად მოპასუხეს (აპელანტს) არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია და მხოლოდ ზეპირი განმარტება ამ მტკიცებულების არასანდოობასთან დაკავშირებით, არადამაჯერებელია და არ იძლევა ეჭვის შეტანის საფუძველს მასში დაცული მონაცემების ნამდვილობაში.

14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 1993 წლიდან სადავო ორ შენობა–ნაგებობას მოსარჩელე, როგორც ფერმა „ე-ის“ პარტნიორი ფლობს (მაგ:, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ მცხეთაში, ცხვარიჭამიის ზონაში, სოფელ კ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით №... რეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად, მიწის ნაკვეთის მოიჯარედ მითითებულია ფერმა ,,ე-ი“. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: 1) დადგენილება №110, დამოწმების თარიღი 28/04/1998, მცხეთის რაიონის გამგეობა; 2) საქართველოს მინისტრთა კაბინეტის №698 დადგენილება, დამოწმების თარიღი 01/11/1995; 3) საიჯარო ხელშეკრულება №95, დამოწმების თარიღი 24/02/2000, მცხეთის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველო) და ეს ფაქტობრივი გარემოება აპელანტის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი.

15. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია ფერმა „ე-ის“ გადაცემული ქონების იდენტიფიცირების შეუძლებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ფერმა ,,ე-ს“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 1 ნოემბრის №698 დადგენილების საფუძველზე გადაცემული ჰქონდა 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება ,,ანალიზხელსაწყოსათვის“ სოფელ გალავნის ექსპერიმენტული მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილი 16 ჰექტარიდან, მათ შორის, ერთი ჰექტარი მათ მიერ შესყიდული საინჟინრო ერთეულებითა და შენობა -ნაგებობებით დაკავებული.

16. გარდა აღნიშნულისა, სასამართლომ სადავო საკითხის შეფასებისას ყურადღება გაამახვილა მცხეთის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ ფერმა ,,ე-ის“ სახელზე გაცემულ ტექნიკური პასპორტის მონაცემებზეც, რომელთა თანახმად, მცხეთის რაიონში, ცხვარიჭამიის ზონაში, სოფელ კ-ში მდებარე 9700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია „ა“ და „ბ“ შენობა ნაგებობები (იხ. ტ. 1. ს. ფ. 36-37). პალატამ აღნიშნა, რომ სწორედ ამ 9700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მდებარე შენობა-ნაგებობებზე წარმოეშვა უფლება ფერმა „ე-ს“, და მოსარჩელე ამ შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ ცნობას მოითხოვდა.

17. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ვ. XXI“-ის აზომვითი ნახაზების მიხედვით, შენობა №01-ის (იგივე „ა“ შენობა) საერთო ფართი შეადგენდა 61.3 კვ.მ-ს; განაშენიანების ფართი - 48.47კვ.მ, ხოლო შენობა №2-ის (იგივე „ბ“ შენობა) საერთო ფართი - 193.7 კვ.მ-ს; განაშენიანების ფართი - 212.8 კვ.მ. (იხ. ტ.1. ს. ფ. 38-41). ამდენად, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განსახილველ შემთხვევაში იდენტიფიცირების პრობლემა არ იდგა და, ამ თვალსაზრისით, რაიმე შეუსაბამობა არ იკვეთებოდა (მაგ: შეუსაბამობა, რომ ფერმა „ე-ს“ უფლება წარმოეშვა სხვა შენობა-ნაგებობებზე, ხოლო ამჟამად ზ. ჯ-ე სხვა შენობებზე მოითხოვს უფლების დადგენას).

18. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მსჯელობის გათვალისწინებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მცხეთის რაიონში, ცხვარიჭამიის ზონაში, სოფელ კ-ში მდებარე 61.3 კვ.მ და 193.7 კვ.მ შენობა - ნაგებობზე, რომლებიც განთავსებულია 9700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი №...) საკუთრების უფლება მოპოვებული ჰქონდა საზოგადოება ფერმა „ე-ს“, რომლის პარტნიორსაც (სხვა პარტნიორებთან ერთად) წარმოადგენდა ზ. ჯ-ე.

19. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ ფერმა „ე-ის“ პარტნიორებმა, ხელახალი რეგისტრაციის განუხორციელებლობით დაკარგეს მცხეთის რაიონის გამგეობის 1994 წლის 30 სექტემბრის N137 გადაწყვეტილებით გადაცემულ სადავო შენობა–ნაგებობებზე უფლება. ამ არგუმენტთან დაკავშირებით პალატამ, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა აპელანტის პოზიციაზე, რითაც იგი ფაქტობრივად ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ სადავო შენობა-ნაგებობებზე უფლება მოპოვებული ჰქონდა ფერმა „ე-ს“. აპელანტის მოსაზრებით, იმ ფაქტმა, რომ ფერმა „ე-მა“ ხელახალი რეგისტრაცია არ გაიარა, განაპირობა საკუთრების უფლების დაკარგვა სადავო შენობებზე.

20. სააპელაციო პალატამ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის თაობაზე 1994 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის N578 დადგენილების მე–2 პუნქტზე, რომლის თანახმად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ამოქმედებამდე კერძოსამართლებრივი (სამოქალაქო) წესით შექმნილი საწარმოები, ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, ექვემდებარებოდა ხელახალ რეგისტრაციას 1996 წლის 1 იანვრამდე, ხოლო საქართველოს პარლამენტის N80 დადგენილებით, ხელახალი რეგისტრაციის ვადა გაგრძელდა - 1996 წლის 1 სექტემბრამდე. საქართველოს პარლამენტის 1994 წლის 28 ოქტომბრის N578 დადგენილების მე-4 პუნქტისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის მე-8 პუნქტის (1994 წლის 28 ოქტომბრის რედაქციის) თანახმად, ამ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმოს რეგისტრაცია უქმდება.

21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, არ გულისხმობს რეგისტრაციის გაუქმებამდე საწარმოს მიერ შეძენილი უფლებების გაბათილებას. რეგისტრაციის გაუქმების სამართლებრივი შედეგი ვრცელდება გაუქმების მომენტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, რაც გულისხმობდა იმას, რომ რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან საწარმო, როგორც სამართალსუბიექტი, ვერ განახორციელებდა საქმიანობას. პალატის განმარტებით, აპელანტის მიერ შემოთავაზებული არგუმენტი გასაზიარებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი კანონმდებელი საწარმოს ხელახალი რეგისტრაციის განუხორციელებლობას დაუკავშირებდა რეგისტრაციის გაბათილებას და არა გაუქმებას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს ის შეფასება და სამართლებრივი დასკვნა, რომ რეგისტრაციის განუხორციელებლობით ფერმა „ე-ს“ არ დაუკარგავს საკუთრების უფლება სადავო შენობა-ნაგებობებზე, მართებულია. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც ფერმა „ე-მა“ არ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია, მის მიმართ ამოქმედდა ზემოთ მოხმობილი ნორმით გათვალისწინებული დანაწესი და საწარმო – ფერმა „ე-ი“ გაუქმდა. საწარმოს გაუქმების (ლიკვიდაციის) შემთხვევაში კი, საწარმოს ქონება ნაწილდება კანონით დადგენილი წესითა და პრინციპით.

22. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე–14 მუხლის დანაწესი და ზ. ჯ-ე, როგორც ფერმა „ე-ის“ პარტნიორი, მართებულად ცნო გაუქმებული ფერმა „ე-ის“ კუთვნილ სადავო შენობა-ნაგებობებზე უფლებამოპოვებულად (მესაკუთრედ).

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ’’ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

24. სასამართლომ სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ ფერმა ,,ე-ის’’ პარტნიორებმა, ხელახალი რეგისტრაციის განუხორციელებლობით დაკარგეს მცხეთის რაიონის გამგეობის 1994 წლის 30 სექტემბრის № 137 გადაწყვეტილებით გადაცემული იჯარის უფლება, როგორც მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილ 4 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ასევე, მის არსებით შემადგენელ ნაწილზე - სადავო უძრავ ქონებაზეც.

25. სასამართლომ არასწორად შეაფასა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა სადავო ფართზე არც მისი და არც შპს ფერმა ,,ე-ის’’ საკუთრების უფლების ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლების დამდგენი დოკუმენტი.

26. კასატორის აზრით, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ფერმა ,,ე-ს’’ მოპოვებული ჰქონდა საკუთრების უფლება, ეკისრებოდა ზ. ჯ-ეს და არა სააგენტოს.

27. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 1 ნოემბრის № 698 დადგენილებით დამტკიცებული, მცხეთის რაიონის გამგეობის 1994 წლის 30 სექტემბრის №137 გადაწყვეტილებაში მითითებული ზოგადი ფრაზა იმის თაობაზე, რომ ფერმა ,,ე-ს’’ გადაეცა სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება ,,ანალიზხელსაწყოსათვის’’ სოფელ გ-ის ექსპერიმენტული მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილი 16 ჰა ფართობიდან 4 ჰა, მათ შორის, ერთი ჰექტარი ფერმა ,,ე-ის’’ მიერ შესყიდული საინჟინრო ერთეულებითა და შენობა-ნაგებობებით დაკავებული, არ შეიძლებოდა გამხდარიყო სადავო ფართზე ,,მესაკუთრედ’’ ცნობის უპირობო საფუძველი, იმ პირობებში, როდესაც თავად მოსარჩელე მხარეც კი ვერ უარყოფს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივში სააღრიცხვო მასალა, მისამართით: მცხეთის რ-ნი, ცხვარიჭამია, სოფ. კ-ი, ფერმა ,,ე-ის’’ მითითებით, დაცული არ აღმოჩნდა.

28. რაც შეეხება მცხეთის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ ფერმა ,,ე-ის’’ სახელზე გაცემულ ტექნიკურ პასპორტს, კასატორის აზრით, ასევე, შეუძლებელია მისი მიჩნევა უძრავ ქონებაზე ფირმა ,,ე-ის’’ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად.

29. სასამართლომ სარჩელი ისე დააკმაყოფილა, რომ საერთოდ არ უმსჯელია და არ შეუფასებია მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის ისეთ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს, როგორიცაა, სადავო ფართის იდენტიფიკაცია და მისი კვადრატულობის ზუსტად დადგენა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებები, რომელსაც იგი დაეყრდნობოდა.

30. კერძოდ, საქმეში არსებული ტექნიკური პასპორტის მონაცემების საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა სოფელ კ-ში მდებარე 9700 კვ.მ მიწაზე 61.3 კვ.მ და 193.7 კვ.მ შენობა-ნაგებობათა არსებობის ფაქტი, მაშინ, როდესაც ტექნიკური პასპორტი და აზომვითი ნახაზი, რომელზეც სასამართლო აპელირებს და რომლის ავთენტურობაც საეჭვოა, მსგავს მონაცემებს ნამდვილად არ შეიცავს.

31. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ორივე ინსტანციის სასამართლომ ზ. ჯ-ე ისე აღიარა სადავო შენობა-ნაგებობის მესაკუთრედ, რომ არ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მხოლოდ რამდენიმე სიტყვით მიუთითა, რომ სადავო შენობა-ნაგებობაზე ფერმა ,,ე-ის’’ საკუთრება დასტურდებოდა მაშინ, როდესაც სასამართლოს მიერ ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მითითებული საქმის მასალებიდან არც მოსარჩელის და არც ფერმა ,,ე-ის’’ რაიმე უფლება სადავო შენობა-ნაგებობებზე არ დასტურდებოდა.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 3 ივნისის განჩინებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

33. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

36. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გერემოებები:

37. 1993 წლის 20 ივლისით დათარიღებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცამ, ბ. ჯ-ემ, მ. მ-ამ და ზ. ჯ-ემ დააფუძნეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ფერმა ,,ე-ი“. პარტნიორებიდან ბ. ჯ-ე და მ. მ-ა ამჟამად გარდაცვლილები არიან და 2013 წლის 15 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობების მიხედვით, ბ. ჯ-სა და მ.მ-ას სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს ზ. ჯ-ეს (ტ.1. ს.ფ. 18-22; 65-70).

38. მცხეთის რაიონის გამგეობის 1994 წლის 30 სექტემბრის №137 გადაწყვეტილებით, მიღებულ იქნა ქ. თბილისის სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება ,,ანალიზხელსაწყოს” თანხმობა და დამტკიცდა კომისიის მიერ წარდგენილი აქტი ამავე საწარმოს ტერიტორიიდან 16 ჰა სათიბი მიწის ფართობის ფერმა ,,ე- ის” მუდმივ სარგებლობაში გადაცემის შესახებ.

39. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 01 ნოემბრის №698 დადგენილებით, დამტკიცდა მცხეთის რაიონის გამგეობის 1994 წლის 30 სექტემბრის №137 გადაწყვეტილება და ფერმა ,,ე-ს“ გადაეცა სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება ,,ანალიზხელსაწყოსათვის“ სოფელ გალავნის ექსპერიმენტული მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილი 16 ჰექტარიდან 4 ჰექტარი, მათ შორის - ერთი ჰექტარი ფერმა ,,ე-ის“ მიერ შესყიდული საინჟინრო ერთეულებითა და შენობა - ნაგებობებით დაკავებული.

40. მცხეთის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ ფერმა ,,ე-ის“ სახელზე გაცემულ იქნა ტექნიკური პასპორტი მცხეთის რაიონის სოფელ კ-ში (ცხვარიჭამიაში) მდებარე 9700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულ უძრავ ქონებაზე (ტ. 1. ს. ფ. 36-37).

41. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ვინაიდან ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოდ ითვლება.

42. კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 1 ნოემბრის № 628 დადგენილებით დამტკიცებულ, მცხეთის რაიონის გამგეობის 1994 წლის 30 სექტემბრის №137 გადაწყვეტილებაში მითითებული ზოგადი ფრაზა იმის თაობაზე, რომ ფერმა ,,ე-ს’’ გადაეცა სამეცნიერო საწარმოო გაერთიანება ,,ანალიზხელსაწყოსათვის’’ სოფელ გალავნის ექსპერიმენტული მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილი 16 ჰა ფართობიდან 4 ჰა, მათ შორის, ერთი ჰექტარი ფერმა ,,ე-ის’’ მიერ შესყიდული საინჟინრო ერთეულებითა და შენობა-ნაგებობებით დაკავებული, არ შეიძლებოდა გამხდარიყო სადავო შენობა-ნაგებობებზე ფერმა „ე-ის“ ,,მესაკუთრედ’’ ცნობის საფუძველი. სადავო შენობა-ნაგებობებზე ფერმა „ე-ის“ საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად ასევე ვერ იქნება მიჩნეული მცხეთის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ გაცემული ტექნიკური პასპორტიც.

43. საკასაციო სასამართლო კასატორის აღნიშნულ მითითებებს ვერ გაიზიარებს, რადგან საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 1 ნოემბრის #698 დადგენილებით დასტურდება, რომ სოფელ გალავნის ექსპერიმენტული მეურნეობის მოსაწყობად გამოყოფილი 4 ჰა ფართობიდან ერთ ჰექტარზე განთავსებული საინჟინრო ერთეულები და შენობა-ნაგებობები შესყიდული ჰქონდა ფერმა „ე-ს“, ხოლო მცხეთის რაიონის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ ტექნიკური პასპორტი 1994 წლის 30 მარტს გაცემულია სწორედ სოფ. კ-ში მდებარე 9700 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე.

44. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1514-ე მუხლის შესაბამისად, საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე მიწის ნაკვეთების გასხვისება ხდებოდა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტების საფუძველზე, ხოლო მიწის ნაკვეთის ყოველი ახალი შეძენის რეგისტაცია 1997 წლის 25 ნოემბრიდან ხდებოდა მიწის რეგისტრაციის სამსახურის სისტემაში არსებული საადგილმამულო წიგნის (საჯარო რეესტრის) სამსახურში. შესაბამისად, ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ სადავო შენობა-ნაგებობებზე 1994 წელს გაცემული აქტი ქმნიდა სათანადო სამართლებრივ საფუძველს ფერმა „ე-ის“ მიერ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.

45. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მცხეთაში, ცხვარიჭამიის ზონაში, სოფელ კ-ში მდებარე 4 ჰა მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდით №...) მესაკუთრე არის სახელმწიფო. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (იხ. ტ. 1. ს.ფ. 84, 85) სახელმწიფო 4 ჰა მიწაზე მდებარე შენობა-ნაგებობების მესაკუთრედ არ არის აღრიცხული. ამავე დროს, საქმის მასალებით არ დასტურდება და არც კასატორი უთითებს იმ ფაქტზე, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს 1994 წლის ჩანაწერი გაუქმებულია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკსაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არაკვალიფიციურია, შესაბამისად, მას არ აქვს წარმატების პერპექტივა.

46. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, კასატორი ვერ უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე