№ას-1079-1016-2015 26 ოქტომბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ჟ. თ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი ჟ. თ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით:
1. ნ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
4. ჟ. თ-ს ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ჟ. თ-მა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. თ-ის კერძო საჩივარი თავისი არსით წარმოადგენს საკასაციო საჩივარს, რომელიც განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო, ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 ივნისის სასამართლო სხდომაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოწინააღმდეგე მხარის - ჟ. თ-ის წარმომადგენელი მ. მ-ი (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 40 და 24.06.2015წ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 96-99). სხდომის ოქმით დასტურდება ასევე, რომ მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჟ. თ-ი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყვნენ სასამართლოში და ჩაებარებინათ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, მათ გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის უნდა მიემართათ არა უგვიანეს 2015 წლის 24 ივლისისა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ჟ. თ-ს ან მის წარმომადგენელს განჩინების ასლის მისაღებად დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართიათ. ასეთ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ ჟ. თ-ისათვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 25 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 14 აგვისტოს. დადგენილია, რომ ჟ. თ-მა საკასაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 25 სექტემბერს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (იხ. ს.ფ. 126-130).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ჟ. თ-მა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კასატორის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის თაობაზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია, ხოლო ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ. თ-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. ჟ. თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე