¹ ბს-916-502(2კს-კ-05) 5 ოქტომბერი, 2005 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ი. ლეგაშვილი (თავმჯდომარე),
ჯ. გახოკიძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: აღსრულების შეჩერება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 17 ივნისს თ. ნ-მა და ტ. ლ-მა სარჩელი აღძრეს ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში ქ. რუსთავის მთავრობის მიმართ ქ. რუსთავის მთავრობის 2003წ. 10 მარტის ¹49, 8 აპრილის ¹75 დადგენილებებისა და 14 აპრილის ¹39/კ განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით მიჩნეულია, რომ ქ. რუსთავის მთავრობის ¹49 და ¹75 დადგენილებები და ქ. რუსთავის მერიის ¹39 განკარგულება მიღებული და გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადასაწყვეტად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები და მოპასუხეს დაევალა, სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ შესაბამისი ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. რუსთავის მთავრობამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ხელახალი განხილვისათვის საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნება.
სააპელაციო წარმოების დროს სასამართლოს განცხადებით მიმართეს ტ. ლ-მა და თ. ნ-მა და მოითხოვეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, ასევე, ამავე კოდექსის 30-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილების საფუძველზე, რუსთავის მთავრობისა და ქ.ის მერიის 2003წ. 10 მარტის ¹49, 2003წ. 8 აპრილის ¹75 დადგენილებებისა და 2003წ. 14 აპრილის ¹39/კ განკარგულების მოქმედების შეჩერება მათი მიღების მომენტიდან სადავო საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო ცენტრისათვის კუთვნილი საოფისე ფართის, შრომითი რესურსისა და მიტაცებული საკადრო, საბუღალტრო და სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციის დაბრუნება, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო ცენტრის დირექტორისათვის _ თ. ნ-ისათვის თანამდებობრივი სარგოდან გამომდინარე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2003წ. 14 აპრილიდან 2005წ. 1 აპრილის ჩათვლით 2880 ლარის ოდენობით, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილე ტ. ლ-ისათვის თანამდებობრივი სარგოდან გამომდინარე, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2003წ. 14 აპრილიდან 2004წ. 14 აპრილამდე 2640 ლარის ოდენობით, შეჩერებული აქტების დაუყოვნებლივ აღსრულება, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების უზრუნველყოფის დავალება გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში რუსთავის საკრებულოს, რუსთავის მთავრობისა და რუსთავის მერიისათვის.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მარტის განჩინებით, ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რუსთავის მერიის 2003წ. 14 აპრილის ¹39/კ განკარგულება, რომლის მოქმედების შეჩერებასაც ითხოვენ განმცხადებლები, წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას, რადგან მის საფუძველზე მოხდა მხარესთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა. შესაბამისად, მის მიმართ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე და 30-ე მუხლების გამოყენების საფუძველი არ არსებობს. რაც შეეხება რუსთავის მთავრობის ¹75 და ¹9 დადგენილებებს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ¹9 დადგენილებით შეიქმნა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სალიკვიდაციო კომისია, ხოლო ¹75 დადგენილებით _ ლიკვიდირებულ იქნა რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. აღნიშნული აქტების შეჩერების საფუძვლად, სააპელაციო პალატის აზრით, ვერ იქნება გამოყენებული ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 30-ე მუხლის პირველი ნაწილი, რადგან ისინი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ აქტებს. გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და მათ მიმართ ვრცელდება 29-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით, სარჩელის წარდგენა სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედებას.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, რუსთავის მთავრობის 2003წ. 10 მარტის ¹49 დადგენილების მიმართ ვერ გავრცელდება 29-ე მუხლის მოქმედება, რადგან ¹49 დადგენილება აღსრულებულია, რადგანაც მის საფუძველზე შექმნილმა სალიკვიდაციო კომისიამ მუშაობა დაასრულა 2003წ. 8 აპრილს და ¹75 დადგენილებით გამოაცხადა ჯანდაცვის ცენტრის ლიკვიდაცია. რუსთავის მთავრობის 2003წ. 8 აპრილის ¹61 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა რუსთავის მთავრობის 2003წ. 10 მარტის ¹49 დადგენილება და გაუქმდა სალიკვიდაციო კომისია.
სააპელაციო პალატის აზრით, ასევე არ არსებობს რუსთავის მთავრობის ¹75 დადგენილების მოქმედების შეჩერების სამართლებრივი საფუძველი, რადგან აღნიშნული დადგენილება აღსრულებულია, კერძოდ, განხორციელებულია რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლიკვიდაცია. ამასთან, ¹61 დადგენილების მე-2 პუნქტის მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა გადაეცა ადგილობრივი თვითმმართველობის მთავრობას.
რაც შეეხება განმცხადებელთა მოთხოვნას ქონებისა და დოკუმენტების დაბრუნების, ასევე განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული წარმოადგენს სარჩელის საგანს და არა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, რის გამოც პალატის აზრით, ვერ იქნება განხილული შუამდგომლობის საფუძველზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ლ-მა, რომელმაც შეამცირა მოთხოვნა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი და 30-ე მუხლის მე-7 ნაწილების შესაბამისად, მოითხოვა მხოლოდ რუსთავის მთავრობის 2003წ. 8 აპრილის ¹75 დადგენილების მოქმედების შეჩერება, რაც დაკმაყოფილდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისის განჩინებით, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მარტის განჩინების ის ნაწილი, რომლითაც განმცხადებლებს უარი ეთქვათ რუსთავის მთავრობის 2003წ. 8 აპრილის ¹75 დადგენილების მოქმედების შეჩერებაზე.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად, რადგან სასამართლო წარმოების პროცესში იმყოფება რუსთავის მთავრობის 2003წ. 8 აპრილის ¹75 დადგენილების კანონიერების საკითხი, მისი მოქმედება უნდა შეჩერდეს.
ამასთან, სააპელაციო პალატის მითითებით, დაუსაბუთებელია მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ცენტრის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების თაობაზე, რადგან საქმეში არ არის წარმოდგენილი სალიკვიდაციო კომისიის აქტი, ასევე იძულებითი აღსრულების აქტი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რუსთავის მთავრობამ და მოითხოვა მითითებული განჩინების გაუქმება და ამავე პალატის 2005წ. 31 მარტის განჩინების ძალაში დატოვება, ასევე მოითხოვა სსკ-ის 197-ე მუხლის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების აღსრულების შეჩერება.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედება ჩერდება მხოლოდ სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებით და იგი უშუალოდ ასახვას პოვებს წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებაში. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გასაჩივრებული აქტის მოქმედების შეჩერება მოწინააღმდეგე მხარეს უნდა მოეთხოვა არა განცხადებით, არამედ შუამდგომლობით.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პირობაც. შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, რაც არ არის მითითებული განცხადებაში. გარდა ამისა, რეალურად შეუძლებელია 2003წ. 8 აპრილის ¹75 დადგენილების შეჩერება, რადგან იგი აღსრულებულია _ რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ლიკვიდირებულია, რაც დასტურდება 2003წ. 8 აპრილის 61-ე და 66-ე დადგენილებებით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინებით რუსთავის მთავრობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სსკ-ის 417-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში, ქ. რუსთავის მთავრობის შუამდგომლობა თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 24 მაისის განჩინების აღსრულების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა და შეჩერებულად ჩაითვალა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისის განჩინების აღსრულება უზენაესი სასამართლოს მიერ 2005წ. 24 მაისის განჩინებაზე რუსთავის მთავრობის კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ სარჩელის წარმოებაში მიღების სტადიაზე, რადგან გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერება წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის სპეციალურ ღონისძიებას, რომლის მიმართაც მოქმედებს სარჩელის სსკ-ის 23-ე თავით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დადგენილი ზოგადი პრინციპები, ხოლო ამავე კოდექსის 196-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის განხილვის ყველა სტადიაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობა არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 191-ე მუხლის მოთხოვნებს. პალატის მითითებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლი ადგენს სპეციალურ პირობას სარჩელის უზრუნველყოფის დასაშვებისათვის, სარჩელის წარდგენის სახით, რაც უკვე საკმარისია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოსაყენებლად. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია კერძო საჩივრის ავტორის მითითება გასაჩივრებული განჩინებით შეჩერებული აქტის აღსრულების თაობაზე, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი არც სალიკვიდაციო კომისიის აქტი და არც უშუალოდ იძულებითი აღსრულების აქტი.
სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად მიიჩნია კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა გასაჩივრებული 2005წ. 24 მაისის განჩინების აღსრულების შეჩერების თაობაზე, რადგან სსკ-ის 197-ე მუხლი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე კერძო საჩივრის წარდგენის გამო განჩინების აღსრულების შეჩერებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 10 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ტ. ლ-მა და თ. ნ-მა და მოითხოვეს თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 10 ივნისის განჩინებების გაუქმება, კერძოდ, რუსთავის მთავრობის 2003წ. 8 აპრილის ¹75 დადგენილების მოქმედების შეჩერების შესახებ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, რუსთავის მთავრობამ 2005წ. 24 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რადგან თავად კერძო საჩივრის ავტორს 24 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩაჰბარდა მხოლოდ 30 მაისს, რუსთავის მთავრობას თბილისის საოლქო სასამართლოში შექმნილი ტექნიკური პრობლემების გამო არ ჰქონდა შესაძლებლობა 31 მაისამდე მიეღო 24 მაისის განჩინება, რადგან თავად კერძოO საჩივრის ავტორმა ჩააბარა რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო საკითხთა ჯგუფის უფროსს 31 მაისს 24 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი. ამდენად, კერძო საჩვირის ავტორის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსთავის მთავრობა კერძო საჩივარს სასამართლოში 31 მაისს შეიტანდა, სსკ-ის 416-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მას მაინც გაშვებული აქვს გასაჩივრების 5-დღიანი ვადა, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ. ვინაიდან განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა იწყება განჩინების გამოცხადების მომენტიდან, რაც გაშვებული აქვს რუსთავის მთავრობას.
კერძოOსაჩივრის ავტორის მითითებით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ 2005წ. 10 ივნისის განჩინებიდან ირკვევა, რომ რუსთავის მთავრობამ კერძო საჩივარი 24 მაისის განჩინებაზე თბილისის საოლქო სასამართლოში წარადგინა 6 ივნისს, რითაც ამ უკანასკნელმა დაარღვია სსკ-ის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 10 ივნისის ორივე განჩინება მიღებულია საპროცესო ნორმების დარღვევით, რის გამოც მათი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, რუსთავის მთავრობის 2003წ. 8 აპრილის ¹75 დადგენილების მიმართ მათ აქვთ კანონიერი ინტერესი, როგორც სამხარეო ჯანდაცვის ხელმძღვან.სა, ასევე როგორც მოქ.ეების, ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი ქვემო ქართლის 800000-დან მოსახლეობასთან ერთად, რადგან ქვემო ქართლის მოსახლეობა, პრაქტიკულად, დარჩენილია სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ივლისის განჩინებით ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 10 ივნისის განჩინებებზე არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში.
სააპელაციო პალატის აზრით, კერძოO საჩივარი დაუსაბუთებელია და მიაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს სსკ-ის 197-ე მუხლის მოთხოვნები იმის შესახებ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რაც შეაჩერებს განჩინების აღსრულებას. სააპელაციო პალატის აზრით, 2005წ. 24 მაისის განჩინების აღსრულება შეაჩერა რუსთავის მთავრობის მიერ წარდგენილმა კერძო საჩივარმა, რის გამოც მითითებული კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ 2005წ. 10 ივნისის განჩინებაზე უზენაესი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სსკ-ის 419-ე მუხლის შესაბამისად, 2005წ. 24 მაისის განჩინების აღსრულება შეჩერებულია და მასზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა არ დაიშვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინებების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც ტ. ლ-სა და თ. ნ-ს უარი ეთქვათ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. აღნიშნულთან დაკავშირებით, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისისა და 2005წ. 5 ივლისის განჩინებები, ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის განცხადება ამავე სასამართლოს 2005წ. 24 მაისის განჩინების საღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის მთავრობის კერძო საჩივარი და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა უზენაეს სასამართლოში, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული და ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინება, ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი 2005წ. 10 ივნისის განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც რუსთავის მთავრობის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერებულ იქნა 2005წ. 24 მაისის განჩინების აღსრულება, დაკმაყოფილდეს, ამ ნაწილში გაუქმდეს 2005წ. 10 ივნისისა და 5 ივლისის განჩინებები, ქ. რუსთავის მთავრობას უარი ეთქვას თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისის განჩინების აღსრულების შეჩერებაზე უსაფუძვლობის გამო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მათი განცხადება 2005წ. 24 მაისის განჩინების სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე, გაზიარებულ უნდა იქნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განმარტებას და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, სსკ-ის 197-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც განჩინების გაუქმების საფუძველია, კერძოდ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 197-ე მუხლის თანახმად: “სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების ან სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ გამოტანილ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რაც შეაჩერებს ამ განჩინების მოქმედებას”. ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად კერძო საჩივრის შეტანა მხოლოდ იმ შემთხვევაში აჩერებს განჩინების მოქმედებას, თუ გასაჩივრებული განჩინებით გაუქმდა უკვე შემოღებული უზრუნველყოფის ღონისძიება, ან გასაჩივრებული განჩინებით უზრუნველყოფის ერთი სახე შეიცვალა მეორეთი, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რადგან სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისის განჩინებით შეჩერდა სადავო ¹75 დადგენილების მოქმედება, ანუ სასამართლომ დაადგინა უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის აღსრულებაც, სამოქალაქო კოდექსის 195-ე მუხლის შესაბამისად, ხორციელდება დაუყოვნებლივ, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი წესით. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა აღნიშნული მუხლით, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინება უნდა გაუქმდეს და ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის განცხადება 2005წ. 24 მაისის განჩინების სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე განსახილველად უნდა დუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
რაც შეეხება ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის მთავრობის კერძო საჩივარი 2005წ. 24 მაისის განჩინებაზე და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა უზენაეს სასამართლოში, ხოლო რუსთავის მთავრობის შუამდგომლობა 2005წ. 24 მაისის განჩინების აღსრულების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი 2005წ. 10 ივნისის განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც ქ. რუსთავის მთავრობის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დაუშვებელია, რადგან სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება და მასზე კერძო საჩივარი არ დაიშვება, რადგან რუსთავის მთავრობის კერძო საჩივარი 2005წ. 10 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და იგი, სსკ-ის 417-ე მუხლის მიხედვით, ისედაც გახდა უზენაესი სასამართლოს განხილვის საგანი.
ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივრის ის ნაწილი, რომელიც ეხება სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 10 ივნისის განჩინებას, რომლითაც ქ. რუსთავის მთავრობის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა 2005წ. 24 მაისის განჩინების აღსრულება, საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს კერძო საჩივარს და როგორც ზემოთ იქნა განმარტებული, ვერ დაეთანხმება სააპელაციო პალატას სსკ-ის 197-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ რუსთავის მთავრობის მოთხოვნა 2005წ. 24 მაისის განჩინების აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, თანახმად სსკ-ის 195-ე მუხლისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 2005წ. 10 ივნისის განჩინებაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისისა და 2005წ. 5 ივლისის განჩინებები; ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის განცხადება ამავე სასამართლოს 2005წ. 24 მაისის განჩინების საღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის მთავრობის კერძო საჩივარი, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული და ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინება; ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი 2005წ. 10 ივნისის განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც რუსთავის მთავრობის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერებულ იქნა 2005წ. 24 მაისის განჩინების აღსრულება, დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში გაუქმდეს 2005წ. 10 ივნისისა და 5 ივლისის განჩინებები; ქ. რუსთავის მთავრობას უარი ეთქვას თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისის განჩინების აღსრულების შეჩერებაზე უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე, 410-ე, 411-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის შესახებ 2005წ. 10 ივნისის განჩინებაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისისა და 2005წ. 5 ივლისის განჩინებები და ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის განცხადება ამავე სასამართლოს 2005წ. 24 მაისის განჩინების საღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ. რუსთავის მთავრობის კერძო საჩივარი, დაუშვებლად იქნეს მიჩნეული და ამ ნაწილში უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ივნისის განჩინება;
4. დაკმაყოფილდეს ტ. ლ-ისა და თ. ნ-ის კერძო საჩივარი 2005წ. 10 ივნისის განჩინების იმ ნაწილზე, რომლითაც რუსთავის მთავრობის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერებულ იქნა 2005წ. 24 მაისის განჩინების აღსრულება და ამ ნაწილში გაუქმდეს 2005წ. 10 ივნისისა და 5 ივლისის განჩინებები;
5. ქ. რუსთავის მთავრობას უარი ეთქვას თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 მაისის განჩინების აღსრულების შეჩერებაზე უსაფუძვლობის გამო;
6. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.