ას-1052-992-2015 16 ოქტომბერი, 2015 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ა. ჯ-ე, ქ. ჯ-ე, რ. თ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების სოლიდარულად დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. ჯ-ეს, რ. თ-ს და ა. ჯ-ეს სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 15 941.50 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. ჯ-ემ, ქ. ჯ-ემ და რ. თ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 2 ივლისის განჩინებით ა. ჯ-ის, ქ. ჯ-ისა და რ. თ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ჯ-ემ, ქ. ჯ-ემ და რ. თ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული, ხოლო ქ. ჯ-ეს და რ. თ-ს საკასაციო საჩივარზე უნდა დაუდგინდეთ ხარვეზი შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. ჯ-ის წარმომადგენელმა ნ. ხ-მა (იხ. მინდობილობა, ტ.2, ს.ფ. 81) სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაიბარა 2015 წლის 5 ივლისს (იხ. ტ.2, ს.ფ. 121). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ ა. ჯ-ისათვის საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 6 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 27 ივლისს. დადგენილია, რომ ა. ჯ-ემ საკასაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 20 აგვისტოს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (იხ. ტ.2, ს.ფ. 122).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ა. ჯ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
რაც შეეხება ქეთევან ჯ-ის და რ. თ-ის საკასაციო საჩივარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, რაც ხარვეზის დადგენის საფუძველია. მასთან კასატორები შუამდგომლობენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებაზე იმ საფუძვლით, რომ არ გააჩნიათ ქონება და შემოსავალი, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი აქვთ სათანადო კოკუმენტაცია, რის საფუძველზეც სასამართლომ გაათავისუფლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს საშუალება გადაიხადოს სასამართლო ხარჯები. ამ გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თვითონ მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლებას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი კასატორების ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები, კასატორების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ არის დასაბუთებული მათი სრული ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებებით, რაც კასატორების მოვალეობას წარმოადგენდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად.
ამდენად, ქ. ჯ-ის და რ. თ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 15 941,50 ლარს, რომლის 5% შეადგენს 797,075 ლარს, შესაბამისად, ქეთევან ჯ-ეს და რ. თ-ს უნდა დაევალოთ 797,075 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 399-ე მუხლით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ქ. ჯ-ის და რ. თ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
3. ქ. ჯ-ეს და რ. თ-ს დაევალოთ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ 797,075 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ნაღდი ფულით ანგარიშსწორების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადახდო დავალება და სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – საგადახდო საბუთი, რომელზედაც დასმულია მომსახურე ბანკის შტამპი - „განაღდებულია“).
4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბ-ის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5. განემარტოთ კასატორებს, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, საკასაციო საჩივარი არ მიიღება და განუხილველად დარჩება.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: პაატა ქათამაძე