Facebook Twitter

№ას-900-858-2013 30 ოქტომბერი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ-ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. მ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხის დაბრუნება, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს მისო „ბ-მა“ (შემდეგში მოსარჩელე) ლ. მ-ის (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა:

- მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 29000.13 აშშ დოლარის (მათ შორის: სესხის ძირი თანხა – 20000 აშშ დოლარი, პროცენტი – 7045 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო – 2055.13 აშშ დოლარი) დაკისრება;

- მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი თანხის – 20000 აშშ დოლარის 4%-ის, 800 აშშ დოლარის დაკისრება, 2012 წლის 19 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

- ზემოაღნიშნული დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების – ქ.ბათუმში, ი-ის ქ.№..-ში მდებარე №3 ბინის სარეალიზაციოდ მიქცევა, ხოლო დარჩენილი დავალიანების ანაზღაურების მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის გზით განხორციელება.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

2.1 მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 9 ნოემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის – 20000 აშშ დოლარის, სესხზე დარიცხული პროცენტის – 2993 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს – 513.78 აშშ დოლარის გადახდა (დაკისრებული თანხის ჯამმა შეადგინა 23506.78 აშშ დოლარი);

2.2 არ დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხის მიმართ სესხის ძირი თანხის, 20000 აშშ დოლარის 4%-ის (800 აშშ დოლარის) 2012 წლის 19 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების თაობაზე;

2.3 თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში დადგინდა, რომ მისი ანაზღაურება მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული ქონების – ქ.ბათუმში, ი-ის ქ.№..-ში მდებარე №3 ბინის რეალიზაციის გზით.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განჩინებით: სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- 2010 წლის 9 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო კრედიტის და გირავნობის ხელშეკრულება №.... კრედიტის თანხა განისაზღვრა 20000 აშშ დოლარით, 12 თვის ვადით, ყოველთვიური 4%-ის დარიცხვით. პირგასამტეხლო განისაზღვრა ყოველ გადაცილებულ თვეზე 4%-ის ოდენობით;

- 2010 წლის 9 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება №... აღნიშნული ხელშეკრულებით სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონება – ქ.ბათუმში, ი-ის ქ.№...-ში მდებარე №3 ბინა;

- მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. მას ნასესხები თანხიდან პროცენტის სახით მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 6607 აშშ დოლარი.

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი სესხის ძირი თანხის 20000 აშშ დოლარის 4%-ის (800 აშშ დოლარის) 2012 წლის 19 აპრილიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების შესახებ. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

7. სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებები და დამატებით განმარტა შემდეგი:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №3კ/467-01), რომლის თანახმად, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოში კანონი იმას კი არ გულისმობს, რომ პირგასამტეხლოს პროცენტული ოდენობა თავიდანვე შეუსაბამოდ მაღალი თუ იქნებოდა, მხოლოდ ეს გახდებოდა მისი შემცირების საფუძველი, არამედ იმასაც, რომ შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება პირგასამტეხლო იქცეს ვალდებულების შესრულების პროცესშიც. ორივე შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მართებულად იქნა მიჩნეული შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ, ამიტომ სწორად იქნა იგი შემცირებული. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი – 4%-დან უნდა შემცირებულიყო 1%-მდე და, შესაბამისად უნდა შემცირებულიყო სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაც – 2055.13 აშშ დოლარიდან – 513.78 აშშ დოლარამდე;

- სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სესხის ძირი თანხის 20000 აშშ დოლარის 4%-ის (800 აშშ დოლარის) 2012 წლის 19 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების თაობაზე, – უარის თქმის ნაწილშიც. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო 12 თვის ვადით, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების თაობაზე, არ გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული შეთანხმებიდან;

- სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიიჩნია უსაფუძვლოდ მოსარჩელის მოთხოვნა, დარჩენილი დავალიანების მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის გზით ანაზღაურების თაობაზე, რადგან არც აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- სააპელაციო სასამართლომ ერთმანეთისაგან ვერ გამიჯნა პროცენტი და პირგასამტეხლო. საქმეში არსებული კრედიტისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 2.9.1 პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი იანგარიშება კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის 2.8 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხს საპროცენტო განაკვეთი დაერიცხებოდა აღსრულებამდე. შესაბამისად, სასამართლომ მოპასუხეს დაუსაბუთებლად არ დააკისრა საპროცენტო სარგებლის გადახდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

- სასამართლომ შეამცირა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის პროცენტი, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა;

- სასამართლომ არასწორად შეამცირა პირგასამტეხლო, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რაც პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას დაადასტურებდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

12. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მას არასწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც იგი მოითხოვდა სესხის პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრებას სესხის დაბრუნების ვადის გასვლიდან (ვადაგადაცილების მომენტიდან) გადაწყვეტილების აღსრულებამდე. საკასაციო პალატა მიუთითებს საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, მოვალის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამსესხებელს (კრედიტორს) მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოთხოვოს მოვალეს სესხის პროცენტის (სარგებლის) გადახდა ვადაგადაცილებული დროისათვის, თუ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის არსებობს მხარეთა შეთანხმება პროცენტის გადახდის თაობაზე (იხ. სუსგ, 22.10.2012წ., საქმე #ას-1701-1685-2011). განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა შეთანხმება ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდის თაობაზე. კასატორის მიერ მითითებული ხელშეკრულების პუნქტები ასეთი შეთანხმების არსებობას არ გულისხმობს.

14. დაუსაბუთებელია ასევე კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლომ შეამცირა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის პროცენტი, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. აღნიშნული პრეტენზიის მართებულობის შესამოწმებლად საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2010 წლის 9 ნოემბერს მხარეებს შორის დაიდო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება. კრედიტის თანხა განისაზღვრა 20000 აშშ დოლარით, 12 თვის ვადით, ყოველთვიური 4%-ის დარიცხვით. მოპასუხეს პროცენტის სახით მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 6607 აშშ დოლარი. ეს ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, ვინაიდან წამოყენებული არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (სსსკ-ის 407.2 მუხლი). სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ მოპასუხეს ყოველთვიურად უნდა ეხადა სესხის (20000 აშშ დოლარის) 4%, რაც შეადგენს თვეში 800 აშშ დოლარს, შესაბამისად, მას 12 თვის განმავლობაში მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა 9600 (800x12) აშშ დოლარი. ამ თანხიდან მოპასუხეს გადახდილი აქვს 6607 აშშ დოლარი, შესაბამისად, დარჩენილი თანხა შეადგენს 2993 (9600-6607) აშშ დოლარს. სწორედ ეს თანხა დაეკისრა მოპასუხეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. რაც შეეხება სარჩელით მოთხოვნილ სესხის პროცენტის დარჩენილ ნაწილს, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელეს მისი მოთხოვნის უფლება არ გააჩნია, ვინაიდან არ არსებობს მხარეთა შეთანხმება ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდის თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრულია პირგასამტეხლოს სწორედ ის ოდენობა, რომელიც განისაზღვრა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რატომ მიაჩნია კასატორს პირგასამტეხლოს შემცირება არაგონივრულად.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

17. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (464.81 ლარის) 70% – 325.36 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

20. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბ-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (464.81 ლარის, საგადახდო დავალება N598, გადახდის თარიღი – 07.10.2013 წელი) 70% – 325.36 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი