Facebook Twitter

№ას-535-508-2014 16 ოქტომბერი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. დ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჭ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2012 წლის 14 აგვისტოს, რ. ჭ-ესა (შემდეგში მოპასუხეს, გამსესხებელს ან კრედიტორს) და მ. დ-ს (შემდეგში მოსარჩელეს, მსესხებელს ან მოვალეს) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რაც დადასტურდა სანოტარო წესით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე, 286.1, 289.1 მუხლები).

2. დასახელებული ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელმა მსესხებელს ასესხა 6000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით, სარგებლის – ყოველთვიურად სესხის თანხის 5%-ის დარიცხვით (სსკ-ის 625.1 მუხლი).

3. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთებოდა ქ.ქუთაისში, ხ-ას ქ.N...-ში მდებარე მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სსკ-ის 286.1, 289.1 მუხლები).

4. ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, შეთანხმებულ ვადაში სესხის ანდა მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო – ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის გადასახდელი თანხის 0.3% (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).

5. 2013 წლის 16 ივლისს ნოტარიუსმა კრედიტორის სასარგებლოდ გასცა სააღსრულებო ფურცელი (სსკ-ის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილი და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5 და 40-ე მუხლები). სააღსრულებლო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას შეადგენდა:

- სესხის ძირითადი თანხა – 6000 აშშ დოლარი;

- პირგასამტეხლო 18 აშშ დოლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2013 წლის 14 მაისიდან აღსრულებამდე;

- ადვოკატის მომსახურების ხარჯი – 300 ლარი;

- სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯი – 125.54 ლარი.

ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

6. მოვალემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა:

- სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება სესხის ძირითადი თანხის ნაწილში (მოსარჩელის მოსაზრებით, სესხის ძირითად თანხას უნდა გამოჰკლებოდა 1800 აშშ დოლარი, რადგან ეს თანხა მას გადახდილი ჰქონდა);

- სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება პირგასამტეხლოს ნაწილში (პირგასამტეხლოს შემცირება 1000 აშშ დოლარით);

- სააღსრულებო ფურცლის გაუქმება საადვოკატო მომსახურების გადასახადის (300 ლარის) ნაწილში.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებითა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 დეკემბრის განჩინებით:

7.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

7.2. ნაწილობრივ გაუქმდა მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში და მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 5700 აშშ დოლარის გადახდა;

7.3. შემცირდა მოვალისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო და იგი განისაზღვრა 0.1%-ით, რაც გამოთვლილ იქნა 5700 აშშ დოლარიდან და განისაზღვრა 353.40 აშშ დოლარით;

7.4. დაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილში გაუქმდა სააღსრულებო ფურცელი;

7.5. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

7.6. 300 აშშ დოლარის 3%, 9 აშშ დოლარის ეკვივალენტი, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხეს. გარდა ამისა, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა 353.4 აშშ დოლარის 3% – 11 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მოპასუხესვე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი 50 ლარისა და 300 ლარის 3%-ის – 9 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება;

7.7. სარჩელი არ დაკმაყოფილდა ძირითადი თანხიდან 1500 აშშ დოლარის შემცირების ნაწილში.

7.8. ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1500 აშშ დოლარის 3%, 45 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ჩაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. შემცირებული პირაგასამტეხლოს - 799 აშშ დოლარის ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3% - 24 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მოპასუხეს, ხოლო მოსარჩელის მიერ 201 აშშ დოლარის ნაწილში გადახდილი ბაჟის 3% - 6 აშშ დოლარი დარჩა გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტში. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის გადახდა.

8. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლომ დაადგინა, ასევე, რომ 2012 წლის 15 ოქტომბერს მოვალემ კრედიტორს გადაუგზავნა 300 აშშ დოლარი, 2012 წლის 14 ნოემბერს – 305 აშშ დოლარი, 2012 წლის 14 დეკემბერს – 305 აშშ დოლარი, 2013 წლის 16 თებერვალს – 105 აშშ დოლარი, 2013 წლის 18 მარტს – 203 აშშ დოლარი, 2013 წლის 20 მარტს – 103 აშშ დოლარი, 2013 წლის 15 აპრილს – 305 აშშ დოლარი, ხოლო 2013 წლის 21 მაისს – 307 აშშ დოლარი.

9. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოვალის მიერ კრედიტორისათვის გადახდილი ზემოხსენებული თანხა წარმოადგენდა სესხის პროცენტს, ამიტომ არ უნდა გამოჰკლებოდა სესხის ძირ თანხას.

10. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 420-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხის 0.3%, იყო შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირებულიყო 0.1%-მდე.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სესხის ძირი თანხისათვის (6000 აშშ დოლარისათვის) 1200 აშშ დოლარის გამოკლებაზე, ასევე, იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა პირგასამტეხლოს 0.01%-მდე შემცირებაზე.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები.

14. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლო იყო მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ სესხი 3 თვის ვადით გაიცა და ამ ვადის გასვლის შემდეგ მის მიერ გადახდილი თანხა სესხის ძირს უნდა გამოჰკლებოდა. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამთვიან ვადაში არ შესრულდა, ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილი თანხა სესხის პროცენტად, და არა ძირითად თანხად, უნდა მიჩნეულიყო.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

- მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ეს ცვლილება უნდა განხორციელებულიყო წერილობითი ფორმით. ასეთი სახის შეთანხმება მხარეთა შორის მიღწეული არ ყოფილა, კერძოდ, მოსარჩელეს მოპასუხესთან შეთანხმებით სესხის ხელშეკრულების ვადა არც ზეპირი და არც წერილობითი ფორმით არ გაუგრძელებია. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაედასტურებინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილი ფული არ იყო ძირითადი თანხის ნაწილი და რომ მხარეებმა გააგრძელეს ხელშეკრულება და მისი მოქმედების პირობები ხელშეკრულების 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგაც გაგრძელდა;

- მხარეებმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაარაგისტრირეს საჯარო რეესტრში, ასევე, შეთანხმდნენ ნებისმიერი ცვლილების წერილობითი ფორმით შეტანის შესახებ. ამდენად, ხელშეკრულება ვალდებულების გაგრძელების შესახებ უნდა გაფორმებულიყო ამავე ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარიგება, სათანადო ფორმის დაუცველობის გამო, ბათილად ჩაითვლება. მხარეებს შორის ვადის გაგრძელების თაობაზე შეთანხმება არ დადებულა შესაბამისი ფორმით;

- მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს იმაზე მეტი შესრულების განხორციელება, ვიდრე მან ხელშეკრულებით იკისრა. შესაბამისად, სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფულადი ვალდებულების ვადის გადაცილებისთვის მოვალეს მხოლოდ მაშინ შეიძლება დაეკისროს პროცენტის გადახდა, თუ აღნიშნულის თაობაზე არსებობს კანონით დადგენილი წესით შეთანხმება;

- ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილეს და ძირ თანხას გამოაკლეს მხოლოდ 300 აშშ დოლარი, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებელობაზე მიუთითებს;

- ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასება არასწორია პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილშიც, ვინაიდან, თუკი მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხა მიჩნეულ იქნებოდა ძირი თანხის ნაწილად, მაშინ პირგასამტეხლოც შესაბამისად შემცირდებოდა;

- საადვოკატო და სანოტარო ხარჯების ნაწილშიც გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას კანონის ნორმის არასწორად განმარტების გამო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

17. სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები [სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი], რასაც შედეგად მოჰყვა არასწორი სამართლებრივი დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობის თაობაზე.

18. მხარეთა შორის სსკ-ის 623-ე მუხლით მოწესრიგებული სასესხო ურთიერთობის არსებობა დავას არ იწვევს. სადავოა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი ფულადი ვალდებულების მოცულობა, კერძოდ, მსესხებელი მიიჩნევს, რომ სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ იგი იხდიდა სესხის ძირს და არა სესხის პროცენტს, ვინაიდან არ არსებობდა მხარეთა შეთანხმება ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდის თაობაზე და არც სესხის ხელშეკრულება არ გაგრძელებულა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი ვალდებულების ოდენობის განსაზღვრა დამოკიდებული იყო სამართლებრივად მნიშვნელოვანი შემდეგი ფაქტების დადგენაზე, კერძოდ, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით იყვნენ თუ არა მხარეები შეთანხმებული, თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოვალის მიერ სესხის პროცენტის (სარგებლის) გადახდის თაობაზე, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას, გააგრძელეს თუ არა სესხის ხელშეკრულების ვადა.

20. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, რომელიც შეეხება სსკ-ის 403-ე მუხლის განმარტებას. ამ განმარტების თანახმად, მოვალის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამსესხებელს (კრედიტორს) მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოსთხოვოს მოვალეს სესხის პროცენტის (სარგებლის) გადახდა ვადაგადაცილებული დროისათვის, თუ თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის არსებობს მხარეთა შეთანხმება სესხის პროცენტის გადახდის თაობაზე (იხ. სუსგ, 22.10.2012წ., საქმე #ას-1701-1685-2011).

21. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა რა მოსარჩელის მოსაზრება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტი), მიუთითა 14.08.2012 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დღიდან. სესხის ხელშეკრულების ვადა გადის და, შესაბამისად, იპოთეკა წყდება: ა. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულების შესრულებისას; ბ. იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციით მიღებული თანხით იპოთეკარის დაკმაყოფილებისას (როდესაც მსესხებელი ნებაყოფლობით არ ასრულებს ვალდებულებას) და გ. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. სააპელაციო სასამართლო არ განმარტავს, თუ რა იგულისხმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 7.1 პუნქტის ციტირებისას, თუმცა, რაც არ უნდა ეფიქრა, ცხადია, რომ მითითებული პუნქტი ადგენს არა სესხის ხელშეკრულების ვადას (სესხის დაბრუნების ვადას), არამედ იპოთეკის უფლების შეწყვეტის საფუძვლებს. როგორც ცნობილია, იპოთეკა აქცესორული უფლებაა. მისი არსებობა ყოველთვის დამოკიდებულია ძირითადი ვალდებულების, ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე, შესაბამისად, იპოთეკა არ შეიძლება არსებობდეს მოთხოვნის გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ იპოთეკის უფლება წყდება იმ მოთხოვნის გაუქმებასთან ერთად, რომლის უზრუნველსაყოფადაც იგი არსებობს (სსკ-ის 5.1 და 270-ე მუხლები). მოთხოვნის გაუქმებაში იგულისხმება, როგორც მოთხოვნის შესრულება, ისე მისი გაუქმება სხვა საფუძვლით (მაგალითად: მოთხოვნის ბათილობა, მოთხოვნის შესრულების შეუძლებლობა და სხვა). სწორედ იპოთეკის ეს ფუძემდებლური პრინციპია ასახული ზემოხსენებული ხელშეკრულების 7.1 პუნქტში. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, ხელშეკრულების ეს პუნქტი მივიჩნიოთ მხარეთა შეთანხმებად ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის სესხის პროცენტის (სარგებლის) გადახდის თაობაზე.

22. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს 14.08.2012 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების 4.7 პუნქტზე, რომლის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ნებისმიერ ცვლილებას ან დამატებას ძალა აქვს იმ შემთხვევაში, თუ იგი შედგენილია წერილობითი ფორმით, ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ და რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ზემოხსენებული ფორმით ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე არც მოპასუხეს მიუთითებია და ასეთი ფაქტი არც სასამართლოს არ დაუდგენია.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია დავასკვნათ, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს მხარეთა შეთანხმება სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის სესხის პროცენტის (სარგებლის) გადახდის თაობაზე, ასევე, არ არსებობს შეთანხმება 14.08.2012 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მსესხებელი 15.10.2012 წლიდან 21.05.2013 წლამდე იხდიდა მხოლოდ სესხის პროცენტს (სარგებელს) და არა ძირსაც. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დადგენილი ფულადი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ, 14.08.2012 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამსესხებელს შესაძლებელია გააჩნდეს მოთხოვნის უფლება 3 თვის სესხის პროცენტზე (სარგებელზე). აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მსესხებლის მიერ კრედიტორისათვის გადახდილი თანხიდან რამდენია სესხის პროცენტი (სარგებელი) და რამდენია დარჩენილი თანხა, რომელიც შესაძლებელია გამოაკლდეს სესხის ძირს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მითითებული ფაქტების დადგენაზე იქნება დამოკიდებული პირგასამტეხლოს ოდენობის გამოანგარიშებაც.

24. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახალი განხილვისას, უნდა გამოიკვლიოს წინამდებარე განჩინების 23-ე პუნქტში მითითებული გარემოებები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა)საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ)არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.

26. კასატორი სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას საადვოკატო და სანოტარო მომსახურების ხარჯების დაკისრების ნაწილში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილშიც. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განუხილველად უნდა დარჩეს საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე სარჩელით არ მოითხოვდა სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას სანოტარო ხარჯის (125.54 ლარის) გადახდის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, ამ საკითხზე არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია და ვერც იმსჯელებდა, ვინაიდან დაარღვევდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.1 (უფლების სასამართლო წესით დაცა), 3.1 (დისპოზიციურობის პრინციპი) და 248-ე (სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები) მუხლების მოთხოვნებს. რაც შეეხება სააღსრულებო ფურცლის გაუქმებას საადვოკატო მომსახურების ხარჯის (300.00 ლარის) გადახდის დაკისრების ნაწილში, ასეთი მოთხოვნა, მართალია, მოსარჩელეს ჰქონდა, პირველი ინსტანციის სასამართლომ მასზე იმსჯელა კიდეც და არ დააკმაყოფილა იგი, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გაუსაჩივრებია, კერძოდ, როგორც სააპელაციო საჩივრით ირკვევა, მოსარჩელე მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა სესხის ძირი თანხისათვის (6000 აშშ დოლარისათვის) 1200 აშშ დოლარის გამოკლებაზე, ასევე, იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა პირგასამტეხლოს 0.01%-მდე შემცირებაზე (იხ. სააპელაციო საჩივარი, ს.ფ. 165-175). აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კასატორს თავის დროზე სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა საადვოკატო მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმებაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს (სსსკ-ის 391.1 მუხლი). ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, იმსჯელა რა საადვოკატო მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის კანონიერების თაობაზე, დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 მუხლის მოთხოვნა, კერძოდ, იგი გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, თუმცა ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება გამოტანილი არ ყოფილა, ვინაიდან ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს არ შეუცვლია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ანუ აპელანტისათვის (მოსარჩელისათვის) არ მიუკუთვნებია ის, რაც მას არ უთხოვია.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

28. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408.3-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს მ. დ-ის საკასაციო საჩივარი საადვოკატო და სანოტარო ხარჯების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე;

2. მ. დ-ის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი