№ას-918-868-2015 11 ნოემბერი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი მოპასუხე მ. კ-ისათვის 10 000 აშშ დოლარის გადახდევინების უზრუნველსაყოფად მ. კ-ის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის (საკადასტრო კოდი №.....) მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაეკისრა 1000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო იპოთეკის საგანი დაექვემდებარა რეალიზაციას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 ივნისის განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. კ-ემ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2015 წლის 10 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორმა და წარმოადგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 სექტემბრის განჩინებით მ. კ-ეს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე, კერძოდ, მას დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდ.
საქმის მასალებით, კერძოდ, საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 23 სექტემბრის განჩინების ასლი ჩაბარდა კერძო საჩივრის ავტორის – მ. კ-ის დედას, 2015 წლის 3 ნოემბერს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიიჩნევა განჩინების კერძო საჩივრის ავტორისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 4 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 6 ნოემბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. მ. კ-ემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება შპს „ს. ფ-ს“ ჩააბარა 2015 წლის 9 ნოემბერს, ანუ ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან მ. კ-ემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 374-ე მუხლების შესაბამისად, განუხილველად უნდა დარჩეს მ. კ-ის კერძო საჩივარი და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. კერძო საჩივრის ავტორს – მ. კ-ეს დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე ი. ა-ის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი – 2015 წლის 6 ნოემბერი);
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე