№ას-615-578-2011 30 ნოემბერი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – მ. ბ-ე, თ. ბ-ე, ა. გ-ე, რ. კ-ა, თ. კ-ა, ნ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრების განსახილველად დაშვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ს-ის სარჩელი და მოპასუხე იდნივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა. პ-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 64 714.60 აშშ დოლარის გადახდა.
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ. ბ-ემ, თ. ბ-ემ, ა. გ-ემ, რ. კ-ამ, თ. კ-ამ და ნ. კ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით მ. ბ-ის, თ. ბ-ის, ა. გ-ის, რ. კ-ას, თ. კ-ას და ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყეტილება მხარეებმა და მოსარჩელეებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლება აქვთ მხოლოდ მხარეებს, მათ უფლებამონაცვლეებს, მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, მათ უფლებამონაცვლეებს, თანამონაწილეებს, ასევე პირებს, რომლებიც, მართალია, სახელდებით არ ფიგურირებენ საქმეში როგორც მხარეები, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით განისაზღვრა მათი უფლება-მოვალეობები ერთ-ერთი მხარის მიმართ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხე არის პირი, რომელმაც, მოსარჩელის განცხადებით, დაარღვია ან სადავო გახადა მისი უფლება, მისი დასახელების უფლებაცა და მოვალეობაც მოსარჩელეს აქვს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხედ დაასახელა იმა “ა. პ-ი”, რომელსაც სასამართლო გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სადავოდ გახადეს ზემოთ დასახელებულმა ფიზიკურმა პირებმა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დასახელებული პირები არ წარმოადგენენ არც მოპასუხე მხარეებს, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ სარჩელზე და არც დაინტერესებულ პირებს, რომელთაც შეიძლება შეეხოთ გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
- სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2005 წლის 27 ივნისს იმა “ა. პ-სა” და რ. კ-ას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება 61811 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ რ. კ-ასათვის აეშენებინა და დანართი #1-ში მითითებულ მდომარეობაში ჩაებარებინა 3 ოთახიანი ბინა (მდებარე ქ.თბილისი, ს-ოს ქ.#.., მე-.. სადარბაზო, მე-.. სართული, ბინა #..);
- 2009 წლის 09 დეკემბერს იმა “ა. პ-სა” და თ. ბ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება 109 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ თ. ბ-ისათვის აეშენებინა და დანართი #1-ში და #2-ში მითითებულ მდომარეობაში ჩაებარებინა 130.94 კვ.მ ფართის #10-01 ბინა (მდებარე ქ.თბილისი, ს-ოს ქ.#.., მე-.. სადარბაზო, მე-.. სართული, ბლოკი...);
- 2009 წლის 03 დეკემბერს იმა “ა. პ-სა” და მ. ბ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება 120 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ მ. ბ-ისათვის აეშენებინა და დანართი #1-ში და #2-ში მითითებულ მდომარეობაში ჩაებარებინა 118.17 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი #4-2;
- 2009 წლის 09 დეკემბერს იმა “ა. პ-სა” და ა. გ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება 90 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ ა. გ-ისათვის აეშენებინა და დანართი #1-ში და #2-ში მითითებულ მდომარეობაში ჩაებარებინა 90.20 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი #3-4, მე-3 სართულზე;
- 2006 წლის 18 ოქტომბერს იმა “ა. პ-სა” და მ. მ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება 95 125 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ მ. მ-ისათვის აეშენებინა და დანართი #1-ში მითითებულ მდომარეობაში ჩაებარებინა 4 ოთახიანი ბინა (მდებარე ქ.თბილისი, ს-ოს ქ.#.., მე-.. სადარბაზო, მე-.. სართული, ბინა #..). 15.12.2009 წლის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით მან. მახარაძემ 18.10.2006 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაუთმო ნ. კ-ეს;
- 2006 წლის 22 ივლისს იმა “ა. პ-სა” და თ. კ-ას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება 92196 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ თ. კ-ასათვის აეშენებინა და დანართი #1-ში მითითებულ მდომარეობაში ჩაებარებინა 4 ოთახიანი ბინა (მდებარე ქ.თბილისი, ს-ოს ქ.#.., მე-.. სადარბაზო, მე-.. სართული, ბინა #..).
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ერთის მხრივ ამხანაგობა “ა. პ-სა” და მეორეს მხრივ მ. ბ-ეს, თ. ბ-ეს, ა. გ-ეს, რ. კ-ას, თ. კ-ას, ნ. კ-ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები თავისი სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებებს. სასამართლოს განმარტებით, ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, უპირველესყოვლისა, გასათვალისწინებელია არა ზოგადი დათქმები, არამედ ის არსებითი უფლება-მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების დადებისას. სასამართლოს მითითებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. სასამართლომ განმარტა, რომ: კერძო სამართალი ხელშეკრულების ამ სახის განმარტების ხერხს იმ შემთხვევაში მიმართავს, როდესაც შეთანხმებაში განსხვავებული შინაარსის მქონე დებულებების არსებობა განაპირობებს მხარეთა საერთო განზრახვის დადგენის საჭიროებას, რითიც ისინი ხელმძღვანელობდნენ ხელშეკრულების გაფორმებისას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო მათ ნებას განმარტავს იმ დათქმებზე აპელირებით, რომლებიც თავისი შინაარსით უფრო ახლოს დგანან იმ მიზნებთან, რისი მიღწევაც მხარეებს სურდათ ამ ხელშეკრულების დადებისას. ამ თვალსაზრისით, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აპელანტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების 2.2., 3.1., 4.1.1.-4.4.5. პუნქტებზე, რომლებიც განსაზღვრავენ აღნიშნულ ხელშეკრულებათა სამართლებრივ შინაარსს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების აუცილებელი წინაპირობაა მონაწილეთა საერთო მიზნის არსებობა, რომლის მისაღწევად ისინი აერთიანებენ განხორციელებულ შენატანებს. სასამართლოს მითითებით, იმა ”ა. პ-ის” დებულების შინაარსიდან გამომდინარეობს კომერციული ინტერესი და იგულისხმება, რომ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიზანი კომერციული შინაარსით არის განპირობებული. მართალია, დამფუძნებელთა კონკრეტული მიზანი იყო საცხოვრებელი კორპუსის აშენება, მაგრამ ამხანაგობის დებულების მე-4 პუნქტში გამოკვეთილია ასევე ერთობლივი საქმიანობის შედეგად შექმნილი ქონების განაწილების მიზანი, რომელიც გარკვეული შემოსავლის მიღებისკენ იქნებოდა მიმართული. ბუნებრივია, ამხანაგობის სამ დამფუძნებელ წევრს (ვინც ხელს აწერს ხსენებულ დებულებას) პირადი საჭიროებისთვის არ განუზრახავს მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა და მათი უპირატესი მიზანი იყო ამ ფართების განკარგვით შემოსავლის მიღება. აპელანტების ინტერესი კი, როგორც ხელშეკრულებებიდან ჩანს, შემოიფარგლება საცხოვრებელი ფართების მიღების სურვილით, რაც მათ საკუთრივ ესაჭიროებათ და თითოეული მათგანის ინტერესები მიმართულია ინდივიდუალურად განსაზღვრული ფართის მიმართ, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. მათ ამხანაგობის დამფუძნებლებისგან განსხვავებული სამართლებრივი კავშირი აქვთ ამხანაგობასთან, კერძოდ, აპელანტები ერთობლივი საქმიანობის მონაწილენი კი არ ხდებიან, არამედ მოელიან ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიერ აშენებული საცხოვრებელი ბინიდან განსაზღვრული ფართების მიღებას შესაბამისი საზღაურის სანაცვლოდ. ისინი თვითონ არ ახორციელებენ რაიმე საქმიანობას, არამედ წინასწარ იხდიან გარკვეულ თანხას კორპუსის მშენებლობის დასრულების შემდგომ კუთვნილი ფართების მისაღებად. მათი ურთიერთობა ამხანაგობასთან შეესაბამება ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების მიერ გაფორმებული ხელშეკრულებები შესრულების არსით ყველაზე ახლოს დგას ნარდობის ხელშეკრულების შინაარსთან და უფლება-მოვალეობებიც შესაბამისად უნდა გადანაწილდეს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ აპელანტები, არ განიხილა, როგორც ამხანაგობა „ა. პ-ის” წევრები, არამედ _ როგორც ამხანაგობასთან ნარდობის ხელშეკრულებით დაკავშირებულ პირები, რომლელთა ვალდებულებასაც წარმოადგენს ამხანაგობასთან დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხების გადახდა. შესაბამისად, სასამართლოს შეხედულებით, აპელანტები ამ სამართალურთიერთობიდან გამომდინარე არ ინაწილებენ მესამე პირების წინაშე ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებას და არა არიან პასუხისმგებელნი მესამე პირების, კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე.
სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით პირი იცავს თავის უფლებასა თუ ინტერესს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან. განსახილველ შემთხვევაში კი აპელანტები, ანუ პირები, რომლებიც არ არიან იმა “ა. პ-ის”, როგორც ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილენი, არამედ გვევლინებიან მესამე პირებად (ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე), არ წარმოადგენენ დაინტერესებულ მხარეებს, ვის მიმართაც შესაძლოა აღსრულდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა “ა. პ-ისათვის” დაკისრებული თანხის ამოღება ვერ მოხდება მ. ბ-ის, თ. ბ-ის, ა. გ-ის, რ. კ-ას, თ. კ-ას და ნ. კ-ის მატერიალური სიკეთიდან _ ქონებიდან თუ უფლებიდან, რის გამოც ისინი არ არიან სარჩელით დაკმაყოფილებულ უფლებაზე იურიდიული შეპასუხების, სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე უფლებამოსლების მქონე პირები.
სააპელაციო პალატის აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ. ბ-ემ, თ. ბ-ემ, ა. გ-ემ, რ. კ-ამ, თ. კ-ამ და ნ. კ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, იმა „ა. პ-ის“ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებას 2004 წლის 4 ოქტომბერს ხელი მოაწერეს შპს „-მა“ და ა. ო-ამ. ამხანაგობის მიზანი იყო მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. ერთობლივი საქმიანობის მიზნის მიღწევისათვის ა. ო-ას კონკრეტული ვალდებულება (შენატანი) იყო ასაშენებელი კომპლექსის დაპროექტებისა და სათანადო ნებართვების მოპოვების ორგანიზება (ხელშეკრულების 3.1.2 პუნქტი), რაც მან დროულად და ჯეროვნად შეასრულა, ხოლო შპს „ა-მა“ განახორციელა შენატანი მიწის ნაკვეთის სახით. ამდენად, ა. ო-ამ და შპს „ა-მა“ თავიანთი შენატანებით აქტიურად შეუწყვეს ხელი ამხანაგობის წინაშე მდგარი მიზნების მიღწევას. ა. ო-ა გავიდა ერთობლივი საქმიანობიდან 2008 წლის 30 დეკემბერს, ხოლო 406 ფიზიკური პირი და 8 იურიდიული პირი შეუერთდა ერთობლი საქმიაობის ხელშეკრულებას. ხელშეკრულებაზე ხელმომწერი ყველა პირი წარმოადგენს ამხანაგობის წევრს თანაბარი ვალდებულებებით. მათ გააჩნიათ აბსოლუტურად იდენტური მოვალეობები გარდა შენატანის სახისა და ოდენობისა. სამოქალაქო კდექსის 930-940-ე მუხლები არ იცნობს „დამფუძნებელი წევრის“ ცნებას და ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა დიფერენცირებას რიგითობის მიხედვით. ამხანაგობა „ა. პ-ი“ არ შექმნილა მის წევრთა გარკვეული ჯგუფის მიერ მოგების მიღების მიზნით, მაგრამ თუ ამხანაგობას საერთო მიზნის განხორციელების შედეგად რაიმე შემოსავალი წარმოეშვა, იგი თანაბრად ნაწილდება ერთობლივი საქმიანობის მონაწილეებს შორის, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 936-ე მუხლისა. ამდენად, დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნები, რომელთა შესაბამისად ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებს გააჩნდათ მოგების მიღების მიზანი. ხელშეკრულებებითა და ამხანაგობის დებულებით მსგავსი პირობა გათვალისწინებული არ არის, სამოქალაქო კოდექსის 935-ე მუხლის შესაბამისად კი, ე.წ „დამფუძნებელი წევრები“ ვერ შესძლებდნენ მოგების მიღებას ასეთი განზრახვის არსებობის შემთხვევაშიც. ამხანაგობის დებულებისა და ხელშეკრულებების შინაარსიდან გამომდინარე, ისინი შეესაბამებიან ეთობლივი საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს. ა. ს-ისა და აპელანტების ვალდებულებები განისაზღვრა არამხოლოდ მათ მიერ მისაღებ ბინებთან მიმართებაში, არამედ ასევე მშენებლობის დაფინანსების, დაპროექტების, საინჟინრო სამუშაოების ჩატარების, შენობის მოპირკეთების, მიწის გადასახადებთან, მიმდებარე ტერიტორიების მოწყობასთან მიმართებაში. ამხანაგობის ერთობლივი საქმიანობის მიზანი იყო არა საერთო მეურნეობის შექმნა, როგორც ამას სააპელაციო სასამართლო უთითებს, არამედ კერძო შენატანების მეშვეობით მრავალფუნქციური სახლის აშენება და ამხანაგობის წევრებზე შენატანების პროპორციული წილების განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის, თ. ბ-ის, ა. გ-ის, რ. კ-ას, თ. კ-ასა და ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
მითითებული ნორმა განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის ობიექტს, კერძოდ, სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება. ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე სააპელაციო საჩივრის სუბიექტები, კერძოდ, ესენი არიან მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, ანუ ის პირები, რომელთა კანონიერ ინტერესებსაც უშუალოდ ეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ამასთან, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება შეეხო ისეთი პირის უფლებებს, რომელიც საქმეში არ იყო ჩაბმული მხარედ, ასეთ პირებსაც უფლება აქვთ გაასაჩივრონ გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეეხო მათ უფლებებს, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ მოპასუხე იდნივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა. პ-ის“ წევრებს, რომელსაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 64 714.60 აშშ დოლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ კერძო საჩივრის ავტორებსა და იდნივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა. პ-ს“ შორის დადებული 27.06.2005წ., 09.12.2009წ., 03.12.2009წ., 09.12.2009წ., 18.10.2009წ. და 22.07.2006წ. ხელშეკრულებები წარმოადგენს არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებებს, არამედ ნარდობის ხელშეკრულებებს. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ იდნივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ა. პ-ის“ წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება გავლენას არ ახდენს მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებზე, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ამხანაგობისათვის დაკისრებული თანხის გადახდაზე ვალდებულ პირებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორები არ არიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით გათვალისწინებული სააპელაციო საჩივრის სუბიექტები, ამიტომ მათი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან ამ ნორმის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ის, თ. ბ-ის, ა. გ-ის, რ. კ-ას, თ. კ-ასა და ნ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი