Facebook Twitter

ბს-917-1125-კ-04 23 თებერვალი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე (მომხსენებელი),

გ. ქაჯაია

დავის საგანი: უპირატესი შესყიდვის უფლების აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 6 მარტს შპს “ო-ემ” ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ქუთაისის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს, ქ. ქუთაისის მერიისა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს თევზის მეურნეობის დეპარტამენტ “ს-ის” მიმართ სარჩელი აღძრა.

მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ იგი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა ქუთაისში, ..... მდებარე შენობის პირველ სართულს, სარდაფის ნახევარს და შესაბამის ინვენტარს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. უძრავი ქონების იჯარით ფლობა ქუთაისის მიწის მართვის სამმართველოსთან არსებული სახელმწიფო რეგისტრატორის მიერ 2001წ. 22 მარტს გაცემული საჯარო რეესტრიდან ამონაწერით იყო დადასტურებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, დადგენილად ჩათვლილიყო, რომ მას ზემოთ აღნიშნული ქონების უპირატესი შესყიდვის უფლება გააჩნდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “ო-ის” აღიარებითი სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. დადგენილად ჩაითვალა, რომ შპს “ო-ეს” ქ. ქუთაისში, ..... მდებარე საიჯარო ქონების უპირატესი შესყიდვის უფლება გააჩნდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქ. ქუთაისის მერიამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აპელანტის მოსაზრებით, უსაფუძვლოა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა შპს “ო-ე” 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა და იყენებდა სადავო ქონებას კანონიერ ძალაში შესული საიჯარო ხელშეკრულებებით, რადგან აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულებების არსებობა და შპს “ო-ის” მიერ სახელმწიფო ქონების კეთილსინდისიერად ფლობის ფაქტი ჯერ სასამართლოს მიერ არ იყო დადგენილი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 14 მაისის გადაწყვეტილებით ქუთაისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს “ო-ეს” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

საქმის მასალებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1991წ. 1 იანვარს “ს-სა” და მაღაზია “ო-ეს” შორის ხუთი წლის ვადით ხელშეკრულება დაიდო.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია ისიც, რომ ქუთაისში, ... მდებარე შენობის პირველი სართული, სარდაფის ნახევარი და შესაბამისი ინვენტარი ამჟამად იჯარით აქვს აღებული შპს “ო-ეს” და იგი გატარებულია საჯარო რეესტრში.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სკ-ის 169-ე მუხლი, რომლის მიხედვით, მფლობელს, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით 10 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა და იყენებდა ნივთს, აქვს ამ ნივთის უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში იჯარით აღებული ქონების სახელმწიფო საკუთრებაში არსებობის ფაქტი სადავო არ ყოფილა. სახელმწიფო ქონების შესყიდვა კი “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონით დადგენილი წესით ხორციელდებოდა, რომლის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი შესყიდვის ფორმით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, კონკურსის ფორმით გაყიდვის მიზანია იმ მყიდველისათვის ქონებაზე საკუთრების უფლების მინიჭება, რომელიც ვაჭრობის პროცესში გამყიდველს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

ზემოთ მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში უპირატესი შესყიდვის უფლება იმ საფუძვლით, რომ მოიჯარე იჯარით აღებულ ქონებას ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა, არ არსებობდა. მართალია, სკ-ის 169-ე მუხლის შესაბამისად, უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს მფლობელს, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ათ წელიწადზე მეტი ხნით ფლობს ქონებას, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სხვა რამ კი გათვალისწინებულია “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-6 მუხლით, რომელიც სკ-ის 169-ე მუხლთან მიმართებაში სპეციალურ ნორმას წარმოადგენს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შპს “ო-ის” დირექტორის განმარტება, რომ ქუთაისის მერმა უარი თქვა სააპელაციო საჩივარზე. ჯერ ერთი, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ განცხადება სასამართლოში ნ. ფ-ის სახელით იყო შეტანილი, მაშინ, როცა საქმის განხილვის დროს ქუთაისის მერის მოვალეობას გ. გ-ე ასრულებდა. მეორეც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ მაშინ არის უფლებამოსილი ცნოს სარჩელი, თუ ეს საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. მოცემულ შემთხვევაში კი სარჩელის ცნობა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-6 მუხლს ეწინააღმდეგებოდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს “ო-ემ” იმავე საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ხორციელდება არა მარტო ამ კანონის, არამედ საქართველოს კონსტიტუციის, სკ-ის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე, ე.ი. დასაშვებია როგორც სამოქალაქო, ისე _ საჯარო სამართლის ნორმათა გამოყენება.

კასატორის მითითებით, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-6 მუხლი არ შეიცავს მინიშნებას იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში უპირატესი შესყიდვის უფლება არ გამოიყენება.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება_დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შპს “ო-ის” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 14 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგს:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 1999წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 1991წ. 1 იანვარს “ს-სა” და მაღაზია “ო-ეს” შორის ხუთი წლის ვადით ხელშეკრულება დაიდო, რომელიც მოგვიანებით კიდევ ხუთი წელი გაგრძელდა.

საქმის მასალებით ასევე დადგენილია ისიც, რომ ქ. ქუთაისში, ... მდებარე შენობის პირველი სართული, სარდაფის ნახევარი და შესაბამისი ინვენტარი შპს “ო-ეს” ამჟამადაც იჯარით აქვს აღებული და იგი გატარებულია საჯარო რეესტრში.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და თვლის, რომ, ვინაიდან იჯარით აღებული ქონება სახელმწიფო საკუთრებაა, შესაბამისად, მისი შესყიდვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონით დადგენილი წესით ხორციელდება, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხდება კონკურსის, აუქციონის, იჯარა-გამოსყიდვისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით და ამ პროცესში სკ-ის 169-ე მუხლით გათვალისწინებული უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენება დაუშვებელია, რადგან “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-6 მუხლის მიხედვით, კონკურსის ფორმით გაყიდვის მიზანია ქონებაზე საკუთრების უფლება მიანიჭოს იმ მყიდველს, რომელიც გამყიდველს ყველაზე უკეთეს პირობებს შესთავაზებს; სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით სახელმწიფო ქონებას გამოისყიდის პირი, რომელსაც მესაკუთრესთან გარკვეული ვადით იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება აქვს დადებული და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გასვლისას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა პირობების დაცვის შემთხვევაში, ეს მოიჯარე სახელმწიფო ქონების მესაკუთრე გახდება, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 169-ე მუხლის მიხედვით, მფლობელს, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა და იყენებდა ნივთს, აქვს ამ ნივთის უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საკასაციო სასამართლო ნიშანდობლივად მიიჩნევს აღნიშნული ნორმის ბოლო წინადადებას და თვლის, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონი სწორედ სკ-ის 169-ე მუხლში მინიშნებულ კანონით გათვალისწინებულ “სხვა შემთხვევას” გულისხმობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი და, შესაბამისად, იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “ო-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2004წ. 14 მაისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.