საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე№ა -3456-შ-72-2015 12 ნოემბერი, 2015 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მზია თოდუა,
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე. ე-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-ი
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2015 წლის 22 სექტემბერს # 7259 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა (შემდეგში - მინსკის კონვენცია) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი მსვლელობისათვის გადმოგზავნა აზერბაიჯანის მოქალაქის, ე. ე-ას, შუამდგომლობა საქართველოს მოქალაქე ა. მ-ისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ქ. ბაქოს ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს (შემდეგში - ნარიმანოვის რაიონის სასამართლო) 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების (საქმე # 2(005) – 358/2015) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის.
2. ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დადგენილია, რომ 2010 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში დარეგისტრირდა ქორწინება (ჩანაწერის # …) შუამდგომლობის ავტორს - ე. ჯ. კ. ე-ასა და ა. ჯ. ო. მ-ს შორის.
3. განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ პირებს ჰყავთ ორი შვილი - 2… დაბადებული ე. და 2… დაბადებული ფ.
4. ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არაერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის გამო ურთიერთობა დაეძაბათ და განქორწინება გადაწყვიტეს.
5. ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმის დანაწესზე, რომლის საფუძველზე დადგენილია სარჩელში მოპასუხე მხარის (განსახილველ შემთხვევაში - ა. მ-ის) შეტყობინების წესი სასამართლო დავის შესახებ და ის ღონისძიებები, რაც ამ მიზნით სასამართლომ უნდა განახორციელოს.
6. ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ე.ე-ასა და ა. მ-ს შორის, არასრულწლოვანი ბავშვები დარჩნენ დედის მზრუნველობის ქვეშ და ბავშვებს, მათივე ინტერესების გათვალისწინებით, საცხოვრებლად განესაზღვრათ დედის საცხოვრებელი ადგილი.
7. ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილებით 2014 წლის 18 ნოემბრიდან ა.მ-ს არასრულწლოვანი შვილების - ე. მ-ასა და ფ. მ-ასათვის ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თითოეულის სასარგებლოდ 108 (ას რვა) აზერბაიჯანული მანათის გადახდა, შესაბამისად, ყოველთვიურად სულ - 216 (ორას თექვსმეტი) აზერბაიჯანული მანათის გადახდა, შვილების სრულწლოვანებამდე.
8. ე. ე-ას მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა და თანდართული დოკუმენტაცია შეესაბამება მინსკის კონვენციას. მასალებში წარმოდგენილია ცნობა, რომ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 20 აპრილს და მიმართულია აღსასრულებლად, ასევე, ცნობა იმის თაობაზე, რომ ხსენებული გადაწყვეტილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ არის შესრულებული.
9. საქმის მასალებშია ქ. ბაქოს ნარიმანოვის რაიონული სასამართლის 2015 წლის 5 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ე. ე-ას შუამდგომლობა ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე განსახილველად მიიღო.
11. ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული შუამდგომლობა თანდართული მასალებით 2015 წლის 13 ოქტომბერს გადაეგზავნა ა. მ-ს, გზავნილი ამავე წლის 16 ოქტომბერს ჩაჰბარდა მის დედას - ს. მ-ს (იხ. შესაბამისი საქმის მასალები).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ ე. ე-ას შუამდგომლობა ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების (საქმე # 2(005) – 358/2015) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
13. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ მე-12 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2015 წლის 20 აპრილიდან და ამავე წლის 5 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და ნარიმანოვის სასამართლოს 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე (იხ. ამ განჩინების მე-8, მე-9 პუნქტები).
14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
15. ამ განჩინების მე-14 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი და არც შუამდგომლობაში მითითებულ მოწინააღმდეგე მხარე ა. მ-ს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან მოსაზრება უზენაესი სასამართლოს მიერ გაგზავნილი განჩინებისა და თანდართული მასალების მიღების შემდეგ, მათ შორის, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად (იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი).
16. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. ამავე კანონის 70-ე მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო 71-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებისათვის, ე. ე-ას წარმოდგენილი აქვს კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი და ცნობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე, 69-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. ე-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქ. ბაქოს ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს (შემდეგში - ნარიმანოვის რაიონის სასამართლოს) 2015 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება (საქმე # 2(005) – 358/2015), რომლითაც:
- შეწყდა 2010 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება (სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ისანი-სამგორის რაიონის სამსახურში, რეგ.# …) ე. ე-ასა და ა. მ-ს შორის;
- 2… დაბადებული ე. მ-ა და 2… დაბადებული ფ. მ-ა დარჩნენ დედის - ე. ე-ას მზრუნველობის ქვეშ;
- 2014 წლის 18 ნოემბრიდან ა. მ-ს დაეკისროს ალიმენტის გადახდა თავისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ე. მ-ასათვის - ყოველთვიურად 108 (ას რვა) მანათი და ფ. მ-ასათვის - ყოველთვიურად 108 (ას რვა) მანათი, სულ 216 (ორას თექვსმეტი) მანათი ყოველთვიურად, შვილების სრულწლოვანებამდე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე