Facebook Twitter

№ას-894-844-2015 4 დეკემბერი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს ,,ბ. ც. პ-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ფირმა დ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015წლის 15 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს ,,ბ. ც. პ-ამ’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ფირმა დ-ას’’ მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, შპს ,,ბ. ც. პ-ას’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,ფირმა დ-ას’’ სახელზე განხორციელებული 1)M2013 24011R 2)M2013 24197R 3) M2013 24195R 4) M2013 24193R 5) M2013 24196 R 6) M 2013 24194 R 7) M2013 23262 R 8) M2013 23469R სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია.

4. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა შპს ,,ფირმა დ-ამ’’.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 იანვრის განჩინებით შპს ,,ფირმა დ-ას’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ფირმა დ-ამ’’.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 ივლისის განჩინებით შპს ,,ფირმა დ-ას’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2015 წლის 14 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინებით #2/12285 -13 სამოქალაქო საქმიდან შპს „ბ. ც. პ-ას“ სარჩელი მოპასუხე შპს „ფირმა დ-ას“ მიმართ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ბათილად ცნობის თაობაზე, ცალკე წარმოებად გამოიყო და მიენიჭა ახალი ნომერი (ტ. I, ს.ფ. 179,180).

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით საქმეზე დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2014 წლის 1 სექტემბერს 11:30 საათზე (ტ. I, ს.ფ. 181,182).

11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ფირმა დ-ა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მოწვეული არ ყოფილა.

12. საქმეში არსებული მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 1 სექტემბრის სასამართლო სხდომის თაობაზე 2014 წლის 10 ივლისს სატელეფონო შეტყობინება შედგა შპს „ფირმა დ-ას“ წარმომადგენელ ნ. გ-ან (ტ. I, ს.ფ. 143). პალატამ ასევე მიუთითა სატელეფონო შეტყობინების აუდიო ჩანაწერზე, რომლითაც ირკვევა შემდეგი: სასამართლო სხდომის მდივნის მიერ საქმეში მონაწილე მხარეების დასახელებისთანავე ნ. გ-ემ მოხელეს განუმარტა, რომ იგი აღარ იყო შპს „ფირმა დ-ას“ წარმომადგენელი და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებდნენ სხვა წარმომადგენლები, თუმცა ნ. გ-ემ მზადყოფნა გამოთქვა მხარისთვის შეეტყობინებინა სხდომის თარიღი იმ მოტივით, რომ მისი რწმუნებულება გაუქმებული არ იყო (იხ.: CD დისკი, ტ. II, ს.ფ. 26).

13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე, 100-ე მუხლებით და განმარტა, რომ მართალია, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი არ იყო შპს „ფირმა დ-ას“ მიერ ნ. გ-ის სახელზე 2013 წლის 23 სექტემბერს სამი წლის ვადით გაცემული მინდობილობის (ტ. I, ს.ფ. 41) გაუქმების დამადასტურებელი მტკიცებულება ან/და სასამართლოსათვის მარწმუნებლის მიერ მინდობილობის გაუქმების თაობაზე წერილობითი მიმართვა, მაგრამ აუდიო ჩანაწერით დასტურდებოდა, რომ რწმუნებული აღარ მონაწილეობდა საქმის განხილვაში და ფაქტობრივად სხვა პირები ახორციელებდნენ შპს „ფირმა დ-ას“ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. პალატის მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ გარემოებას არ ცვლიდა არც ის ფაქტი, რომ ნ. გ-ემ, იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულება გაუქმებული არ იყო, გამოთქვა მზადყოფნა ინფორმაცია მიეწოდებინა მხარისთვის.

14. სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ 2014 წლის 10 ივლისს, ანუ უწყების ჩაბარების დროისათვის შპს „ფირმა დ-ას“ სხვა პირების სახელზე ჰქონდა გაცემული რწმუნებულება, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 19 მარტის სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით, რომლითაც შპს „ფირმა დ-ას“ დირექტორმა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები მიანიჭა დ. მ-ს, ნ. ბ-ს და ს. ს-ს (ტ. I, ს.ფ. 194-198).

15. გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატამ მიიჩნია, რომ ნ. გ-ის ჩაბარებული სატელეფონო შეტყობინება არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.

16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ტექნიკური საშუალებებით შეტყობინებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლოში დასაბარებელი პირისათვის ინფორმაციის ამომწურავად და გასაგებად მიწოდებას. პროცესის მონაწილეთათვის სხდომის თაობაზე ინფორმაციის სრულყოფილად შეტყობინება წარმოადგენს საქმის არსებითად განხილვის დაწყების აუცილებელ წინაპირობას, რამეთუ დაცული და გარანტირებული უნდა იყოს მხარის უფლება, მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში.

17. პალატის მითითებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო სხდომის თაობაზე შეტყობინება შეიცავდეს მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მხარის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ, ასევე მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. მხოლოდ ასეთი გაფრთხილების შემთხვევაშია მხარე ვალდებული შეატყობინოს სასამართლოს სხდომაზე დაგვიანების თუ გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. მხარე სრულყოფილად უნდა იყოს ინფორმირებული სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ შესაძლო დაუსწრებელი გატაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით მიღებულად ჩაითვლება.

18. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აუდიო ჩანაწერით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ. გ-ეს არასრულად ეცნობა სასამართლო უწყების შინაარსი, კერძოდ, სატელეფონო შეტყობინება არ შეიცავდა მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მხარის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ, მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები (იხ.:CD დისკი, ტ. II, ს.ფ. 26)

19. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით პალატამ მიიჩნია, რომ შპს „ფირმა დ-ა“ 2014 წლის 1 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე არ იყო მიწვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

20. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან შპს „ფირმა დ-ა“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 1 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე მოწვეული არ ყოფილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, არ არსებობდა სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და, შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე განჩინების გაუქმების საფუძვლები.

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს ,,ბ. ც. პ-ამ’’ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

22. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობებად მითითებულია ისეთი გარემოებები, რომლებიც კანონმდებლობის შესაბამისად, არ წარმოადგენს გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების წინაპირობებს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა წერილობითი ცნობა წარმომადგენლის უფლებამოსილების გაუქმების თაობაზე, სასამართლომ აღნიშნული გარემოება აუდიო ჩანაწერით მცდარად დაადასტურა, რაც კანონის ნორმის პირდაპირი დარღვევაა. მეორეს მხრივ, სასამართლოს შეფასებით, სასამართლო მოხელის მიერ დაირღვა ფორმალური წინაპირობა და მხარე სატელეფონო ჩანაწერში გაფრთხილებული არ იქნა გამოუცხადებლობის შედეგებზე. კასატორის აზრით, ამგვარი მიდგომა პირდაპირ მოწოდებულია სასამართლო სხდომების გაჭიანურებისა და მხარეთა მიერ საპროცესო უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებისაკენ. სასამართლოს მიერ ნორმის ამგვარი განმარტება, მაშინ როდესაც მხარის წარმომადგენელი იყო გამოცდილი ადვოკატი, არის უზენაესი სასამართლოს მიერ 2010 წელს დამკვიდრებული პრაქტიკის უგულებელყოფა და შეტყობინების ჩაბარების წესის არაგონივრულად ფორმალიზება. შეტყობინების ჩაბარების უმთავრესი მიზანი მხარის ინფორმირებაა და არა ის, რომ სასამართლოს მოხელემ ავტომატიზირებულად ჩამოთვალოს სსკ 72-ე მუხლში მოცემული გარემოებები.

23. კასატორი მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე მუხლზე და არ იზიარებს მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ ახალი მინდობილობით შპს „ფირმა დ-ამ“ უფლებამოსილება სხვა პირებს გადასცა. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ფირმა დ-ამ“ ახალ წარმომადგენლებზე მინდობილობა გასცა 2014 წლის 19 მარტს. ამის შემდეგ, წარმომადგენელმა მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, 2014 წლის 07 აპრილს ჩაიბარა საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება, რაც ნიშნავს იმას, რომ იგი მთლიანად ჩართული იყო პროცესში და მარტივად შეეძლო თვალყური ედევნებინა საქმის წარმოებისათვის. მოპასუხის წარმომადგენელს სხდომის თაობაზე ეცნობა 2014 წლის 10 ივლისს, ანუ თითქმის 2 თვით ადრე სხდომის გამართვამდე. ამდენად, მხარის აპელირება, რომ ახალი მინდობილობით უფლებამოსილება სხვა პირებს გადაეცათ, სრულიად დაუსაბუთებელია. მოპასუხეს ჰქონდა თითქმის ნახევარი წელი ( 2014 წლის 19 მარტიდან 2014 წლის 01 სექტემბრამდე) რათა ეცნობებინა სასამართლოსათვის უფლებამოსილების ცვლილების თაობაზე სსკ 99-ე მუხლით გათვალისწინებული წესით ან საქმის მიმდინარეობა მოეკითხა სხვა წარმომადგენელთან, რაც მას არ გაუკეთებია.

24. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზეც, რომ წერილობითი მტკიცებულება შეიძლება აუდიო ჩანაწერით შეიცვალოს. ამასთან, იმავე აუდიო ჩანაწერში (რომელზეც სასამართლო აპელირებს) წარმომადგენელი ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ატყობინებს მოხელეს, რომ იგი ჩაიბარებს უწყებას და შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება, ვინაიდან იგი ჯერ კიდევ იყო წარმომადგენელი.

25. სასამართლომ აღნიშნა, რომ აუდიო ჩანაწერში არ არის გაკეთებული მითითება გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებაზე, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები. კასატორის განმარტებით, აღნიშნული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება არის სრულიად უკანონო და უსამართლო მდგომარეობაში აყენებს მხარეს. კერძოდ, კანონმდებლის მიერ შეტყობინების ამ კომპონენტის გათვალისწინება განპირობებულია იმით, რომ მხარეს რეალურად წარმოდგენა ჰქონდეს, თუ რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მის მიერ სხდომაზე გამოუცხადებლობამ, მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, როცა მხარის წარმომადგენელი იყო გამოცდილი ადვოკატი, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა საპროცესო კანონმდებლობაში და რომლისთვისაც იმთავითვე ცნობილია მისი მოქმედებების თუ უმოქმედობის საპროცესო სამართლებრივი შედეგები, შეუძლებელია ნორმის ამ ფორმალური მოთხოვნით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება. იმ პირობებში, როცა მხარეს და მის წარმომადგენლებს რამდენიმე თვე ჰქონდათ სხდომის თარიღის დასადგენად, ასევე იმისათვის, რომ წერილობით მიემართათ სასამართლოსათვის მინდობილობის შეცვლის თაობაზე, რაც მათ არ გააკეთეს, აშკარად იკვეთება მხარის გაუფრთხილებელი დამოკიდებულება სასამართლო პროცესისადმი. შესაბამისად, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია მხოლოდ მხარის ბრალით და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს ძალაში.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 21 სექტემბრის განჩინებით შპს ,,ბ. ც. პ-ას’’ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,ბ. ც. პ-ას’’ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

30. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების სააპელაციო სასამართლოსეული განმარტება, მაშინ როდესაც მხარის წარმომადგენლად არის გამოცდილი ადვოკატი, არის უზენაესი სასამართლოს მიერ 2010 წელს დამკვიდრებული პრაქტიკის უგულებელყოფა და შეტყობინების ჩაბარების წესის არაგონივრულად ფორმალიზება. შეტყობინების ჩაბარების უმთავრესი მიზანი მხარის ინფორმირებაა და არა ის, რომ სასამართლოს მოხელემ ავტომატიზირებულად ჩამოთვალოს სსკ 72-ე მუხლში მოცემული გარემოებები.

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო უწყების სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით ჩაბარებისას, უწყების შინაარსი უნდა გადმოცემულ იქნას სწორედ იმგვარად, როგორც ეს იქნებოდა წერილობითი კომუნიკაციის შეთხვევაში. კერძოდ, უწყება უნდა შეიცავდეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას, მათ შორის, მითითებას მხარის გამოუცხადებლობის შედეგებზე და მხარის ვალდებულებას აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები.

32. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აუდიო ჩანაწერით სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ნ. გ-ეს არასრულად ეცნობა სასამართლო უწყების შინაარსი, კერძოდ, სატელეფონო შეტყობინება არ შეიცავდა მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მხარის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ, მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები (იხ.:CD დისკი, ტ. II, ს.ფ. 26).

33. პალატამ ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით მართებულად დაადგინა, რომ შპს „ფირმა დ-ა“ 2014 წლის 1 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე არ იყო მიწვეული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

34. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ამ მხრივ არაკვალიფიციურია, რის გამოც მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

35. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

36. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ,,ბ. ც. პ-ას’’ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს ,,ბ. ც. პ-ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს ,,ბ. ც. პ-ას“ (ს/კ: ...) დაუბრუნდეს შპს „ტ. ვ. პ-ის“ (ს/კ: ...) მიერ 2015 წლის 31 აგვისტოს №1441010653 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე