საქმე №ას-1055-995-2015 1 დეკემბერი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ნ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ლ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 აგვისტოს განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მ. ნ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ლ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 აგვისტოს განჩინებით მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 10 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ნ-ემ ა. ლ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის 530 ლარის დაკისრება, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
7. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
8. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტმა დავის საგნის ფასი განსაზღვრა 530 ლარით, ანუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, იგი დაუშვებლად მიიჩნია და განუხილველად დატოვა.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ნ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მას შეუზღუდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
11. საჩივრის ავტორი მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი ფუნქციაა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. „ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება #1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 14).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
15. გასაჩივრებული განჩინებით მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
16. საკასაციო სასამართლო სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
17. პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს მის მიმართ კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმით გარანტირებული პრინციპი - სასამართლო ხელმისაწვდომობა, როგორც უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება მხოლოდ კანონისმიერ, ლეგიტიმურ შეზღუდვას ექვემდებარებოდეს (სსსკ 2.2 მუხლი). ამგვარ შეზღუდვებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობა, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება.
20. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მ. ნ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხე ა. ლ-ის 530 ლარის დაკისრება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი და მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. მ. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 აგვისტოს განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე